ლიტერატურა

მკითხველის ტკბილი შემოდგომა

"საბა"

ოქტომბერი 06, 2020

შეიძლება შემედავოთ, მაგრამ შემოდგომა წიგნის კითხვის სეზონია. დრო, როცა გარეთ სუსხი იმატებს, წვიმს, ზაფხულის უდარდელი დღეები უკან მოიტოვე და ახლა, იმ სხვანაირ სიმყუდროვეში უნდა გაეხვიო, რომელიც საყვარელ წიგნებს მოაქვთ. ეს ისე, ლირიკული გადახვევა, სინამდვილეში კი, შემოდგომა მართლაც მოსავლის აღების სეზონია, ეს წიგნებსაც ეხება, ამიტომაცაა მსოფლიოში ამდენი წიგნის ბაზრობა თუ ფესტივალი სწორედ შემოდგომაზე.

წელს ფესტივალებსა და ბაზრობებზე ბოდიში, თუმცა ახალ წიგნებს კი ნამდვილად უნდა ველოდოთ. ქართული გამომცემლები ახლაც, ისევე, როგორც ყოველთვის, გეგმავენ ეს რთული 2020 წელი საუკეთესო წიგნებით დაასრულონ.


გადავხედოთ საგამომცემლო სიახლეებსა და მომავალ პროექტებს, რა თქმა უნდა, ყველაზე ვერ გიამბობთ, მათგან ზოგიერთი შევარჩიეთ.


გამომცემლობამ „წიგნები ბათუმში“ ცოტახნის წინ ჩატარებული ფესტივალის ფარგლებში ძალიან გაგვახარა ნობელის პრემიის ლაურეატი მწერლის, ელფრიდე იელინეკის გამოცემით, თუმცა, არანაკლები სიახლეები წინაა, ჟორჟ ბერნანოსი - სატანის მზის ქვეშ, მისი უდიდებულესობა პარიზული სახელოვნებო ბოჰემის მასპინძელი - გერტრუდ სტაინი - „სამი სიცოცხლე, ამ ორ წიგნს გამომცემლობა “უკვდავი ბიბლიოთეკის” სერიის ფარგლებში გამოსცემს. ფენტეზის მოყვარულებს ელით ნისლქმნილის ტრილოგიის ბოლო წიგნი „ეპოქათა გმირი“.


საინტერესო სიახლეები აქვს„ინტელექტს“ : დიალოგები გია ყანჩელთან (ნატალია ზეიფასი), 3 მედეა - პიესების კრებული: ნინო ხარატიშვილი, ლაშა ბუღაძე, ანდრეას ფლურაკისი, ამბროზ ბირსის ეშმაკის ლექსიკონი (სერია სხვა კლასიკა), ივა ფეზუაშვილის რომანი "ბუნკერი", ლევ ტოლსტოის აღსარება (ნიკოლაი ბერდიაევისა და ალექსანდრ მენის ბოლოსიტყვაობებით, გია ბერაძის თარგმანი) - სერია Magnum Opus, ხოლო ბავშვებისა და მარადიული ბავშვებისათვის გურამ პეტრიაშვილის „კაცი და მისი უცნაური პიანინო“.


„სულაკაურის გამომცემლობასაც“ ნაყოფიერი შემოდგომა აქვს, გამორჩეულმა ქართველმა მწერლმა, აკა მორჩილაძემ, კლასიკოს ქართველ ხელოვანებზე, მწერლებსა და საზოგადო მოღვაწეებზე საინტერესო ამბებსა და გამორჩეულ ფოტომასალას მოუყარა თავი.


სერიას „ქართულის რვეულები“ ჰქვია და ამ ეტაპზე სამ წიგნს მოიცავს სამი ქართველი საზოგადო მოღვაწის შესახებ: ესენია ვაჟა, ფიროსმანი და ყაზბეგი. სასიხარულო სიახლეთა შორისაა ჩილეელი მწერლის, რობერტო ბოლანიოს ნაწარმოები “ველური დეტექტივები“ქართველი მკითხველის საყვარელი მწერლების, ზაირა არსენიშვილის “კენჭები” და ზურაბ ლეჟავას “აინშტაინი, ფრანკენშტეინი და დრაკულა”.  


გამომცემლობა „პალიტრა L“-მა ცნობილი პოეტის, შოთა იათაშვილის პირველი რომანი „დამწყები“ სულ ახლახანს გამოსცა, მკითხველს დააინტერესებს მსახიობ ტომ ჰენქსის მოთხრობების კრებული “არაჩვეულებრივი ეგზემპლარი“. განსაკუთრებული სიახლე ამ გამომცემლობას ნოემბერში აქვს დაგეგმილი - იგეგმება წიგნების ახალი სერია საქართველოდან წასულ, გადახვეწილ ქართველებზე, თორმეტტომეული, სადაც მკითხველს იშვიათი ფოტომასალა და ისტორიული ფაქტები დახვდება.


გამომცემლობა „დიოგენემ“ რამდენიმე დღის წინ ფესტივალზე ქრისტოფ რანსმაირის რომანი "უკანასკნელი სამყარო“ წარადგინა, რომელიც შესანიშნავად თარგმნა მაია ბადრიძემ, ამავე გამომცემლობის, როგორც ყოველთვის, ხარისხიან და განსაკუთრებულ სიახლეთა შორისაა ნობელის პრემიის ლაურეატის, ჟან-მარი გუსტავ ლე კლეზიოს წიგნი "ალმა" და „ ინგლისელი პაციენტის“ ავტორის, მაიკლ ონდააჩის რომანი"ომის წილი სინათლე.


რა თქმა უნდა, სხვა გამომცემლობების თაროებიც არაერთი საინტერესო წიგნით შეივსება, რაც მთავარია, შემოდგომის მთავარი ლიტერატურული ინტრიგაა წინ, ლიტერატურული პრემია „საბას“ გამარჯვებულების გამოვლენა.


ასე რომ, ხვავრიელი, ჩაკეტილი და წიგნებით სავსე შემოდგომა დაიწყო!

ავტორი: saba.com.ge