კოლექტიური ცეკვა ეგზისტენციალურ ნოტებზე
Tsa.Music...
„სამეგრელოში მოველ და საქართველო ვნახე – დიდი საქართველო!”
- ილია ჭავჭავაძე
სამეგრელო ძალიან დიდია. და, ამავე დროს, ძალიან პატარა. ისევე, როგორც მთელი საქართველო. თითქოს, რაღაცის მოსწრებაზეაო - მთაც აქვს, ზღვაც, სუბტროპიკული კლიმატიც, კანიონებიც, ტბებიც და ეს ყველაფერი სულ 10k კმ²-ზეა მოთავსებული. თუმცა ქვეყნის 3.5-მილიონიანი მოსახლეობიდან, 800 000 მეგრელია. ანუ სამეგრელო მართლაც დიდია.
თბილისიდან ზუგდიდისკენ მიმავალ გზაზე, დათო ტურაშვილი იმ ამბებს გვიყვება, სკოლაში რომ არ მოვისმინეთ, ან ისტორიის სახელმძღვანელოებში სრულიად უსიცოცხლოდ რომ დაგვიწერეს და ამიტომაც, ჩვენმა გონებამ სულაც აისხლიტა.
გზადაგზა შეხვედრილი ძეგლების დანახვაზე, რევ I მართლის, ჭყონდიდისა და ქართული ხისთაყვანისმცემლობის, ქეთევან წამებულისა და პორტუგალიელი პილიგრიმების, დაუდევრობით მდინარეში ჩაცვენილი მისი წმინდა ნაწილების, ქართველი ბებიების მიერ კახპად შერაცხული (დათოს აზრით კი სიყვარულით დაბრმავებული) კოლხი მედეას ამბებს ისეთი ემოციით იხსენებს, თითქოს გუშინ გაპარულ მეზობლის გოგოზე საუბრობდეს; და ისე ახლოს მოდიან ბუნდოვანი ისტორიული პერსონაჟები, რომ უნებურად მათი ქმედების თანაზიარი ხდები და ხანდახან უხერხულადაც კი გრძნობ თავს (საბჭოთა თუ პოსტსაბჭოთა ეპოქაში გაზრდილი ბავშვები განსაკუთრებით კარგად გამიგებენ) - მათ შესახებ მხოლოდ მოწიწებით, ექსკურსიამძღოლისთვის დამახასიათებელი შეჭმუხნული წარბებითა და დრამატული ტემბრით მოყოლილი ამბები გვახსოვს, რაც კიდევ უფრო დიდ დისტანციას გვიქმნიდა მოვლენებთან და პერსონაჟებთან.
ჩვენი პირველი გაჩერება მარტვილის მონასტერია. ეს ადგილი წარმართობიდან უახლეს ისტორიამდე არაერთ მისტიურ ამბავს ინახავს.
ამბობენ, რომ პირველი ტაძარი სწორედ იმ უზარმაზარი, მოჭრილი მუხის ადგილას აშენდა, რომელსაც ქართველი კერპთაყვანისმცემლები ადიდებდნენ („ჭყონდიდი“ - დიდი მუხა) და ზოგიერთი წყაროს თანამხმად, მსხვერპლად ბავშვებსაც კი წირავდნენ. სხვადასხვა დროს, ძირითად საგანმანათლებლო კერად, გადამწერ ბერთა სამყოფოდ და მრავალი ისტორიული პირის განსვენების ადგილად იქცა. ტურიკა საკურთხევლის წინ მყოფ, შელახულ საფლავის ქვასთან ჩერდება და გვიყვება, რომ აქ ანდრო დადიანი, ეკატერინე ჭავჭავაძის შვილი და პირველი ქართველი მსოფლიო დონის მოჭადრაკე განისვენებს, - „მსოფლიო ჩემპიონიც გახდა, ოღონდ არაოფიციალური, გენერალი იყო და არ შეიძლებოდა“,- გვიყვება ჩვეული უშუალო ემოციურობით და ცხოვრების მანძილზე ნანახ ათასობით ისტორიული საფლავის ქვიდან ეს პირველია, რომლის მიმართაც სენტიმენტები მიჩნდება. თუმცა ჩემთვის უკვე ახლობელი ანდროსა და მისი სამეფო ოჯახის შესახებ მოგვიანებით - როდესაც ზუგდიდამდე ჩავალთ.
