შენ თუ გაუსინჯე თბილისს გემო?

ნეტავ იცოდეთ, როგორ დამღალეს ჩემმა უცხოელმა სტუმრებმა ერთი კონკრეტული კითხვის მილიონჯერ გამეორებით: ,,კაცო, ასეთი საოცარი სამზარეულო გაქვთ და ეს ყავისფერი ზეთიანი პერაშკი და შაურმა ყოველ ფეხის ნაბიჯზე რა უბედურებაა?”. მიხვდით, ალბათ, რომ ქუჩის საკვებ ობიექტებს გულისხმობდნენ. სამწუხაროდ, ამ კითხვაზე პასუხი არ მქონდა, თუმცა რუსთაველის ლაღიძის წყლები გამახსენდებოდა ხოლმე უნებურად და მენატრებოდა - ბომბორა ფენოვანითა და ყველით სავსე აჩმით. ახლაც ვფიქრობ, რომ ყველაზე მაგარი ფასტ ფუდი იყო თბილისის და საქართველოს ისტორიაში. 

ნეტავ ისიც იცოდეთ, როგორ მშურდა ჩემი მეორე სამშობლოსი, ისრაელის, ზუსტად ამ მილიონნაირი სწრაფი კვების ჯიხურების, კიოსკების, ფურგონების, ტაჩკა-ურიკების და მსგავსი რამეების გამო.

თელ-ავივში შეგიძლია მთელი დღე ტუჩების ცმაცუნით ისუნსულო ისე, რომ არც რესტორანში შეხვიდე, არც კაფეში და სახლშიც არ გააკეთო სადილი. თელ-ავივი ქუჩის გასტრონომიის სამოთხეა, სადაური და რანაირი საჭმელიც არ უნდა მოგინდეს, ქუჩის პორტატულ ფორმაში განსხეულებულს აუცილებლად იპოვი. ეგაა მაგარი, აბა ვის აქვს იქ იმის დრო, რომ ყოველდღე ლანჩზე რესტორანში და კაფეში დაჯდეს და საათნახევარი დაკარგოს. ალბათ ლანჩზე Ნაკლები დროის კარგვის გამოა ისრაელი იქ, სადაც ახლა არის. ეგეც ცოტა მშურს, მერე რა, რომ ჩემები არიან. 

ალბათ, რაღაც დრო უნდა გავიდეს, რომ კითხვებზე პასუხები მიიღო.

ახლა ვხვდები, რომ ქუჩის ჭამის კულტურის ჩამოყალიბებას დრო უნდა და ბევრ რამეზეა დამოკიდებული: ერთი ფაქტორია ტურიზმის გაძლიერება, რაც უფრო მეტი უცხოელი ტურისტი მოდის ქვეყანაში, მით უფრო დიდი საჭიროება დგება კარგი ხარისხის სტრიტ ფუდის მიწოდებისა; მეორე ფაქტორია ცხოვრების ტემპის აჩქარება, რაც უფრო იმატებს დასაქმებული ადამიანების რაოდენობა და რაც უფრო იკვეთება საზოგადოებაში საშუალო შემოსავლის მქონე ახალგაზრდა ადამიანების ფენა, მით უფრო მეტი საჭიროება დგება ნორმალური ხარისხის სწრაფი კვების მიწოდებისა და ბოლო და ყველაზე მშვენიერი ფაქტორი, რამაც საქართველოში ქუჩის გასტრონომიის გაცოცხლება გამოიწვია, არის მუსიკალური ფესტივალები.

ალბათ, ყველა შეამჩნევდით, რომ მზის და ვარდების მხარე ტექნოს და ჰაუსის და ათასი სხვა სახის ფესტივალის და მარათონის მხარეც გახდა. 4GB, Second Life Festival, Tbilisi Open Air, არტ გენი, თბილისის ახალი ღვინის ფესტივალი, Wings For Life World Run და კიდევ მრავალი სხვა ფესტივალი, რომელიც ახარებს აქაურების და ჩამოსულების გულს, თვალსა და ყურს, ქართული ქუჩის გასტრონომიის განვითარების მშვენიერი სტიმული გახდა. 

ადრეულ ორიათასიანებში, როცა ჩამოთვლილი ფაქტორებიდან არც ერთი გვქონდა, ალბათ, უადგილო იყო იმაზე წუწუნი, რომ ქუჩაში კარგი საჭმელი არ იჭმევა.

ახლა მინდა თბილისის სტრიტ ფუდ ფესტივალზე გითხრათ ორიოდე სიტყვა, რომლის ფორმირების პროცესი რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარებოდა, მისი დაბადების ნიშნებს ხან ერთ ფესტივალზე ვხედავდით, ხან მეორეზე, ხანაც მესამეზე და მეათეზე. სრულფასოვანი სახით ის ორი წლის წინ, შემოდგომაზე წარსდგა ჩვენს წინაში და სულ ცოტახნის წინ იდეალური ადგილი იპოვა, სადაც მინდა რომ ძალიან დიდხანს იცხოვროს - მუშთაიდის პარკი ხომ ოდითგანვე კარგ ჭამა-სმასთან ასოცირდებოდა თბილისელებისთვის. 

