გაზაფხულის რჩეული მუსიკა მსოფლიოს სხვადასხვა სცენიდან

GAS – Pop

გერმანელი ვეტერანი ელექტრონული მუსიკოსის უკვე კლასიკად ქცეული ალბომი. მაისის ბოლოსთვის, როცა მზე უფრო და უფრო მცხუნვარე ხდება, ხშირად გვიოცნებია ქალაქის ხმაურიდან შორს, ტყეში გადაცხოვრებაზე. ალბომის განმეორებითი მინიმალისტური მუსიკალური თემა სწორედ ტყეში გატარებული უშფოთველი დღეების საუნდტრეკია.

Talk Talk - The Colour of Spring

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება Talk Talk-ის ფერად სამყაროში. მარკ ჰოლისმა და მისმა ბენდმა 80-იანების შუა პერიოდში, სწორედ ამ ალბომის საშუალებით მოახერხა საკუთარი ჟღერადობის გარდატეხა იმ პერიოდში დომინირებული პოპიდან შედარებით უფრო მრავალფეროვან, სახასიათო „ნეო რომანტიკულ“ პასაჟებში.

Blu & Exile ‎– Give Me My Flowers While I Can Still Smell Them

ჰიპ-ჰოპი, ალბათ, არც თუ ისე შესაბამისი მუსიკალური ჟანრია, სადაც გაზაფხულის ხასიათი უნდა ეძებო, თუმცა ამერიკული დუეტი Blu & Exile გამოსავალს აქაც გვთავაზობს. აღნიშნული ალბომი მათი კოლაბორაციული რელიზებიდან მეორეა, Blu 2010-იანი წლების დასაწყისიდან ერთ-ერთ საინტერესო MC-იდ პოზიციონირდებოდა და არც Exile-ს ნოსტალგიური, სულიერებით სავსე ბიტები გვტოვებენ მოწყენილობასთან მარტო. გაზაფხული კი ნამდვილად ის დროა, ყვავილთა სურნელებით გაბრუებას რომ ვესწრაფოთ.

Caribou - Andorra

სანამ დენ სნეითის აღნიშნული პროექტი სრულიად ელექტრონულ ბგერებს დაექვემდებარებოდა, მისი 2000-იანი წლების მუსიკა ისევ ფერად, თუმცა ხშირად აკუსტიკური ბალადებით იწონებდა თავს. “Andorra”, ალბათ, მუსიკოსის ყველაზე მეტად ფსიქოდელიური ალბომია, რომელიც შთაგონებას 60-იანი წლების Sunshine Pop-ის მოძრაობიდან იღებს.

Susumu Yokota – Sakura

იაპონელი სასუმო იოკოტას მუსიკას მის სიცოცხლეში ნაკლები დაფასება ჰქონდა -  აღნიშნული ალბომიც, რომელიც 2000 წელს გამოიცა, The Wire-მა ერთ-ერთ საუკეთესო რელიზად დაასახელა, თუმცა შედარებით ფართო აუდიტორიისთვის მაინც შეუმჩნეველი დარჩა. მეორე სიცოცხლე კი უკვე 2010-იანებში, Youtube ალგორითმების ეპოქაში ეღირსა და  დამსახურებულადაც - ეს ერთ-ერთი ლამაზი, მშვიდი, სემპლებითა და სხვადასხვა მელოდიებით გაჯერებული ალბომია, რომელზეც მისი ვიზუალური გაფორმებაც ნათლად მეტყველებს.

Aoki Takamasa, Ogurusu Norihide, Takagi Masakatsu ‎– Come And Play In Our Backyard

2000-იანი წლების დასაწყისიდან, იაპონელი მუსიკოსები სხვადასხვა დასავლური სტილის საკუთარ, ინდივიდუალურ ესთეტიკას ავითარებდნენ. „Come And Play In Our Backyard“ სამი განსხვავებული მუსიკოსის კოლაბორაციის შედეგია, Aoki Takamasa ელექტრონული მუსიკოსია და ცნობილია აბსტრაქტული ბიტებით, Ogurusu Norihide უფრო ემბიენთის მიმართულებით ქმნიდა ნამუშევრებს, Takagi Masakatsu კი, სულაც ვიზუალური არტისტია - მათი საერთო ალბომიც ამ განსხვავებული ხედვების შეზავების შედეგია - ნაწილობრივ აქ შეხვდებით აკუსტიკურ გიტარაზე შესრულებულ სასიამოვნო სიმღერებს იაპონურ ენაზე, მეორე მხრივ კი ლეპტოპით შექმნილი გლიჩური კომპოზიციები დაგირღვევენ სიმშვიდეს.

Animal Collective – Feels

გარკვეულ მუსიკალურ თხრობას შესაძლებლობა აქვს უმალ გადაგისროლოს ბავშვობის ყველაზე ლაღი დღეების ფანტაზიებში, ხოლო Animal Collective-ის ალბომი “Feels” ამას მთელი 52 წუთის განმავლობაში გაუჩერებლად ახერხებს. ალბათ, 2000-იანებიდან დაწყებული რთულად თუ მოიძებნება ბენდი, რომელსაც მათსავით მდიდარი ხმოვანი პალიტრა გააჩნია, რომელიც ხშირად მართვად ქაოსშიც კი გადადის, თუმცა ყოველთვის ინარჩუნებს მსმენელთან განსაკუთრებულ ემოციურ კავშირს.

Linda Perhacs – Parallelograms

ლინდა პერჰაკსი 70-იანი წლების ფსიქოდელიური ფოლკის საგანძურია, რომელმაც იმ წლებში მხოლოდ 1 ალბომის ჩაწერა მოახერხა და შემდგომში მხოლოდ 45 წლის შემდეგ დაუბრუნდა მუსიკალურ სცენას. „Parallelograms“ ეს ფსიქოდელიური იავნანაა, რომელსაც ლინდას ანგელოზური ხმა ზღაპრისეულად გადმოგვცემს.

Mort Garson - Mother Earth's Plantasia

კანადელი ელექტრონული მუსიკის პიონერის, მორტ გარსონის აღნიშნული ალბომი მცენარეების მოყვარულთათვის არის განკუთვნილი. თითქოს მწვანე ნარგავებსა და სინთეზატორებს საერთო ნაკლებად უნდა ჰქონდეთ, თუმცა ეს ნამუშევარი საპირისპიროს ამტკიცებს. დამამშვიდებელი ეფექტის მქონე, თანაბრად გადანაწილებული მელოდიები დროებით მცენარეებით სავსე სამყაროში გადაგისვრით, სადაც თქვენ შორის ჰარმონიულობას ვეღარაფერი დაარღვევს.

Federico Durand - A través del espejo

არგენტინელი ფედერიკო დურანდი ნოსტალგიით სავსე მუსიკას ქმნის. შთაგონება ძირითადად ბავშვობიდან, სოფელში ოჯახთან გატარებული პერიოდიდან მოდის, როდესაც ადამიანს ცხოვრება მეტად მსუბუქად ეჩვენება. ასეთია მისი მუსიკაც, რომელსაც tape-recorder-ებით, ფორტეპიანოს, ზარებისა და სხვადასხვა სათამაშოს გამოყენებით ქმნის - ეს მისი პერსონალური მუსიკაა, რომელიც თავისუფლად შეიძლება თქვენადაც იქცეს.

ავტორი: ჯაბა შავიშვილი