მარტვილიდან ისე როგორ წავიდოდით, მსოფლიოში სახელგანთქმულ კანიონზე რომ არ შეგვევლო. თუ გაგიმართლებთ და სანაოსნო ტურზე ჩვენსავით მხიარული და საოცრად ენაწყლიანი გამცილებელი შეგხვდებათ, ისედაც საუცხოო გამოცდილება ერთიორად მრავალფეროვანი გახდება. სუბტროპიკული სიმწვანის ათასფერ ელფერს, კირქვულ ქანებს შორის გაჭედილ ზურმუხტისფერ დამდგარ წყლებსა და ჩამდინარ პატარ-პატარა ჩანჩქერებს შორის კვლავ დადიანები გვახსენებენ თავს: ოფუცხოლე, იგივე „დადიანების საბანაო“ კანიონის ყველაზე ცნობილი მონაკვეთია, რომელსაც გვერდს ვერაფრით აუვლით.
ჰოდა როგორც ჭეშმარიტ ექსკურსიას შეეფერება, ჰაერზე დიდხანს ყოფნის შემდეგ ძალიან მოშიებულების შემდეგი გაჩერება მეგრული ვახშამია. გზას კვლავ ტურიკას ისტორიები ამარტივებს - ამჯერად ამბებს ბაგრატ მეფის და ლიპარიტ ბაღვაშის დაპირისპირებაზე, ამ უკანასკნელის მიერ უძლეველი ვარანგების (ვიკინგების) დამარცხებაზე, მაშინდელი ბიზანტიისა და დღევანდელი რუსეთის მზაკვრული გეგმების პარალელებზე ვისმენთ.
ამასობაში, „მარტვილის ოდას“ მივადექით. ეს არც რესტორანია და არც სასტუმრო. კარში მასპინძლები - ქეთო და ზაზა გვეგებებიან. მათთან სტუმრობა ის გამოცდილებაა, რომელიც სამეგრელოში ჩამოსულებმა არაფრით უნდა გამოტოვოთ. წლების წინ თბილისიდან გადმოსახლებული წყვილი ყურძნის უძველესი საღვინე ჯიშების მოშენებითა და მეგრული მეღვინეობის ტრადიციის აღდგენითაა დაკავებული. როგორც თითქმის ყველაფერში, საბჭოთა ეპოქამ გასტრონომიული მრავალფეროვნებაც თითქმის გაგვინადგურა და მეღვინეობის მნიშვნელობა კახეთის გარდა, ფაქტობრივად, ყველა კუთხეში დააკნინა (მხოლოდ „დიდი ბელადის“ საყვარელი რაჭული უსახელოური და ხვანჭკარა თუ გადაურჩათ). იმდენად მყარად ჩაგვიბეჭდეს ეს სტერეოტიპი, რომ მათი „მჟავე“ ღვინის შექებას მშობლიური კუთხის უნიკალურობით საოცრად ამაყი მეგრელიც კი გაიკვირვებს.
არადა, გულწრფელად შემიძლია ვთქვა, რომ ქეთი ნინიძის და ზაზა გულუას მარნებში მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ღვინო ინახება. ქვევრში დაყენებული, ამავდროულად, საოცრად მსუბუქი - კენკრის, ტყემლისა თუ კონიაკის ნოტებით გაჯერებული, ჩაციებული თეთრი, წითელი და ლალისფერი ღვინო კიდევ უფრო ჯადოსნურს ხდის მასპინძლების გაშლილ სუფრას, რომელსაც „პურ-მარილზე“ მეტად „ეთნოგრაფიული სასწაული“ შეეფერება.
გებჟალია აფხაზური ძრძს საწებლით, კვარამკვარი, მეგრული ტორტუკა თაფლიანი ღომითა და ფელამუშის გულსართით, ჭადის ჩიფსები და გაძღირკიას სალათი - ყოველ კერძს თავისი ფესვები აქვს, რომელსაც ლამის წარმართობამდე მივყავართ: ასე მაგალითად, გაძღირკია შიმშილის ღმერთია, რომლის რიტუალსაც მეგრელები დიდ ოთხშაბათს ატარებდნენ - ჭინჭრის გუნდებს კედელს ესროდნენ და თუკი კედელს მიეწებებოდა, მაშინ დამდეგი წელიწადი შიმშილს არ მოუტანდათ.
შთაბეჭდილებებით, ისტორიებითა და საუცხოო კერძებით დატვირთულები, დასაძინებლად მივდივართ. დილით დადიანების სასახლე გველოდება. გზად ზუგდიდის მოწესრიგებული, გადამწვანებული ეზოები გვხვდება. ყოველი მათგანი ერთმანეთში გამავალი კარითაა დაკავშირებული, რომელსაც მეზობლები ერთმანეთს არასოდეს უკეტავენ. მსგავსად მოვლილი ეზოები ნაკლებადაა დამახასიათებელი დანარჩენი საქართველოსთვის.
დადიანების სასახლის ბაღში შესვლისთანავე ცხადი ხდება, რომ ესთეტური ლანდშაფტი მეგრელების გენეტიკური მისწრაფებაა. ერთადერთი შემორჩენილი ქართული სასახლე მაშინვე გაგრძნობინებს, რას გულისხმობდა ილია, როდესაც სამეგრელოში ნანახ „დიდ საქართველოს“ ახსენებდა.
