ვანის არქეოლოგიური მუზეუმი - მითსა და რეალობას შორის

ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის ვანის არქეოლოგიური მუზეუმი 1985 წლის 29 სექტემბერს დაარსდა. კავკასიის მასშტაბით ეს ერთ-ერთი პირველი მუზეუმია ნაქალაქარზე. ის იმერეთში, რიონის მარცხენა სანაპიროზე, ქალაქ ვანში ბუნებრივ ბორცვზე მდებარეობს. დღეს ვანის არქეოლოგიური მუზეუმი თავის დამაარსებლის სახელს ატარებს.

ვანის მუზეუმ-ნაკრძალი რამდენიმე კომპონენტს მოიცავს: ვანის ნაქალაქარი, ექსპედიციის ბაზა და მუზეუმი. მუზეუმში დაცულია როგორც ნაქალაქარზე, ასევე ვანის შემოგარენში მოპოვებული არქეოლოგიური მასალა. 


ვანის ნაქალაქარი, რომლის ისტორია თითქმის მთლიანად მოიცავს ძვ.წ. I ათასწლეულს, მსოფლიო მნიშვნელობის არქეოლოგიური ძეგლია. ძვ.წ. VIII-VII საუკუნეებიდან მოყოლებული ძვ.წ. I საუკუნემდე ვანი კოლხეთის - ოქროს საწმისის ქვეყნის - რელიგიური ცენტრი იყო.


ვანში სამეცნიერო ხასიათის არქეოლოგიური გათხრები პირველად ჯერ კიდევ 1896 წელს ექვთიმე თაყაიშვილმა ჩაატარა. 1947 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში შეიქმნა ვანის პირველი არქეოლოგიური ექსპედიცია, რომელსაც პირველი ქართველი არქეოლოგი ქალი ნინო ხოშტარია ხელმძღვანელობდა. ვანსა და მის შემოგარენში ფართომასშტაბიანი გათხრები და ძეგლის კომპლექსური მეცნიერული შესწავლა 1966 წლიდან ოთარ ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით დაიწყო. 2002 წლიდან ვანის არქეოლოგიურ ექსპედიციას ხელმძღვანელობს დარეჯან კაჭარავა.


ოთარ ლორთქიფანიძე;

კარიბჭის კომპლექსი. ძვ.წ. II-I სს.

 ვანის ნაქალაქარზე აღმოჩენილია მრავალფეროვანი არქეოლოგიური მასალა: არქიტექტურული დეტალები, ოქრომჭედლობის ნიმუშები, ბრინჯაოს ქანდაკებები და მათი ფრაგმენტები, კერამიკის ჭურჭელი და სხვა. ვანის აღმოჩენები ასევე წარმოდგენილია თბილისში, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის მუდმივმოქმედ გამოფენაზე „არქეოლოგიური საგანძური“. 

მუზეუმის შესახებ მეტის გასაგებად შეგიძლიათ მოუსმინოთ ვანის განახლებული მუზეუმის სამეცნიერო კონცეფციის ავტორს, არქეოლოგ ნინო ლორთქიფანიძეს, რომელიც ვანის მუზეუმის დაარსების შესახებ მწერალ ტორესა მოსისთან საუბრობს:

თიბისის არქივი, 2020 წელი

2010 წლიდან ვანის არქეოლოგიური მუზეუმის სრული განახლება მიმდინარეობდა. ეროვნული მუზეუმის გუნდის ათწლიანი მუშაობის შემდეგ, 2020 წელს მუზეუმი გაიხსნა და გადაუჭარბებლად შექმნა უმაღლესი სტანდარტების მქონე თანამედროვე მუზეუმის პრეცენდენტი რეგიონში.


მუდმივმოქმედ გამოფენაზე თანამედროვე ტექნოლოგიების და ინსტალაციების გამოყენებით, წარმოდგენილია ვანის მდიდრულ სამარხებში აღმოჩენილი კოლხური ოქრომჭედლობის ნიმუშები, რომლებიც ასახავს „ოქრომრავალ კოლხეთს“. აქვე პირველად არის ნაჩვენები მათი დამზადების ტექნოლოგიის ამსახველი მასალა და ძველი კოლხების ცოდნა ოქროს მოპოვებისა და დამუშავების შესახებ.

