კოლექტიური ცეკვა ეგზისტენციალურ ნოტებზე
Tsa.Music...
მოდერნისტი მხატვრის პეტრე ოცხელის შესახებ ბევრს გაუგია, თუმცა ყველამ არ იცის, რომ ოცხელი მხოლოდ 30 წლის იყო, როცა 1937 წელს დახვრიტეს ცრუ ბრალდებით, თითქოს ანტისახელმწიფოებრივ კონტრრევოლუციურ ჯგუფში იყო გაერთიანებული. საბჭოთა რეპრესიებს შეწირული მხატვარი დღესაც უამრავ ხელოვანს აძლევს სტიმულს, ახალი მულტიმედია პროექტების შთაგონების წყაროც არის.
პეტრე ოცხელი დაიბადა 1907 წელს, ქუთაისში, კათოლიკე ვაჭრის ოჯახში. მხატვარმა ბავშვობისა და მოზარდობის წლები (1913-1920წწ) მოსკოვში გაატარა, სადაც და-ძმებთან ერთად ფრანგულ გიმნაზიაში სწავლობდა. ოცხელების ოჯახი ხშირად დადიოდა თეატრში, სადაც იმ დროისთვის ხელოვნების ყველაზე თამამი ექსპერიმენტები ხორციელდებოდა. პეტრეს დის, ნინას მოგონებებიდან ვიცით, რომ პეტრეს მუდამ თან ჰქონდა პატარა ბლოკნოტი, სადაც თეატრის შთაბეჭდილებებს იხატავდა. ძმასთან ერთად კი საოჯახო თეატრისთვის მუყაოს ფიგურებს ქმნიდა და სპექტაკლებს თამაშობდნენ. 1917 წლის რევოლუციის შემდეგ ოჯახმა ქონება დაკარგა. 1920 წლიდან ოცხელები საქართველოში დაბრუნდნენ. მხატვრის დედამ ოჯახი მიატოვა, ბავშვები მამასთან დარჩნენ. პეტრე ქუთაისის რეალურ სასწავლებელში სწავლის პარალელურად იქვე შემოქმედებით სახელოსნოშიც დადიოდა. 1925 წელს კი ოცხელი თბილისის სამხატვრო აკადემიაში ჩაირიცხა.
ოცხელი სპექტაკლის გაფორმებაზე მუშაობისას დიდხანს ფიქრობდა, შეისწავლიდა პიესას, პერსონაჟებს, შესაფერის კულტურულ კონტექსტს. ბოლოს ერთიანად ხატავდა მოფიქრებულს და უკვე თავში დალაგებულ - გააზრებულს. ზუსტი ფორმები, მყარი კონსტრუქციები, პერსონაჟის ხასიათის ღრმა ცოდნა ეხმარებოდა პეტრეს, უნიკალური მხატვრული სახეების შექმნაში. ფანქარს თუ საღებავს მხოლოდ მაშინ კიდებდა ხელს, როცა უკვე ზუსტად იცოდა რა მხატვრული სახე უნდა შეექმნა. კომპოზიტორი თამარ ვახვახიშვილის მოგონებებიდან ვიგებთ, რომ "ურიელ აკოსტას" ესკიზებიც ბოლო დღეს მიუტანია თეატრში. მარჯანიშვილი გაბრაზებულა მისი ნახატების შემხედვარე, ყველაფერი თავდაყირა დამიყენაო, მაგრამ იმდენად მოეწონა პეტრეს ნახატები, რომ თეატრის მთავარ მხატვრად დანიშნა. ამ დროს ის თეატრის ყველაზე ახალგაზრდა თანამშრომელი იყო, მხოლოდ 22 წლის.
ყველასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, განსაკუთრებით მეგობრობდა თამარ ვახვახიშვილთან, ელიჩკა ახვლედიანთან, სერგო ზაქარიაძესთან. თბილისში დასთან ერთად ცხოვრობდა. ნინას და პეტრეს სახლი მეგობრების შეკრების ადგილიც იყო. პეტრე აღფრთოვანებული იყო ვერიკო ანჯაფარიძით, ის იყო მისი შთაგონების წყარო. ხშირად ვხვდებით პეტრეს ჩანახატებში, ესკიზებში ვერიკოს სახასიათო სახეს, სილუეტს. მსახიობის ინდივიდუალური სტილი, მოძრაობის პლასტიკა პეტრესთვის პერსონაჟების შექმნისთვის დიდ მასალას წარმოადგენდა.
პეტრე მოდერნისტული თბილისისა და მოსკოვის ცხოვრებით ცხოვრობდა და მის ნამუშევრებშიც თანამედროვეობის ძარღვივით დაჭიმული ემოციური სახეები შექმნა.
"ურიელ აკოსტას" მოყვა 1930-იან წლებში მხატვრის გაფორმებული კიდევ რამდენიმე სპექტაკლი, მათ შორის შექსპირის "ოტელო", ბააზოვის "მუნჯები ალაპარაკდნენ", კ. კალაძის "ხატიჯე"... შემორჩენილია განუხორციელებელი სპექტაკლებისთვის ესკიზებიც, მაგალითად შილერის "ყაჩაღების" კოსტიუმების მონახაზები. თითოეულ სპექტაკლში უზარმაზარი პოტენციალი და ახალი, უნიკალური მოდერნული ხედვა ჩანდა, რომლითაც მოხიბლული იყვნენ რეჟისორები, მსახიობები, კრიტიკოსები.
