ისტორია ჩვენს თვალწინ იწერება - ბორჯღალოსნების და აკა ტაბუცაძის წარმატება

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2025 წლის გათამაშება დომინანტური უპირატესობით მოიგო. ზედიზედ 8 წელია, ბორჯღალოსნები კვარცხლბეკის უმაღლესი საფეხურიდან არ ჩამოსულან და სამართლიანადაც. სულ კი, ქართველებს რაგბი ევროპა 17-ჯერ აქვთ მოგებული.

რიჩარდ ქოქრილის გაწვრთნილმა გუნდმა, ფინალურ შეხვედრაში, მიხეილ მესხის სტადიონზე ესპანეთის ნაკრები 46:28 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონის თასი დამსახურებულად აღმართა.

საქართველოს ნაკრებმა მეტოქეს 8 ლელო დაუდო.

ჰეთ-თრიქი შეასრულა ვანო კარკაძემ, რომელიც მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა; თითო ლელო გაიტანეს ვასილ ლობჟანიძემ და ნიკა აბულაძემ. ასევე, ჰეთ-თრიქით გამოიჩინა თავი აკა ტაბუცაძემ, რომლის სარეკორდო მიღწევაზე ცალკე ვისაუბრებთ.


გარდა იმისა, რომ ტაბუცას ნაკრებში უკვე 50 ლელო დაუგროვდა, ეს ამბავი საერთაშორისო დონეზეც რეზონანსულია.

© ლევან ვერძეული

თუკი ესპანეთთან მატჩამდე ქართველი მორაგბის სანაკრებო ანგარიშზე 47 ლელო იყო და მსოფლიოს საუკეთესო მელელოვეების ტოპ 10-ში ის მე-9 ადგილს ლეგენდარულ ირლანდიელთან, ბრაიან ო’დრისკოლთან იყოფდა, რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში შესრულებული ჰეთ-თრიქის შემდეგ, ტაბუცაძემ ჩამოიტოვა ჯორჯ ნორზი (უელსი) და დაგ ჰაულეტი (ახალი ზელანდია).

ახლა, აკა ტაბუცაძე, არც მეტი-არც ნაკლები, მსოფლიოს ტოპ 10-ში მეექვსე ადგილზეა და ამ პოზიციას რორი ანდერვუდთან (ინგლისი) ერთად იყოფს.

რაც შეეხება ტოპ ხუთეულს, მათგან არც ერთი აღარაა მოქმედი მოთამაშე. მაგალითად, მე-5 ადგილს ტაბუცაძეს მხოლოდ 5 ლელო აშორებს და ოპტიმისტურ პროგნოზებში უნდა ვივარაუდოთ, რომ ქართველი მორაგბე ამ „ბარიერსაც“ უახლოეს მომავალში დაძლევს.

© ლევან ვერძეული

რაც შეეხება მსოფლიო რაგბის რეიტინგს, ესპანეთთან მოგების შემდეგ, საქართველომ მე-11 ადგილი შეინარჩუნა და უახლოეს მდევარ, ექვსი ერის წარმომადგენელ უელსთან უპირატესობა 1.3 ქულით გაზარდა.

© ლევან ვერძეული

თიბისი და დიდი რაგბი ზაფხულში, საინტერესო სანაკრებო ტესტ-მატჩებით დაბრუნდებიან.

მანამდე კი, ერთად ვუგულშემატკივროთ ასაკობრივ ნაკრებებსა და 7-ქალა ნაკრებს მნიშვნელოვან ტურნირებზე. 

#ერთადგავიმარჯვებთ