ვანის ნაქალაქარი - მითი, როგორც რეალობა

საქართველოს ეროვნული მუზეუმის და თიბისის წარმატებული თანამშრომლობა გრძელდება.

პარტნიორობა ვანის განახლებული მუზეუმის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

არ არსებობს, მითია ეგ! - რამდენჯერ გადაუწურავთ თქვენთვის იმედი ამ ფრაზით და უნდობლობის გასამძაფრებლად ხელიც უდიერად აუქნევიათ? მითი ეგონათ ტროაც, სანამ არქეოლოგ შლიმანის სიჯიუტემ არ აქცია ის რეალობად. 1984 წელს, თავზეხელაღებულმა ახალგაზრდებმა მითიური ხომალდის - არგოს მოგზაურობა გაიმეორეს და დაამტკიცეს, რომ ხელნაკეთი გემით ურთულესი საზღვაო მარშრუტის გავლა, ქალღმერთ ჰერასგან ნაჩუქარი მოლაპარაკე ძელის გარეშეც შეიძლება. მთავარია - კითხვის ნიშნების დასასმელად გამბედაობა გეყოთ.

„ბევრი სავარძელში მოკალათებული მას (მითს არგონავტებზე) ისე უყურებდა, როგორც ნამდვილ ლეგენდას. მე კი ჩემი ბუნებიდან გამომდინარე მიდრეკილი ვარ კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენო ნებისმიერი აღიარებული ჭეშმარიტება“.


ტიმ სევერინი - ინგლისელი მეცნიერი და მკვლევარი,

1984 წლის საზღვაო ექსპედიციის ხელმძღვანელი


ტიმ სევერინი, ოთარ ლორთქიფანიძე და იური სენკევიჩი. ვანი 1984 წელი

წყარო: nationalgeographic საქართველო/XX საუკუნის არგონავტი ტიმ სევერინი

პირადად მე მითიური მედეას არსებობაში ეჭვი არასდროს შემპარვია, ალბათ იმიტომ, რომ გრძნეული ქალების არსებობის მჯერა, თუმცა ვანს, კოლხ მედეასა და სიყვარულის პოეტად წოდებულ, ძველ რომელ ავტორ - ოვიდიუსს შორის კავშირის შესაძლო არსებობა მაინც მაოცებს.

„ჩვენ გვინდა, ის რასაც ბერძნულ რომაულ წყაროებში კოლხეთზე ამბობენ, ვანში შემორჩენილი მინიშნებებით ვაჩვენოთ. აი მაგალითად, აქ ორი ძალიან დიდი საკურთხეველი გვაქვს, ძალიან იშვიათი სხვათა შორის, და ამ მონოლითურ ქვებში ორიორმოა ამოკვეთილი. მათი აღმოჩენის ადგილას არის არხებიც, რომლებშიც სისხლი მიედინებოდა მას შემდეგ, რაც მსხვერპლშეწირვისთვის საკლავს დაკლავდნენ. და იცით საოცრება რა არის? ეს ყველაფერი ერთი-ერთში ემთხვევა იმას, რასაც ოვიდიუსი ჰყვება თავის მეტამორფოზებში მედეაზე, უფრო სწორედ, როგორც აღწერს მედეას მიერ ჩატარებულ მსხვერპლშეწირვის რიტუალს“.


ამბობს ნინო ლორთქიფანიძე ვანის განახლებული მუზეუმის საგამოფენო კონცეფციის ავტორი

ნინოზე კარგ მთხრობელს ვანის მისტიკური ამბების შესახებ, ვერც ვინატრებდი. მთელი ბავშვობა მამასთან ერთად ვანში გაატარა და მრავალ მნიშვნელოვან აღმოჩენას შეესწრო. დღეს არქეოლოგია მისი პროფესიაა.


