მუსიკა | ცა თაობა

ელექტრონავტები XII

TBCZ x ELECTRONAUTS

დეკემბერი 31, 2021

ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა 2005 წლის ნოემბრის დასაწყისში „თბილისის ფორუმზე“ წავაწყდი თემას, რომელიც საქართველოს პირველ არხზე ახალი დოკუმენტური ფილმის „ელექტრონავტების“ გასვლას აანონსებდა, რომელიც ქართული ელექტრონული მუსიკის შესახებ სერგი გვარჯალაძემ იმავე წელს გადაიღო.


ეს იყო ფილმი, რომელიც პირველად აღწერდა 90-იანი და 2000-იანი წლების პირველი ნახევრის ქართული ელექტრონული მუსიკის პიონერების შემოქმედებას და მათ გზას. ფილმში მოთხრობილმა ისტორიებმა მნიშვნელოვნად განაპირობა რომ მოზარდობის ასაკში აქტიურად დავიწყე როგორც ქართული, მეორე მხრივ ელექტრონულ მუსიკის მოსმენა.


უკვე შემდეგ წელს Dance.Ge-ზე (R.I.P.) ანონსდება ელექტრონავტების მუსიკალური დაჯილდოების შესახებ, რომელიც ინტერნეტში გამოკთხვის შედეგად გამოვლენილ მუსიკოსებს დააჯილდოებდა. პირველი ცერემონიალის ვიდეოები დღესაც აქტიურად არის შემორჩენილი ინტერნეტ სივრცეში, რა თქმა უნდა იმ პერიოდისთვის მონაწილეების რაოდენობა ძალიან მცირე, სულ რაღაც 15 შემოქმედი იყო, თუმცა აღნიშნული ღონისძიება ვფიქრობ უდიდესი ბიძგი აღმოჩნდა ახალი თაობისთვისაც, რათა თავი ექპერიმენტირებისთვის გადაედოთ.

მას შემდეგ უკვე 14 წელი გავიდა - ამ წლების განმავლობაში ქართულ მუსიკაშიც ბევრი რამ შეიცვალა, პირველ რიგში ტექნოლოგიის ხელმისაწვდომობამ გზა გაუკვალა უამრავ დამწყებ მუსიკოსს, მსოფლიოში და შესაბამისად საქართველოშიც შეიცვალა ელექტრონული მუსიკის ტრენდული სტილები, შესაბამისად წლის ბოლოს „ელექტრონავტების“ ყოველწლიური დაჯილდოება ყოველთვის ცდილობდა აესახა იმ პერიოდის ქართული მუსიკაში მიმდინარე მოვლენები.


წლებთან ერთად შეიცვალა თავად ელექტრონავტების დასახელებაც, სადაც „ინოვაციური პოპ კულტურის“ მიმართულება დაემატა, რაც თავის მხრივ გვაცნობს იმ საჭიროებებს, რასაც ამ დაჯილდოების გუნდი პირველ რიგში ეძებს ქართველ მუსიკოსებში.

2021 წელს უკვე „ელექტრონავტების“ დაჯილდოების მეთორმეტე ღონისძიების დროც დადგა.

შესაძლებლობა მქონდა, რომ ჟიურის პერსპექტივიდან დავკვირვებოდი მოვლენებს. ელექტრონავტების გამარჯვებულის გამოსავლენად, კონკურსის საერთაშორისო და ადგილობრივი ჟიურის წევრები პირველ ეტაპზე ავლენენ ნომინანტების მოკლე სიას, მეორე ეტაპზე კი ონლაინ გამოკითხვის შედეგად გამარჯვებულს მსმენელი ირჩევს.


2021 წლის ქართული მუსიკის შეჯამებას უკვე შემდეგ მიმოხილვაში შევეცდები, აქ კი აღვნიშნავ, რომ ალბათ წელს ყველაზე რთული იყო ჟიურის წევრობა, ვინაიდან როგორც აღმოჩნდა, მიუხედავად პანდემიური წლისა ქართველ მუსიკოსებს ყველა ნომინაციაში მუსიკალური პროდუქტის სახით დიდი წინსვლა ჰქონდათ. არ მახსოვს ასე აქტიურად წარმოდგენილი ალბომები, მუსიკალური ვიდეო თუ ლეიბლი რომელიმე სხვა წელს.

