სიახლეები

რა ვნახოთ ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალზე - კინორეკომენდაციები

8-12 მაისს, ქუთაისი საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალს მასპინძლობს

მაისი 11, 2021

დარბაზიდან დარბაზში, ერთი ფილმიდან მეორე ფილმზე, მასტერკლასიდან ვორქშოფზე და პირიქით.

ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი რამდენიმე დღეა, რაც გაიხსნა და მაყურებელს უკვე აქვს იმის შესაძლებლობა, რომ საფესტივალო ცხოვრება მაქსიმალურად აითვისოს.

ფესტივალი 12 მაისს სრულდება და შესაბამისად, დროც სულ უფრო ნაკლები რჩება იმის ფიქრში გასატარებლად, თუ რომელ ფილმებზე შევაჩეროთ არჩევანი, რადგან პროგრამა მართლაც მრავალფეროვანი და საინტერესოა. ქართული მოკლემეტრაჟიანი საკონკურსო ფილმების გვერდით, ფესტივალზე მრავალი ლეგენდარული უცხოელი რეჟისორის კინოჩვენებაც გაიმართება, რაც პროცესს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის. მთავარი კონკურსის გარდა, ფესტივალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი გამორჩეული ქართველი რეჟისორის, მიხეილ კობახიძის ფილმების რეტროსპექტივას ეთმობა, რომელზე დასწრებასაც უკლებლივ ყველას გირჩევთ.

მიხეილ კობახიძე ქოლგა, ქოლგა, 1967

კონცეფციიდან გამომდინარე, ფესტივალი საგანმანათლებლო ღონისძიებებსაც ითვალისწინებს, რაც კიდევ უფრო მეტად უწყობს ხელს რეგიონში კულტურული პროცესების გაცოცხლებას.


იმისათვის, რომ ფესტივალზე ორიენტაცია გაგიმარტივდეთ, ჟურნალი Hammock თიბისი კონცეპტთან ერთად სფეროს ქართველი წარმომადგენლებისგან საინტერესო რჩევებს გთავაზობთ და იმ პირად რეკომენდაციებს გაგიზიარებთ, თუ რა ფილმები არ უნდა გამოტოვოთ ქუთაისის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალზე. 

ნატალია ჯუღელი

მსახიობი

,,პირველ რიგში, დიდი წარმატება მინდა ვუსურვო ქუთაისის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალს. ძალიან მიხარია, რომ ამ ისტორიულ ქალაქში კინომოყვარულებს ახალი თავგადასავალი გველის."

რას ვუყუროთ ქუთაისის ფესტივალზე? 

მიჭირს ამის თქმა, რადგან ვკითხულობ პროგრამას და ვხვდები, რომ ფილმების უმეტესობა ნანახი არ მაქვს, მაგრამ ეს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის პროცესს. ფესტივალებზე ყოფნისას ყველაზე მეტად მომწონს, როდესაც ერთი კინოდარბაზიდან მეორეში გავრბივარ, დილიდან ღამემდე ფილმებს ვუყურებ და იმდენად მსიამოვნებს ეს პროცესი, რომ ყოფითი ცხოვრება სულ მავიწყდება, ამიტომ ყველას, ვინც ქუთაისის ფესტივალს დაესწრება, მაქსიმალურად ბევრი ფილმის ნახვას და კინოსამყაროში დაბრუნებას ვუსურვებ. თანაც, როგორი სასიამოვნოა დარბაზში ყოფნა ამხელა პაუზის შემდეგ.

ყველას გირჩევთ ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმები ნახვას - თანამედროვე ქართველი რეჟისორების აღმოჩენას. ახალი ავტორების აღმოჩენა და 24 საათი კინოზე საუბარი ფესტივალზე

ყოფნის განუყოფელი ნაწილია. მნიშვნელოვანია, რომ ამ ფილმებს მეტი მაყურებელი ჰყავდეს და ბევრი ვილაპარაკოთ მათზე. 

პირადად ჩემი ფავორიტი, ალბათ თორნიკე გოგრიჭიანის ფილმია სახელწოდებით ''ანდრო'' , ჯობს არ გამოტოვოთ. ქართულ მოკლემეტრაჟიან ფილმებზე ერთ-ერთი პირველი ''ანდრო'' მახსენდება ხოლმე. ძალიან გულწრფელი და სევდიანი ფილმია, მსახიობთა ბრწყინვალე ჯგუფით და საინტერესო კადრებით. დიდი გულშემატკივრობით ველოდები თორნიკეს ახალ ნამუშევარს.


