ცისფერი მთები სიახლეები

ლაშქრობა | ცხოვრების წესი, აღმოჩენები და პირველი საერთაშორისო ფესტივალი

სახელ ლაშქრობასთან თავიდან პრობლემები მქონდა, უფროსწორად, მისი სახელი არ მესმოდა რას ნიშნავდა. მე მაშინ მხოლოდ სამთო ექსპედიციების გამოცდილება მქონდა და იქ ჩემთვის ყველაფერი მარტივი იყო. წახვედი მთაში, ახვედი ან ვერ ახვედი და მერე ყველაფერი ქენი, რომ უკან ცოცხალი დაბრუნებულიყავი. მარტივი და ნათელი პროცესია, რომელსაც ვერასდროს დავარქმევდი ვერც გალაშქრებას, ვერც ომს და ვერც ჭიდაობას. ალბათ, იმიტომ, რომ სისულელეა ბუნებასთან და სტიქიებთან ჭიდაობა, ის ხო აუცილებლად მოგიგებს, თუ მოუნდა..

თუმცა, აი, მოვხვდი ერთხელაც ლაშქრობაზე, სადაც ჩემთვის იქამდე აუხსნელი მიზეზით, ადამიანები აღმართ-დაღმართ დადიან, უბრალოდ პროცესით იღებენ სიამოვნებას და არ სჭირდებათ მიზნად რამე განსაკუთრებული მწვერვალი ან ჯილდო… არც სიცოცხლეს იგდებენ დიდად საფრთხეში და არც აღთქმული მიწასავით შენატრიან, აღმართების ბოლოში გამოკიდებულ, კერძოდ, რაღაცა კლდის ნაგლეჯს, საიდანაც ყველა ბილიკი ქვევით მიდის. 

პირველივე გასვლაზე მივხვდი, რომ პირიქით ძალიან სწორი სახელი ქვია ცხოვრების ამ წესს, რადგან მთაში სიარულისა არ იყოს, აქაც, სინამდვილეში, მხოლოდ საკუთარი თავის წინააღმდეგ ლაშქრობ, აქაც, პირველ რიგში, ჯერ საკუთარ თავში ხეტიალობ.

თან, აქ კიდევ უფრო მეტი დრო და საშუალება გაქვს გარემოსთან და ბუნებასთან ურთიერთობის და, რაც მთავარია, აქ მეტია ბუნების ყველაზე საინტერესო ნამოქმედარი, საინტერესო და მრავალფეროვანი ადამიანები.

იმ პირველი ლაშქრობის მერე ბევრი რამე შეიცვალა ჩემში. პირველი, ალბათ, ის მოხდა, რომ დაკვირვება დავიწყე, თუ რატომ დავდივართ ადამიანები ლაშქრობებზე და რა არის ამ გალაშქრებებში მოპოვებული მთავარი ნაალაფარი.  

ასე რომ, ამ ბლოგში ვეცდები, თავი მოვუყარო იმ მთავარ მარგალიტობებს, რომლებიც თვალში მომხვდნენ, ყურში მომესმნენ და გზად ფეხებში მომედნენ - მიზეზებს, რატომაც შეიძლება ასე გვიზიდავდეს კომფორტის ზონიდან გასვლა და ხეტიალი. გამიმართლა და სხვადასხვა ქვეყნების, ქალაქების, მთების და ტყეების ბილიკებზე ლაშქრობებისას ბევრი დრო მქონდა ამ ყველაფერზე ფიქრისთვის, თუმცა, რამდენს გავიხსენებ ახლა და რამდენად დალაგებულად შევძლებ რომ გადმოვცე, არ ვიცი.

ყველაფერი ნამდვილი და შეულამაზებელი

ჩემთვის ლაშქრობაში, რატომღაც, ყველაფერი საგრძნობლად უფრო ნამდვილი და შეულამაზებელი ჩანს, ვიდრე ჩვენი ხელით გახელოვნურებულ დასახლებებში, ქალაქებში და სოფლებში. ეს ნამდვილობა, რა თქმა უნდა, მხოლოდ ნაცრისფერ კორპუსებსა და გზებს არ ეხება. მგონია, რომ ბუნებაში ადამიანები შედარებით ნამდვილები ხდებიან. იქნებ კედლები არ დაჰყურებთ მათ თავზე დარაჯებად ან ახალ გარემოში როლების მორგებას ვერ ასწრებენ. შეიძლება, გადაღლილობაც მოქმედებს და განსხვავებულ სიტუაციაზე მორგებაზე გადატანილი ყურადღებაც. ალბათ, ამ დროს ნაკლები დრო გვრჩება ადამიანებს სახლიდან წამოღებული როლების და ნიღბების სატარებლად, ამიტომ ვართ, ალბათ, შედარებით ნამდვილები, თორე არ ვიცი სხვა ახსნა მე არ მაქ.

