კულტურა სიახლეები

Art Up - ციფრული ხელოვნება ქუჩაში

თებერვალი 23, 2021

ადვილი “დასახატი” არ არის მარშრუტი, რომელსაც ალტერნატიული კულტურა კლასიკად ჩამოყალიბებამდე გადის. დაბრკოლებებიც ბევრია. თუმცა, როცა გზა უკვე გავლილია, უკან გახედვისას კანონზომიერებების შემჩნევა იოლია. თითქოს ყველაფერი ძალიან ლოგიკურია, თითქოს კონკრეტული სახელოვნებო სტილის, ჟანრის, ფორმის თუ იდეის ასეთი განვითარება გარდაუვალი იყო.

ყველაზე საინტერესო კი ზედხედში დაკვირვებაა, თუ როგორ გზას გადის ხელოვნების სხვადასხვა მიმართულება ეგრედწოდებული სტანდარტის შექმნამდე, შემდეგ მისი უარყოფიდან ახალ „სტანდარტამდე“ და ასე დაუსრულებლად.

ეს ბლოგიც მსგავს დაკვირვებას ემსახურება საქართველოს თანამედროვე სახელოვნებო რუქის კონკრეტულ მონაკვეთზე, კერძოდ კი იქ სადაც ციფრული არტი და ქუჩის ხელოვნება ერთმანეთთან იკვეთება.

ქუჩა - საგამოფენო დარბაზი

Katerina Balakina aka "Xrenobl" 

ზემოთხსენებული სტანდარტები და კლასიკური მიდგომები არა მხოლოდ ნამუშევრის შექმნის, არამედ მისი აუდიტორიისთვის მიწოდების პროცესშიც არსებობს. ეს ნაწილი კი განსაკუთრებულად აქტუალურია თანამედროვე ხელოვნებაში, რომელშიც მიწოდების ფორმა ნამუშევრის ნაწილია და არა უბრალოდ მისი პრეზენტაცია. ის, თუ რა ფორმით და რა კონტექსტში ნახულობს აუდიტორია ხელოვნების ნიმუშს, ავტორის სათქმელის სრულყოფისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია.


მაშინ, როცა გალერეები და დარბაზები ვიზუალური ნამუშევრების გამოფენისთვის ტრადიციული სივრცეებია, პარალელურად ალტერნატიული მედიუმები ჩნდება. ერთ-ერთი ასეთი ფართო მედიუმია ქუჩა, რომელიც ბევრ სხვა სიკეთესთან ერთად, მუჰამედის და მთის პრინციპით მუშაობს: თუ შენ არ მიხვალ გამოფენაზე, მაშინ გამოფენა მოვა შენთან. ეს აქტი დიალოგის მკაფიო ინიციატივაა. ბოლო პერიოდში კი თბილისში ბევრი ასეთი ინიციატივა გაჩნდა საჯარო სივრცეებში გამოჩენილი ნამუშევრების სახით.

ციფრული მედიუმი - ახალი „ფერი“ ვიზუალურ ხელოვნებაში

მეორე, ბევრად უფრო ახალი სახელოვნებო მედიუმია ციფრული სივრცე, რომელსაც ზემოთხსენებული სტანდარტების საკითხი კიდევ უფრო მძაფრად ეხება. მექანიზმები და საშუალებები, რომლებსაც ციფრული სამყარო იძლევა ვიზუალური ნამუშევრების შესაქმნელად, ერთი მხრივ ახალ შესაძლებლობებს ქმნის, მეორე მხრივ კი ცვლის აქცენტებს და სიმძიმის ცენტრს შესრულების მანერიდან და მასალებიდან, იდეებსა და ეფექტებზე ანაცვლებს.


ვიზუალური ენა, რომლის საფუძველი ტექნოლოგიური მანიპულაციებია, ახალ ტონალობას ქმნის ხელოვნებაში. 1960-იანი წლებიდან დღემდე მულტიმედიური ხელოვნება უფრო და უფრო აქტიურად ხდება ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი: ხანდახან იმდენად ახლობელი და მარტივია, რომ შემჩნევაც გვიჭირს, ხანდახან კი ვირტუალური აბსტრაქციით თუ იდეების სიმძაფრით უზარმაზარ ეფექტს ქმნის.

ტექნიკური შესაძლებლობების დიდი მასშტაბის და მრავალფეროვნების ფონზე, ციფრული ხელოვნების გამოწვევაა იყოს „ცოცხალი“, სენსიტიური, ჰქონდეს გამოხატული მგრძნობელობა და უშუალო კავშირი ადამიანებთან.

TAMOONZ

ამის საპასუხოდ 2016 წელს საქართველოში შეიქმნა ქუჩის გალერეა Art Up, რომელიც აერთიანებს ზემოთხსენებულ 2 მედიუმს და ალტერნატიული საგამოფენო სივრცეების საშუალებით ციფრული ნამუშევრები ფიზიკურ სივრცეებში გადმოაქვს.

ერთია, როცა ვიზუალური ხელოვნება საჯარო სივრცეშია გამოფენილი, მეორე კი, როცა მედია ხელოვნება ვირტუალური სივრციდან ხელშესახებ ადგილას ინაცვლებს. სწორედ ეს უკანასკნელია Art Up-ის მთავარი ნიშა.

 

დაარსებიდან დღემდე პროექტის ფარგლებში 40-ზე მეტი ქართველი და უცხოელი არტისტის ნამუშევრები გამოფინა საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. ავტორებს შორის არიან ცნობილი ქართველი გრაფიკოს დიზაინერები და ილუსტრატორები: ნინო ბოსიკაშვილი, ბექა ბერიძე, თინა ჩერტოვა, Tamoonz, ლევან ამაშუკელი, Levanccio, Masholand და სხვები...

