მოგზაურობა ახალი გემოების აღმოსაჩენად

დასასვენებლად გამგზავრებისას დანიშნულების ადგილამდე გასავლელი გზა ცალკე თავგადასავლად იქცევა ხოლმე: მუსიკით, რომელსაც მანქანაში უსმენთ, ხანმოკლე თუ ხანგრძლივი გაჩერებებით და რესტორნებით, რომლებიც გზად გვხვდება.

თბილისიდან ბათუმში მიმავალ გზას კი თავისი აუცილებელი რიტუალები აქვს, იქნება ეს უღელტეხილზე შეძენილი ნაზუქი თუ იმერეთში ყავის დალევა. თუმცა სწორედ ამ გზაზე საკმაოდ რთულია ისეთი ადგილის პოვნა, სადაც განსაკუთრებით გემრიელ კერძებს ამზადებენ.

თუ დასავლეთში მიემგზავრებით, შეგიძლიათ გზად ახალი კერძები თუ გემოებიც აღმოაჩინოთ და გამორჩეულ საკვებ ობიექტებს ესტუმროთ, რომლებსაც შეფმზარეული ია ძაგანია გვირჩევს:

ია ძაგანია

შეფმზარეული

ფოტო: gastroguide.borjomi.com

პირველი ადგილი, სადაც გაჩერებას გირჩევთ, გორია, აქ თევზის მოყვარულებს განსაკუთრებით მოეწონებათ ახალგასნილი რესტორანი “თევზის სახლი”, სადაც ადგილობრივი თევზის კერძებისა და ხიზილალის გასინჯვაა შესაძლებელი.



“ლია დეიდა”, იმერეთი


შემდეგი გაჩერება უკვე იმერეთშია, კერძოდ კი სოფელ არგვეთაში, სახლში გახსნილ რესტორან “ლია დეიდაში”, რომელსაც აუცილებლად უნდა ესტუმროთ, თუ იმერული კერძების დაგემოვნება გსურთ. განსაკუთრებით მომწონს ეს ადგილი, რადგან გარდა იმისა, რომ რესტორანში გემრიელ, სახლურ კერძებს ამზადებენ, ძალიან ლამაზია ინტერიერიც, რომელსაც ძირითადად ხელნაკეთი ნივთები აფორმებს.


“დები”, ქუთაისი


თუ ქუთაისშიც შეივლით, აუცილებლად უნდა ესტუმროთ “დებს”. სამი დის რესტორანში, ისტორიულ შენობაში, ქართული სამზარეულო, ძველი ნივთები, ანტიკვარული ავეჯი და ავთენტური, ქუთაისური აურა დაგხვდებათ, რაც წარმოდგენას შეგიქმნით საქართველოს უძველესი ქალაქის წეს-ჩვეულებებსა და ატმოსფეროზე.


რადგან განსაკუთრებით გემრიელ კერძებსა და გამორჩეულ ადგილებზე ვსაუბრობთ, გირჩევთ, რომ ბათუმისკენ მიმავალ გზას ოდნავ გადაუხვიოთ და სამეგრელოში, კერძოდ კი მარტვილში შეიაროთ, სადაც ორი, ძალიან საინტერესო მარანია:


პირველი - საოჯახო მარანი “ოდაა”. მარანში აწარმოებენ ღვინოს, დიასახლისი კი ტრადიციულზე დაფუძნებულ თანამედროვე კერძებს ამზადებს, რომლებიც მეგრული სამზარეულოს მივიწყებული რეცეპტებისა და თანამედროვე გემოების სინთეზით იქმნება.


“ოდოს მარანი’’, მარტვილი


მეორე კი მარტვილის რაიონის სოფელ გაჭედილშია და “ოდოს მარანი’’ ჰქვია. აქ შეგიძლიათ ადგილზე წარმოებული ღვინისა და კლასიკური მეგრული კერძების გასინჯვა, რომელთაც ტრადიციული რეცეპტებით ამზადებენ.


თევზის ბაზარი, ბათუმი


რაც შეეხება უშუალოდ ბათუმს, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, თევზი და ზღვის პროდუქტები უნდა მიირთვათ, რისთვისაც საუკეთესო ვარიანტი, ჩემი აზრით, ყველასათვის ნაცნობი ბათუმის თევზის ბაზარია, სადაც შეგიძლიათ ადგილზე აირჩიოთ და მოამზადებინოთ ახლად დაჭერილი თევზი - შავი ზღვის ნობათი.

ბათუმში სტუმრობისას, ყოველწლიურად, ჩნდება კითხვა, თუ სად აცხობენ საუკეთესო აჭარულ ხაჭაპურს. ჩემი აზრით, ყველაზე გემრიელი “აჭარული სახლის” - “მამუკას აჭარული ხაჭაპურია”. 

ბოლოს კი, ბათუმიდან 40 წუთის გზაზე, ქედას მუნიციპალიტეტში, სოფელ ვაიოში “მახოს მარანს” გირჩევთ, სადაც ძირითადი აქცენტი ადგილობრივ ღვინოზეა, მაგრამ თუ წინასწარ დაგეგმავთ სტუმრობას, გემრიელ აჭარულ ტრადიციულ კერძებსა და შემწვარ თევზს დაგახვედრებენ.


ავტორი: გვანცა ჩანადირი / Hammock Magazine