Sound ID - Betkho

SoundID-ის მორიგი სტუმარია მუსიკოსი, კომპოზიტორი - ირაკლი მანჩხაშვილი იგივე Betkho.

სახელი: ირაკლი

გვარი: მანჩხაშვილი

ასაკი: 34

პროფესია: საუნდ დიზაინერი, პროდუსერი, კომპოზიტორი

ჰობი: Gaming, Retro Gaming Collector, Skateboarding

რა იყო შენი პირველი მუსიკალური შთაბეჭდილება?

პირველი კომპოზიცია, რომელზეც ვიტირე და მელოდიაც დღემდე მახსოვს, არის James Horner-ის მუსიკა, ფილმიდან „Mighty Joe Young”. ბოლო სცენაა, სადაც ყველაფერი კარგად მთავრდება, ჯო თავის ჯუნგლებში მირბის და ეს სიმღერა იწყება…

კომპოზიცია, რომლითაც ყოველ დილას სიამოვნებით დაიწყებდი.

ძალიან რთულია კონკრეტულად ერთი ტრეკის შერჩევა. ყოველი დღე სხვა ემოციით სრულდება და სხვანაირად იწყება. ძირითადად ვცდილობ დილა პოზიტიური მუსიკით დავიწყო. ისედაც სევდისკენ მიდრეკილი ადამიანი ვარ და დილაც რომ მელანქოლიური და სევდიანი მუსიკით დავიწყო, იქვე დამთავრდება ის დღე ჩემთვის. ზოგჯერ საერთოდაც არ ვუსმენ დილით არაფერს, მაგრამ ბოლო დროს, მანქანაში რომ ვჯდები პირველს რასაც ვრთავ არის ეს:

ბოლოს რომელ სიმღერას მოუსმინე?  

 ზოგჯერ მუსიკაში სერიოზული პაუზა მაქვს, თითქოს ვეღარ ვპოულობ რისი მოსმენაც მომინდებოდა, მაგრამ ბოლო რამდენიმე თვე არ იყო ასეთი. ძალიან ბევრ ახალ სიმღერას და ტრეკს მოვუსმინე. მათ შორის იყო ისლანდიელი პიანისტის კოლაბორაციული ალბომი “Bach Reworks” (ძალიან გირჩევთ მის მოსმენას), აღმოვაჩინე მუსიკოსი Ben Frost და კიდევ ბევრი კარგი რამე მოხდა. ბოლოს რაც მოვისმინე და შემძრა, Block Party - The Pioneers (m83 Remix) იყო, რომელიც ნეტფლიქსის სერიალის DARK-ის მესამე სეზონის ტრეილერში მოვისმინე და წამიღო. მერე ჩემი საყვარელი m83-ის ალბომებსაც ჩავუჯექი კიდევ ერთხელ.

პირველად შეძენილი მუსიკალური რელიზი?

მგონი სანამ Deezer-ის აბონენტი არ გავხდი, იქამდე არც ითვლება რამის ყიდვა “რელიზის ყიდვად”. ყოველთვის მიყვარდა ლიცენზირებული რაღაცები. მაგალითად, VHS-ესის ეპოქაში, სულ ვაკვირდებოდი, ლიცენზია იყო თუ არა კასეტა და მერე უკვე DVD. მაგრამ მუსიკას რატომღაც არ ვუყურებდი მსგავსად.  


თუ სწორად მახსოვს, სულ პირველი “მუსიკა” რაც ვიყიდე, იყო Scooter-ის არალიცენზირებული კასეტაზე, სამგორის მეტროს გადასასვლელში. მე და ჩემს მეგობარს ერთი წერტილი გვქონდა მანდ, იმ კაცს სულ ახალ-ახალი ალბომები შემოჰქონდა და გვიცნობდა. ხშირად ისე გავუვლიდით ხოლმე, უბრალოდ რომ გვეკითხა როდის შემოიტანდა ახალ კასეტებს და სულ ველოდებოდით დათქმულ ვადებს. კარგი დრო იყო, საინტერესო იყო ასე მუსიკის ძებნა და ლოდინი. ახლა თითქოს ყრია და რთულია ამ ნაყარში რამე კარგის და შენთვის გამორჩეულის პოვნა. არადა რამდენი კარგი მუსიკა იქმნება, ხო?

ალბომი, რომელიც აქამდე ყველასთვის გენანებოდა, მაგრამ ეხლა გააცნობ

ჩემი აზრით, მუსიკა აუცილებლად უნდა გავუზიაროთ ერთმანეთს და ამიტომ უდიდესი სიამოვნებით გიზიარებთ ფინური დუეტის Pan Sonic-ის 2016 წელს გამოშვებულ სტუდიურ ალბომს “Atomin Paluu (Return Of The Atom), რომელიც ასევე ფინური დოკუმენტური ფილმისთვის იყო დაწერილი.