 

ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში აღმოჩენილ ბრინჯაოს ქანდაკებებთან ერთად, მუზეუმში პირველად არის წარმოდგენილი 2007 წელს გადამალული განძის სახით გამოვლენილი ბრინჯაოს ჭრაქები და სატაძრო ინვენტარის შემადგენელი სხვა უნიკალური ნიმუშები, რომლებიც კიდევ ერთხელ ცხადყოფს ვანის, როგორც სატაძრო ქალაქის მნიშვნელობას ელინისტურ სამყაროში.

ბრინჯაოს ქანდაკებები ვახსენეთ და ბუნებრივია აღვნიშნოთ, რომ ვანის მუზეუმში არაერთი უნიკალური ექსპონატია წარმოდგენილი, თუმცა მისი ერთ-ერთი მშვენება, ქალღმერთ ნიკეს ქანდაკებაა, რომელიც განახლებული მუზეუმის ერთ-ერთმა პირველმა სტუმარმა ერეკლე დეისაძემ გასულ წელს ახლოდან გაგვაცნო:

თიბისის არქივი, 2020 წელი

ვანის არქეოლოგიურ მუზუემში ცალკე საგამოფენო სივრცეა გამოყოფილი დროებითი გამოფენებისთვის.


მუზეუმი ახლა პომპეის არქეოლოგიური პარკის გამოფენას მასპინძლობს სახელწოდებით „სიცოცხლე და სიკვდილი - დიდებული პომპეი“, რომელიც ჰარმონიულადაა შერწყმული მუდმივმოქმედ ექსპოზიციაში და ორი, მსოფლიო მნიშვნელობის ქალაქის მრავალსაუკუნოვან ისტორიას სინთეზში გვაცნობს.

ვიდრე გამოფენას თავად დაათვალიერებთ, გირჩევთ ნახოთ მსახიობი ნინო კასრაძე ვანიდან, ის ვანისა და პომპეის საგანძურის შეცნობისას თქვენს გზამკვლევად იქცევა.

თიბისის არქივი. 2021 წელი

ვანის არქეოლოგიური მუზეუმი, როგორც სამეცნიერო ცენტრი ფლობს თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილ ფონდებს, ლაბორატორიებს, აუდიტორიას, ბიბლიოთეკა-მედიათეკას და ისეთ საზოგადოებრივ სივრცეებს, როგორიცაა: კაფე, მუზეუმის მაღაზია და ღია ვერანდები.


მნიშვნელოვანია, რომ განახლებული მუზეუმის აუდიტორიაში კვლავ ჩატარდება „ვანის საერთაშორისო სიმპოზიუმები“ მსოფლიოს წამყვანი მეცნიერების მონაწილეობით. ანტიკური ხანის შავი ზღვისპირეთის ქვეყნების ისტორიისა და არქეოლოგიის პრობლემებისადმი მიძღვნილი ეს  ისტორიული სიმპოზიუმები მუზეუმის დაარსებიდან რეგულარულად იმართებოდა.  


განახლებული მუზეუმი სახელმწიფოსა, კერძო სექტორის, ადგილობრივი და საერთაშორისო ინსტიტუციების ნაყოფიერი თანამშრომლობის მაგალითია. მუზეუმის რეაბილიტაცია განახორციელა საქართველოს მთავრობამ, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით. მუზეუმის პარტნიორები კი იყვნენ: შელბი ვაითი, ლეონ ლევის ფონდი და თიბისი.

მაინც რითია უნიკალური ვანის ნაქალაქარი და ვანის არქეოლოგიური მუზეუმი?

ალბათ, იმით რომ ვანი კოლხური ცივილიზიაციის ცენტრი იყო, ჩვენი ქვეყნის კავშირის ათვლის წერტილი მსოფლიოსთან, მსოფლიო ისტორიასთან, კულტურასთან, ხელოვნებასთან. მისი კვლევა ჯერ არ დასრულებულა, ვანი მითისა და რეალობის მიჯნაზე დღესაც განაგრძობას ჩვენს გაკვირვებას და როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, ამ ნაქალაქარზე კიდევ არაერთი მნიშვნელოვანი აღმოჩენის მომსწრენი გავხდებით. ეს არტეფაქტები კი ყველა ჩვენგანისთვის ხელმისაწვდომი იქნება იმ ოსტატურად შექმნილ სამუზეუმო ექსპოზიციაში, რომლის ნახვაც საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან 1 დღის სავალზე შეგიძლიათ.


ავტორი: მაშო სამადაშვილი

ფოტო: გურამ კაპანაძე;

ანა დავარაშვილი, ტბელ აბუსერიძე, ფერნანდო ხავიერ ურკიხო/ვანის მუზეუმის ფოტოარქივი