ელექტრონავტების დაჯილდოების ცერემონია, 11 დეკემბერს „Leno Records“-ში გაიმართა. ტრადიციულად ეს ცერემონია გარდა დაჯოლდოებისა, საკმაოდ საინტერესო საკონცერტო გამოსვლებს აერთიანებს. ამ წელს, შეზღუდვების გამო ღონისძიებას ადამიანთა ძალიან მცირე ჯგუფი დაესწრო, თუმცა იგი საახალწლო სატელევიზიო ეთერის განმავლობაში ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდება.

პანდემიურმა მდგომარეობამ, რომელმაც თითქმის სრულიად გაანადგურა ცოცხალი ღონისძიებების გამოცდილება, „ცოცხალი შესრულების“ ნომინაცია, „საუკეთესო ლაივსტრიმის“ ნომინაციამ ჩაანაცვლა, ასევე დაემატა “Z არტისტის“ ნომინაცია, რომელსაც თიბისი Z-სგან სპეციალური ჯილდო ერგებოდა, ამ ნომინაციაში 25 წლამდე ასაკის გამორჩეული მუსიკოსები მონაწილეობდნენ.

საუკეთსო ლეიბლი:


Leno Records

საღამო ბენდმა „Mechanical Rainbow“-მ გახსნა, რომელიც აგერ უკვე 2 წელია აქტიურად ცდილობს სრულყოფილი მუსიკალური პროდუქტის შექმნას და ბოლო დროის განმავლობაში, საკმაოდ ბევრი მსმენელიც მოიზიდა. „საუკეთესო ლეიბლის“ ჯილდო „Leno Records“-მა მოიპოვა, ლეიბლი, რომელიც უამრავ აკუსტიკურ, ელექტრონულ, პოპ თუ ჯაზ მუსიკაში მოღვაწე არტისტს თუ კოლექტივს აერთიანებს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ წელს არანაკლებად კარგი წელი ჰქონდა CES Records-ს, რომელმაც ფიზიკურ თუ ციფრულ მედიუმზე უამრავ ახალგაზრდა მუსიკოსს საშუალება მისცა სრულყოფილი მუსიკალური პროდუქტი შეექმნათ.

საუკეთესო ალბომი:


Erekle Getsadze - Frankfurt

შემდეგი გამომსვლელი ჯგუფი „Savannah Fish“ იყო, კომპოზიციით „ატმის სიმწიფე“, რომელიც ჩემი აზრით მათ შემოქმედებაში ერთ-ერთი საინტერესოა - აკუსტიკური და ელექტრონული ბგერების შეჯახებით, რაც მთავარია ქართული ტექსტით. „საუკეთესო ალბომის“ კატეგორიაში, სადაც ჩემი აზრით ყველაზე დიდი არჩევანი და „კონკურენცია“ იყო გამარჯვება ერეკლე გეწაძისFrankfurt-მა მოიპოვა. ეს ალბომი 2020 წლის ბოლოს გამოქვეყნდა და ვფიქრობ საკმაოდ დამსახურებულად (როგორც ბევრი სხვა ნომინანტი ალბომი) იმსახურებდა დაფასებას.

საუკეთესო მედია:


Mutant Radio

სცენაზე მალე ტრიო „Hulement“ მოგვევლინა, რომლის შემადგენლობაშიც Sandro Bibich, ზუკა სიმონიშვილი და ირაკლი ჭოლაძე შედიან. საქართველოში ბოლო პერიოდში მუსიკალური მედიის მიმართულებით ბევრი მოძრაობა შეინიშნებოდა, მედია პროექტები ჩნდებიან, იხურებიან, გადაადგილდებიან, თუმცა რაც მთავარია ეს სივრცეც ნელ-ნელა ვითარდება და ყველა სხვადასხვა მხრივ ცდილობს შეეხიდოს ქართულ მუსიკალურ სცენას. ამ კატეგორიაში გამარჯვებული წელს „Mutant Radioგახდა, რომელიც აგერ უკვე 2 წელია პანდემიაში უწყვეტად ცდილობს საინტერესო მუსიკის პროვაიდერები იყვნენ არამხოლოდ ქართველი, არამედ უცხოელი მსმენელისთვისაც.