საქართველოს ეროვნული მუზეუმი ქვეყნის საერთო ისტორიას ჰყვება - ვანის გაცნობა იქიდან შეგიძლიათ დაიწყოთ, სადაც ხართ: მაგალითად, როცა მუზეუმში კოლხური ბრინჯაოს კულტურის ნიმუშებს ნახავთ, იცოდეთ, ამ კულტურის უნიკალური ეგზემპლარები ვანშია აღმოჩენილი. სვანეთის მუზეუმში ცხვრის ტყავის მეშვეობით ოქროს მოპოვების უძველეს ხალხურ მეთოდებზე გაიგებთ - ესაა სათავეები საქართველოს ოქროს ისტორიის, რომლის უმნიშვნელოვანესი ნაწილიც, ვანის სამარხებში აღმოჩენილი აურაცხელი სიმდიდრეა. ოქროს ისტორია მთელი მასშტაბით და თანმიმდევრულობით თბილისში, არქეოლოგიური საგანძურის საგამოფენო სივრცეში იხსნება. აქაც განსაკუთრებული ადგილი ვანის აღმოჩენებს ეთმობა - მათ შორის ძვ. წ. V საუკუნით დათარიღებულ კუს გამოსახულებიან ყელსაბამს, რომელსაც ანტიკური ხანის ოქრომჭედლობაში ანალოგი არ მოეძებნება. ის ადასტურებს, რომ ვანში სამკაულის საკუთარ - ორიგინალურ ფორმებს ქმნიდნენ, შესრულების მაღალი დონე კი გვიჩვენებს, რომ აქ დიდი საოქრომჭედლო სკოლა იყო. ვის ეკუთვნოდა ეს უნიკალური ნივთი? იქნებ მედეას საკუთრება იყო? ჭეშმარიტად მზის ღმერთის ჰელიოსის შვილიშვილის სადარი სამკაული კია. ყველა კითხვაზე ვანის მუზეუმი გაგცემთ პასუხს. 

ყელსაბამი კუს გამოსახულებიანი საკიდებით. ოქრო. ძვ. წ. V საუკუნის მეორე ნახევარი

ანტიკური ხანის ვანის ნაქალაქარი შემაღლებულ ადგილას მდებარეობს და დაახლოებით 8 ჰექტარს მოიცავს. ეს ციფრი უფრო ხელშესახები რომ გახდეს, მოდით მასშტაბის განსასაზღვრად რამე თანამედროვე საზომი გამოვიყენოთ - 8 ჰექტარი დაახლოებით 11 მარაკანას სტადიონია. ვანის ისტორია ძვ. წ. VIII საუკუნეში იწყება. დროის რუკაზე ვანის ნაქალაქარის ადგილის მოსანიშნად, გეტყვით, რომ ჰომეროსის „ილიადა“ და „ოდისეა“ ძვ. წ. VIII საუკუნეში შეიქმნა, ასურეთმა არსებობა ძვ. წ. VII საუკუნეში შეწყვიტა, რომმა კართაგენი ძვ. წ. II საუკუნეში აიღო, პომპეი კი ახ. წ. 79 წელს განადგურდა.


ნაქალაქარს კი ვუწოდებთ, მაგრამ ყოველდღიური ცხოვრების კვალი ვანში არ ჩანს. არქეოლოგიური მასალის სიმდიდრე - ოქროს, ბრინჯაოს, ვერცხლის ნივთების მრავალფეროვნება და უნიკალურობა გვაფიქრებინებს, რომ ვანი თავისი რვა საუკუნოვანი არსებობის განმავლობაში უცვლელად - კოლხეთის უმნიშვნელოვანესი საკულტო ცენტრია - ტაძრებით და ქურუმების, ასევე პოლიტიკურად და სოციალურად დაწინაურებული პირების მრავალრიცხოვანი სამარხებით. აქაურობამ ორჯერადი დარბევის კვალიც შემოინახა და ის, თუ რა სისასტიკითაა განადგურებული ქალაქი, ისევ მის ძალაუფლებაზე მიუთითებს - ერთ ადგილას ტაძრის იატაკიც კია ამოყირავებული. ძვ. წ. I საუკუნეში ვანის ისტორია დასრულდა, თუმცა მისი გავლენა საუკუნეებს გასცდა - უცნაურია აქ მოსახლე ადამიანების რამდენმა თაობამ შემოინახა ამ ბორცვის, როგორც საკრალური, წმინდა ადგილის მიმართ რიდი - პირველი მოსახლეები აქ მხოლოდ XVIII საუკუნეში ლეჩხუმიდან ჩამოსახლებული ახვლედიანები გახდნენ. სახელიც ხომ ამ რიდითაა დარქმეული - ვანი, როგორც სავანე.

