რა იქნება შემდეგ? - თბილისის მესამე არქიტექტურული ბიენალე დაიწყო

თბილისის მესამე არქიტექტურულ ბიენალეზე საქართველოს უახლესი ისტორია, როგორც მაგალითი იქნება მთავარი საკვლევი ობიექტი იმისა, თუ როგორ რეფლექსირებს და როგორ თანაარსებობს უამრავი ადამიანის ყოველდღიური რეალობა თავად არქიტექტურაზე არსებულ დროსა და სივრცეში.

ვინაიდან პოლიტიკური არასტაბილურობის, სოციალური და ეკონომიკური პრობლემებისა თუ ომის მიზეზით დღეს საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი დროებით საცხოვრებლებში ცხოვრობს, თანაც ისე, რომ "რა იქნება შემდეგ" თუნდაც უახლოეს მომავალში ან რეალურად რამდენად დროებითი აღმოჩნდება ეს საცხოვრისი, არავინ იცის.

სწორედ ამით იქნება საინტერესო წლევანდელი ბიენალეს მთავარი თემა, ერთი მხრივ, დროებითი საცხოვრებლის იდეა, რომელიც არასტაბილურობის კონცეფციას ატარებს, ბიენალეს ორგანიზატორებისთვის დაკვირვებისა და კვლევის საინტერესო ველს ქმნის, საშუალებას იძლევა, რომ საფუძვლიანად იქნეს გააზრებული ამ ტიპის საცხოვრებელი სივრცეები, რომლებმაც დროთა განმავლობაში შესაძლოა აღარც იარსებონ. ამასთანავე ეს ცოდნა შეიძლება გახდეს წინაპირობა კიდევ უფრო სიღრმისეული ახალი კვლევისთვის, რომელიც ამ დროებითი საცხოვრებლის პერმანენტულ საცხოვრებლად გადაქცევის პროცესს შეეხება.

თინათინ გურგენიძე

თბილისის არქიტექტურის ბიენალეს თანადამფუძნებელი

თინათინ გურგენძე: 2022 წლის თბილისის არქიტექტურის ბიენალეს რიგით მესამე გამოშვების კვლევის თემაა დროებითობა ურბანულ და სოციალურ ცხოვრებაში. კონცეფცია საქართველოს უახლესი ისტორიის გათვალისწინებით სხვადასხვა პირობითი ფაქტორის კვეთაზე განიხილება და სამი ძირითადი კატეგორიის: დროის, სივრცისა და ნაშენი გარემოს პარალელურ კვლევას ეყრდნობა. შესაბამისად, ბიენალეს მიზანს არქიტექტურის ერთ-ერთ ამ კატეგორიაში დროის ფენომენის შესაბამისი განხილვა წარმოადგენს.

ბიენალეს გუნდს სურს, არქიტექტურისა და ყოველდღიური ცხოვრების თანაარსებობის პრინციპი ფიზიკური განზომილების მაგივრად ხანგრძლივობის ჭრილში გაიაზროს.

ჩვენი მიზანი იმ ამჟამინდელი პირობითი გარემოებების შესწავლაა, რომლებიც სხვადასხვა მიზეზით ჩნდებიან და მუდმივობისა და კონცეპტუალური სტაბილურობის ცნებებს არ ექვემდებარებიან. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, შექმნილმა გარემოებებმა არქიტექტურის „ახლანდელი“ თვისებები მუდმივი არ გახადონ, მომავლის სტაბილური გარემოს შესაქმნელად მათი ცალ-ცალკე, ინდივიდუალურად შესწავლა და გააზრება აუცილებელ პირობას წარმოადგენს.


საქართველოს მოსახლეობა უკვე მრავალი წელია დროებით მდგომარეობაში ცხოვრობს. ბავშვობიდან მოყოლებული საცხოვრებელ ადგილებზე, მწირ რესურსებზე, პოლიტიკურ არასტაბილურობაზე, ომებზე ან შემოსავლის წყაროებზე ლაპარაკისას ჩვენ დროებითობასთან პირისპირ შეჯახება ხშირად გვიწევდა. ბევრი პოსტსოციალისტური სახელმწიფოს მსგავსად, საქართველოს მოქალაქეებიც თავის ცხოვრებას (ისევე როგორც ბევრ სხვა რამეს ქვეყანაში) დროებითობის ჭრილში აღიქვამენ.

