სიახლეები

წიგნები სიყვარულზე და არა მხოლოდ

1❤︎

თებერვალი 19, 2021

ბოლო დროის ვითარებიდან გამომდინარე, ბევრ ადამიანს გამოგვიჩნდა თავისუფალი დრო, რომელიც არ ვიცით როგორ დავტვირთოთ სასარგებლოდ. ეკრანების თეთრი შუქისგან დასასვენებლად და რეალობისგან ცოტა ხანს მოსაწყვეტად და დასაფიქრებლად, წიგნი საუკეთესო გზაა. არაფერია იმაზე, საინტერესო როცა თავით ეშვები სხვადასხვა თავბრუდამხვევ ისტორიებში, თავგადასავლებში და ფიქრებში, ცოტა ხნით სხვების თვალებით უყურებ სამყაროს და პარალელს ავლებ საკუთარ ცხოვრებასთან. ან სულაც ჯერ კიდევ წარმოუდგენელ და არარსებულ სამყაროს ქმნი გონებაში. ზოგ წიგნს ჩვენი ცხოვრების თავიდან ბოლომდე ამოტრიალებაც კი შეუძლია.


რადგან სიყვარული და ადამიანებს შორის არსებული კომპლექსური ურთიერთობები ყველაზე უნივერსალური რამაა სამყაროში, გადავწყვიტე ერთად მომეყარა თავი იმ რომანებისთვის, რომლებიც შესაძლოა პირველი არ მოგაფიქრდეთ, როცა სასიყვარულო, მელოდრამატულ წიგნებს ვახსენებთ. სიყვარული - აკრძალული, განწირული თუ მარადიული - ერთ-ერთ მთავარ თემად გასდევს ამ რომანებს და ცხოვრების კონკრეტულ ეტაპებზე, ჩემზე წარუშლელი კვალი დატოვეს:

‘რას აირჩევდით, მეტ სიყვარულს და მეტ ტანჯვას, თუ ნაკლებ სიყვარულს და ნაკლებ ტანჯვას?” ასე იწყება ინგლისელი მწერლის რომანი და გვითხრობს ინგლისის გარეუბანში განვითარებულ სასიყვარულო ისტორიაზე 19 წლის პოლსა და 48 წლის სიუზენს შორის, უკვე ასაკოვანი პოლის პერსპექტივიდან. მთავარი პერსონაჟი იხსენებს მის განვლილ ცხოვრებას და გვაფიქრებს, თუ რა არის ის ერთადერთი ამბავი, რომლის მოყოლაც ღირს ცხოვრების მიწურულს.

ეს ის წიგნია, რომლის ეკრანიზაციამ ლამის მთელი მსოფლიო აატირა და ტიმოთი შალამე ვარსკვლავად აქცია. მიუხედავად, მასიური ისტერიისა, წიგნიც და ფილმიც, რომელიც 80-იანი წლების იტალიურ ვილაში ვითარდება, ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და სევდიანი ისტორიაა პირველ სიყვარულზე, იმედგაცრუებაზე და გულის ტკივილზე.

ამ წიგნის კითხვა ფილმის ყურებას გავს, მოვლენები ელვის სისწრაფით ვითარდება, ისე რომ მოდუნებას ვერცერთ მომენტში მოასწრებთ. გაინტერესებთ რა ბედი ეწევა საბოლოდ მთავარ გმირ ჯუდეს. თან ყველაფერი როგორი ნაცნობია - 80-90-იანი წლების ბნელი თბილისი, იმ დროს გამეფებული კრიმინალი, უსამართლობა, განუკითხაობა.. და მაინც პერსონაჟის მთავარი ინსტინქტი მისი ერთადერთი სიყვარულისთვის გადარჩენაა, რადგან მას, სადღაც აუცილებლად ელოდება მანუშაკა.

თანამედროვე ტრისტანის და იზოლდას ამბავი ბრაზილიაში, კოპაკაბანას სახიფათო სანაპიროზე ვითარდება. 19 წლის ღარიბ ქურდ ტრისტაოს და 18 წლის შეძლებულ და განებრივრებულ იზაბელს, მიუხედავად სხვადასხვა სოციალური წრისადმი კუთვნილებისა, ერთმანეთი ძლიერ უყვარდებათ და ხვდებიან რომ ეს მათი ბედისწერაა, რომელმაც ყველანაირ გამოწვევას უნდა გაუძლოს. ეს არის წიგნი სიყვარულზე, რომელმაც არ იცის არც ფერი, არც სივრცე, არც საზღვრები

მურაკამის ეს რომანი ძალიან განსხვავდება მისი დანარჩენი სიურეალიზმით გაჟღენთილი რომანებისგან, სადაც შესაძლოა ერთის მაგივრად ორი მთვარე დაინახოთ ცაზე, ან კატა ალაპარაკდეს ან ბარში გაცნობილი გოგონა მოჩვენება აღმოჩნდეს. ეს მისი ყველაზე რეალისტური და პირდაპირი რომანია. მოქმედება 60-იან წლებში ვითარდება და გვიყვება ამერიკული ლიტერატურის და ბიტლების მოყვარულ ახალგაზრდა სტუდენტ ტორუ ვატანაბეზე, მისი საუეკთესო მეგობრის გარდაცვალებით გამოწვეულ ტრაგიზმზე, მის პირველ სიყვარულზე და ლტოლვებზე. მიუხედავად, მაგიური რეალიზმის არარსებობისა, შეუძლებელია შინაარსმა არ მოგაგონოთ თქვენი პირველი სიყვარული და მასთან დაკავშირებული ემოციები, რომელიც ასე ნაცნობი და საერთოა ყველასთვის.

