სიახლეები თიბისელები

თიბისი IT აკადემია

თანამედროვე სამყაროში ყველაზე მოთხოვნადი პროფესიების ჩამონათვალი ძალიან სწრაფად იცვლება. თუკი რამდენიმე წლის წინ ყველაზე პრესტიჟულ საქმიანობად სამართალმცოდნეობა ან ექიმობა ითვლებოდა, დღეს ეს წარმოდგენები შეცვლილია. 21-ე საუკუნე ტექნოლოგიური პროგრესის ეპოქაა, თუმცა ამ სფეროში პროფესიონალი კადრების ნაკლებობა ამ პროცესს გარკვეულწილად აფერხებს.

ასეთი რეალობა ნებისმიერ ადამიანს საშუალებას აძლევს დაეუფლოს ყველაზე მოთხოვნად და მაღალანაზღაურებად პროფესიას, თუმცა მათი დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ ამას უამრავი დრო და რესურსი სჭირდება.


თუ თქვენც ასე ფიქრობთ, გეტყვით, რომ თიბისი IT აკადემიის პროგრამის წყალობით, ეს წარმოდგენა სიმართლეს არ შეესაბამება.

თიბისი IT აკადემია — პირველი ჯგუფის ყველა სტუდენტი უკვე დასაქმდა


თიბისი IT აკადემია, რომელიც კომპანიის CSR პოლიტიკის ნაწილია, საინფორმაციო ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ადამიანებს სთავაზობს ახალი პროფესიის დაუფლების შესაძლებლობას, თანაც სრულიად უფასოდ.


თიბისი IT აკადემიის სპეციალური კურსი უკვე დაასრულა პირველმა ჯგუფმა, რომლებიც ოთხი თვის განმავლობაში Boot Camp-ის მეთოდით სწავლობდნენ Front-End Development-ს. Boot Camp-ის მეთოდი გულისხმობს გაძლიერებული ინტენსივობით ამა თუ იმ პროფესიის დაუფლებას, რომელიც გამოიხატება მრავალსაათიანი ლექციების ჩატარებით კვირაში რამდენჯერმე.

პირველ ჯგუფში ოცდახუთი სტუდენტი ირიცხებოდა, რომლებსაც Front-End Development-ს მოწვეული ლექტორები ასწავლიდნენ. ერთ-ერთი მათგანი უკრაინელი პროგრამისტი ენდრიუ მულიუკი იყო, რომელიც On.ge-ს პროგრამის თავისებურებებზე ესაუბრა.


"ეს პროგრამა არის განკუთვნილი იმ ადამიანებისთვის, ვისაც სურს, რომ თავი მოსინჯოს ახალ სფეროში და მისი ცხოვრება ინფორმაციულ ტექნოლოგიებს დაუკავშიროს. ჩვენ ვასწავლით ძალიან ინტენსიური მეთოდით, რაც მოითხოვს დიდ მონდომებასა და მოტივაციას, რათა სტუდენტმა დაძლიოს სასწავლო მასალა."


ამბობს უკრაინელი ლექტორი ენდრიუ

ენდრიუ აღნიშნავს, რომ ის ცოდნა, რომელსაც სტუდენტები ასეთ მოკლე დროში იღებენ, სრულიად საკმარისი იქნება იმისთვის, რომ კარიერაში პირველი ნაბიჯები გადადგან. მისი თქმით, ამ სფეროში გამოცდილება ძალიან ბევრს ნიშნავს და ყველას, ვინც თიბისი IT აკადემიის კურსს გაივლის, თავისუფლად შეეძლება დასაქმება.


ის აღნიშნავს, რომ ინტენსიური კურსი სტუდენტებს 4 თვეში იმხელა ცოდნას აძლევს, რამდენსაც უნივერსიტეტები 4 წლის განმავლობაში ვერ ახერხებენ.


ენდრიუს IT სფეროში დიდი გამოცდილება აქვს. ის ევროპაში არაერთ კომპანიას დახმარებია საინფორმაციო ტექნოლოგის ინტეგრირებაში, ბოლო წლების განმავლობაში კი ისეთ კომპანიებთან უმუშავია, როგორიცაა ტომი ჰილფიგერი, კელვინ კლაინი და სხვა.

"ამ კურსის გავლის შემდეგ ნებისმიერი სტუდენტი მარტივად შეძლებს მისთვის სასურველი სამუშაოს პოვნას პატარა და დიდ კომპანიებში."


ენდრიუ მულიუკი

პირველი ჯგუფის 25 სტუდენტს შორისაა 19 წლის ელენე კვარაცხელია, რომელმაც თიბისი IT აკადემიაში Front-End Developer-ის კურსი გაიარა. ამბობს, რომ მოკლე დროში ძალიან დიდი ცოდნა შეიძინა და დღეს უკვე მზად არის ნებისმიერი კომპანიის გუნდს შეუერთდეს და თავისი უნარები გამოიყენოს. მიზნად ისახავს ამ პროფესიაში კიდევ უფრო მეტად დახელოვნებას და დარწმუნებულია, რომ ასეც იქნება.