საკონკურსო ფილმებიდან ნანახი მაქვს ჩემი კურსელის, ელენა გრიჯოს Havens, რომელიც დიდ ეკრანზე ძალიან შთამბეჭდავი იქნება. ელენაც მსახიობია, თანაც თეატრის გამოცდილება აქვს მხოლოდ. ეს ფილმი უცებ გადაიღო საკუთარი ენთუზიაზმით და დღემდე ვერ ვხვდები, როგორ მიაღწია ამ შედეგს. 

და ბოლოს, აუცილებლად ნახეთ მიშა კობახიძის ფილმები და თქვენი საღამო უჩვეულო დღესასწაულად გადაიქცევა. ნანახი თუ გაქვთ, მაინც წადით, დიდ ეკრანზე სულ სხვაა. 

,,როგორი დინამიკა და ხიბლი აქვს მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალს, ჯერ უცნობი ავტორის 3-წუთიანი ექსპერიმენტის ნახვა შეგიძლიათ და უცებ ისეთი კლასიკოსის ფილმის, როგორიც მიშა კობახიძე ან ვიმ ვენდერსია. საღამოს რომ ამბობ, მობილური ტელეფონით გადაღებული სტუდენტის ფილმი უფრო მოგეწონა, ვიდრე ვიმ ვენდერსის ცნობილი ნამუშევარი, რა გადასარევია, არა? არ ვხუმრობ, მართლა საინტერესოა.მოკლედ, უსაზღვრო სიამოვნება გელით ამ უცნაური კოვიდრუტინული ცხოვრებისას”.

გურამ ღონღაძე

რეჟისორი

© გურამ წიბახაშვილი

“მარგო ზუბაშვილის მოკლემეტრაჟიანი ფილმი “ანა, იძინებს მზე” საკონცერტო დარბაზში იწყება, სადაც ნანი ბრეგვაძე უძველებელ ბალადას - „იძინებს მზე“ - ასრულებს. ფილმის მთავარი პერსონაჟი, ანა,მარტოხელა ქალია, რომელიც ასაკოვან დედასთან ერთად ესწრება კონცერტს. ოვაციებისა და აპლოდისმენტების შემდეგ, დარბაზიდან გამოსვლისას, ანა ხალხში უცხო ქალის სახეს შეამჩნევს. მაყურებელი აუცილებლად იგრძნობს, რომ ეს მოულოდნელი ხილვა, ქალის ცხოვრებაში დიდ ცვლილებებს მოიტანს. მოკლემეტრაჟიან ფილმს განსაკუთრებული დინამიკა და ტემპი გამოარჩევს. რეჟისორი თანმიმდევრულად აკვირდება თავის მთავარ პერსონაჟსა და მის გარემოს, ბინას, ქუჩებს, გზებს. იკვლევს ქალის სახესა და მზერას, და მაყურებელი დინჯად, აუჩქარებელად მიჰყავს ქართულ კინოში ერთ-ერთ ყველაზე მოულოდნელ ფინალთან. 

თორნიკე გოგრიჭიანის ფილმის მთავარი გმირი ანდრო, თავის 11 წლის შვილთან ერთად ტრაბზონში მანქანით მიემგზავრება. ფილმი გამოირჩევა სათავგადასავლო ჟანრისთვის დამახასიათებელი ცოცხალი დიალოგით, ქარიზმატული სამსახიობო ანსამბლითა და ბევრი უიღბლო ამბით. თუმცა, როგორც ყველა კარგ „როუდ-მუვიში“, დანიშნულების წერტილზე მნიშვნელოვანი შინ დაბრუნება გახდება. 


უჩვეულო არ უნდა იყოს, სიკვდილის თემაზე უამრავი ფილმი რომ არის გადაღებული: ტრაგედიის შემდეგ შეკრებილი ოჯახი ხომ დრამატული სიტუაციების იდეალური კატალიზატორია. გიორგი მუხაძის სადიპლომო ნამუშევარი „ანას მოლოდინში“ სწორად პასუხობს გამზადებულ ფორმულას, თუმცა, თავდაყირა აყენებს ტრადიციული ქართული ოჯახის თემას. ფილმში დიალოგი მწირად არის გამოყენებული, აქ უფრო მეტია ნაჩვენები, ვიდრე ნათქვამი. ის, რაც ამბის სიღრმეში ტრიალებს, მხოლოდ მინიშნებულია, რადგან რეჟისორმა და-ძმის გაუცხოების საიდუმლოს ამოხსნა მაყურებელს მიანდო”. 