საუკეთესო ლაივსტრიმი:


Leno Records”-ში ჩატარებულმა Hideout-ის სერიის ლაივსტრიმი"

პატარა სცენა მალე ჯერ Toke-მ დაიპყრო, რომელიც მხოლოდ ერთი მოწყობილობის დახმარებით საკმაოდ კომპლექსურ ელექტრონულ ნაერთს აწვდიდა ჩვენს ყურებს, შემდეგ კი VAQO-მ, რომელსაც მე პირადად მოვიაზრებდი ელექტრონავტების კანდიდატად. მისმა ცოცხალმა შესრულებამ გამახსენა. თუ რეალურად რა იგულისხმება ამ სიტყვათა შეთანხმების უკან და რა განსხვავებაა ჩანაწერის მოსმენასა და მუსიკის ცოცხლად მოსმენის გამოცდილებას შორის. იგი საკმაოდ ეფექტურად ახერხებდა გიტარის, ჰარმონიკისა და რაც მთავარია სიმღერის პარალელურად შეხამებას. ჩანაცვლებული „საუკეთესო ლაივსტრიმის“ ნომინაციაში “Leno Records”-ში ჩატარებულმა Hideout-ის სერიის ლაივსტრიმმა გაიმარჯვა, სადაც ქართული Ellarge იყო წარმოდგენილი.

საუკეთესო მუსიკალური ვიდეო:


4D Monster Lobsters – VNEBA ft. Tamada

მალევე ამ პროექტის არა ლაივსტრიმის, არამედ ცოცხალი შესრულების მომსწრეები გავხდით, ნიკა წერეთელი და ირაკლი მენაღარიშვილი ქართული მუსიკალური სცენის ვეტერანები არიან, შესაბამისად მათი ერთობლივი პროექტიც მუსიკალურად საკმაოდ საინტერესო და მსმენელისთვის გამომწვევი აღმოჩნდა. აუცილებლად ყველას ვურჩევ მათი 2021 წლის ალბომის „მოგზაურის“ მოსმენას. ელექტრონავტების წლევანდელი დაჯილდოება საინტერესო იყო იმითაც, რომ მუსიკოსები საქართველოს სხვადასხვა კუთხეს წარმოადგენდნენ და არ იყო კონკრეტულად თბილისზე ფოკუსირება, სწორედ ასეთი იყო ბათუმელი პროდიუსერისა და DJ-ის Astrobee-ს გამოსვლა, რომელი ბოლო რამდენიმე წელია ტექნოს, ელექტროსა და ბრეიქის მუსიკალურ სინთეზს გვთავაზობს. „საუკეთესო მუსიკალური ვიდეო“ “4D Monster Lobsters”-ის კომპოზიციამ „ვნება“ მოიპოვა, რომელიც „VARAMI“-ის კოლექტივის მიერ არის გადაღებული, რეჟისორი კი გიორგი მეშველიანია (avi.musaifi). უნდა აღინიშნოს, რომ ნომინანტებში ამავე კოლექტივის მიერ გადაღებული მეორე მუსიკალური ვიდეოც (Tamada-ს “პირამდე“) მოხვდა. 

საუკეთესო დიჯეი:


Yanamaste

გავიფიქრეთ და მალე სცენაზე ამ წლის მუსიკალური სენსაცია ლაშა ჩხაპელია, იგივე Tamada თავის ბენდთან ერთად წარსდგა. როცა თამადა როლში შედის, მისი დამმარცხებელი უკვე დიონისეც აღარ არის - სწორედ ასეთი იყო ელექტრონავტების გამოსვლაც, სადაც მისი ახალი სიმღერა შესრულდა. როგორც „ცოცხლად შემსრულებლებს,“ წელს აქტიურად არც დიჯეებს მიეცათ მათი ხელოვნებისა და პროფესიონალიზმის გამოვლენის შესაძლებლობა, თუმცა, მსმენელმა თავისი რჩეული მაინც გამოავლინა და გამარჯვეული ირაკლი დანელიას პროექტი, Yanamaste გახდა, რომლის მისტიური, პირქუში და ჰიპნოტური ტექნო კლუბ KHIDI-ს სავიზიტო ბარათი გახდა ბოლო წლებში. ვიმედოვნოთ, რომ 2022 წელი ირაკლის და მის კოლეგებს უამრავ შესაძლებლობას მისცემს, რათა ისევ დაიპყრონ საცეკვაო მოედნები, იცეკვონ და იბრძოლონ უკეთესი მომავლისთვის.

