კოლექტიური ცეკვა ეგზისტენციალურ ნოტებზე
Tsa.Music...
ქართული ჰიპ-ჰოპის განვითარებამ მრავალი ეტაპი განვლო. ზოგი წარმატებით, ზოგიც ნაკლებად. 90-იანი წლების ქუთაისიდან დაწყებული, სცენაზე მუდმივად იცვლებოდნენ მთავარი მოქმედი პირები, მათგან ნაწილი დღემდე აქტიურია, ნაწილი კი ცხოვრებამ სულ სხვა მხარეს გადაქაჩა. ამ ტურბულენტურმა გარემომ, რა თქმა უნდა მუსიკაზეც იმოქმედა. დღეს ალბათ არავინ დავობს, რომ 2000-იანი წლების მეორე ნახევრიდან, საქართველოში
ჰიპ-ჰოპის სამოქმედო არეალი შემცირდა, მუსიკის ხარისხმა დაიკლო, შემსრულებელთა სათქმელმა, გადმოცემის უნარმა და უსტილობამ კომიკური ხასიათიც კი მიიღო. ეს ახალი თაობის მიერ კულტურის არასწორმა აღქმამ გააჩინა, რაც ჰიპ-ჰოპის გამარტივებით და ხშირად უნიჭო იმიტაციით ვლინდებოდა. ამან კი თავის მხრივ, ფართო საზოგადოებაში ჟანრის მიმართ არასერიოზული განწყობები ჩამოაყალიბა.
თუმცა როგორც ყველგან, აქაც დაღმასვლას, ვექტორის გასწორება და დადებითი მომენტებიც მოჰყვა. 2011-2012 წლიდან ლოკალურ ჰიპ-ჰოპში ახალი მოძრაობა იწყება.
ამას ხელი ორმა საინტერესო შეკრებამ შეუწყო - 2011 წელს თბილისში, საბაგიროს შენობაში გამართულმა
„Tbilisi Battlefest“-მა და 2012 წელს, Red Bull-ის მიერ ორგანიზებულმა „Caucasus Cypher“-მა - ამ ორმა ღონისძიებამ, ინტერნეტში გაფანტული, ხშირად ერთანეთისთვის უცნობი ლოკალური შემოქმედები ერთმანეთს დააკავშირა და საინტერესო პროცესებს დაუდო სათავე. სწორედ ამ პერიოდიდან, სოციალური მედიის შემოსვლასთან ერთად, ონლაინ ჩნდებიან უნიკალური ხმის და სათქმელის მქონე ახალი თაობის შემსრულებლეთა მთელი წყება.
მათ ყველაზე უკეთ მიაგნეს იმ გასაღებს, რომელიც ახალგაზრდობის სათქმელს გამოხატავდა. მილიონობით ნახვები, უამრავი გულშემატკივრის კომენტარი და ჩართულობის უპრეცედენტო მაჩვენებლები - მსგავსი იშვიათად თუ მომხდარა სხვა ჟანრის წარმომადგენლებისთვის. სწორედ აქ ჩანს ჰიპ-ჰოპის სახალხოობაც. თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, განვითრების სისწრაფე და ხარისხი მაინც ბევრად ჩამორჩებოდა სასურველს. მიუხედავად ნაყოფიერი მუსიკალური პერიოდებისა, აქაურობას მაინც აკლდა სტაბილურობა, პროფესიონალიზმი და მუსიკისადმი თავის გადადება. მარტივად რომ ვთქვათ, ორგანიზებული, დაგეგმილი აქტივობები, რომლებიც კონკრეტული არტისტების წინსვლით, მთლიან კომუნას დაეხმარებოდა.
ერთ-ერთი მსგავსი პროცესი კი გასულ წელს დაიწყო, როდესაც საერთო ღირებულებების და მუსიკის სიყვარულით გაერთიანებულმა ადამიანებმა Street Poetry Records - ქართული ჰიპ-ჰოპ ლეიბლი დააფუძნეს.
გიორგი ზურაბიშვილი (DeKa), Jeronimo და Mush One -
ჰიპ-ჰოპ მოყვარულებისთვის კარგად ნაცნობი სახელებია. ისინი ჟანრისა და კულტურის ელჩები არიან, თავისი ავთენტური ფორმითა და ღირებულებებით. წლების განმავლობაში, სხვადასხვა სივრცეში და აუდიტორიასთან, სწორედ ამ ღირებულებების მიტანას და თანამოაზრეების პოვნას ცდილოდბენ. Two MC's and One DJ-ს ფორმატსაც საკუთარი ფაზები ჰქონდა და უკვე ლეიბლის სახით ეცდებიან ქართული ჰიპ-ჰოპ კულტურა გლობალურ რუკაზე უფრო მკვეთრად მოხაზონ.