XIX საუკუნის ბოლოს ქართულ პრესაში ახვლედიანების კარმიდამოზე გასაოცარ ამბებს ჰყვებოდნენ - რომ წვიმას ზედ კარებთან ჩამოჰქონდა მიწიდან ჩამორეცხილი ოქროს ძვირფასი ნივთები. როგორც ჩანს, ამ ამბებმა ოქროს მაძიებელთა ყურამდეც მიაღწია. 1889 წელს, გაზეთი „ივერია“ თითქოს ნიშნის მოგებითაც წერდა:

„ის შენობა, რომელიც ახვლედიანების მამულში იპოვეს მიწის თხრის დროს... უკვე გახსნეს და აღმოჩნდა რომ ეს შენობა სამარხი აკლდამა ყოფილა. ნივთეულობისა არა უპოვიათ-რა. ახლა მუშაობა აღარ არის. ის ვიღაცა ვითომდა კამპანიის წარმომადგენელი, რომ ვეღარ იპოვა იმ შენობაში ოქრო-ვერცხლი სამუდამოდ წაბრძანდა აქედან“.

არქეოლოგიური გათხრები ვანში ექვთიმე თაყაიშვილმა დაიწყო და აქ დიდი აღმოჩენებიც იწინასწარმეტყველა. არქეოლოგიური ექსპედიციით მეცნიერები აქ პირველად 1947 წელს ჩავიდნენ და მათ პირველი ქართველი არქეოლოგი ქალი - ნინო ხოშტარია ხელმძღვანელობდა.


ვანის მეცნიერული შესწავლის ახალი ეტაპი 1966 წელს დაიწყო, როცა ექსპედიციას სათავეში არქეოლოგი ოთარ ლორთქიფანიძე ჩაუდგა. მან ვანი მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოების ინტერესის ობიექტად აქცია - რეგულარულად აწყობდა შავიზღვისპირეთის ისტორიისადმი მიძღვნილ საერთაშორისო სიმპოზიუმებს. მისი ინიციატივით და არქიტექტორ გიორგი ლეჟავას პროექტით 1985 წელს აშენდა ვანის მუზეუმი. 2010 წელს დაწყებული მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში ამორტიზებული შენობა ახლით შეიცვალა, თუმცა იდეა, რომელიც თავის დროზე საფუძვლად დაედო ნაქალაქარზე მუზეუმის შექმნას, სრულად შენარჩუნდა. 2002 წლიდან ვანის არქეოლოგიურ ექსპედიციას დარეჯან კაჭარავა ხელმძღვანელობს.

მუზეუმის არქიტექტურული პროექტი და გამოფენის დიზაინი შემუშავდა გერმანული კომპანიის Ellis Williams Architects სცენოგრაფის ლინა ლოპესის და საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომლობით.

ვანის მუზეუმი ნაქალაქარის მუზეუმია - აქ გათხრები სამუზეუმო ექსპოზიციის ნაწილია, შესავალივითაა. კარიბჭე, ტაძრები, საკურთხეველი, საკულტო მოედნები, თავდაცვითი ნაგებობის ნაშთები, სარიტუალო ორმოები, მდიდრული სამარხების ადგილები - ყველა მონაკვეთს თავისი ისტორია აქვს: როდის გაითხარა, რა აღმოჩნდა, რა ფუნქცია ჰქონდა... ეს ერთგვარი ანტურაჟია. ყველაფერი, რაც მის წიაღში მოხდა, ხიდის გადაღმა ცოცხლდება - მუზეუმში, რომელსაც ანტიკური ტაძრის ფორმა აქვს და ნაქალაქარს გადმოჰყურებს, ზუსტად ისე, როგორც ანტიკური ტაძარი დომინირებდა ქალაქზე. ეს ხიდიც თითქოს ეპოქებს შორის კავშირის სიმბოლოა, გადადიხარ და ხვდები, რომ შენც „არგონავტი“ ხარ - აქ იმისთვის მოხვედი, რომ იასონის და მისი მხლებლების მსგავსად, ოქროს საწმისის ქვეყანა აღმოაჩინო.