საუკეთესო ტრეკი:


4D Monster Lobsters-I’M IN LOVE WITH YOUR CAT

მალევე სცენაზე ქუთაისური პოსტ-პანკ ბენდი, SKAZZ ვიხილეთ, ახალი სინგლით „მდევარი“ - სასიხარულოა, რომ 80-იანი წლების ამ ბრიტანულ ჟღერადობას, ვიღაც 2021 წლის თბილისშიც აცოცხლებს. მათ შემდეგ მსმენელის წინაშე წარსდგა ჯგუფი „Safron Soul“ რომლიც შემოქმედებაც ჩემთვისაც სიახლე იყო და დიდი სიამოვნები დავაკვირდები შემდეგ პროცესებსაც. „საუკეთესო ტრეკის“ ნომინაციაში გამარჯვებული ისევ ბენდ „4D Monster Lobsters“-ის კომპოზიცია “I'M IN LOVE WITH YOUR CAT” გახდა.

სცენა ერეკლე გეწაძისა და ელენე კალანდაძის დუეტმა „BAD Habitz” დაიკავა, აღნიშნული პროექტის ფარგლებში 2020-2021 წლებში ბევრი საინტერესო სიმღერა ჩაიწერა და გამოვიდა, რომელიც შეიძლება მსმენელის ყურადღების მიღმა დარჩა, ამიტომაც გირჩევთ სასურველ პლატფორმებზე მოიძიოთ და ნახოთ როგორ იქმნება თანამედროვე ქართული სოულის, ჰიპ-ჰოპისა და ბრიტანული Broken Beat- ის სრულყოფილი ფორმულა.

Z არტისტი:


Lua

საკმაოდ საინტერესოდ გამოიყურებოდა „Z არტისტის“ ნომინაცია, რომელიც 4 გოგოსგან და ერთი ბიჭისგან შედგებოდა. გამარჯვება საბოლოოდ ქეთათო ნერგაძის პროექტმა, LUA მოიპოვა, რომელმაც წელს რამდენიმე EP-ით, სინგლითა და საინტერესო მუსიკალური კლიპით, Hip-Hip დაგვამახსოვრა თავი - აღნიშნული ვიდეო კლიპისთვის ფინანსების მოსაპოვებლად, მას რამდენიმე თვის განმავლობაში ძიძად მუშაობა მოუწია, რაც კიდევ ერთხელ გვაჩვენებს თუ რამდენად რთულია და ამავე დროს საინტერესო საქართველოში მუსიკოსად ყოფნა. LUA სცენაზე სინთეზატორის ამარა დარჩა და მისი სასცენო სახელის წარმოშობის ისტორია, მუსიკალურად მოგვითხო.

Lua-ს, როგორც წლევანდელ Z არტისტს, თიბისი Z-სგან 3000 ლარიანი ფულადი ჯილდო გადაეცა.

წლის ელექტრონავტი:


ერეკლე გეწაძე

ამის შემდეგ კი, საღამოს კულმინაციაც დადგა - „წლის ელექტრონავტის“ პრიზი ერეკლე გეწაძეს ერგო, რომელიც გასულ წლებში აქტიურად ფიგურირებდა „წლის აღმოჩენის“ თუ „ახალბედა არტისტის“ ნომინანტებში. ერეკლე ჩემთვისაც ბოლო წლების ერთ-ერთი საინტერესო აღმოჩენაა და ვფიქრობ, ეს ტიტულიც საკმაოდ დამსახურებულად მიიღო. დაწვრილებით მის შემოქმედებაზე უკვე შემდეგ სტატიებში მოგითხრობთ.