გიორგი ჰიპ-ჰოპ კულტურამ მოზარდობის პერიოდში გაიტაცა, თუმცა ეს მხოლოდ გატაცება როდი იყო - სწორედ ამ მუსიკასთან გადაიჯაჭვა ყველაზე უკეთ მისი იდენტობაც. მუსიკის დიდი მოყვარულიდან, მალე DJ-ინგზე გადაერთო, მიმართულებაზე რომელიც თბილისში დღემდე ჭირს - განვითარების შემდეგი ფაზა კი ლეიბლის დაარსება აღმოჩნდა.
„თავიდან სელექტორობით დავიწყე და დიდი ხნის განმავლობაში უბრალოდ სელექციებს ვაკეთებდი, თუმცა შემდეგ საქმეს უფრო სერიოზულად მოვეკიდე. რაც შეეხება ლეიბლის თემას, აქაც იგივე მიზეზია. ვფიქრობ, ამ მომენტისთვის ქართულ ჰიპ-ჰოპ სცენას ყველაზე მეტად სწორედ ძლიერი ლეიბლის არსებობა ჭირდებოდა. ადგილობრივ სცენაზე უკვე საკმარისზე მეტი ტალანტი დაგროვდა, არტისტების საშემსრულებლო ოსტატობამ, ისევე როგორც ინსტრუმენტალების პროდაქშენის დონემ ძალიან მოიმატა. ასე რომ, ვფიქრობ, უკვე დროა ქართველი შემსრულებლები ჰიპ-ჰოპის საერთაშორისო რუკაზე ოფიციალურად დაფიქსირდნენ.“ DeKa
განსხვავებულია ჯერონიმოს ისტორია, ქართული ჰიპ-ჰოპის ვეტარანმა და დღემდე ერთ-ერთმა ყველაზე პატივსაცემმა ფიგურამ, ჰიპ-ჰოპს საკუთარი ცხოვრებიდან 25 წელზე მეტი დაუთმო, ამ კულტურით იკვება და სხვებსაც გაუზიარა საზრდო. ბოლო 14 წლის განმავლობაში, აქტიურად ჩაერთო მუსიკის ჟღერადობის დახვეწის პროცესში და გამორჩეული ინსტრუმენტალების პროდიუსერიც გახდა.
შემდეგი ეტაპი კი მისთვისაც ლეიბლის დაფუძნება აღმოჩნდა.
„წარმატებით ჩატარებულმა ჰიპ ჰოპ წვეულებებმა გააჩინეს ინტერესი ჩვენი მუსიკის მიმართ. შესაბამისად ინტერესთა თანხვედრამ და სურვილმა, რომ ამ ყველაფერს უფრო მასშტაბური და მრავალფეროვანი სახე ჰქონოდა, მიიყვანა ეს ყველაფერი ლეიბლამდე. ჩემი ამ მოგზაურობაში გადაშვების სურვილიც ამ მუსიკის უპირობო სიყვარულია..ჩემი გამოცდილებების გაზიარება იმ ადამიანებისთვის, ვისაც ეს დასჭირდება ლეიბლის ეგიდით.” – Jeronimo
Mush One ახალი თაობის ხმაურის ოსტატების გამორჩეული ხმაა. TM & Mush One-ის დუეტმა წლების წინ დიდი გარღვევა მოახდინეს და 90-იანი წლების ნიუ-იორკის ჟღერადობა, ქართულ ტექსტებს და კონტექსტს მოარგეს. რამდენიმე წლიანი პასიურობის შემდეგ, Mush One სცენას განახლებული ენერგიით დაუბრუნდა და დღეს საკუთარ სათქმელს, უკვე გამოცდილებებით ამყარებს.
„დროთა განმავლობაში ჩვენ დაგვიგროვდა გამოცდილებები, ბევრი აზრის მიმოცვლაში ურთიერთობებიც კიდევ უფრო განმტკიცდა და ბევრი ერთობლივი ღონისძიების შემდეგ, ვყალიბდებით როგორც ჰიპ-ჰოპის საამქრო. ლეიბლი სხვადასხვა მიმართულებით გაზრდის ჰიპ-ჰოპის დონეს და ცნობიერებას საქართველოში. წევრები წლებია ამ საქმეს ვაკეთებთ, ბევრი გამოცდილება გვაქვს ერთადაც და ცალ-ცალკეც, ეს ცოდნა კი მომართულია ჩვენნაირი ადამიანებისკენ, ვინც ჰიპ-ჰოპით ცხოვრობს ან უბრალოდ უყვარს ამ რიტმზე მოძრაობა“ – Mush One
სწორედ ეფექტურმა წვეულებებმა, ხალხის ჩართულობამ, გრუვის განცდამ და ჰიპ-ჰოპის ზეიმმა აპოვნინა მათ პარტნიორები, რომლებმაც სამომავლო წამოწყებაში ჩართულობის მზაობა განაცხადეს და ქართული ჰიპ-ჰოპის წისვლის საქმეში საკუთარი ნაბიჯები გადადგეს.