ფილმი მოგვითხრობს ჩერნობლში მომხდარი მოვლენების შემდეგ პირველი ატომური სადგურის მშენებლობაზე. ალბომს ახასიათებს რადიოაქტიული საუნდი და ეს საუნდი ძაან მომწონს.

Love Song?

ლავსონგი რა არის, ის რაც სიყვარულს გახსენებს და გახარებს, თუ რაც სიყვარულს გახსენებს და გასევდიანებს? ბევრი ვარიანტი მაქვს. ჩემი წარმოსახვის უნარი უსაზღვროა, როცა საქმე სიყვარულს ეხება. ძალიან ბევრი სიმღერა გამახსენდა, მაგრამ რომ დავფიქრდი და მოვქექე, აი ესაა ზუსტად ის, რაც ჩემთვის ლავ სონგს შეიძლება ნიშნავდეს. ძალიან ძვირფასი ემოციური ბმა მაქვს ამ სიმღერასთან. ზოგჯერ არ მინდა ხოლმე მისი გაზიარება, მაგრამ როგორც ზემოთ ვთქვი, მუსიკა იმისაა, რომ გავაზიაროთ.

სენტიმენტალურ განწყობაზე რას უსმენ ხოლმე?

სენტიმენტალურ განწყობაზე შეიძლება დავჯდე და აღმოსავლურ მუსიკას ვუსმინო, რამე ირანული ჩავრთო, ინდური ან პაკისტანური. ძალიან მაინტერესებს და მიყვარს აღმოსავლური კულტურა და ფილოსოფია. რამდენიმე წელია ისლამზე და სუფიზმზე ვკითხულობ ბევრს. ძალიან საინტერესოა და სევდიანი, როგორ დაამახინჯა ადამიანმა ბოლო წლების მანძილზე ისეთ ლამაზი ცოდნა, როგორც ისლამია. სუფიზმი ამბობს, რომ ცოდნა არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი ყველასთვის, რადგან მერე იქმნება ტექსტები, ჩნდება სხვადასხვანაირი ინტერპრეტაცია, იქმნება ბევრი სხვა მიმდინარეობა და მერე ხდება ის, რაც ხდება ფუნდამეტურ რელიგიებში დღეს. 

ყველაზე მეტად ვისი ლაივ შესრულების ნახვა გინდა? 

რაღაცნაირად არასდროს არ მქონია სურვილი რომელიმე კონკრეტული არტისტის ლაივს დავსწრებოდი. საქართველოს ყველაზე დიდ ფესტივალების სთეიჯებზე მუშაობამ გამანებივრა და კონცერტებზე ძირითადად მაინტერესებს რა ხდება სცენაზე არტისტების ირგვლის, როგორ უკრავენ, რას უკრავენ, რას იყენებენ და ა.შ ამიტომ, სცენის მიღმა დგომით დიდად ვერ ვკაიფობ. ცხადია, ვისიამოვნებ საუნდით, მაგრამ მანდ მორჩება ჩემი კაიფი და ზეგ არ მემახსოვრება. მე სტუდიური ჩანაწერების მოსმენა უფრო მიყვარს.


ისე კი, Ben Frost-ის ლაივს დავესწრებოდი. ჩემი ბოლო დროის აღმოჩენაა. თვითონ ამბობს, რომ მისი ლაივები არასდროს არაა გაწერილი და სულ ინტუიციას მისდევს. მისი ლაივები ხალხზეა დამოკიდებული, როგორ იგრძნობენ მას და როგორ იგრძნობს თვითონ.

რას უსმენდი ბავშვობაში/თინეიჯერობის პერიოდში რისი გახსენებაც ეხლა უხერხულობას გიქმნის?

კარგ მუსიკასთან ერთად, ძალიან ბევრ ნაგავსაც ვუსმენდი, მაგრამ არაფრის არ მრცხვენია, იმიტომ რომ ახლა ის არ ვიქნებოდი, რაც ვარ. ამიტომ, გიზიარებთ რუსული ჯგუფის სიმღერას: Руки Вверх! - Он тебя целует


ერთ გოგოს ვეპრანჭებოდი, რომელსაც ეს ჯგუფი უყვარდა, კასეტა მისი ხათრით ვიყიდე. კიევიდან მოვდიოდით ავტობუსით და სადღაც ყაბარდო-ბალყანეთში შევჩერდით საჭმელად თუ რაღაც. იქვე ჯიხურები იდგა გზაზე და რომ ვათვალიერებდით, აუ ნახე, რუკი ვ ვერხის ახალი ალბომიო და დაუფიქრებლად ვიყიდე. ისე როგორ აბა, პრანჭვა სხვანაირი ვის გაუგონია? ახლაც მაქვს სადღაც.