2005 წელს ჟურნალმა TIME-მა ‘ამბოხის გზა’ 100 საუკეთესო ინგლისურენოვან რომანს შორის დაასახელა და ნამდვილად იმსახურებს ამ სიაში ყოფნას. რომანი გვიყვება ისტორიას 50-იანი წლების ამერიკაში მცხოვრებ დაქორწინებულ წყვილზე, მათ წინააღმდეგობრივ სამყაროზე, მათ ოცნებებზე და მისწრაფებებზე. შეუძლია თუ არა ქორწინებას დაანგრიოს სიყვარული და პირიქით, სიყვარულს - გადაარჩინოს ურთიერთობა, რომელიც ინგრევა? ბევრ რამეზე დაგაფიქრებთ ეს წიგნი.

ბუკერის პრემიის მფლობელი რომანი შედევრი, ნობელიანტი მწერლისგან, რომელიც ასაკოვანი ინგლისელი მსახურთუხუცესის შინაგან კონფლიქტებსა და დაფარულ გრძნობებზე მოგვითხრობს. რა უფრო მნიშვნელოვანია - ღირსება და საქმის ერთგულად მსახურება თუ ‘ცხოვრება’, და მისი ბოლომდე შეგრძნება, გამოხატვა ყველაფერი იმის, რასაც ვგრძნობთ და განვიცდით? ცხოვრების მიწურულს, მთავარი პერსონაჟი მის განვლილ ცხოვრებაზე პირველად დაფიქრდება და ჩვენც ბევრ კითხვებს გაგვიჩენს საკუთარ თავთან.

ჰემინგუეის ეს რომანი ნახევრად ბიოგრაფიულია. ლეიტენანტ ფრედერიკ ჰენრისა და მოწყალების და ქეთრინ ბაკლის სასიყვარულო ისტორია პირველი მსოფლიო ომის ფონზე ვითარდება. ეს რომანი, გარდა ჰემიგუეის უზადო წერის სტილისა, იმით არის გამორჩეული სხვა კლასიკური ‘ერთი ნახვით შეყვარების’ ისტორიებისგან, რომ მთავარი გმირები თავდაპირველად უბრალო სასიყვარულო თამაშებს იწყებენ, ფიქრობენ თითოეულ სვლაზე, ერთმანეთის ცდუნების გზებზე და მალე ეს მოკლეხნიანი გატაცება ჭეშმარიტ სიყვარულში გადაიზრდება. როგორ განვითარდება მათი სიყვარული და როგორ დასრულდება წიგნის ბოლოს, სჯობს თავად შეიტყოთ.

ერთი შეხედვით, ორიქსი და კრეიკი მორიგი დისტოპიური რომანია ყველასთვის ცნობილი ‘მხევლის წიგნის’ ავტორისგან, რომელიც არცთუ ისე სახარბიელო და პირიქით, საზარელ მომავალ ცხოვრებას ხატავს დედამიწაზე. ეტვუდი მწარე გაფრთხილებასავით გვაკითხებს ამ წიგნს, მაგრამ ამავდროულად გვიყვება სიყვარულზეც, უფრო ზუსტად კი სასიყვარულო სამკუთხედზე. მთავარ გმირს რთული გზის გავლა მოუწევს, რომ გაიგოს რა დაემართა მის სიყვარულს - ორიქსს და მის საუკეთესო მეგობარ კრეიკს და რამ მიიყვანა კაცობრიობა განადგურებამდე.

და ბოლოს - ცნობილი ფსიქოანალიტიკოსის და ფილოსოფოსის ერიხ ფრომის ნაშრომი, სადაც ბევრ საინტერესო ფაქტს და მოსაზრებას ამოიკითხავთ ამ ყველაზე რთულ და ყველასთვის საერთო გრძნობაზე - სიყვარულზე, რომელიც ავტორის აზრით ხელოვნების ერთგვარი ფორმაა და მისი შედევრად ქცევა დიდი ძალისხმევით და სწავლით მიიღწევა. მართლაც -"სიყვარული ერთადერთი საღი და დამაკმაყოფილებელი პასუხია ადამიანის არსებობის პრობლემაზე”.

წიგნების შეძენა ერთგულის პარტნიორ მაღაზიათა ქსელში ბიბლუსში შეგიძლიათ. გაიგე მეტი აქ


ავტორი: ნინუცა ივარდავა