კულტურა სიახლეები

მსოფლიო საგანძური სტუმრად საქართველოს ეროვნულ მუზეუმში

თბილისის შუაგულში, რუსთაველის გამზირის N3-ში ათეული წლებია ჩვენი ქვეყნის საგანძური ინახება. მომდევნო წელს, 170 წელი გავა სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის დაარსებიდან, რომელიც თავდაპირველად რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების კავკასიის განყოფილების მუზეუმი იყო, 1865 წელს კი მის ბაზაზე რუსი ბუნებისმეტყველის, გეოგრაფის და ეთნოგრაფის გუსტავ რადეს ინიციატივით კავკასიის მუზეუმი დაარსდა. 1919 წელს დამოუკიდებელი საქართველოს მთავარ მუზეუმს საქართველოს მუზეუმი ეწოდა. მას შემდეგ ეს არის ქვეყნის კულტურის და ისტორიის ყველაზე დიდი საცავი, რომელიც ინახავს უნიკალურ მასალას: 40 მილიონი წლით დათარიღებულ ცხოველთა ნაშთებს, პალეოლითის, ნეოლითის, ბრინჯაოს, ლითონის ხანათა და შუასაუკუნეების მდიდარ არქეოლოგიურსა და ეთნოგრაფიულ კოლექციებს.


მუზეუმი გარდა მუდმივი გამოფენებისა, როგორიცაა:


არქეოლოგიური საგანძური

თიბისის არქივი, 2020 წელი

საქართველოს არქეოლოგია

თიბისის არქივი, 2020 წელი

კავკასიის ბიომრავალფეროვნება

თიბისის არქივი, 2020 წელი

ნუმიზმატიკური საგანძური, ქვის ხანის საქართველო და სხვა, მუდმივად მასპინძლობს დროებით გამოფენებსაც. მოდით, გავიხსენოთ რამდენიმე გამორჩეული მათგანი და ვნახოთ რომელ გამოფენას უმასპინძლებს მუზეუმი სულ მალე.

ანტიკური რომის ფერები. მოზაიკა კაპიტოლიუმის მუზეუმებიდან

2019 წელს დამთვალიერებელმა საქართველოს მუზეუმში პირველად იხილა საერთაშორისო მასშტაბის არქეოლოგიური გამოფენა, რომელიც საქართველოში იტალიის საელჩოსთან თანამშრომლობით მომზადდა.


კაპიტოლიუმის მუზეუმებში დაცული მოზაიკა, რომელიც თბილისში გამოიფინა, რომის წარსულის მემკვიდრეობის ნაწილი, ერთგვარად მისი კვალია. მოზაიკის ყველა ფილა ზომით, ფორმითა და ფერით განსხვავდებოდა, ამ  ფილების ერთობლიობა კი დამთვალიერებელს საშუალებას აძლევდა ქალაქ რომის მდიდარ და გასაოცარ ისტორიას გასცნობოდა.

მოზაიკა ფართოდ გავრცელებული ხელოვნება იყო და გამოიყენებოდა რომის შეძლებული და საშუალო ფენის მოქალაქეთა საცხოვრებლების კედლებისა და იატაკის მოსართავად, ასევე, ამშვენებდა საზოგადოებრივ თუ დასაკრძალავ ნაგებობებს. მოზაიკა ასახავდა ანტიკური რომის საზოგადოებასა და მის წეს-ჩვეულებებს.


გამოფენაზე წარმოდგენილი იყო რომში აღმოჩენილი 21 მოზაიკა, რომლებიც ძვ.წ. II - ახ.წ. IV საუკუნეებით თარიღდება. ეს ნამუშევრები თანმიმდევრულად ასახავდა მოზაიკის ტექნიკის განვითარების ეტაპებს და ოსტატების შემოქმედებით და საშემსრულებლო უნარებს. ექსპოზიციის სტუმარი ამ მოგზაურობისას ნათლად ხედავდა, თუ როგორ იცვლებოდა დამკვეთების გემოვნება და მოდა რომის რესპუბლიკური ხანიდან გვიანდელი იმპერიის პერიოდამდე.