სწავლა

მგონია, რომ თავიდან ვსწავლობთ საკუთარ თავზე ზრუნვას იმ დონეზე, რომ დისკომფორტს არ გვიქმნის გზაში ყოფნისას და ანდაც გადაადგილებისას, მზე, წვიმა და ქარი. Მერე ამ სამ ბუნების საჩუქარს ისე ვეეჩვევით და ვეეგუებით, რომ ვხვხვდებით, სხვებსაც შეგვიძლია მათთან ყოფნა გავუმარტივოთ. ზოგჯერ საწვიმარი აღმოგვაჩნდება ზედმეტი, ხან მზეში როგორ არ დაიწვას იმ ცოდნას გვაუყოფთ თანმხლებს, ან სულაც შენივე მოწყობილ ჩრდილში გაუყოფ ადგილს. ქარში შეფარებას ან ცეცხლის ისე ანთებას რო ქარმა და კვამლმა არ შეგაწუხოთ ხო საერთოდ არაფერი არ უნდა, თუ ცოტა გამოცდილება დააგროვე. ხოდა, ამ ორი ეტაპის მერე, მესამე საფხურია, ალბათ, ის, რომ გარემოზე ზრუნვასაც ვსწავლობთ ისე, რომ ის ჩვენი წამოსვლის მერე უკეთესი იყოს, ვიდრე ის ჩვენს მისვლამდე იყო.


ზუსტად არ ვიცი ადამიანებს რამდენი გასვლა და ლაშქრობა გვჭირდება ეს სამი რამ რომ გვასწავლოს პროცესმა, თუმცა, “ცა ქუდად აქვსო და მიწა ქალამნადო” ხო გაგიგიათ? ხოდა, აი, მაგ შეგრძნებას გავს ჩემთვის ის სიმშვიდე, როცა ერთი მოცუცქნული ზურგჩანთით შეგიძლია თან ატარო კომფორტი საკუთარი თავისთვის და 3-4 შემთხვევითი თანამგზავრისთვის.

ძირს დასაჯდომად სამყოფი საგები, წვიმაში შესაფარებლად სამყოფი ტენტი, ან კარავი, წყლის მათარა, ცეცხლის ან ჩრდილის მოსაწყობი ინვენტარი და მორჩა, ეგააა.. ცა ქუდადაა და მიწა ქალამნად.

იმასაც ამბობენ, რომ ბევრი კვირების და თვეების უწყვეტი სიარულის მერე, ზურგჩანთა თავისით ხდება სახლიც და სიმაგრეც, აბჯარიც და იარაღიც, იქიდან ქრება უამრავი არა საჭირო ნივთი და რჩებიან მხოლოდ ისინი, რომლებიც ყოველდღიურობის ნაწილია. მინახავს, როგორ შეუძლიათ ადამიანებს ერთ ზურჩანთაში ჩატეული ნივთებით, 5-6 კაციან წვეულაბის მოწყობა ისე, რომ ყველას მიხედონ, დააპურონ, გაათბონ და შეიფარონ, თან თავად სტუმრებს შეიძლება არაფერი ჰქონდეთ წამოღებული.

