თაობა მუსიკა | ცა

Z არტისტი | მარიამ კავილაძე

TBCZ x ELECTRONAUTS

დეკემბერი 08, 2021

„მუსიკის შექმნა შენგან სამყაროს გაშვებაა. You are a god when you create.”

მარიამ კავილაძე, იგივე Evmar (ან ბევრისთვის ცნობილი, როგოროც Sefrei) დამწყები მუსიკოსია. მასთან ლაპარაკის შემდეგ მივხვდი, რას ნიშნავს იყო სრულიად თავისუფალი მუსიკის შექმნაში, მისცე თავს უფლება, დაუშვა შეცდომები და რაც მთავარია - იყოს ეს შენთვის გზა, დაიბადო თავიდან, როგორც არტისტი იმდენჯერ, რამდენჯერაც ჩათვლი ამას საჭიროდ. 

24 წლის მარიამი წელს ელექტრონავტების ნომინანტია „Z არტისტის“ კატეგორიაში.

Evmar, ვფიქრობ, კარგი მაგალითია იმის, თუ ვინ არიან თაობა Z-ის წარმომადგენლები.

თაობა Z-ს სამყაროში მუსიკა არის უბრალოდ გამოსასვლელი, გზა, სრულიად გამოაფრქვიო ემოციები და იპოვო ადამიანები, ვინც თავს შენს მსგავსად გრძნობენ. სოციალური მედიის დამსახურებით, გამძაფრებული ჯგუფური იდენტობა თაობა Z-ს უბიძგებს, შექმნან თანამოაზრეებისა და თანა-მგრძნობელების პატარა ოჯახი.

„მინდა შევქმნა მუსიკა, რომელიც ადამიანებს იმედს გაუჩენს, რომ after darkness comes light.”

„ჩემთვის მუსიკა საკუთარი თავის გამოხატვის გზაა, ეს ბუნებრივად ხდება. ერთ დღეს უბრალოდ დავიწყე და გადავერთე მუსიკაში და ახლა თავს ყველაზე კომფორტულად აქ ვგრძნობ, კომპოზიციების წერა ჩემთვის თერაპიული პროცესია, მაქვს მომენტები როცა უბრალოდ არ შემიძლია რომ არ ვწერო მუსიკა.“

Evmar-თან, იგივე მარიამ კავილაძესთან საუბრის შემდეგ მიხვდებით, რომ მისი მუსიკის შექმნის პროცესი სრულიად სიამოვნების მიღებითა და საკუთარი სამყაროს გაზიარების სურვილით არის მართული, რაც, ჩემი აზრით, ბევრი გამოცდილი მუსიკოსისთვის შესაშური იქნება.

„მუსიკის წერისას მე ვქრები და უშუალოდ ის საუნდი ვხდები, რომელიც მესმის. ამ დროს მივყვები რაღაცას, რაც ჩემზე მეტია.“

მარიამი მუსიკით დაინტერესებამდე პოეზიით იყო გატაცებული და პოეზიას მოიხსენიებს, როგორც საკუთარი ცხოვრების „სახელმძღვანელოს“, სწორედ პოეზიის დამსახურებით გადაერთო მუსიკაში.

„მუსიკაზე რეჩიტატივებით ვატარებდი ექსპერიმენტებს. ედინბურგის ფესტივალზე “Frindge” გამოვედი, როგორც street poet და UK-ში open mic-ებზე წამიკითხავს ბევრჯერ ჩემი ნარატიული პოეზია სხვადასხვა არტისტის მუსიკის ფონზე. იმავე პერიოდში მოძრაობის თეატრის მუსიკოსებთან ერთად გავაკეთე ბენდი: Eratosoul. რეალურად, ეს იყო პირველი ნაბიჯები მუსიკაში. მუსიკალური განათლება არ მქონია, ამიტომ მუსიკის შექმნისას შინაგან ინტუიციას და გრძნობებს მივყვები. ახლა სიტყვები შემიმცირდა უბრალოდ და უფრო ბგერებით გადმოვცემ ჩემს შინაგან სამყაროს, რაც თან დისკომფორტია და თან სიამოვნება.“

ავტორი: გვანცა უთურა

ფოტო: მასუ მწარიაშვილი