,,გაუსინჯე თბილისს გემო” გრძელი კოვიდ პაუზის შემდეგ, 5 ივნისს დაბრუნდა.

თბილისის მერიის მხარდაჭერით Taste Tbilisi-მ თავი მოუყარა თბილისის სწრაფ და გემრიელ გასტრონომიულ ობიექტებს და რაც მთავარია, ხალხს, რომელსაც ასე მოენატრა ერთმანეთი, ორგანიზებული აპოლიტიკური თავყრილობა, კარგი ჭამა და საცეკვაო მუსიკა, რომელიც კოვიდმა დიდიხნის განმავლობაში წაგვართვა.

,,როცა ფესტივალები, ან სხვა სახის კულტურული ღონისძიებები ტარდებოდა, ყოველთვის აკლდა რამდენიმე კომპონენტი.” - ამბობს სტრიტ ფუდ ბაზრობის დამაარსებელი ოთო ლეჟავა. - ,,მხოლოდ მუსიკა და ცეკვა არ იყო საკმარისი, აუდიტორია ყოველთვის უფრო მეტ აქტივობას ითხოვდა. ასე შეიქმნა მცირე მეწარმეთა ბაზრობა და შემდეგ მოჰყვა სტრიტ ფუდ ფესტივალი. ბევრი ფიქრი არ სჭირდებოდა იმის მიხვედრას, რომ სტრიტ ფუდი მომავალია.”

პირველ ფესტივალზე 12 სწრაფი კვების ობიექტი იყო. რამდენიმე მათგანი საზოგადოებამ სწორედ აქედან გაიცნო და შეიყვარა. პირადად მე, პირველი მონაწილეებიდან ვურსტმაისტერს გამოვყოფდი, რომელმაც ჭეშმარიტად ბერლინური ხარისხის ქარი-ვურსტი დაგვაძალა.

,,გვინდა რომ პატარა, ახალმა კაფეებმა გაბედონ და ფართო მასას წარუდგინონ თავისი შესაძლებლობები. გარდა ამისა, უკვე არსებული კაფე-რესტორნებისთვისაც იდეალური შანსია, რომ ქუჩისთვის ადაპტირდნენ და უფრო მეტ ადამიანს გაასინჯონ თავისი საჭმელი. ვფიქრობ, რომ ჩვენი ფესტივალი მხოლოდ საჭმლის ფორმატს გასცდა და დიდი სოციალური, მეგობრული აქციის სახე მიიღო, რომელიც ასე სჭირდებოდა თბილისს და აქაურ რესტორატორებს.”


- ამბობს ოთო.

წინა ფუდ ფესტზე ჩემი პირადი ჰაილაითი ,,ვოკ ჰაუსი” იყო, რომელიც ოფიციალურად გახსნამდე გამოჩნდა ბაზრობაზე. ,,ბევრმა გვითხრა, რომ პირველად სტრიტ ფუდ ფესტზე გაგვსინჯეს და შემდეგ მოვიდნენ ჩვენთან.” - მითხრა კოტიკო აფაქიძემ, ვოკ ჰაუსის მფლობელმა, ,,ჩემი საყვარელი ფესტივალია, კარგი დუხი დგას, ჩვენნაირი პატარა კაფეეებისთვის იდეალური საშუალებაა, რომ ბევრმა ადამიანმა გვნახოს, გაგვსინჯოს და შეგვიყვაროს”.

5-6 ივნისის ფუდმარკეტზე 6 ახალი დებიუტანტი იყო, ძალიან გამიხარდა, როცა მათ სიაში ჩემი პირადი ფავორიტები, ჯეკუნა, პროჯექტ 39 და ხამანწკა აღმოვაჩინე. 

,,ერთწლიანი ჩაკეტილიბის შემდეგ, ამ ფესტივალმა იმედისმომცემად გაანათა ყველა მზარეულის გული. დიდი სიამოვნებით დავრეგისტრირდით და მოვარგეთ ჩვენი “fine dining” და ძვირადღირებული მენიუ ქუჩის კვების კონცეფციას. ფესტივალი კარგი საშუალებაა სტუმრებთან უშუალო კომუნიკაციისთვის. ისინი თავისას გვეუბნებოდნენ, ჩვენ ხამანწკებს ვაჭმევდით. ბევრი კარგი ემოცია გავცვალეთ და ფინანსური კუთხითაც საკმაოდ მომგებიანი აღმოჩნდა"


- თინა ვაშაკიძე, (ხამანწკა).

თბილისის სტრიტ ფუდ ბაზრობა ივნისის სამი შაბათ-კვირის განმავლობაში მიგვიღებს მუშთაიდში, შემდეგ კი შემოდგომის სეზონამდე დაგვემშვიდობება. ოთო ამბობს, რომ ფესტივალი მალე საერთაშორისო გახდება და კიდევ შეფებისთვის მომზადებულ პროექტსაც ვიხილავთ სექტემბერში. მანამდე კი ვემზადებით ვიქენდისთვის და კარგად მოშიებულები მივექანებით მუშთაიდის ბაღში. 

ავტორი: ალექსანდრე ბაგრატიონ-დავიდოვი

ფოტო: გიორგი ნაკაშიძე