ლიტერატურა

საზაფხულო არდადაგებზე საკითხავი ლიტერატურა

"საბა"

ივნისი 17, 2020

ყოველგვარი შესავლის გარეშე, თუ ზაფხულის შთაბეჭდილებების გაასმაგება გსურს, მაშინ წიგნები უნდა დაიხმარო.


რა წაიკითხო, სანამ ისევ სკოლა და ყოველდღიური რუტინა დაიწყება?

სად იმოგზაურო? სად იოცნებო?


აბა, ამ სიას გადახედე!

თხუთმეტი წლის კაპიტანი - ჟიულ ვერნი

საფრანგეთის ქალაქ ნანტში დაბადებულმა ერთმა ჩვეულებრივმა ბიჭმა მრავალ ბავშვსა და მოზარდს აჩუქა წარმოუდგენელ ადგილებში მოგზაურობის საშუალება. წყალზე და წყლის ქვეშ, დედამიწაზე და დედამიწის სიღრმეებში, მთვარეზე და მთვარის გარშემო - ყველგან შეგიძლია იმოგზაუროთ, თუ თავბრუდამხვევი ფანტაზიის მწერალს - ჟიულ ვერნს დაემგზავრები.

იცი, რომ ბევრი რამ, რაც მან აღწერა, შედგომში მართლაც გამოიგონეს - მაგალითად, წყალქვეშა ნავი, აკვალანგი, ტელევიზია და ფრენა კოსმოსში - ამიტომ დიდი ფრანგი მწერალი ერთგვარი ლიტერატურული წინასწარმეტყველი გამოდის!

მწერლისა და მკითხველის ფანტაზიას საზღვარი არ აქვს!


სულერთია სად წახვალ, რომელ წიგნს ამოირჩევთ, ჟიულ ვერნის სამყარო დაუვიწყარ ზაფხულს გაჩუქებთ, მაინც რომელი იყოს პირველი? იქნებ „15 წლის კაპიტანი“?


ნარნიას ქრონიკები - კლაივ სტეკლ ლუისი

თუ "ნარნიას ქრონიკების" საოცარ სამყაროში ერთხელ შეიხედეთ, შთაბეჭდილება არასდროს დაგავიწყდება.


ეს ამბები მარადიულია, ჯადოსნური ქვეყანა, ცხოველები, რომელთაც ადამიანთა ენაზე საუბარი შეუძლიათ და სიკეთე, რომელიც ყოველთვის ამარცხებს ბოროტებას!


კლაივ ლუისის "ნარნიას ქრონიკების" პირველი წიგნი - "ჯადოქრის დისწული", დაიწყე პირველი წიგნით, გპირდებით, რომ აუცილებლად მოძებნით დანარჩენსაც.


მე რობოტი - აიზეკ აზიმოვი

ჩვენ ყველანი უკვე ვცხოვრობთ სამეცნიერო ფანტასტიკის ასრულების ხანაში. ბევრი რამე, რაც ადამიანთა ფანტაზიაში იბადებოდა, დღეს რეალობაა. თუ ამ ჟანრის მკითხველი ჯერ არ ხარ, მაშინ სამეცნიერო ფანტასტიკის კითხვა ამ წიგნით უნდა დაიწყოთ! აიზეკ აზიმოვის უკვდავი წიგნი „მე, რობოტი“ სრული სახით, სწორედ ისე, როგორც ავტორმა დაწერა, საბჭოთა ცენზურის გარეშე.


თავბრუდამხვევი ამბები რობოტებსა და ადამიანებზე, ალტერნატიული ისტორია, წარმოუდგენელი სიუჟეტი. ბოლოს და ბოლოს, მოვახერხებთ ჩვენ შორის არსებული რობოტები ადამიანებისგან გავარჩიოთ?


