თაობა მუსიკა | ცა

Z არტისტი | ანუშკა ჩხეიძე

TBCZ x ELECTRONAUTS

დეკემბერი 09, 2021

ანუშკა ბევრს არ ლაპარაკობს და თუ ლაპარაკობს, ძირითადად მუსიკის ენით. საკუთარი მუსიკალური შეტყობინებების გადმოსაცემად ვოკალს ნაკლებად იყენებს, მაგრამ ამაში პრობლემას ვერც ხედავს, რადგან შემოქმედებითი საქმიანობის კონტექსტში მისთვის ყველაზე მთავარი სიმყუდროვის და გულრწფელობის შენარჩუნებაა.

„შემოქმედებით პროცესში საკუთარ თავს უნდა ენდობოდე. შეიძლება, ხშირად თავდაჯერებულობამ მიმტყუნოს და ვიფიქრო, რომ რაღაც ისეთი არ გამოდის, ან კარგად არ ვიცი რასაც ვაკეთებ, მაგრამ საკუთარ გულწრფელობას ყოველთვის ვენდობი. ვენდობი, რადგან ვაცნობიერებ, რომ იმ მომენტში მართლა იმას ვაკეთებ, რაც მინდა, რაზეც ღრმად ვფიქრობ და ამას უბრალოდ ბგერების წყობით, ან რამე შუმით გამოვხატავ - თუმცა ვიცი, რომ ეს მხოლოდ ჩემია და ამიტომაც სანდოა."

23 წლის ანუშკა ჩხეიძე წელს ელექტრონავტების ნომინანტია „Z არტისტის“ კატეგორიაში.

შეგრძნებების და შთაგონების მუსიკად გადაქცევა ანუშკასთვის მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც ის თავს ბედნიერად გრძნობს, ან როდესაც უბრალოდ ემოციურად ცარიელია. უარყოფითი ემოციის შემოქმედებით პროცესის სასარგებლოდ გამოყენება ჯერჯერობით შეუძლებელ ამოცანად იქცა. თუმცა, შთაგონებად მხოლოდ საკუთარ განწყობას არ იყენებს, პირიქით, ყველაზე ხშირად ინსპირაციის წყარო ადამიანები არიან, ყოველგვარი სახელის გარეშე - უბრალოდ ადამიანები, ხშირად სახის გარეშეც. ამ პროცესის მთავარი ხიბლი ის არის, რომ არტისტის რომელიმე მუსიკალური პასაჟის უკან შეიძლება თუნდაც ტრანსპორტიდან დანახული ხალხის მასაც კი იმალებოდეს, ან მათი დანახვისას წარმოქმნილი ბუნდოვანი კადრი. 

„საკუთარ მუსიკაზე ფიქრი კარგი გრძნობაა, ისე როგორც შინაგან სამყაროზე ფიქრი, რადგან ზუსტად იცი , რომ ეს ისაა, რასაც ისე ზუსტად ვერავინ გაიგებს, როგორც შენ იცი. ამ დროს ყველაზე დიდ ცოდნას და ემოციას შენ ფლობ. თუმცა ამავდროულად სხვამ შეიძლება ბევრად უკეთ აღიქვას ან მისთვის მნიშვნელოვანი გახდეს.“

გულრწფელი მუსიკალური ფორმების შექმნაში ანუშკას ყველაზე მეტად პიანინო ეხმარება, მიუხედავად იმისა, რომ მუსიკალურ სკოლაში სწავლის დროს ნოტების დაზეპირება ყველაზე ნაკლებად მოსწონდა. კომპოზიციების მხოლოდ სმენით დამახსოვრების პროცესი ბევრად უფრო დიდ სიამოვნებას ანიჭებდა, მაგრამ იმ პერიოდიდან ნათლად ახსოვს ის მომენტი, როდესაც მიხვდა პიანინოსთან ურთიერთობა როგორც უნდა დაემყარებინა.

„მძაფრად მახსოვს ფაქტი, როდესაც დეიდამ, რომელმაც დაკვრა პიანინოზე დიდად არ იცოდა, ქარის იმიტაცია გააკეთა ნოტებით, 'ასე ჟღერსო' და მაგ მომენტში გავაანალიზე, რომ ეს ინსტრუმენტი როგორც მინდოდა, ისე შემეძლო გამომეყენებინა. დღემდე ცუდად ვფლობ ფორტეპიანოს, თუმცა ჩემი შეგრძნებების გამოხატვა ყველაზე კარგად გამოსდის.“

ხმების დაფიქსირება, ბგერების შეგროვება და მისი ჰარმონიულ მუსიკალურ ფორმებად ტრანსფორმირება ყველა მუსიკოსის მთავარი გამოწვევაა. ანუშკასთვის პირველი ასეთი გამოცდილება ტაძარში გუნდთან ერთად გალობა იყო და მიიჩნევს, რომ ის შთაბეჭდილებები მეხსიერებაში დღემდე უნიკალურ გამოცდილებებად არის დალექილი.

დიდი ხანია, რაც საკუთარი მუსიკის ცოცხალ გარემოში გაზიარების არ ეშინია, მაგრამ ყოველთვის მიიჩნევს, რომ საკმარისად მზად არ არის. ყოველი ლაივის წინ გულის აჩქარება უკვე ტრადიციად იქცა, ისევე, როგორც ყოველი ლაივის შემდეგ სრული კმაყოფილების გრძნობისგან თავის არიდება. თვლის, რომ ტექნიკურ წვრთნასთან და გამოცდილებასთან ერთად, უფრო დიდი პასუხისმგებლობის აღებას და მისთვის საინტერესო პროექტებზე მუშაობას შეძლებს.

2020 წლის სადებიუტო კრებულის, Halfie-ს გამოცემიდან ძალიან მალე ანუშკა საკუთარი წარსულის ანარეკლთან დადგა და აღმოაჩინა, რომ მის სამყაროში ახალი დაბადების დრო იყო.

„ალბომს თავისი დრო აქვს და ვაპირებ მალე გავაკეთო, თუმცა ველოდები მომენტს , როდესაც Halfie თავის გზას იპოვის, რამე კონცეპტუალურ მიმართულებას, რომელიც ჯერ ძალიან გაფანტულია. ამ სახელში უკვე ვიპოვე რაღაც ძალიან ხელჩასაჭიდი და დანარჩენს დრო გვიჩვენებს...“

ამ სახელმა იპოვა კიდეც თავისი ადგილი, ანუშკას, როგორც არტისტის წარსულში დარჩა და ასე დაიბადა მისი რიგით მეორე ალბომი - Move: 20-21.

„ამ პერიოდში პირველად დამეწყო ჩაკეტილობა და არავისთან კონტაქტის სურვილი. მაშინ მივხვდი, რომ ძალიან ხშირად მეცვლებოდა განწყობები და ამის გაზიარებაც არავისთვის არ მინდოდა. ეს თითქოს იმ მომენტს ჰგავდა, როდესაც თითქოს ბავშვობის ასაკიდან გამოდიხარ და პირველი დეპრესია გემართება“.

თუმცა, ეს ეტაპიც თითქოს დასრულდა და მოლოდინი ნამდვილად გაჩნდა წლის ბოლოს იმის, რომ ანუშკა ახალი თავგადასავლებისკენ მიდის და მუდმივად რაღაცის მოლოდინში გვტოვებს მსმენელს.

წყარო: ცა - Tsa.Music

ფოტო: მასუ მწარიაშვილი