„Street Poetry-ს დაარსებაში უდიდესი წვლილი ჩემ მეგობარს, დაჩი ჭოლაძეს მიუძღვის. ყველაზე მეტად ის მახარებს, რომ ჩვენი პარტნიორობა ძალიან ბუნებრივად შედგა. დაჩი ერთ-ერთ ჰიპ-ჰოპ საღამოს დაესწრო და წვეულებამ მასზე იმხელა შთაბეჭდილება მოახდინა, რომ სურვილი გაუჩნდა ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის განვითარებაში წვლილი თავადაც შეეტანა. შესაბამისად, გადავწყვიტეთ შეგვექმნა პლატფორმა, რომელიც მუსიკალურ ლეიბლს, ივენთების სერიას და ჰიპ-ჰოპ კულტურის გარშემო სხვადასხვა ტიპის აქტივობას გააერთიანებს. - DeKa
Street Poetry Records -ის მთავარი „იარაღი“ მუსიკის მიმართ სიყვარული, კულტურის შეგრძენება და ღირებულებების ირგვლივ გაერთიანებული ადამიანებია. სამივემ ერთმანეთი მოძებნეს, ამან კი არც სხვა ადამიანების შემოერთება დააყოვნა - დღეს, Street Poetry-ს ოჯახი კიდევ ორ არტისტს აერთიანებს: ამიკო ნინუა, იგივე MC Cutkill (ემსი) და
მამუკა აბრამია, იგივე Chromie (ემსი, გრაფიტი არტისტი, სქრეჩის ოსტატი), თუმცა სამომავლოდ კოლაბორაცია კიდევ ბევრ არტისტთან იგეგმება.
„Street Poetry კიდე ერთი მოძრაობა და ბრუნვაა რომელში ჩართვაც სხვა სახის გამოცდილებაა პირადად ჩემთვის. ლეიბლის იდეოლოგია ცნობილია და გაჟღერდა პრეზენტაციაზე. მიზანი, ჩვენი მხრიდან სწორი კონტექსტების და პრეცენდენტების შექმნაა ამ მიმართულებაში” - Jeronimo
წარსულში ჯერონიმო, „ძებნილების“, Mush One კი DigMassive-ის კოლექტივის წევრები იყვნენ. ახალი ლეიბლის გამოჩენას, დღეს ორივე დაწყებული გზის გაგრძელებას და ახალ ეტაპს უწოდებს, რაც უფრო მეტი თანამოაზრის შემოკრების შესაძლებლობას მისცემთ.
„DigMassive პასიურ რეჟიმშია ბევრი მიზეზის გამო. როგორც თითოეულ ადამიანს, ასევე ჩვენც გვაქვს უამრავი გამოწვევები და საკითხები ცხოვრებაში, რის გამოც ბევრმა უბრალოდ დრო დაკარგა, რომ ჰიპ-ჰოპი აკეთოს. თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ცოდნა და სათქმელი, რაც ჩვენშია, თავის მომენტს ელოდება და ადრე თუ გვიან, ახლებურად თუ ძველებურად, მაინც იტყვის თავის სიტყვას. Flava უკვდავია.“ – Mush One
„ჩემთვის პირადად "მოძრაობა"ყველაზე მნიშვნელოვანია. ეს არის რის გამოც არ მიჭირს იმ ადამიანებთან გაერთიანება, რომლებსაც იგივე მოტივი ამოძრავებთ. ასე იყო „ძებნილის’ შემთხვევაშიც და ასეა სხვა დანარჩენი ურთიერთობებიც ჩემთვის - მოძრაობა თანამოაზრეობა,საერთო ღირებულებები და ასე შემდეგ...“ – Jeronimo
ამჟამინდელი ჰიპ-ჰოპ ჟღერადობის მრავალფეროვნებაში, Street Poetry Records თავისი ფოკუსი აქვს - ეფექტურად წარმოაჩინოს 90-იანი წლების Boom Bap ჟღერადობა, ჟანრის ოქროს ხანიდან. ეს სამივეს გამაერთიანებელი მუსიკაა, რაც მათი ბოლო წვეულებების შემყურე, მსმენელშიც დიდ ემოციურ რეაქციას იწვევს. მიუხედავად ამ აქცენტისა, მომავალში მაინც არ გამორიცხავენ სხვა სტილებში ექსპერიმენტებს.