ალექსანდრე აბაშელი


რაკი ფანტასტიკაზე ვსაუბრობთ, მაშინ ჟანრის ქართულ სათავეებსაც ჩავხედოთ. წაგიკითხავს მეოცე საუკუნის პირველი ნახევრის ქართული ფანტასტიკა? საოცარი ამბავი პლანეტაშორის სიყვარულზე, გრძნობაზე, რომელსაც ვერცერთი სინათლის წელიწადი ვერ აშორებს და ვერც შავი ხვრელი ემუქრება.


საოცარია, რომ საბჭოური ლიტერატურის ჩარჩოებში მოქცეული შესანიშნავი ქართველი მწერალი წერს სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის რომანს, სადაც ბევრი რამ ისეთი წარმოუდგენელი წინასწარმეტყველური სიზუსტით აქვს აღწერილი, რაც მხოლოდ განსაკუთრებული ფანტაზიის მწერალს შეუძლია. საერთაშორისო სათანამგზავრო კომუნიკაციები, კოსმოსური ხომალდის არსებობა, ელექტრონული ძრავები, ატომური იარაღი, კოსმოსური სკაფანდრი, ცენტრიდანული ძალის გავლენით ხელოვნური მიზიდულობის ძალის შექმნა....ეს ყველაფერი ახდენილი რეალობაა, რომელზეც ჯერ კიდევ გასული საუკუნის დასაწყისში ალექსანდრე აბაშელი მოგვითხრობდა - პირველი ქართველი ფანტასტი მწერალი...


ჩვენ სალტკროკელები ვართ - ასტრიდ ლინდგრენი

რომელია ზაფხულის მთავარი წიგნი? დიდხანს ვიფიქრეთ, ასტრიდ ლინდგრენის „ჩვენც სალტკროკელები“ გვეთქვა თუ ჯერალდ დარელის „ჩემი ოჯახი და სხვა ცხოველები“. ვიფიქრეთ, ვიფიქრეთ და გენიალურ დასკვნამდე მივედით - ორივე!


ჯერ ერთი, მერე მეორე, ჯერ მეორე, მერე პირველი. ამაზე უკეთესო ტექსტები ახალი სივრცის აღმოჩენაზე, მზით გაცისკროვნებულ ბედნიერებაზე, თავგადასავლებზე, სიყვარულზე და უბრალოდ, ცხოვრების სიმსუბუქეზე არ არსებობს!


14 კრისტალის თეორია - ნილს სიმეონი

ნილს სიმეონის ფსევდონიმი ქართველ მწერალს, გიორგი მასხარაშვილს ეკუთვნის, სწორედ მისი წიგნი „14 კრისტალის თეორია“ უნდა წაიკითხოთ ამ ზაფხულში.

 

ფინეთის პატარა სოფლის მახლობლად, უცნაურ ტყეში, სადაც მუდმივად ზამთარია, ცხოვრობს უგო – პატარა ბიჭი, რომელსაც გარესამყაროსთან ურთიერთობას უკრძალავენ. სასახლეში გამოკეტილი უგოს ერთადერთი იმედი ინგეა – კეთილი და მამაცი გოგონა, რომელიც არც კი იცნობს მას, მაგრამ ძალებს არ იშურებს მის დასახსნელად.


ბავშვების ხიფათით სავსე თავგადასავალი კი მას მერე იწყება, როცა ინგე უგოსგან უცნაურ შეტყობინებას მიიღებს. შეძლებენ კი ბავშვები, გაუმკლავდნენ დიდ ბოროტებას, რომელიც მხოლოდ მათ კი არა, მთელ კაცობრიობას ემუქრება მეცნიერების სახელით?" 



ბოლო პუნქტი შენზე იყოს, შენ დაამატეთ, შენ მოძებნეთ. ელექტრონულ თაროებსა თუ დამტვერილ ბიბლიოთეკაში აუცილებლად არის ერთი წიგნი, რომლის ყდაც აქამდე არ დაგინახავს, რომელიც აქამდე არასდროს შეგხვედრია და სწორედ ამ ზაფხულში უნდა აღმოაჩინო!


ავტორი: saba.com.ge