თბილისშიც, მოსკოვშიც ხედავდნენ, რომ პეტრეს სტილი თითქოს მოდერნისტული მიმდინარეობებიდან მოდის და არის რაღაც სხვა, არც კონსტრუქტივიზმი, არც სიურრეალიზმი, ინდივიდუალური, ახალი მიგნება.
1931 წელს მარჯანიშვილმა მოსკოვში დადგა ჰენრიკ იბსენის "მშენებელი სოლნესი", სადაც ასევე პეტრე ოცხელი მიიწვია მხატვრად. დიდი მოწონებით შეხვდა მოსკოველი მაყურებელი ამ სპექტაკლს. მოსკოვის თეატრალური სცენა იმ დროისთვის ერთ-ერთი საუკეთესო იყო. 1936-37 წლებში ოცხელმა მოსკოვის მცირე თეატრის სცენაზე დადგა სპექტაკლები, მათ შორის ფრიდრიხ შილერის "ვერაგობა და სიყვარული". 1937 წელს ცნობილმა ნოვატორმა რეჟისორმა კონსტანტინე სტანისლავსკიმ გამოაცხადა კონკურსი ჯუზეპე ვერდის "რიგოლეტოს" მხატვრობისთვის, სადაც ერთი ნახატით ოცხელმა პირველი ადგილი დაიმსახურა.1936 წელს ოცხელმა შეასრულა ესკიზები ლეო ესაკიას ფილმისთვის "მფრინავი მღებავი". ოცხელმა იმუშავა მფრინავი მღებავის სუპერგმირის სახის შექმნაზე, რაც დღესაც თანამედროვე და აქტუალურია. ზოგადად ოცხელის მიერ შექმნილი სახეები ერთდროულად არის ცოცხალი, ზუსტი და მინიმალისტური. მის მიერ შექმნილ პერსონაჟებში არაფერია ზედმეტი და ამავე დროს მრავლისმთქმელი, დასრულებული სახეებია, რასაც მხატვარი დიდი სიზუსტით და სითამამით, თითქოს ერთი ამოსუნთქვით ხატავს.
ჯერ კიდევ 1933 წელს ოცხელი უკვე წუხდა, გრძნობდა, რომ მისი შემოქმედებითი თავისუფლება, სიახლის, საკუთარი პრინციპების ერთგულება შესაძლოა საფრთხის ქვეშ დამდგარიყო. ოცხელის მიერ შემოტანილი მთლიანური, ორგანული განცდა მთელი პიესის, თითოეული პერსონაჟის ხასიათის და იმ მსახიობების, რომლებსაც ეს როლები უნდა ეთამაშათ, თეატრში სრულებით ახალ მიდგომებს ამკვიდრებდა. პეტრე ოცხელი არ იყო კონტრრევოლუციონერი პოლიტიკური გაგებით, ის არ ყოფილა პოლიტიკური გაერთიანებების წევრი, მაგრამ მის მიერ შესრულებული სპექტაკლები აჩვენებდა ინდივიდუალიზმის და თავისუფლების იმ ვარსკვლავურ ხარისხს, რაც მიუღებელი იყო საბჭოთა იდეოლოგიისთვის. ამიტომაც მას ბრალი დასდეს, თითქოს ქართველების იატაკქვეშა პოლიტიკურ გაერთიანებაში იყო და საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ იბრძოდა. პეტრე ოცხელი 1937 წლის 21 სექტემბერს, ღამით დააკავეს. მას ცრუ ბრალდება წაუყენეს, მიუხედავად მხატვრის მიერ ბრალდების უარყოფისა, მოწმეების ჩვენების საფუძველზე დამნაშავედ ცნეს კონტრრევლუციონერობაში და 2 დეკემბერს დახვრიტეს.
პეტრე ოცხელმა მხოლოდ 9 სეზონი გაატარა თეატრში
ამ პერიოდში ის მთლიანად თეატრით და შემოქმედებით ცხოვრობდა. კოტე მარჯანიშვილთან და მის დასთან მიმოწერიდან ჩანს, თითქოს გული უგრძნობდა რომ დიდ ხანს ვერ გააგრძელებდა თავისუფლად მოღვაწეობას, ამიტომაც ამ 9 სეზონში ჩადო უდიდესი შემოქმედებითი ენერგია, რითაც დღემდე ინსპირაციას იღებენ ხელოვანები საქართველოში.
წელს პეტრე ოცხელის საიუბილეო წელია - მხატვრის დაბადებიდან 115 წელი გავიდა.
თიბისის მხარდაჭერით ქუთაისში ბოლო დროს გამოჩენილი ორი პროექტი ხელოვანებისთვის პეტრე ოცხელის მუდმივ აქტუალობას გვიდასტურებს. თიბისიმ ქალაქს საჩუქრად გადასცა ქუთაისის დავით კაკაბაძის სახელობის გალერეის ფასადზე წარმოდგენილი თემო მაჭავარიანის ნეონის ნათურებით შექმნილი ნამუშევარი"მფრინავი მღებავი", რომელიც 2018 წელს შეიქმნა. ქალაქის მერიისა და თიბისის თანამშრომლობით ნიკიტინის სკვერში გრაფიკ-დიზაინერის მარიამ საშას მიერ ინტერპრეტირებული ოცხელის მხატვრობის მოტივებით მოიხატა კედლები.
თიბისი ხელს უწყობს პეტრე ოცხელის შემოქმედების პოპულარიზაციას და სხვადასხვა პროექტებით ფართო საზოგადოებას აცნობს მხატვრის შემოქმედებას, მისი შთაგონებით შექმნილ თანამედროვე ნამუშევრებს.
ავტორი: მარიამ ლორია