„მთავარია ყველა გემოვნების მსმენელს ჰყავდეს ხარისხიანი მიმწოდებელი და ამ მხრივ, ჩემი აზრით, ნამდვილად არ გვიჭირს. ჩემი პატივისცემა ყველას, ვინც რამეს ქმნის, საბოლოოდ ყველა ერთ კულტურას ვემსახურებით“ - DeKa
„მიზეზი, რის გამოც Boom Bap მიყვარს, არის ის, რომ ჩემთან უფრო ახლოსაა მისი ე.წ. "ფანკი გრუვი", რომელიც ჩემ შინაგან პულსაციას ემთხვევა. კიდე ბევრი დეტალია მუსიკალური თუ ტექსტურის თვალსაზრისით, რომელიც ასევე განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ახდენს ჩემზე. მუსიკას რელევანტურს ხდის არტისტის სათქმელი, რომელიც მსმენელსა და არტისტს შორის მთავარი კავშირის დამამყარებელია - თუ ეს აქტი შედგა, იქ ერთობა გარდაუვალია და ეს უკვე ჰიპ ჰოპია და სადაც ჰიპ ჰოპია, იქ აუცილებლად სიტყვას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რომელ თაობასაც არ უნდა ელაპარაკებოდე, ახალს თუ ძველს“ – Jeronimo
Street Poetry Records მოძრაობას უკვე იწყებს და მსმენელს, კვარტალში ერთხელ, ახალ გამოცემას შესთავაზებს, როგორც ფირფიტაზე, ასევე ციფრული ფორმატით. ლეიბლის
პირველი პროექტი კი ჯერონიმოს ალბომი
„ერთი ყლუპი ჯაზი“ იქნება, რომელიც 5 ბილიკს და მათივე ინსტრუმენტალურ ვერსიას გააერთაინებს. აღნიშნული სიმღერები, მსმენელისთვის კარგად ნაცნობია, რადგანაც აქამდე ცოცხლად ხშირად სრულდებოდა, თუმცა სტუდიური, კარგად ჩაწერილი და დამუშავებული ვერსიები პირველად გაზაფხულზე იქნება ხელმისაწვდომი.
„ამ ტრეკების ჩაწერა და ერთად თავმოყრა ჩემთვის პირველ რიგში იმ პერიოდის მდგომარეობის (როგორც MC-ის და როგორც პროდიუსერის) შეჯამებაა, როცა ეს ტრეკები დაიწერა და მზადდებოდა უკვე ახალი გამოწვევებისთვის. დიდი დრო მოუნდა მხოლოდ ერთი მიზეზით, პროცესი იმდენად ჯადოსნურია ჩემთვის, რომ შედეგზე თითქმის არ ან ვერ ვფიქრობ, თუ ვინმემ არ "შემარყია" და ლეიბლი ჩემთვის კარგი და დროული "შერყევა" აღმოჩნდა“ - Jeronimo
ჯერონიმოს ალბომის პარალელურად, მუშაობა მიმდინარეობს Mush One-ის ალბომზეც, რომელიც ასევე უკვე ნაცნობ ტრეკებს გააერთიანებს.
„სანამ ალბომი ფირფიტაზე დაპრესვის პროცესებს გაივლის, მანამდე პატარა EP-ს გამოცემას ვაპირებ. ასევე გეგმაში მაქვს არაერთი სინგლი, რომლებსაც ეტაპობრივად დავარელიზებ.“ – Mush One
ლეიბლის შემდეგი 1 წლის გეგმაში, ასევე შედის
MC Cutkill-ის მინიალბომისა და ინსტრუმენტალური ტრეკების კომპილაციის გამოშვებაც, იქამდე კი აპრილისთვის შევემზადოთ, ლეიბლის შოუქეისისა და ჯერონიმოს ალბომის პრეზენტაციისთვის, რომელიც გამორჩეულად საინტერესოდ, ცოცხალ ბენდთან ერთად იქნება შესრულებული.
„ზაფხულში კი უფრო დიდი მასშტაბის წვეულებას ვაპირებთ, ლეგენდარული უცხოელი ჰედლაინერით, თუმცა მის ვინაობას ჯერ არ გაგიმხელთ” - DeKa
მოკლედ, ქართული ჰიპ-ჰოპისთვის საინტერესო პერიოდი იწყება, რაშიც მსმენელის ჩართულობა გადამწყვეტი იქნება. Jeronimo-ს ალბომის გამოსვლამდე კი, უკვე შეგიძლიათ დააგემოვნოთ პირველი სინგლი მომავალი გამოცემიდან:
ავტორი : ჯაბა შავიშვილი