სამუზეუმო ექსპოზიცია 2 სართულზეა განაწილებული.

ვანის გარშემო ანუ როგორც უწოდებენ „ვანის ქვეყანაში“ აღმოჩენილი კოლხური ბრინჯაოს კულტურის ეს უნიკალური, ანალოგის არმქონე ნივთები, ქმნის წინაპირობას ვანის, როგორც უმნიშვნელოვანესი და უმდიდრესი საკულტო ცენტრის არსებობისთვის. „ეს ე. წ. თამადის ბრინჯაოს ფიგურა - ალბათ, ღვთაებაა. კოლხური კულტურის სხვა ცენტრებში, მაგალითად, მუხურჩაში არის აღმოჩენილი ქალის ქანდაკება - ცხენზე ზის - ასეთივე მომრგვალებულ სავარძელზე და თავსაბურავიც თამადის მსგავსი აქვს. ეს არის ერთი ჯგუფი ძვ. წ. VIII – VII საუკუნეების კოლხური ბრინჯაოს ქანდაკებების. და, აი იმ ქალის მსგავსი აღმოჩნდა სად იცით“? - მეკითხება ნინო. არავითარი ვერსია არ მაქვს. „საბერძნეთში, კუნძულ სამოსზე, ჰერას ტაძარში. ასევე ძალიან გამორჩეულ კოლხური ტიპის სამკაულთან - მართკუთხა აბზინდასთან ერთად - იქ შესწირეს“!


სამოსი ჩვენგან 2 000 კილომეტრით დაშორებული, ვენახებით დაფარული კუნძულია. ამ აღმოჩენის მნიშვნელობას ისიც ზრდის, რომ ჰერა ბერძნული პანთეონის უზენაესი ღვთაებაა და მის დაბადების ადგილად მიჩნეულ კუნძულ სამოსზე ერთ დროს სვეტებიანი ტაძარი იდგა - ჰერას სახელზე აგებული უდიდესი და უმნიშვნელოვანესი სალოცავი. ალბათ, ეს ერთი მაგალითიც კმარა ძველ სამყაროში და განსაკუთრებით, ბერძნული კოლონიზაციის წინარე ეპოქაში კოლხეთის პოზიციის გასააზრებლად. 

„კოლხური ბრინჯაოს კულტურა არის ჩვენთვის პირდაპირ გასაღები, რომ ვანი და კოლხეთი - პირველ რიგში, არ განიხილება ბერძნულ კოლონიად. კოლხეთსა და ბერძნულ სამყაროს შორის სრულიად განსაკუთრებული, კულტურული ხასიათის კონტაქტები იყო“.

შემდეგი სარკეებიანი დარბაზია - აქ იწყება უშუალოდ ვანის ნაქალაქარის ისტორია. კერამიკის ჭურჭლის და თიხის უცნაური - ორთავიანი, სამთავიანი ფიგურების დიდ ნამსხვრევებს სარკეები ირეკლავს და სხივივით უკან აბრუნებს. ყველაფერი რამდენიმე წყებად ჩანს და უსასრულოდ მეორდება. შენც ბევრდები და რეალობის შეგრძნებას კარგავ - რომელი რომელს ირეკლავს? ყველაფერი რაც ამ დარბაზშია, ხიდს გადაღმა - საკულტო მოედანზეა აღმოჩენილი - გაურკვეველი რიტუალისთვის საგანგებოდ დამსხვრეული და დალაგებული.

„ძეგლი რომ გაითხარა, ეს უნიკალური თიხის ფიგურები და ჭურჭელი ასე დაგვხვდა. ცხადი იყო, რომ ჟამთა სიავემ კი არ დააზიანა, ჩვენთვის უცნობი რიტუალისთვის დაემსხვრიათ. მსხვრევა ბევრ კულტურაში დასასრულის და ახლის დასაბამის სიმბოლოა - უსასრულობის, მარადიულობის... ამ სარკეებიან დარბაზშიც, მუდმივად განმეორებადი გამოსახულებებით ეს უსასრულობა გვინდოდა გვეჩვენებინა“.

