თავგადასავლებით სავსე ზაფხული

კითხვის მოყვარულთა ზაფხული სხვა სეზონებისგან სრულიად განსხვავდება. ეს ის დროა, როცა შერჩეული წიგნების მორევში თავდავიწყებით შეგიძლია გადაეშვა ხოლმე. თუ შენ ამ ადამიანთა კატეგორიას მიეკუთვნები და გინდა წაიკითხო შენი თანატოლების საზაფხულო თავგდასავლები ხიფათით, სიკეთით და აღმოჩენებით სავსე, მაშინ ეს სია ნამდვილად საშენოა.

ენიდ ბლაიტონი - „ხუთეული განძის კუნძულზე“

ენიდ ბლაიტონი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საბავშვო მწერალია. მისი წიგნები თითქმის ყველა ენაზეა თარგმნილი და 500 მილიონზე მეტი ეგზემპლარია გაყიდული.


ენიდ ბლაიტონმა 600-ზე მეტი წიგნი და ასობით მოთხრობა დაწერა. ყველაზე პოპულარული სერია „ცნობილი ხუთეულია“, რომელიც პირველად 1942 წელს დიდ ბრიტანეთში გამოიცა. მწერალი 1897 წელს ლონდონში დაიბადა.


„ხუთეული განძის კუნძულზე“ ცნობილი ხუთეულის ამბების პირველი წიგნია და აქ მოვლენები ზუსტად ზაფხულში ვითარდება. ჯულიანი, დიკი და ენი საზაფხულო არდადეგებს ბიძაშვილთან, ჯორჯთან ატარებენ. ჯორჯის ნამდვილი სახელი ჯორჯინაა, თუმცა ყველა ჯორჯს ეძახის, ვინაიდან ასე ითხოვს. ტიმი – ჯორჯის ძაღლი – ბავშვების განუყრელი მეგზურია. ადამიანებს ჯორჯი ტიმისადმი დამოკიდებულებით აფასებს – ვისაც ტიმი მოსწონს, კარგი ადამიანია, ვინც ტიმის ნდობას ვერ იმსახურებს, ეჭვს იწვევს და დიდი ალბათობით, მტერია.

ასტრიდ ლინდგრენი - „ყაჩაღის ასული რონია“

ასტრიდ ლინდგრენი მილიონობით ბავშვის უსაყვარლესი მწერალია. მთელ მსოფლიოში მას საუკეთესო საბავშვო მწერლად მიიჩნევენ. ​ასტრიდ ლინდგრენის წიგნების შთაგონება თავად ავტორის ბავშვობის წლებია. ის შვედეთში, ვიმერბის ფერმაში დაიბადა და ისეთივე ლაღი, მხიარული ბავშვობა ჰქონდა, როგორც მისი წიგნების გმირებს.


რონია მამაცი და უშიშარი გოგოა და ეს არცაა გასაკვირი, ის ხომ ძლევამოსილი ყაჩაღის – მატისის ასულია, თანაც ჭექა-ქუხილის ღამეს დაიბადა; სწორედ იმ ღამეს, როცა მეხმა ორად გააპო მატისის ციხე და მთლიანად შეცვალა ყაჩაღთა ბელადისა და მისი 12 ყაჩაღის ცხოვრება. სწორედ იმ ღამეს მატისის მოსისხლე მტერს, ბორკასაც შეეძინა ვაჟი – ბირკი…

მარკ ტვენი - „ტომ სოიერის თავგადასავალი“

„ტომ სოიერის თავგადასავალი“ მარკ ტვენის ყველაზე ცნობილი საბავშვო წიგნია, თუმცა, ავტორი თურმე დიდხანს ყოყმანობდა, არ იცოდა ვისთვის იყო მისი წიგნები– დიდებისთვის თუ ბავშვებისთვის.


მწერალმა ბოლოს ასე გადაწყვიტა: უმთავრესად ბიჭებისა და გოგონებისთვის ვწერდი, მაგრამ იმედი მაქვს, უფროსებიც წაიკითხავენ, რადგან ჩემი განზრახვა იყო, მათთვისაც გამეხსენებინა, როგორები იყვნენ ერთ დროს თავად ისინი, რას ფიქრობდნენ ან ამბობდნენ, ან რა უცნაურ ოინებს იგონებდნენ ხოლმეო. ამრიგად, ეს წიგნი თანაბარ სიამოვნებას მიანიჭებს ბავშვებსაც და უფროსებსაც.

ჰარპერ ლი - „ნუ მოკლავ ჯაფარას“

ნელ ჰარპერ ლი დაიბადა ალაბამაში, ქალაქ მონროვილში. იგი ავტორია ნაწარმოებებისა „ნუ მოკლავ ჯაფარას“ და „მიდი, დააყენე დარაჯი“.


ცნობილი მწერლის, ჰარპერ ლის რომანი “ნუ მოკლავ ჯაფარას’ თავის დროზე სამართლიანად აღიარეს ყველაზე ჰუმანურ ამერიკულ ნაწარმოებად.


დიდი დეპრესიის პერიოდში ალაბამის შტატის ერთ პატარა ქალაქში განვითარებული, 6 წლის გოგონას, ჯინ ლუიზა ფინჩის თვალით დანახული მოვლენები თანამედროვე მკითხველსაც ასწავლის, რა არის კარგი და რა – ცუდი, რომ ადამიანური წარმოდგენები ხშირად იცვლება, რომ ამქვეყნად ყველაზე მნიშვნელოვანი სიყვარული და სამართლიანობაა.

 როალდ დალი - „მატილდა“

როალდ დალს დიდ ბრიტანეთსა და მთელ მსოფლიოში ასე იცნობენ: ჯაშუში, სამხედრო მფრინავი, გამომგონებელი და შოკოლადის ექსპერტი; და რაც მთავარია, ავტორი უამრავი საოცარი წიგნისა, რომელთა შორისაა: „ჩარლი და შოკოლადის ქარხანა“, „მატილდა“, „დიკეგო“. როალდ დალი უელსში, ემიგრანტი ნორვეგიელების ოჯახში დაიბადა.


მატილდა ვუნდერკინდია – განსაკუთრებული ნიჭის მქონე გოგონა. პირველ კლასში შესვლამდე არა მარტო წერა-კითხვა და ანგარიში იცის, არამედ სქელტანიან რომანებსაც კითხულობს. მატილდას მშობლები უგულო და უყურადღებო ხალხია; არც გოგონას სწავლა-განათლებაზე ზრუნვით იკლავენ თავს და მის განსაკუთრებულ ნიჭსაც ეჭვით უყურებენ, უფრო სწორად, საერთოდ ვერ ამჩნევენ…


ავტორი: saba.com.ge