მუსიკა | ცა

The Calm Before The Storm | მირაჟივით გაჩენილი ეიფორია

Tsa.Music

დეკემბერი 04, 2021

პირველად რომ თოკეს შევხვდი, მახსოვს Ableton-ში მეგობრის აწყობილი რამდენიმენოტიანი მონაკვეთი მოისმინა, თქვა - ამისგან შეიძლება კარგი კომპოზიცია აეწყოსო, იმ წამსვე დაჯდა ლეპტოპთან და მთელი საღამო დაუღლელად „თამაშობდა“ ნოტებით. მაშინ ვიფიქრე,  საცეკვაო ელექტრონულ მუსიკას ძალიან უხდება შემქმნელისგან „მოუსვენრობა“-მეთქი. ეს არა მთავარი, მაგრამ ერთ-ერთი ძლიერი თვისებაა, რომელიც აუცილებლად აისახება კომპოზიციებზე და მუსიკასაც შესაბამის ხასიათს გადასცემს.

„მოუსვენარი“ ტრეკები მსმენელსაც არ აძლევს გაჩერების საშუალებას და გასაკვირი არაა, რომ ასეთი კომპოზიციები ხშირად ხვდებიან ფავორიტებს შორის. თოკე ერთ-ერთი „მოუსვენარი“ არტისტია, რომლის ნამუშევრების მოსმენისას, სადაც არ უნდა იყო, მირაჟივით გაჩნდება საცეკვაო მოედნის ეიფორია. 

ფოტო: გიორგი ყოლბაია

ტრეკები მარტივად ისმინება და პირველივე ჯერზე შეიძლება ისე გაშინაურდეს, თითქოს აქამდე სადღაც მოგისმენია. ეს შეგრძნება, ალბათ, მუსიკის ყველა მსმენელისთვის ნაცნობია და თავისთავად დადებითად აისახება ხმოვანი შემოქმედებისა და მსმენელის ურთიერთობაზე. თუმცა, სიმარტივის მიუხედავად, მისი კომპოზიციები უფრო მეტი დასკვნების გამოტანის საშუალებას გვაძლევს:

90-იანი წლებიდან დღემდე საკმაო დრო დაგროვდა იმისთვის, რომ ელექტრონული მუსიკის ქართული ესთეტიკა ჩამოყალიბებულიყო - მთავარი აქტორებიც, რომლებიც სხვადასხვა ეტაპზე ქმნიდნენ და ავითარებდნენ ქართულ ჟღერადობას, საკმაოდ გამოკვეთილი ფიგურები არიან. მეორე მხრივ, საქართველოში შექმნილი ელექტრონული მუსიკის უმეტესობა, დასავლურ პატერნებს იმეორებს არსებულ ჟანრობრივ სტანდარტებს ექვემდებარება. ამაში დასაძრახი არაფერია, იმდენად რამდენადაც საცეკვაო მუსიკის მთავარი სამშობლო საკლუბო სივრცეა.

თოკეს მუსიკა აერთიანებს ერთი მხრივ „ქართულ“ აქცენტებს, რომლებიც მის შემოქმედებაში ფრთხილი და ფარულია, მეორე მხრივ კი ბრიტანული ბიტის ხასიათს, რომელსაც არც ისე ხშირად იყენებენ ქართველი არტისტები.

ეს სინთეზი იგრძნობა მის ახალ EP-ში The Calm Before The Storm, რომელზეც ავტორმა კარანტინის განმავლობაში იმუშავა და საკუთარ ლეიბლ Batter Down-ზე გამოუშვა. 4 კომპოზიცია ერთი ამოსუნთქვით ისმინება და მონატრებულ შეგრძნებებს აღვიძებს იმ მსმენელისთვის, რომლისთვისაც რიტმი და მოძრაობა მუსიკის მნიშვნელოვანი თანმხლები ნაწილია. ორპოლუსიანი EP თავისი ინგლისურ-ქართული დასახელებებით, საკმაოდ ნოსტალგიური და ემოციურია.

პირველივე კომპოზიცია - Edge - შესავლის გარეშე იწყება და პირდაპირ, სრულიად გაცხადებულად „მანიპულირებს“ განწყობაზე ერთმანეთთან მოთამაშე საუნდების წყალობით. რამდენიმეფენიან ტრეკში ერთ-ერთი ყველაზე მოგუდული ხმა თითქოს აჩქარებული გულისცემას იმეორებს, რომელიც რეაგირებს ძალიან ბედნიერ და ამავდროულად სრულიად მარტივ მელოდიაზე, გზადაგზა კი დომინანტ ბიტს ერევა.

Quetapine უფრო ბასრი და თამამია. განწყობებიც ინტენსიურია და ორიენტირებულია ტემპორიტმის ზრდაზე, მოძრაობის აჩქარებაზე. თუ ცოტა უცნაური კრიტერიუმით შევაფასებთ, ეს ტრეკი ალბათ საკმაოდ კომფორტული იქნება ბევრი მსმენელისთვის მისი სწორხაზოვანი განვითარების, თანაბარი სიჩქარის გამო.

წინა ორ ტრეკთან შედარებით პოლიფონიაში ფრო გამოკვეთილია ე.წ. ბრეიქბიტი, რომელსაც თან ახლავს დასამახსოვრებელი, აკვიატებადი მელოდია. აქ, Edge-ის მერე, კიდევ ერთხელ მტკიცდება, რომ ავტორის ხელწერა რიტმისა და მელოდიის ჰარმონიულ თანაარსებობაა, ისე, რომ არც ერთი მათგანი არ დომინირებდეს მეორეზე. სრულიად განსხვავებული ხასიათების მიუხედავად, ეს ორი სხვადასხვა ელემენტი თანაბარი მნიშვნელობისაა და ბევრი საცეკვაო კომპოზიციისგან განსხვავებით, აქ მელოდიას გაცილებით დიდი დატვირთვა აქვს ვიდრე დამატებითი, მეორეხარისხოვანი როლი.

სხივი თავისი განვითარებით, ყველაზე კლასიკური ტრეკია, რომელშიც საცეკვაო მუსიკის დინების გამოცდილი მეთოდებია გამოყენებული: საწყისში ზრდადობა, კულმინაციური წყვეტა, რომლის შემდეგაც საუნდების დაბრუნება კიდევ უფრო სასიამოვნო და ინტენსიური ხდება, დასასრული, რომელიც ახალი კომპოზიციის მოსმენას განდომებს...

ისეთი დასასრულის შექმნა, რომელიც ახალი კომპოზიციის მოსმენას განდომებს, ალბათ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა როგორც ტრეკების წერისას, ისე დაკვრისას, იმ ელექტრონული მუსიკოსებისთვის, ვინც კომპოზიციებს საკლუბო სივრცეებისთვის ქმნიან. მიზეზი მარტივია - დაუმთავრებლობის სპეცეფექტი აძლიერებს წამს შემდეგის მოლოდინში.

The Calm Before The Storm ლეიბლის პირველი EP-ია, რომელიც თავისი ჟღერადობითვე ითხოვს გაგრძელებას. ალბათ, მას მომავალში ბევრი არტისტის ნამუშევარი შეემატება, ჩვენ კი, როგორც მსმენელებს, შეგვიძლია ბევრი ძლიერი წამი ვუსურვოთ Batter Down-ს შემდეგის მოლოდინში.

ავტორი: ქეთი რაზმაძე