თიბისი და მსოფლიოს წამყვანი ქლაუდ-კომპანია Kong-ი დამეგობრდნენ

ტექნოლოგიური კომპანია თიბისი და მსოფლიოს წამყვანი ქლაუდ-სერვისების მომწოდებელი კომპანია Kong-ი დამეგობრდნენ.


ამიერიდან, ამერიკული კომპანია თიბისის API-ეკოსისტემის გაჯანსაღების პროცესში ჩაერთვება და საკუთარ მძლავრ ტექნოლოგიურ რესურსს, ექსპერტულ ცოდნასა და საერთაშორისო გამოცდილებას თიბისის მომხმარებლების ყოველდღიური ცხოვრების კიდევ უფრო გამარტივებისაკენ მიმართავს. 

თიბისისა და Kong-ს შორის მრავალმხრივი თანამშრომლობა გაჩაღდა: თიბისის სურდა, რომ პარტნიორად ისეთი კომპანია შეერჩია, რომელიც ბანკში არსებული API-ების გამოქვეყნებისათვის საჭირო ტექნოლოგიურ პლატფორმაზე წვდომის გარდა, მას API-მენეჯმენტის პრინციპების შემუშავებისა და დანერგვის სტრატეგიას შესთავაზებდა. 

„თიბისისა და Kong-ს შორის დადებული შეთანხმების საფუძველზე, Kong-ი თიბისის API Gateway-პლატფორმას შემოგვთავაზებს - ამასთანავე, ახალ პლატფორმაზე მიგრაციისას საკონსულტაციო მომსახურებას გაგვიწევს და API-ეკოსისტემის გაუმჯობესებისა და თანამშრომლების გადამზადების პროცესში აქტიურად ჩაერთვება“

-გიორგი გურაშვილი

თიბისის პლატფორმების ლიგის ლიდერი

ყველასათვის ცნობილია, რომ მომხმარებელი თიბისის საქმიანობის ქვაკუთხედია, რაც კომპანიას ავალდებულებს, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება მომხმარებლის სასიკეთოდ, ამა თუ იმ ინდუსტრიის წამყვან და უაღრესად გამოცდილ მოთამაშესთან ერთად დანერგოს.


თიბისის წინაშე არსებული გამოწვევების შესწავლისას, კომპანიის მესვეურებმა გადაწყვიტეს, რომ აქ და ახლა, ყველაზე მეტად საერთაშორისო პარტნიორის ტექნოლოგიური რესურსი, ცოდნა და გამოცდილება გამოადგებოდათ. 

„ჩვენ წინაშე არსებული გამოწვევების ამოცნობისა და მათი გადალახვის გზების ძიებისას მივხვდით, რომ იმ მოთხოვნებს, რომლებსაც შერჩეულ პლატფორმას წავუყენებდით, ყველაზე კარგად API-მენეჯერი კომპანია დააკმაყოფილებდა. ისეთი კომპანიას ძებნა დავიწყეთ, რომელიც დეველოპერ-პორტალზე წვდომის გარდა, API Gateway-ისა და API Lifecycle Management-ის მომსახურებას მოგვაწვდიდა და ავტომატიზაციისა და ანალიტიკის მდიდარ შესაძლებლობებს მოგვცემდა. შევისწავლეთ რა ტექნოლოგიური ბაზარი, მივხვდით, რომ გამოცდილი საერთაშორისო პარტნიორი გვჭირდებოდა, რომელიც მაღალი დონის სერვისს სტაბილურად მოგვაწვდიდა.“

ანა ჯიშკარიანი

თიბისის სისტემების ანალიტიკოსი

გლობალური ტექნოლოგიური ბაზრის ღრმა შესწავლის საფუძველზე გადაწყდა, რომ თიბისის დეველოპერებისთვის საუკეთესო სერვისის მოწოდება ამერიკულ Kong-ს შეეძლო.


„Kong-ი ღია API-მენეჯმენტ პლატფორმაა, რომელიც სხვებისგან სიმსუბუქითა და მომხმარებელს მორგებული ფუნქციონალით გამოირჩევა. კომპანიას სანამ შევარჩევდით, განხილვაში ჩართულ სხვა მხარეებთან ერთად შევქმენით იმ ფუნქციონალური გადაწყვეტების სია, რომლებიც შერჩეულ კომპანიას უნდა შეესრულებინა - მოგვიანებით, ამ მოთხოვნებს ბაზარზე არსებული პროდუქტები მივუსადაგეთ და გადავწყვიტეთ, რომ Kong-ი იყო ის კომპანია, რომელიც ჩვენთვის სასურველ მომსახურებას ყველაზე ეფექტურად გაგვიწევდა“, - გვიყვება გიორგი გურაშვილი.