ეს თემა სამარხების დარბაზში მეორდება - ყოველთვის, მაგრამ ძვ. წ. V საუკუნიდან უფრო მეტად, ვანი გამორჩეულ პირთა დაკრძალვის ადგილია: ცხენებთან ერთად დაკრძალული მიცვალებულები, წარჩინებულ მეომართა სამარხები, ქვევრში დაკრძალული ბავშვი, წარჩინებული კოლხი ქალის სამარხი - ვანის განთქმული სიმდიდრის - ოქროს - მთავარი წყარო სწორედ ეს სამარხებია - მარადიულობაში წასულს ყველა ამქვეყნიური სიკეთე უნდა გაყვეს.


გინახავთ სადმე ქანდაკების სამარხები? - შუა საუბარში მოულოდნელად დამისვა ნინომ კითხვა. ვანში ბრინჯაოსა და რკინის ანთროპომორფული ქანდაკებები, შედარებით ძველი, 50 ან 100 წლის წინანდელი სამარხების გვერდით ყველა წესის დაცვით დაუკრძალავთ - სუდარაში გახვეული, კრამიტებზე დასვენებული, თან ჩაყოლებული ოქროს სამკაულებით. ეს უცნაური რიტუალი, რომელიც ვანის გარდა არსად ფიქსირდება, ისევ მის გამორჩეულობას უსვამს ხაზს.

„საერთოდ, ელინისტური ეპოქის ბრინჯაოს ქანდაკებები ძირითადად რომაული ასლების სახით შემოგვრჩა, რადგან მათი გადადნობა ხდებოდა. სწორედ ელინისტური ბრინჯაოს კოლექციით მიიპყრო ვანის მუზეუმმა დაარსებისთანავე მსოფლიოს სამეცნიერო საზოგადოების ყურადღება - ეს მართლა ცალკე მუზეუმია! ღვთაებების და შეჯავშნული მხედრის ბრინჯაოს ქანდაკებების ფრაგმენტებთან ერთად, ბრინჯაოს დარბაზში ნახავთ ჭაბუკის ტორსს - ე. წ. კლასიცისტური ქანდაკების გამორჩეულ ნიმუშს. ის ერთ-ერთ მთავარ ექსპონატად იყო წარმოდგენილი 2015-2016 წლებში ფლორენციის პალაცო სტროციში, ვაშინგტონის ეროვნულ გალერეასა და ლოს-ანჯელესის ჟან-პოლ გეტის მუზეუმში გამართულ ცნობილ გამოფენაზე - „ძალაუფლება და პათოსი - ელინისტური სამყაროს ბრინჯაოს ქანდაკებები“.

ჭაბუკის ტორსი. ბრინჯაო. ძვ. წ. II-I საუკუნეები

ვანის განახლებული მუზეუმის ექსპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილია ნაქალაქარის უზარმაზარი გეგმა, რომელზეც ვანის განვითარების ოთხივე ეტაპი თვალნათლივ ჩანს. ფანჯარაში კავკასიონი და ხვამლის მთა მოჩანს - ასევე თითქოს ექსპოზიციის ნაწილი - მათაც ხომ საბერძნეთთან მითები აკავშირებთ. ზოგჯერ ნივთების ისტორიაზე, არანაკლებ საინტერესო მათი აღმოჩენის ისტორიაა. როგორც ჩანს, ძვ. წ. I საუკუნეში - ვანის აოხრების დროს ორმოში საგანგებოდ დაუმალავთ ტაძრის აღჭურვილობის შემადგენელი სარიტუალო ნივთები და  ზედ რკინის ისრის პირები მიუყრიათ - მათ უნდა დაეცვათ ეს წმინდა განძი. და დაიცვეს - ოცი საუკუნის მერე მიწიდან ხელუხლებლად ამოვიდა პატინით მწვანედ დაფერილი უზარმაზარი სარიტუალო ჭურჭელი, სხვადასხვა მითოლოგიური სიუჟეტების ამსახველი ბრინჯაოს უნიკალური ჭრაქები, სასაკმევლე, რკინის კანდელაბრები და სხვა.