ელენე კვარაცხელია ყვება, რომ პროგრამირება მისთვის მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული გამოცდილებაა. პირველ რიგში სურს დაამკტიცოს, რომ ამ სფეროში სქესს მნიშვნელობა არ აქვს და გოგოებს ისეთივე წარმატებით შეუძლიათ კარიერული წინსვლა, როგორც ბიჭებს.

ამ პროგრამამ ძალიან დიდი ცოდნა მომცა და თან ძალიან მოკლე დროში. აქ რომ მოვედი, მხოლოდ ზოგადი წარმოდგენა მქონდა პროგრამირებაზე, 4 თვის შემდეგ კი თავს პროფესიონალად ვგრძნობ

ელენე თიბისი IT აკადემიის ინსფრასტრუქტურაზეც გვესაუბრა. გვითხრა, რომ აქ ყველაფერია იმისთვის, რათა მაქსიმალური ცოდნა მიიღო და თავს კომფორტულად გრძნობდე. კეთილმოწყობილი აუდიტორიებიდან დაწყებული, დასასვენებელი ზონებით დამთავრებული, სასიამოვნო გარემოს ქმნის.


"აქ ყველაფერია იმისთვის, რომ საუკეთესო განათლება მიიღო ამ სფეროში. გამოცდილი ლექტორები, მყუდრო გარემო და მაღალი დონის ინფრასტუქტურა", - ამბობს ის.

ელენესთან ერთად სწავლა გიორგიმაც დაასრულა. ის ამბობს, რომ თიბისი IT აკადემიაში მიღებული ცოდნით შესაძლებლობა ექნება თავისი მიზნები რეალობად აქციოს. გიორგის აზრით, ცოდნა, რომელიც ამ ოთხი თვის განმავლობაში მიიღო, მთელი ცხოვრების გზის გაკვლევაში დაეხმარება, თუმცა ამ საფეხურზე გაჩერებას არ აპირებს.

ყველაზე მთავარია ის, რომ აქ მიღებული ცოდნა დამეხმარება კიდევ უფრო მეტი ვისწავლო პროგრამირების სფეროში და უფრო მეტ წარმატებას მივაღწიო

გიორგიმ ისიც აღნიშნა, რომ პროფესიონალ და გამოცდილ ლექტორებთან მუშაობამ სასწავლო მასალის ათვისება მნიშვნელოვნად გაუმარტივა. ინტენსიური კლასები მისთვის საინტერესო იყო, ამიტომ 4-საათიანი ლექციების განმავლობაში დაღლას ნაკლებად გრძნობდა. ის ამბობს, რომ თეორიული და პრაქტიკული ცოდნის შერწყმა და განვითარება ასეთ მოკლე დროში წარმოუდგენლად ეჩვენებოდა, მაგრამ შესაძლებელი ყოფილა.



"ასეთი მასშტაბის ცოდნის მისაღებად უნივერსიტეტში ზოგჯერ ოთხი წელიც კი არ არის საკმარისი, თიბისის აკადემიაში კი მხოლოდ და მხოლოდ ოთხი თვე დაგვჭირდა."

თიბისი IT აკადემიის ოცდახუთივე სტუდენტი თიბისისა და მის შვილობილ კომპანიებში უკვე დასაქმდნენ. კომპანია დამწყებ პროგრამისტებს შესაძლებლობას აძლევს პირველი კარიერული ნაბიჯები მათ ორგანიზაციაში გადადგან, რათა მიიღონ გამოცდილება და ცოდნა კიდევ უფრო გაიმდიდრონ.

გსურთ თქვენც გახდეთ პროგრამისტი? — თიბისი IT აკადემიაში ახალი სასწავლო ჯგუფები იქმნება


თუ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ და ფიქრობთ, რომ გსურთ ბედი სცადოთ ახალ პროფესიაში, მაშინ გეტყვით: თიბისი IT აკადემიაში ახალი ჯგუფების შესაქმნელად რეგისტრაცია უკვე დაიწყო.


იქმნება ორი მიმართულება UX-ისა და .NET-ის შესწავლის მსურველთათვის. სწავლა სექტემბრიდან დაიწყება, მანამდე კი აუცილებლად უნდა შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა სასურველი კურსის გასავლელად. UX-ით დაინტერესების შემთხვევაში, მიჰყევით ამ ბმულს, ხოლო .NET-ის შესწავლა თუ გსურთ, რეგისტრაცია ამ ბმულზე უნდა გაიაროთ. 


ავტორი: დიმიტრი სანაია