რომელ ინსტრუმენტზე ისწავლიდი დაკვრას სიამოვნებით?

ყველაზე მეტად აღმოსავლურ ინსტრუმენტებზე მინდა დაკვრის სწავლა. მაგალითად თურქულ ოუდზე ან ინდურ სარანჯიზე. ამ ორ ინსტრუმენს რომ ვუსმენ, მგონია ძველ სამყაროს ისტორიებს ვუსმენ, რასაც არ უნდა უკრავდეს დამკვრელი.

მუსიკალურ ინდუსტრიაში რომელი ბენდის/შემსრულებლის დაბრუნებას ისურვებდი?

არცერთის. ჩემი აზრით, როგორი კარგიც არ უნდ აიყოს ბენდი ან შემსრულებელი, ყველაფერს აქვს დასასრული . მაგრამ ბენდი, რომლის ჯერ გატრუხებაზე და მერე მისი სოლისტის სიკვდილზე ძალიან დამწყდა გული, არის Linkin Park. ეს ბენდი, ისევე როგორც მილიონობით მსმენელისთვის, ჩემთვისაც დიდი შთაგონების წყარო იყო და დღემდე რჩება. განსაკუთრებით ალბომი “REANIMATION”. ხშირად ვფიქრობ, ესენი რომ არა, დღეს ჩემი მუსიკა ისეთი არ იქნებოდა, როგორიც არის და ვერც მე ვიქნები ის, რაც ვარ. 

Track that makes you happy?

ჯერჯერობით არ გამოჩელი სიმღერა/ტრეკი, რომელიც ამაზე მეტად მაბედნიერებს და იმედით მავსებს.

შენთვის საინტერესო თანამედროვე ქართველი არტისტი/შემსრულებელი?

ბოლო დროს ორი არტისტი რელიზებს ველოდები ხოლმე.


Bobby Kensey - მისი სევდიანი ტექსტები ძალიან ახლოსაა ჩემთან. ყველა სიმღერაში არის 1-2 სტროფი, რომელსაც სიამოვნებით დავიწერდი ტატუდ.

Melqo - სულ მაინტერესებს რას გააკეთბს შემდეგ სიმღერაში, რა მიმართულებით წავა. ძალიან მევასება მელქოს აბსტრაქტული ტექსტები, რომლებიც ძალიან კონკრეტულ თემებს ეხება და ყველას შეგვიძლია ჩვენი თავი დავინახოთ.

ტექსტის თვალსაზრისით რომელი ტრეკს შემოგვთავაზებდი და რატომ?  

სოციალური მუსიკა არასდროს მომწონდა, არც მისი ტექსტბი მიზიდავს. მე უფრო სიყვარული. ამიტომ, პირველი რაც მახსენდება არის ეს:

If I take you home tonight

I will think of songs to sing to you

Music filled with joy and light

If I take you home tonight“

ამ სიმღერის უბრალო და გულრწფელი ტექსტი ძალიან მიყვარს. ვთვლი, რომ ნამდვილი სიყვარულიც ასეთი უნდა იყოს - უბრალო და გულრწფელი.

არტისტი რომელიც ყველაზე მეტად არის „შენიანი“?

ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა არტისტია ხოლმე “ჩემიანია”, ამ ეტაპზე Nils Frahm-ია.

მუსიკა გზაში?

ძალიან ხშირად უბრალოდ ქანთრი მუსიკის ფლეილისტებს ვრთავ დაბალ ხმაზე. აკუსტიკური ჟღერადობა და ნეიტრალური ემოციები ფიქრში მეხმარება ხოლმე. გზას ხშირად ფიქრისთვის ვიყენებ. 

უკაცრიელ კუნძულზე 1 ალბომის წაღების საშუალება გაქვს, რომელს აარჩევდი?

წავიღებდი Urmila Devi Goenka-ს ალბომს “Sacred Chants of Shiva”.


მას შემდეგ, რაც ქოხს ავიშენებდი და დაჭერილ თევზს შევჭამდი, დავჯდებოდი და საკუთარი თავის შეცნობას და მედიტაციას დავუთმობდი მთელ დარჩენილ დროს. ამისთვის უკაცრიელ კუნძულზე შესაფერისი ადგილი რა უნდა იყოს.

ავტორი: ჯაბა შავიშვილი