„ანალოგი არ ეძებნება“ - ამ ფრაზას ვანში ბევრჯერ მოისმენთ. აქ ოქროს სიმრავლეც გაგაოცებთ და ოქრომჭედლობის შედევრებიც, ბრინჯაოს ნივთების მრავალფეროვნება, შესრულების ტექნიკა და დახვეწილი, ორიგინალური ფორმები, საკურთხევლების მისტიკური დარბაზიც და არქიტექტურული დეტალები, რომლებიც კოლხეთის დიდებულ სატაძრო ქალაქს ამკობდა, ადგილობრივი თუ იმპორტული კერამიკის ნიმუშების სიუხვეც. ეს ყველაფერი გემოვნების, ცოდნის და ანტიკური სამყაროს წამყვან ცენტრებთან მჭიდრო სავაჭრო და კულტურული კონტაქტების მაღალ დონეზე მეტყველებს. თუმცა ვფიქრობ, არის ვანის მუზეუმში ერთი განსაკუთრებული დარბაზი, რომელიც თვისობრივად ახლებურად ახასიათებს ვანს და მკაფიოდ განსაზღვრავს მის ადგილს ძველ სამყაროში.

ქანდაკების ფრაგმენტი. მოოქრული ბრინჯაო. ძვ. წ. II-I საუკუნეები

ამ დარბაზში ბრინჯაოსა და ოქროს წარმოების ნაშთებია: იარაღები, ყალიბები, წიდები, ქურის რეკონსტრუქცია... აქ გაიგებთ უნიკალური ექსპერიმენტის შესახებ, რომელიც საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომელმა ერმილე მაღრაძემ ჩაატარა - მან ჯერ ტაძრისთვის შეწირული მანამდე უცნობი ნივთის ფუნქცია გაშიფრა და დაადგინა, რომ ესაა მრავალფუნქციური საიუველირო ხელსაწყო - ე. წ. კოლხური ხუფი, შემდეგ კი ამავე ხელსაწყოს და უძველესი მეთოდების გამოყენებით რამდენიმე მნიშვნელოვანი არქეოლოგიური არტეფაქტის - მათ შორის თრიალეთის განთქმული ოქროს თასის ასლი დაამზადა. აქვეა წარმოდგენილი კოლხური ხუფის გამოყენებით დამზადებული ვანში აღმოჩენილი მოოქრული ბრინჯაოს ქანდაკების ფრაგმენტის ასლი და ექსპერიმენტის ამსახველი დოკუმენტური ფილმი . ამ დარბაზში დარწმუნდებით, რომ  ადგილობრივი ოსტატები ძვ. წ. პირველ ათასწლეულში ცეცხლის საოცარი ფლობის ტექნიკით ოქროს, ვერცხლს, ბრინჯაოს უმაღლეს დონეზე ამუშავებდნენ. ძველ სამყაროში ეს უნივერსალური ცოდნაა და ვანი, როგორც რელიგიური ცენტრი, სწორედ ცოდნის კერაა, ისევე, როგორც ქრისტიანულ ეპოქაში - ეკლესია-მონასტრები.


ის, რასაც ვანის მუზეუმში ნახავთ პირდაპირი ილუსტრაციაა სტრაბონის - ძველი ბერძენი გეოგრაფის სიტყვების:

"თუ რაოდენ სახელგანთქმული იყო ძველად ეს ქვეყანა, ამას მოწმობს მითები იაზონის ლაშქრობაზე, ხოლო მასზე ადრე- ფრიქსეს ლაშქრობაზე... ამ ქვეყნის სიმდიდრე ოქროთი, ვერცხლითა და რკინით იყო ნამდვილი მიზეზი ამ ლაშქრობებისა”. 