რთული არ არის იმის შემჩნევა, რომ გამოფენილი მასალის დიდი ნაწილი მიზნად აუდიტორასთან კომუნიკაციას, მათში რეაქციების გამოწვევას ისახავს. ეს არა მხოლოდ Art-up-ის არამედ ზოგადად ციფრული არტის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია. იმდენად, რამდენადაც ციფრული სამყარო სწრაფი რეაქციების და საკმაოდ მძაფრი იმპულსების სივრცეა, როგორც ჩანს, ეს განწყობები მედია არტისტების ნამუშევრებზეც აისახება ხოლმე:

ლევან ამაშუკელი

ZMUDART

„მახსოვს, 2014 წელს ქართველი მწერლების (ვაჟა, ილია, აკაკი) უამრავჯერ ნანახი სურათების რემიქსი გავაკეთე, გავაფერადე და ციფრული სამყაროსთვის ადეკვატური ახალი სიცოცხლე შევძინე. ილიას ნამუშევარმა ზუსტად ის შეძლო რისთვისაც არტი არსებობს - ხმაური გამოიწვია, არაერთგვაროვანი გამოხმაურება და რადიკალური პოზიციები მოჰყვა. მაგრამ, რაც მთავარია, რეაქცია იყო და იმ ადამიანებიდან, რომლებსაც პირველად ნეგატიური პოზიცია ჰქონდათ, რამოდენიმეს მაინც გაუჩნდა კითხა: რატომაც არა? რატომ არ შეიძლება ილია ეწეოდეს და თავზე ფერადი შარავანდედი უბრწყინავდეს?“ - ლევან ამაშუკელი

"Cut Post-Soviet Сut" By: Nika Qutelia 

Art Up -ის ქუჩის საგამოფენო გამოცდილებას არა მხოლოდ სტატიკური ვიზუალური ნამუშევრები, არამედ მულტიმედია ხელოვნების ნიმუშებიც ახსოვს. ამის ერთ-ერთი მაგალითია ნინო ბოსიკაშვილის ინსტალაციები:

ნინო ბოსიკაშვილი

Nino Bosikashvili

“ჩემთვის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კოლაბორაცია იყო არტ-აპთან, როდესაც ჩემი ინსტალაციები ორბელიანის მოედანზე გამოვიტანეთ. წარმოდგენილი იყო 3 მულტიმედიური ობიექტი, რომლებიც ქრონოლოგიური თანმიმდევრობით ეკიდა კედელზე ქუჩაში. პირველი ობიექტი იყო მაიმუნი შარავანდედით, რომელიც აღნიშნავდა ადამიანის იმ პრიმიტიულ საწყისებს, რომელშიც ხშირად ადამიანი თავს კომფორტულად გრძნობს, განვითარებაზე უარს ამბობს და რჩება იმ საწყისების დონეზე. მეორე ობიექტი გულისხმობდა ენერგიის და ცოდნის აკუმულირებას და ცირკულაციას, რომელიც თავისთავად ქმნის ახალ შეგრძნებებს, ახალ სამყაროს, და თვისობრივად ბევრად აღემატება იმ მდგომარეობას და ინტელექტს, რაც მანამდე არსებობდა. და მესამე კულმინაციური ობიექტი ადამიანის მეტაფორული გამოსახულება - საბოლოოდ შედის თვითგანვითარების ციკლში და ძლიერი სუპერინტელექტის აგენტი ხდება. ეს ნამუშევრები ჩემთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ კარგად ასახავს ადამიანის განვითარების ციკლს, ანუ საიდან დავიწყეთ, სად შეიძლება გავჩერდეთ ან წინ წავიდეთ და როგორ განვითარდეთ. ეს ერთგვარი ვიზუალიზაციაა წარსულის აწმყოს და მომავლის.” - ნინო ბოსიკაშვილი

ნინო ბოსიკაშვილი

„ვფიქრობ, როგორც არტისტებისთვის ისე დამთვარიელებლებისთვის ძალიან საინტერესო და სასარგებლო პროცესია ციფრული არტის ღია სივრცეში გამოფენა - ერთი მხრივ, უფრო მეტი ადამიანი ნახავს ნამუშევრებს და გაიცნობს ახალ არტისტებს, მათ შორის ისეთებიც ვინც ხშირად ვერ ახერხებს დატვირთული დღის განრიგის გამო საგამოფენო სივრცეებში სიარულს, მეორე მხრივ კი ეს არის შანსი არტისტრბისთვის, რომლებიც, თუნდაც ფინანსური ბარირის გამო, ვერ ახერხებენ თავიანთი ნამუშევრების გალერეებში გამოფენას. ამას გარდა, განსხვავებულ გარემოში საკუთარი ნამუშევრების ნახვა შეიძლება ახალი ინსპირაციის და იდეების წყარო გახდეს.“ - ბექა ბერიძე

ბექა ბერიძე

BEKA BERIDZE

Art Up Street Gallery ადგილობრივი და საერთაშორისო საგამოფონო სივრცეების გაერთიანების, F-Orma Network-ის წევრია, რომელიც მასპინძლობს და ხელს უწყობს ახალგაზრდა არტისტების პროექტების წარდგენას სხვადასხვა ქვეყანაში. პროექტს ცოტა ხნის წინ დაემატა გაყიდვების არხიც, რომლის საშუალებითაც უკვე შესაძლებელია პლატფორმაზე განთავსებული ნამუშევრების შეძენა.

სამომავლოდ ქართულ Art Up-ს საერთაშორისო გეგმები აქვს. მანამდე კი, ტრადიციების განახლება ტრადიციად აქცია და მეგობარ არტისტებთან ერთად აგრძელებს გზას ახალი მედიუმების ძიებაში.


ავტორი: ქეთი რაზმაძე