ანა ჭყონია

კინომცოდნე

“პროგრამის დათვალიერებისას მივხვდი, რომ გულგრილად გვერდს ვერ ავუვლიდი ალის გი-ბლაშეს მოკლემეტრაჟიან ფილმს „ფემინიზმის შედეგები“. ფესტივალებზე ალბათ ყველაზე დიდ სიამოვნებას უხმო კინოს ყურება მანიჭებს. დიდ ეკრანზე ისტორიის ნახვის რომანტიზმი კოვიდის პირობებში კიდევ უფრო გამიმწვავდა, მით უმეტეს, როცა საქმე ეხება პირველ რეჟისორ ქალს. ალის გი-ბლაშეს ფილმოგრაფია ათასობით ფილმს ცდება. ის ლუმიერების, მელიესის და გრიფიტის პარალელურად აწარმოებდა ფილმებს. თუმცა მეც კი ცოტახნის წინ აღმოვაჩინე მისი ხელწერა. დიდი მადლობა ორგანიზატორებს ამ ფილმის შერჩევისთვის! „ფემინიზმის შედეგები“ 115 წლის მერეც არ კარგავს რელევანტურობას და დღემდე ვერ ვხვდები, მისი კომიკურობა სასაცილოა თუ სატირალი. 

მთავარი კონკურსიდან გამოვარჩევდი იაია სიმანკოვას მოკლემეტრაჟიან ფილმს - „მშვიდად იყავი“ . ფილმის მთავარი გმირი, კორი, დეპრესიაშია. მისი დატვირთული სამუშაო დღე ვეტერინარულ კლინიკაში, უმეტესად, ცხოველების დაძინებას ემსახურება. იმისდა მიუხედავად, რომ კორი გარშემორტყმულია ახლობლებით და კოლეგებით, ის თავს ტვირთად აღიქვამს და ერთადერთ გამოსავალს თვითმკვლელობაში ხედავს. ფილმის რეჟისორი - იაია, დელიკატურად და ყოველგვარი შელამაზების გარეშე ეკიდება თემის სიმძიმეს. ის ახერხებს, რომ ძალიან მოკლე დროში ასახოს გმირის ემოციური მდგომარეობა და მაყურებელს საკმარისი დრო მისცეს თანაგრძნობისთვის. 

პროგრამის თვალიერებისას, ყველაზე მეტად ქართული ფილმების მრავალფეროვნებამ გამითბო გული. ერთ ფილმზე ვერ შევჯერდი, ასე რომ გადავწყვიტე, ხაზი გამესვა ერთი სექციისთვის - თანამედროვე ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმები - დროის მიღმა დარჩენილები, რომელიც მოიცავს ხუთი ახალგაზრდა რეჟისორის ნამუშევრებს. სეანსი 1 საათი და 49 წუთი გრძელდება და ნათლად ასახავს ქართული კინოს პოტენციალს. ლაშა ცქვიტინიძის „თემო“ ვალებში ჩავარდნილი თემოს უიმედობისა და უძრაობის შესახებ გვიყვება ყველანაირი გაზვიადების გარეშე. მარიამ ხაჭვანის „დინოლა“ მისი სადებიუტო ნამუშევრის, „დედეს“ წინამორბედია, რომელიც სოფელ უშგულში ძალით თავსმოხვეულ ქორწინების თემის გარშემო ტრიალებს. თამარ შავგულიძის „პირველი დღე“ ერთი ოჯახის ერთ დღეს ასახავს. გიორგი მუხაძის „ანას მოლოდინში“ დედის სიკვდილით გამოწვეული და-ძმის შეხვედრას გვიჩვენებს, სადაც გაუცხოება, საზოგადოების წნეხი და მოლოდინებია ხაზგასმული და თორნიკე გოგრიჭიანის „ანდრო“ თურქეთში სავაჭროდ წასულ მამა-შვილის თავგადასავალზე გვიამბობს. ხუთივე ფილმი განსხვავდება ერთმანეთისგან თემით, სტილით და ჟანრით, ასე რომ, არ გამოტოვოთ ეს სეანსი“.


ავტორი: ქეთევან ბარბაქაძე / Hammock Magazine

ფოტო: ირაკლი ბიგვავა