ჟანგბადის მოზღვავება

თვითონ ლაშქრობისას სიარულისგან გამოწვეულ სიამოვნებას, მე პირადად, მოზღვავებულ ჟანგბადს ვაბრალებ. ადამიანმა სხვა ცხოველებზე გვიან დაიწყო პლანეტის ათვისება, ჩვენ რაც წელში გავიმართეთ და ორ ფეხზე სიარული დავიწყეთ, არც სხვა ცხოველებზე სწრაფები ვიყავით და არც უფრო მოქნილები, თუმცა გამძლეობა გვქონდა და შორ მანძილებზე შეგვეძლო სიარული, რაც საშუალებას გვაძლევდა, შორ მანძილზე გავყოლოდით დაჭრილი ან დამფრთხალი ნადირის კვალს და დაუღალავად გვევლო, სანამ მას ძალა არ გამოელეოდა. მე მგონია, რომ ასე დაგვეზარდა ფილტვები, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში ხარბად იწყებენ ჰაერის მოხმარებას და ჩვენს ორგანიზმს ჟანგბადით ამარაგებს. ლაშქრობისას შერჩეულ წყნარ, მშვიდ ტემპსაც მგონია, რომ იგივე ეფექტი აქვს, რაც სხვადასხვა სუნთქვით მედიტაციას. ჩვენს ორგანიზმსა და ტვინს ჭარბ ჟანგბადს ვაწოდებთ იმ დოზით, რაც ჩვეულებრივ დღეს, ტახტზე კოტრიალისას არ სჭირდება, ხოდა სწორედ ეს იწვევს იმ ეიფორიას და სისხლის დუღილს, რასაც სიარული დროს განვიცდით, პლიუს ემატება საოცარი ხედები, ამაღელვებელი პანორამები, ჩვენსავით აღელვებული სხვა ადამიანები, თავბრუსდამხვევად სწრაფად ცვლადი გარემო, რომელიც მუდმივად ახალი ხედვით, სუნით და სმენით აღქმად სივრცეებს გვთავაზობს.

გარე თვალით

ძალიან  საინტერესო ჩემთვის მაინც ის იყო, თუ რატომ მოსწონთ სხვებს მოლაშქრეები, ანუ რუტინულ ყოველდღიურობაში რატო იწვევს ინტერესს და კეთილ განწყობას ზურგჩანთიანი დაღლილი ლაშქრის დანახვა, გინდა ქუჩაში და გინდა სოციალურ ქსელებში. მგონია რომ, ამის ახსნის რამდენიმე ვარიანტი მაქვს, მაგრამ პირველი, ალბათ, ისევ საიდანღაც, შორი წარსულიდან ზურგზე ტვირთმოკიდებული, სახლში მშვიდობით დაბრუნებული მონადირის ჟრიამული გვიდგას, რომელმაც გმირობის ტოლფასი გზა გამოიარა და საკვები მოიტანა მთელი ტომისთვის.


დღეს შეიძლება, ნანადირევი - შეგროვილი თხილი და კენკრა, ანდაც შორი სანაპიროებიდან მოტანილი ზღვის პროდუქტი ჩანთით არავის მოაქვს, მითუმეტეს უფასოდ და უსასყიდლოდ, თუმცა, სამაგიეროდ, უამრავი თავგადასავალი და ისტორია დააქვთ საგზლად ზურგზე ჩანთა მოკიდბულებს. მითუმეეტეს, თუ ისინი მხოლოდ ინსტაგრამის ფოტოების გადასაღებად არ იყვნენ წასულები და გზად საკუთარი თავის და გვერდით მყოფების მოსმენით ტკბებოდნენ. დღევანდელ რუტინულ გარემოში ცხოვრებისას კი, ყველას სჭირდება ახლებური, ნამდვილი, საინტერესო ამბებისა და ენერგიების წყარო, ადამიანებთან ახლოს ყოფნა. იქნებ, ამიტომაც იწვევენ ჩანთა მოკიდებული ადამიანები კეთილ განწყობას და იქნებ, ჩვენც ამიტომ დავდივართ ლაშქრობებში, Რომ ახლოს გავიცნოთ ის ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ ნაცრის შენობებს გაექცნენ, მწვანე ტყის, ლურჯი ცის და თეთრი თოვლების ნაჩურჩულებ ამბებს მოუსმინონ. მათთან ყოფნით როდესმე ხო ჩვენც ეგეთები გავხდებით. 

დაბანაკება

ბოლოსთვის მოვიტოვე, ჩემი აზრით, სულ ყველაზე გემრიელი და მსუყე ნაწილი ლაშქრობისა. დაბანაკება და ღამისთევა გარეთ. 


განა რა უნდა იყოს იმაზე საინტერესო სამყაროში, როცა სადღაც მიხვედი, სადაც არასდროს მისულხარ, ჩანთიდან შენი დასაკეცი სახლი და ბუნაგი ამოიღე და იწყებ მის გასაშლელად საუკეთესო ადგილის მოძებნას. ამას მთელი დღე ელოდებოდი და ოცნებობდი, მალე დაისვენებ. ყველა მოეშვება, ახლად დაბადებული ბუნაგების წინ წამოკოტრიალდება და ყველა ერთ დიდ ოჯახად გადაიქცევით.