სასახლის ტურზე დათოს გარეშე მივდივართ. თუმცა შიგნით არანაკლებ საინტერესო მთხრობელები გველიან. მუზეუმის თანამშრომელი ქალბატონი და სპეციალურად ჩვენი ვიზიტისთვის სენაკიდან ჩამოსული კოლორიტი, პაატა ქურდოვანიძე სამეგრელოს უკანასკნელი დედოფლის - ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანის, მისი მეგობრების - ევროპელი პრინცებისა და პრინცესების, რუსეთის ცარის კარის ინტრიგების და ეკატერინეს პოლიტიკური გამჭრიახობის შესახებ ამბებს ორ ხმაში აცოცხლებენ. მათ მონათხრობში ნახსენები სამუზეუმო ექსპონატები და ბატონი პაატას მიერ ჩამოტანილი უნიკალური საოჯახო ფოტოარქივი დადიანების ყოფას პირდაპირი მნიშვნელობით ხელშესახებს ხდის და უნებურად იმავე სიამაყით ივსები, რომლითაც მთხრობელები ორსაუკუნოვან ამბებს გიზიარებენ. ხვდები, რამდენად გამოგონილია „მეგრული სეპარატიზმი“, ჯერ კიდევ როდის ჩანერგა რუსეთმა ეს ყალბი ცნება და რამდენად ორგანულია საქართველოსთვის ძლიერი ქალების წვლილი თავისუფლებისთვის ბრძოლის ისტორიაში.
სასახლიდან სადილზე კიდევ ერთ ადგილობრივ კოლორიტს, ლოტბარ ბესო ჭითანავას „ფოლკლორის სახლში“ ვსტუმრობთ. ტანმორჩილი, წვერებიანი მასპინძელი თავისი ცხოვრების საინტერესო ამბებს იხსენებს, მეგრული ფოლკლორის მარგალიტებს ასრულებს და თან უგემრიელეს მეგრულ კერძებს ჩვენ თვალწინ ამზადებს. კიდევ ერთი დაუვიწყარი გასტრონომიულ-კულტურული გამოცდილების შემდეგ, სალომე დადიანისა და მისი მეუღლის, არშილ მიურატის (ნაპოლეონ III-ის დისშვილი) რეზიდენციისკენ მივდივართ; ბესოც მოგვყვება, თავისი მეგობარი პრინცესის მოსანახულებლად. ადგილზე დადიანი-მიურატების ფრანგი რძალი გვხვდება, რომელიც ევროპული სულით გაჯერებულ, ძველი თბილისური სტილის აგარაკზე გვმასპინძლობს და დადიანების ფაიფურის უნიკალური კოლექციით დაწყებული, ბატონიშვილების დღევანდელი ყოფით დამთავრებული, ყველაფერს გვიამბობს.
მესამე დღეს, გზად თბილისისკენ, ნოქალაქევსა და სალხინოში ვჩერდებით. კვლავ ვიწყებთ მოგზაურობას დროში, ნოქალაქევის ფენებს შორის - რომაული იმპერიის ქართულ არქეოპოლისში, ფარნავაზ მეფესთან და ქუჯისთან, ბიზანტიის იმპერიის ეპოქასა და ოდიშის მმართველების - დადიანების რეზიდენციაში.
სალხინოს დადიანების რეზიდენციის ბაღში, ასწლოვანი ჭადრებისა და ბზების გრძელ ხეივანში სეირნობისას, კიდევ ერთხელ რწმუნდები საქართველოს კულტურულ სიახლოვეში ევროპასთან.
ქეთო გიორგობიანი
Kashkash-ის თანამდამფუძნებელი
თბილისში დაბრუნებულს, კიდევ დიდ ხანს მიმყვება იმ ადგილების, ამბების, ლეგენდებისა და რაც მთავარია, ადამიანებისგან მიღებული ჯადოსნური მუხტი, რომლებთან ერთადაც სამეგრელოსა და დროში ვიმოგზაურე.
ამბობენ, მოგონებები უფრო ფერადია, ვიდრე აწმყოო. მაგრამ თუ ჩემსავით გაგიმართლებთ და მოგზაურობაში საკუთარ ისტორიებზე უზომოდ შეყვარებულ მთხრობელთან, ლოკაციაზე უზომოდ შეყვარებულ ორგანიზატორთან და უბრალოდ ძალიან კარგ ხალხთან ერთად მოხვდებით, 3 დღე უსასრულოდ გაწელილ ბედნიერებად იქცევა - აწმყოშიც და მოგონებებშიც.
ავტორი: ქეთო გიორგობიანი
ფოტო: მარიამ მერკვილაძე