„Kong-ი აწარმოებს, როგორც პროგრამულ უზრუნველყოფას, ასევე მენეჯერულ სერვისებს, რომლებიც ჭკვიანი ავტომატიზაციის გზით, API-ებს და მიკროსერვისებს - ქლაუდს, Kubernetes-სა და დატაცენტრებს უკავშირებენ. შექმნილია რა ღია კოდის გამოყენებით, Kong-ის სერვისების დაკავშირების პლატფორმა ციფრულ ინოვაციას შესაძლებელს ხდის - ორგანიზაციებს შეუძლიათ, რომ API-ების სრული ციკლი და თანამედროვე არქიტექტურებისთვის საჭირო სერვისები, მათ შორის მიკროსერვისები, უსერვერო და სერვისული ბადეები საიმედოდ და დაცულად მართონ.


დეველოპერებისთვის არნახული არქიტექტურული თავისუფლების მინიჭებით Kong-ი ინოვაციას აჩქარებს, პროდუქტიულობას ზრდის და ჰარმონიულად აკავშირებს ერთმანეთს დანატოვარ მემკვიდრეობას და თანამედროვე სისტემებსა და აპლიკაციებს.“

კორნელია ტრიფუ

Kong-ის წარმომადგენელი

ისე კი, თიბისის მომხმარებელზე ორიენტირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების უკან მისი თანამშრომლები დგანან. ამრიგად, ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები, რომელთაც კომპანია ყოველდღიური საქმიანობის გამარტივებისათვის ნერგავს, თიბისის თანამშრომლების ეფექტურობის გაზრდას ისახავს მიზნად - გამონაკლისი, არც თიბისისა და Kong-ს შორის გაფორმებული შეთანხმება აღმოჩნდა. 

„Kong-ის პლატფორმის დანერგვა თიბისის ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის ნაწილია. ვფიქრობთ, რომ API-მენეჯერი თიბისის გუნდებს საშუალებას მისცემს, საკუთარი API-პროდუქტები სხვებისგან დამოუკიდებლად, სრულიად დეცენტრალიზებულად მართონ და ამგვარად, კიდევ უფრო ეფექტური პროდუქტი შექმნან. საბოლოო ჯამში, ამ ინიციატივის მიზანია, რომ ბაზარზე დავამკვიდროთ კონცეფცია - „API, როგორც პროდუქტი“ და, ის, რაც შეიძლება პოპულარული გავხადოთ“, - ამბობს ანა ჯიშკარიანი. 

თიბისისა და Kong-ის პარტნიორობის საფუძველზე, თიბისის ციფრული სერვისების მიწოდების მექანიზმები კიდევ უფრო დაიხვეწება, რაც კომპანიის დეველოპერთა და მომხმარებელთა ცხოვრებას - უკეთესობისკენ შეცვლის. „Kong-ის API-მენეჯერ პლატფორმა მნიშვნელოვანი ხელსაწყოა, როგორც თიბისის მიერ კომპანიის მომხმარებლებისთვის საუკეთესო გამოცდილების შესათავაზებლად, ასევე ახალი პროდუქტების დასანერგად საჭირო დროის მინიმუმამდე შესამცირებლად. გვჯერა, რომ API-ეკოსისტემის გაუმჯობესებით ჩვენი დეველოპერების ეფექტურობას გავზრდით, რაც საბანკო პროდუქტებსა და სერვისებზე - დადებითად აისახება“, - აღნიშნავს გიორგი გურაშვილი. 

თამამად შეიძლება ითქვას, რომ Kong-თან გაფორმებული შეთანხმებით, თიბისიმ საქართველოში კიდევ ერთი გლობალური კომპანია შემოიყვანა, რომელიც ქვეყნის ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარებასთან და საქართველოს საერთაშორისო იმიჯის გაუმჯობესებასთან ერთად, თიბისის დეველოპერების ეფექტურობას გაზრდის და კომპანიის მომხმარებელთა ყოველდღიურ ცხოვრებას კიდევ უფრო გაამარტივებს. 

ავტორი: გიორგი არონია