ჯერ გარემოს გამოცნობას ცდილობ და ფიქრობ, საიდან დაუბერავს ღამე ქარი, საით შეგროვდება წვიმის წყალი ნაკადულებათ და საითკენ გაედინებიან. მერე ფიქრობ, რონ სამზარეულოსთან და ცეცხლთან ახლოს ყოფნა სჯობდეს შეიძლება. Სხვებისგან შორს უკეთ დაიძინებ და პირიქით, იმდენი საინტერესო კარვის პატრონია გარშემო, ძილს სულ არ აპირებ და სადმე შუაგულში გირჩევნია დაბანაკდე, საერთო სივრცის მახლობლად.

 

 არაფერი ისე არ წარმოაჩენს ხოლმე მოლაშქრეს, როგორც სწორად ჩალაგებული ჩანთა და სწორად გაშლილი კარავი. Მაგალითად, ზოგი ისეთი უნამუსოა, კარავს სადმე, წვიმის წყლისგან დაუცველ ადგილას გაშლის და გარშემო უზარმაზარი არხის თხრას იწყებს. Აზიანებს ბალახს და გრუნტს ისე, რომ შემდეგი ათეულობით წლის მერეც კი იქ მიმსვლელს ორმოები დახვდეს საკარვეზე, Როცა, სწორად დადგმულ კარავს არასდროს შეუვა წესით წყალი.


 Საერთოდ დაბანაკების პროცესი ძალიან კარგი მომენტია იმისთვის, რომ სხვები დაიხმაროთ, ან იქით დაეხმაროთ. Მე რასაც ვაკვირდები, ლაშქრობის მონაწილეები ზუსტად ამ დროს იცნობენ და მეგობრდებიან ხოლმე უფრო ახლოს. Ზოგი მოზრდილ საკარვეს პოულობს და მის ნაწილს სხვას უყოფს, ზოგი საერთო ჩრდილს ან კოცონის მოწყობაზე თანხმდება. Ზოგი სულაც საკუთარ კარავში ადგილს და თავშესაფარს უნაწილებს სხვას. ყველაფერი რომანტიულიც ბანაკთან ასოცირდება. Ბუნებისა და ადამიანების სიყვარულით გაჟღენთილი ადამიანები სხვანაირად მარტივად იყვარებენ საკუთარ თავსაც და სხვებსაც მარტივად უშვებენ ახლოს. ამას ვერც გრძელი გზით გამოწვეული გადაღლილობა და ვერც უცხო გარემოსთან შეგუების ეიფორია მოერევა.

ამ წუთისთვის სულ ეს იყო, რაც კი ლაშქრობებზე და მოლაშქრეებზე დაკვირვებებისას, ჩემებურად დანახულთაგან გამახსენდა. იმედია, თავი არ მოგაწყინეთ. ამ ყველაფერში ყველაზე ლამაზი მაინც ისაა, რომ ჩვენ ყველას ჩვენებური ხედვა და ხედი გვაქვს, ასე რომ ნუ დამიჯერებთ ნურცერთ სიტყვას და წინადადებას. თქვენით სცადეთ, გამოსცადეთ და ის, რასაც იპოვით და დაინახავთ, სხვებს გაუზიარეთ, ნუ დაგეზარებთ. 

წელს ხომ განსაკუთრებული წელია ჩვენი ქვეყნისთვის და მოლაშქრეებისთვის, ჩვენ საერთაშორისო დღესასწაულის წევრები ვხდებით. ჰაილენდერი ეს პირველი ფესტივალია, რომელიც მთელი მსოფლიოს მოლაშქრეებს აერთიანებს და ის წელს პირველად საქართველოშიც ჩატარდება. Ჩვენ მეთექვსმეტე ქვეყანა ვართ, რომელმაც ვაღიარეთ რომ კი, მოლაშქრეობა ნამდვილად დღესასწაულია და მას აღნიშვნა სჭირდება. ხოდამ ერთი სული მაქვს როდის მოვა აგვისტოს ბოლო, რომ ამ დღესასწაულში მივიღო მონაწილეობა, ქართველ და უცხოელ მონაწილეებთან ერთად ვილაშქრო საკუთარი თავის და სვანეთის აქამდე შეუცნობელ ბილიკებზე, სადაც დარწმუნებული ვარ, უამრავ ახალ რამეს ვისწავლი და საგზლად წამოვიღებ ბოლომდე სატარებელ ახალ თავგადასავლებსა და ემოციებს.

ავტორი: ირაკლი გუჯაბიძე

ფოტო: თამო გოქაძე