ასეთი იყო „ელექტრონავტები XII”-ის ცერემონიალი - დინამიური, წარმომადგენლობითი და მრავალფეროვანი. ეს მრავალფეროვნება კი სამომავლოდ თავად ღონისძიებასაც ბევრ გამოწვევას უმზადებს. ელექტრონავტები მსგავსი მოდელიც, უკვე 14 წელია რაც მოქმედებს, თუმცა მუსიკალურ სცენაზე ყველა სხვა ცვლილებასთან ერთად, ალბათ თავად დაჯილდოების სპეციფიკაც უკვე გადახედვას ან კორექტირებას მოითხოვს. პირველ რიგში რა თქმა უნდა ეს გამარჯვებულების შერჩევის წესს ეხება - ვინაიდან ქართული მუსიკალური სცენა ასე გაიზარდა, გამდიდრდა და დღეს უკვე გამარჯვებული თავისუფლად შეიძლება გახდეს თუნდაც ჰიპ-ჰოპ თუ როკ-ენ-როლ პროექტი, საშუალოსტატისტიკურ მსმენელი რა თქმა უნდა ვერ შეძლებს ყველა იმ მუსიკალურ პროცესს წლის განმავლობაში თანმიმდევრულად მიჰყვეს და ობიექტურად შეაფასოს ყველა აქტივობა.


რა თქმა უნდა სახალხო ჩართულობას აქვს თავისი დადებითი მხარეც თუმცა, ვფიქრობ სამომავლოდ მხოლოდ მსმენელზე საბოლოო გამარჯვებულის გამოვლენის მანდატის დატოვებამ ბევრი გაუგებრობა შეიძლება წარმოშვას, ვინაიდან დღევანდელ ეპოქაში მსგავსი გამარჯვებული თავისთავად სოციალურ ქსელში ყველაზე აქტიურად წარმოდგენილ პროექტებს მოიაზრებს და დასაწყისშივე გამორიცხავს ბევრ საინტერესო, ინოვაციურ, თუმცა ამავედროს ნაკლებად პოპულარული პროექტების აღიარებას და სათანადო დაფასებას. ამიტომაც ალბათ ამ გარემოებების გათვალისწინებით უკვე აჯობებს რომ არსებობდეს როგორც აუდიტორიის რჩეულის, ასევე თავად „ფონდ ელექტრონავტების“ და ჟიურის მიერ გამოვლენილი პროექტები თუ გამარჯვებულები, ან თუნდაც ჟანრობრივი კატეგორიზაციის გაკეთება, სადაც ჟიური პასუხისმგებლობას აიღებს საკუთარ არჩევანზე - ამის საშუალებას ხომ დღევანდელი ქართული მუსიკალური სცენა თავისუფლად გვაძლევს.




სიტყვა „გამარჯვებულიც“ ალბათ ბოლომდე ვერ გამოხატავს სათქმელს და არსს, მე ვიტყოდი რომ ეს წლის აღიარებაა, გაწეული შრომისა და ინოვაციური მიდგომებისადმი, რომელიც ქართულ მუსიკას ასე ძალიან ჭირდება. წარმატებები ვუსურვოთ ყველა ელექტრონავტს, ინოვატორსა და შემოქმედს, რომლებიც გაუკვალავში აქტიურად ცდილობს გზის გაგნებას, ჩვენ კი ვიმედოვნოთ რომ ელექტრონავტების შემდეგი წელი კიდევ უფრო ნაყოფიერი და წარმომადგენლობითი იქნება.

წარმატებები ვუსურვოთ ყველა ელექტრონავტს, ინოვატორსა და შემოქმედს, რომლებიც გაუკვალავში აქტიურად ცდილობენ გზის გაგნებას. ჩვენ კი ვიმედოვნოთ, რომ ელექტრონავტების შემდეგი წელი კიდევ უფრო ნაყოფიერი და წარმომადგენლობითი იქნება.

ავტორი: ჯაბა შავიშვილი

ფოტო: რეზი ყენია