ჩვენ არასოდეს ვიცით, რას მოიტანს ხვალინდელი დღე და რა იქნება ის შემდეგი რამ, რაც ცხოვრების გაგრძელებასა და გადარჩენაში დაგვეხმარება.

რა იქნება შემდეგ? - ზოგადი შეკითხვაა, რომელსაც დროებითობისა და სივრცესთან დაკავშირებული რამდენიმე კონკრეტული თემის გამო ვსვამთ.

ერთი მხრივ, დროებითი საცხოვრებელი სივრცე არასტაბილურობასთან და იმ მყიფე საარსებო ზედაპირთან ასოცირდება, რომელიც ნებისმიერ წუთას შეიძლება დაიშალოს. მეორე მხრივ კი დროებითობის ცნება სამუშაოდ და დაკვირვებების საწარმოებლად ძალიან მნიშვნელოვან და საინტერესო გარემოს გვთავაზობს. დროებითობის საკითხზე კონცენტრირებით ჩვენ არა მხოლოდ ვუღრმავდებით იმ სივრცის შესწავლას, რომელიც მალე გაქრება, არამედ განხილვის საგნად იმ ადგილებსაც ვაქცევთ, რომლებიც დროებითი უნდა ყოფილიყო, მაგრამ არსებობის მანძილზე მუდმივად იქცა. 

რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს დროებითი პირობები? რა ხდება, როდესაც რაღაც დროებითი მუდმივი ხდება? ამ ფენომენზე დაკვირვება განსაკუთრებით კარგად იძულებით გადაადგილებულ პირთა ან ლტოლვილთა, და მათ საცხოვრებელ გარემოს მაგალითზე შეიძლება. იძულებით გადაადგილებული პირები (დევნილები) და ლტოლვილები ცდილობენ, ახალ საცხოვრებელ სივრცეს დროთა განმავლობაში შეეგუონ, თუმცა, სახლში დაბრუნების მუდმივი სურვილი მათ აწმყოს დროებით კატეგორიად აქცევს. ისინი ორ ცოცხალ ფენომენს: სახლსა და თავშესაფარს შორის არიან მოქცეულნი და ახალ ტერიტორიაზე არსებულ დროებით (თუმცა ხშირად მუდმივ) ადგილას მიტოვებული სახლის რეკონსტრუქციას, არსებულ შენობებში ან ახალ ბანაკის ტიპის სივრცეში ფეხის მოკიდებას ცდილობენ. განსაკუთრებით დღევანდელ დღეს, რეგიონში აქტიური ომის დროს, ძალიან მნიშვნელოვანია გავიხსენოთ ხშირად მივიწყებული ადამიანები და მათი არსებობა ჩვენს ურბანულ სივრცეში. მნიშვნელოვანია კრიტიკულად განვიხილოთ ამ ადამიანების განსახლების თემა და ზოგადად საცხოვრისის მიუწვდომლობა მოწყვლადი და არა მარტო მოსახლეობის მიერ. თბილისი უამრავი კონსტრასტული ურბანული სივრცის მატარებელი ქალაქია, ბინათმშენებლობის ბუმის ფონზე ქალაქის მოასახლეობის უდიდეს ნაწილს ღირსეულ საცხოვებელ გარემოსთან წვდომა არ აქვს.”

მესამე ბიენალეს საფესტივალო პროგრამა 8 ოქტომბერს სანატორიუმ "ქართლში" გამოფენითა და კინოჩვენებით გაიხსნა, მომდევნო დღეებში ღონისძიება სიმპოზიუმებს, ფილმის ჩვენებებს, ფიზიკურ პროექტებს და ფოტოგამოფენებს უმასპინძლებს, 14 ოქტომბერს სტუმრებს საშუალება ექნებათ რუსთაველის მეტროს მიმდებარედ უკრაინის კულტურის პავილიონი იხილონ, ან პარალელურად ბერლინში მცხოვრები ხელოვანის, საბინა ჰოერინგის ლექციას დაესწრონ. მესამე არქიტექტურული ბიენალე 29 ოქტომბერს ვაჟა მარის საუნდ-პერფორმანსით დასრულდება.


ავტორი : გვანცა ჩანადირი / Hammock Magazine