შერჩეული ნამუშევრები, რომელთა შორისაც იყო იატაკისა და კედლის უძველესი მოზაიკის ნიმუშები, წარმოადგენდა კაპიტოლიუმის იმ კოლექციის ნაწილს, რომელიც შეგროვდა XIX საუკუნის ბოლოდან XX საუკუნის პირველ წლებამდე, მას შემდეგ, რაც რომი იტალიის სამეფოს ახალ დედაქალაქად გამოცხადდა (1870წ.) და ქალაქში მასშტაბური მშენებლობები და გათხრები დაიწყო, რომლის დროსაც დიდი რაოდენობით არტეფაქტი აღმოჩნდა.

 IMMAGICA: მოგზაურობა მშვენიერების სამყაროში

2019 წელსვე ციფრულ მედიაში ყველგან თვალს გვჭრიდა მუზეუმში წარმოდგენილი მსოფლიო დიდოსტატების მომნუსხველი ნამუშევრები.


საქმე იმაში გახლდათ, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით მულტიმედიური გამოფენა გაიხსნა, რომელიც XIV-XIX საუკუნეების იტალიურ ფერწერასა და ქანდაკებას ეძღვნებოდა.

IMMAGICA იყო შთამბეჭდავი ვირტუალური მოგზაურობა დროში - ხმის, განათების, იმერსიული გამოსახულებებისა და მულტიმედიის ერთობლიობა; ხელოვნების აღმოჩენა ინოვაციური ტექნოლოგიების მეშვეობით; შთაბეჭდილებების მიღებისა და ცოდნის გაღრმავების ახლებური ხერხი; ყველასთვის გასაგები, ხელმისაწვდომი და, ამავე დროს, მეცნიერული თვალსაზრისით ზედმიწევნით ზუსტი ენა.


გამოფენაზე დამთვალიერებელმა პროექციების საშუალებით ნახა ისეთი ხელოვანების ნამუშევრები, როგორიცაა: ჯოტოს „მაესტა დი ონისანტი" და სკროვენის კაპელის ფრესკები, ლეონარდო და ვინჩის „ხარება", ბოტიჩელის „ვენერას დაბადება" და „გაზაფხული", რაფაელის „მადონა ჩიტბატონათი", ბელოტოს „სან მარკოს მოედანი" და „კასტელო სფორცესკო", კანალეტოს „იტონის კოლეჯის კაპელა", კანოვას „ამური და ფსიქეა" და „სამი გრაცია".

სპეციალურად ამ პროექტისთვის შეიქმნა საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელიც სენსორული ეკრანების საშუალებით შესაძლებელს ხდიდა ნამუშევრების დეტალების დათვალიერებას; გამოფენაში ჩართული VR ტექნოლოგიების დახმარებით სტუმრებმა კანალეტოსა და ბელოტოს ნამუშევრებზე ასახული სცენები ძალიან ახლოდან დაათვალიერეს. ეს ექსპოზიცია გამორჩეული იყო იმითაც, რომ დათვალიერების პარალელურად ვიზიტორი ყურსასმენებით მუსიკის თანხლებით იღებდა ინფორმაციას ნამუშევრების შესახებ.

ეს ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული გამოფენა იყო, რომელსაც მუზეუმმა ბოლო წლებში უმასპინძლა.

Leonardo - Opera Omnia

ლეონარდო და ვინჩის გარდაცვალებიდან 500 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებათა ციკლს საქართველოს ეროვნული მუზეუმი მულტიმედიური საგანმანათლებლო პროექტით „ლეონარდო - Opera Omnia" შეუერთდა. გამოფენაზე დამთვალიერებელმა იხილა ლეონარდოს 17 ფერწერული ნამუშევრის ციფრული რეპროდუქციები.

ლეონარდო - მხატვარი, ინჟინერი და მეცნიერი, არქიტექტორი, ანატომი და გამომგონებელი, რენესანსის ეპოქის უნივერსალური გენიოსი, რომელმაც გადატრიალება მოახდინა არა მხოლოდ სახვით ხელოვნებაში, არამედ აზროვნებასა და მეცნიერებაში. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური შემოქმედი, რომელიც ყველა დროსა და სივრცეში თანაბრად მიმზიდველია.