არ აქვს მნიშვნელობა რას მოვიაზრებთ "ოქროს საწმისში" - მატერიალურ თუ არამატერიალურ სიმდიდრეს - ვანში ოქროს სიუხვეს თუ ოქროს მოპოვების, ბრინჯაოს მიღების და მათი უმაღლეს მხატვრულ დონეზე დამუშავების ცოდნას - არგონავტებს ნამდვილად ჰქონდათ საკმარისი მიზეზი იმისთვის, რომ თავი ხიფათში ჩაეგდოთ და მსოფლიო ლიტერატურაში ცნობილი პირველი მოგზაურობა განეხორციელებინათ.


ცალკე დარბაზი ეთმობა ვანის მუზეუმის ერთ-ერთ გამორჩეულ ექსპონატს - გამარჯვების ქალღმერთ ნიკეს, რომელიც თითქოს მაშინ ეშვება ციდან, როცა დარბაზში ფეხს შეადგამთ.

ნიკეს ქანდაკება. ბრინჯაო. ძვ. წ.  II-I საუკუნეები

ექსპოზიციის ბოლოს ისევ ვუბრუნდებით ვანს, როგორც ოქროთი, ვერცხლით და ბრინჯაოთი მდიდარ ქვეყანას. ამას მოწმობს ერთ-ერთი ტაძრის საგანძურში მიკვლეული შეწირულობები, მათ შორის აპოლონის ვერცხლის უიშვიათესი ქანდაკებები და უამრავი შემთხვევითი აღმოჩენა - ახვლედიანების გორაზე წვიმის წყალს ჩამოყოლილი ოქროს ნივთები. სწორედ ოქროს წვიმამ , როგორც 1876 წელს გაზეთმა დროებამ უწოდა ამ მოვლენას, ბიძგი მისცა აქ არქეოლოგიური სამუშაოების დაწყებას.


ვანის მუზეუმის ექსპოზიცია კედლის დასანგრევი რკინის დიდი ტარანით მთავრდება - იარაღით, რითაც ამ საოცარი ქალაქის ისტორია დასრულდა ან უფრო სწორედ, შეწყდა 20 საუკუნით.


მასშტაბური რეაბილიტაციის მერე ვანი ახალ ცხოვრებას იწყებს და სრულად ერგება ტექნოლოგიურ ეპოქას. უმაღლეს დონეზე აღჭურვილი ლაბორატორია საშუალებას იძლევა არტეფაქტის კვლევა უშუალოდ მისი აღმოჩენის ადგილას ჩატარდეს. ყველა ის მანიპულაცია, რისთვისაც ვანში აღმოჩენილი ნივთები მსოფლიოს წამყვან ლაბორატორიებში იგზავნებოდა ახლა ადგილზე ხორციელდება. აქაურობა გარეგნულადაც შეიცვალა - მუზეუმის გვერდით - თანამედროვე ნაგებობა სრულ კონტრასტში მოდის ძველთან, თუმცა სიძველის და მომავლის კავშირს გვიჩვენებს და იმას, თუ რა გზას გადის ხიდს გადაღმა აღმოჩენილი თითოეული ნივთი სანამ მუზეუმში თავის ადგილს იპოვის. ეს თითქოს იმ პროცესიის ლოგიკური დასასრულია, რომელიც ოდესღაც ნაქალაქარის კარიბჭესთან იწყებოდა. ეს უწყვეტობა ყველაზე კარგად ძველი ქალაქის უმაღლესი წერტილიდან ჩანს, სადაც საფეხურებიანი საკურთხევლის ნანგრევებია. „პირველი უბანი - ეს ნაქალაქარის კულმინაციაა. აქ ამოდიან არქეოლოგები საღამოობით გათხრების მერე დასასვენებლად“, - მეუბნება ნინო.

- ბოლო არ უჩანს, ჰო? - ვეკითხები ნინოს.

- არ უჩანს. ვანში არქეოლოგიური გათხრები გრძელდება.


ავტორი: თამარ ესაკია


ფოტო: ტბელ აბუსერიძე / National Geographic Magazine საქართველო

 ფერნანდო ხავიერ ურკიხო / საქართველოს ეროვნული მუზეუმი

ანა დავარაშვილი / საქართველოს ეროვნული მუზეუმი