ლიტერატურა

თარგმანის უწყვეტი ტრადიცია

მხატვრული თარგმანი, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ერთგვარად, ჯადოსნური ენობრივი მოვლენაა. ერთი ენიდან მეორეზე ტექსტის გადმოტანა თუ ხელახალი ქმნადობა, ზუსტი თარგმანი თუ პოეტური ვარიაცია, შემოქმედება თუ თანაშემოქმედება... ბიბლიის უძველესი თარგმანებიდან დაწყებული თარგმანის თეორიისა თუ პრაქტიკის საკითხებზე მსჯელობა, წერა, ლინგვისტური თეორიები, ლინგვისტური სკოლები, ცვლილებები - კვლევა თუ კამათი ალბათ არც არასდროს დამთავრდება.


ჩვენამდე მოღწეული პირველი ქართული ჰაგიოგრაფიული ძეგლის პერსონაჟს საღვთისმეტყველო ლიტერატურის ისეთი პირადი ბიბლიოთეკა აქვს, რომ მეცნიერები ერთხმად ასკვნიან- ქართული მთარგმნელობითი ტრადიციის სათავე ბევრად ადრე უნდა ვეძიოთ, ვიდრე, თუნდაც ჩვენამდე მოღწეული წერილობითი წყაროები გვამცნობენ.


და მართლაც, შეუძლებელია ორიგინალური ლიტერატურაა განვითარდეს და ისეთი ბრწყინვალე ნაყოფი მოგვცეს, როგორიც თუნდაც იაკობ ხუცესის ტექსტია, იმ ენაზე არსებული მთარგმნელობითი ტრადიციის გარეშე. ქართულ ლიტერატურას კი ეს ტრადიცია არადროს აკლდა.



მოდით, მოკლედ ჩამოვთვალოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი მთარგმნელობითი მოვლენა, რომელმაც ქართული ენის, ლიტერატურის, აზროვნების განვითარებაში უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა.



1.   ბიბლიის ქართული თარგმანები

ქართველი მემატიანის მიხედვით სახარება V საუკუნეში გადმოთარგმნეს წმ. ვახტანგ გორგასლის დედის - დედოფალ საგდუხტის (408-410 წ.წ.) თხოვნით. ჩვენს ხელთ არსებული ბიბლიის ქართული თარგმანის შემცველი უძველესი ხელნაწერები V-VII საუკუნის ხანმეტი პალიმფსესტური ხელნაწერებია, მაგ. ფრაგმენტები ე.წ. საბაწმინდური ოთხთავიდან, ესაიას წინასწარმეტყველებიდან,კაიროს გენიზას იერემიას ფრაგმენტები და სხვა. ეს და სხვა წერილობითი წყროები ამტკიცებს, რომ ქართულ ენაზე ბიბლია არაერთხელ ითარგმნა. უძველესი ბიბლიიდან დღესდღეობით ჩვენამდე ქართული ბიბლიის რამდენიმე მეტ-ნაკლები სისრულის კრებულმა მოაღწია. მათგან ყველაზე ადრეულია 978 წელს ოშკში ათონის მთის მოღვაწის, წარსულში სახელგანთქმული სარდლის იოანე (თორნიკეს) დაკვეთით გადაწერილი ნუსხა, რომელიც ოშკის ანუ ათონის ბიბლიის სახელითაა ცნობილი და ამჟამად ათონის მთაზე ინახება.


სავარაუდოდ, ყველაზე ადრე სახარება უნდა თარგმნილიყო, ჩვენამდე მოაღწია საახალების არაერთმა უძვირფასესმა ხელნაწერმა: შატბერდის ანუ ადიშის სახარება 897წ.; ურბნისის 906წ.; ოპიზის 913წ.; ჯრუჭის ანუ შატბერდის 936წ.; სინის მთის ოთხი ხელნაწერი X ს-ის ბოლო მეოთხედი.; წყაროსთავის Xს; ქსნის Xს.პარხლის 973წ. შატბერდის 936 წ... ძველი და ახალი აღთქმის წიგნების თარგმანს თავისი მოღვაწეობის დიდი ნაწილი დაუთმო ექვთიმე ათონელმა, მან თარგმნა სახარება-ოთხთავი, იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადება (აპოკალიფსი) და დავითნი;