გამოფენა იტალიის საზღვრებს გარეთ, ხელოვნების მოყვარულებმა პირველად თბილისში ნახეს. Rai.Com-ის მიერ ჩაფიქრებული და განხორციელებული თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით შექმნილი პროექტი Opera Omnia ანუ „წარმოუდგენელი გამოფენა" ხელოვნებასა და ტექნოლოგიებს, წარსულსა და მომავალს ერთმანეთთან აკავშირებდა.

ამ გამოფენის, ისევე როგორც სხვა იტალიური გამოფენების ორგანიზებაში მუზეუმის პარტნიორი საქართველოში იტალიის საელჩო იყო. ორი ქვეყნის სხვადასხვა ინსტიტუციას შორის მჭიდრო თანამშრომლობის კიდევ ერთი მაგალითი იტალიის მხრიდან - საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტრომ, საქართველოს მხრიდან კი - განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, ქალაქ თბილისის მერიამ და ეროვნულმა მუზეუმმა შექმნეს.

ძმები ზუბალაშვილების უნიკალური არქივის გამოფენა

2018 წელს ქართველი მრეწველებისა და ქველმოქმედების - ძმები ზუბალაშვილების უნიკალური არქივი თიბისის მხარდაჭერით საქართველოში დაბრუნდა და ეროვნულ მუზეუმში გამოიფინა. გამოფენის პარტნიორები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და საქართველოს ავიახაზები იყვნენ. ეს თიბისის და საქართველოს ეროვნული მუზეუმის პირველი საერთო საერთაშორისო პროექტი იყო.


მრეწველებად და მეცენატებად ცნობილი ზუბალაშვილების გვარი ისტორიულ დოკუმენტებში XVII საუკუნის 80-იანი წლებიდან ჩნდება. ზუბალაშვილების გვარს უკავშირდება მაშინდელი სახალხო სახლის - ამჟამინდელი მარჯანიშვილის თეატრის, უნივერსიტეტის პირველი კორპუსისა და თბილისის მუსიკალური სკოლის - დღევანდელი კონსერვატორიის მშენებლობა. ასევე, თბილისში პირველი პედიატრიული საავადმყოფოს, მოხუცებისათვის უპოვართა სახლისა და კოჯრის გზაზე სასადილო - „სამადლოს" გახსნაც. პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე პეტრე ზუბალაშვილმა თბილისის გამგეობას სამხედრო ლაზარეთისთვის ოჯახის კუთვნილი სასტუმრო „ლონდონი" და 20 ათასი მანეთი გადასცა. 


ძმების ზუბალაშვილებისადმი მიძღვნილ გამოფენაზე  წარმოდგენილი იყო დიმიტრი ერმაკოვის ფოტოალბომები, რომლებშიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონი, კავკასიის ბუნება და ადამიანების ყოფაა ასახული. ასევე ფოტომასალა, რომელიც თბილისის სახალხო სახლისა და უნივერსიტეტის ისტორიული შენობის მშენებლობას აღწერს; წიგნები და ალბომები საქართველოს ისტორიის, კავკასიის ცივილიზაციისა და არქეოლოგიის შესახებ. 


პეტრე ზუბალაშვილის შთამომავლებმა, 114 წლის განმავლობაში, შვეიცარიასა და შემდეგ საფრანგეთში, მათ სახლში დაცული ისტორიული დოკუმენტაცია და ნივთები, 2018 წელს, გამოფენამდე ცოტა ხნით ადრე, საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გადასცეს საჩუქრად. 

მუზეუმისათვის გადაცემული პირადი არქივიდან დამთვალიერებელმა ზუბალაშვილების გვარის ისტორიასთან და მათ გაწეულ ქველმოქმედებასთან დაკავშირებული დეტალები შეიტყო. მასალები ზუბალაშვილების მიერ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, გაზეთ „ივერიისა" და ჟურნალ „ჯეჯილის" დაფინანსების შესახებ შემონახულ კორესპონდენციას აერთიანებს; ასევე მათ მიერ დაწესებული სტიპენდიების ნუსხას, რომელთა საშუალებითაც რუსეთსა და ევროპაში ისეთმა ახალგაზრდებმა მიიღეს განათლება, როგორებიც იყვნენ: ალექსანდრე ჯანელიძე, სარგის კაკაბაძე, შალვა ამირეჯიბი, გერონტი ქიქოძე, ლეო ქიაჩელი, პავლე ინგოროყვა და სხვები. 


უნიკალური არქივი მეცენატისა და კოლექციონერის - იაკობ (ჟაკ) ზუბალაშვილის რამდენიმე პირად ნივთს ინახავს. ასევე სპეციალურ გამოცემასაც, რომელიც მის მიერ საფრანგეთის მუზეუმებისათვის უსასყიდლოდ გადაცემულ ხელოვნების ნიმუშებს ეხება. 

გამოფენასთან ერთად, პროექტის ფარგლებში მომზადებული ელექტრონული კატალოგის პრეზენტაციაც გაიმართა. 


უკვე 3 წელია ძმები ზუბალაშვილების არქივი ქვეყნის უდიდეს განძთსაცავში ინახება და სამუზეუმო ცხოვრებით ცხოვრობს.

სიცოცხლე და სიკვდილი - დიდებული პომპეი

არაერთი უნიკალური გამოფენის შემდეგ, რომელიც ათასობით დამთვალიერებლმა იხილა, მალე მუზეუმი კიდევ ერთ მნიშვნელოვან ექსპოზიციას უმასპინძლებს -  სიცოცხლე და სიკვდილი - დიდებული პომპეი, პომპეის არქეოლოგიური პარკიდან ჩამოსული არქეოლოგიური გამოფენაა, რომელიც თავდაპირველად ვანის მუზეუმში იყო წარმოდგენილი, ახლა კი ის თბილისში გადმოდის.

გამოფენა ძველი რომის  ისტორიის მნიშვნელოვან ეპიზოდს წარმოგიდგენთ და ახალი წელთაღრიცხვის 79 წელს, ვულკან ვეზუვის ამოფრქვევის შედეგად, ფერფლით დაფარულ დიდებულ ქალაქს მისი არქეოლოგიური პარკიდან ჩამოსული ათეულობით ექსპონატით გაგაცნობთ.  


პომპეი, რომელსაც დაახლოებით სამი საუკუნეა არქეოლოგები იკვლევენ ახლოდან გვაჩვენებს რომის იმპერიის ქალაქების ყოველდღიურ ცხოვრებას. პომპეის აღმოჩენებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა თანამედროვე ევროპული ესთეტიკის, დიზაინის, სამზარეულოს და სუფრის ტრადიციების ჩამოყალიბებაში და ამ დრომდე მთელი სამყაროსთვის ახალი აღმოჩენების წყაროდ რჩება.

გამოფენაზე წარმოდგენილია როგორც კედლის მხატვრობის, ისე ოქრომჭედლობის ნიმუშები და ვულკანის ამოფრქვევის შედეგად დაღუპულთა თაბაშირის მოდელები, ასევე ჭურჭელი, საყოფაცხოვრებო ნივთები, ორნამენტები, არქიტექტურული დეკორი და სხვ. გამოფენის სტუმარი ფეხდაფეხ მიჰყვება ანტიკური ეპოქის ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებას როგორც ვანის, ისე პომპეის მაგალითზე და ასე სრულიად უნიკალურ ცოდნას იღებს კაცობირიობის უძველესი ცივილიზაციების წეს-ჩვეულებების შესახებ.

 

ნახეთ მსახიობი ნინო კასრაძე ვანიდან, რომელიც ექპოზიციაზე წარმოდგენას შეგიქმნით და მის ნახვას აუცილებლად მოგანდომებთ.

თიბისის არქივი, 2021 წელი

სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში ამ გამოფენას 13 ოქტომბრიდან შეგიძლიათ ეწვიოთ



ავტორი: მაშო სამადაშვილი

ფოტო: ანა დავარაშვილი, მალხაზ მაჭავარიანი / საქართველოს ეროვნული მუზეუმი;

ლელი ბლაგონრავოვა, რეზი ყენია, გურამ კაპანაძე