სახარების თარგმანებს შორის უმნიშვნელოვანესია დიდი მოღვაწის, წმინდანისა და მთარგმნელის, გიორგი მთაწმინდელის რედაქცია. გიორგი მთაწმინდელის რედაქციის შემცველ ოთხთავთა შორის „ვანის ოთხთავი“ არის ერთ-ერთი საუკეთესო ხელნაწერი. მან ხელახლა თარგმნა ბიბლიის ზოგიერთი წიგნი (სახარება-ოთხთავი, სამოციქულო, დავითნი), სხვა წიგნები კი გაჩალხა და ბერძნულ დედანს შეაჯერა.

2.     ვისრამიანი

„ვისრამიანი” არის ქართული მთარგმნელობითი ტრადიციის შედევრი, ძველი ქართული მწერლობის ძეგლი, XI ს. სპარსელი პოეტის ფახრ ალ-დინ ასად გორგანის სამიჯნურო პოემის “ვის ო რამინის” პროზაული თარგმანი, შესრულებული XII ს. I ნახევარში. მისი თარგმნა მეთორმეტე საუკუნის მწერალსა და პოლიტიკურ მოღვაწეს, სარგის თმოგველს მიეწერება, რომელიც თამარის ერთგული მოკავშირე იყო და სწორედ მეფემ უბოძა თმოგვის ციხე და თმოგველობა. თმოგველი პოეტი იყო და ეს ამ საოცარ თარგმანში იკითხება, ზოგიერთ ეპიზოდში ავტორი ორიგინალური ტექსტის მეტაფორას თუ მხატვრულ სახეს განავრცობს, ცვლის და კიდევ უფრო მშვენიერს ხდის.


 „ვისრამიანი“ ქართული კულტურის განუყოფელ ნაწილად იქცა, ყველაზე პოპულარულ და საყვარელ წიგნად, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში, როგორც ოროგინალურ ქართულ ნაწარმოებს, ისე კითხულობდნენ.

3.     იოანე პეტრიწის მოღვაწეობა

იოანე პეტრიწი, შუასაუკუნეების ქართველი გენიოსი დიდი მთარგმნელიც იყო, სწორედ მისმა თარგმანების დიდი დამსახურებააა ქართულ ენაზე ფილოსოფიური თუ საღვთისმეტყველო ტერმინოლოგიის შექმნა და დახვეწა. მან ბერძნულიდან ხელახლა თარგმნა ბიბლიური წიგნები და იოანე სინელის „კლემაქსი“ („კიბე“). ბერძნულიდანვე გადმოაქართულა მეტაფრასული ჰაგუიგრაფიული საკითხავები — წმინდათა ცხოვრებანი და წამებანი (მაგ., ცნობილია თეოდორა ალექსანდრიელისა და მერკვირის „ცხოვრებანი“, ზოსიმესა და ბარბარეს „მარტვილობანი“), აგრეთვე იოსებ ფლავიუსის საისტორიო შრომა „მოთხრობანი იუდაებრივისა სიტყუადაასაბამობისანი“ („მსოფლიო ისტორის იოსიპოსისაჲ"),  არისტოტელეს ორი თხზულება: „ტოპიკა“ და „განმარტებისათვის“ („პერი-ჰერმენეია“), ნემესიოს ემესელის „ბუნებისათვის კაცისა“ (გამოიცა 1914), პროკლეს „კავშირნი ღვთისმეტყველებითნი“ („თეოლოგიის ელემენტები“). 

4.     ვახტანგ მეექვსე, სულხან-საბა ორბელიანი და „ქილილა და დამანა“

ქართულ ენაზე თარგმნის ძალიან საინტერესო ისტორია აქვს იგავ-არაკთა ვრცელი კრებულის, „ქილილა და დამანას“ (იგივე „ანვარი სოჰაილი“) თარგმანს, რომელიც დიდაქტიკურ-მორალური ეპოსის კლასიკურ ნიმუშად ითვლება და დღესდღეობით მსოფლიოს მრავალ ენაზეა თარგმნილი. იგი ვახტანგს უმძიმეს პირობებში უთარგმნია სპარსულიდან 1712-1714 წლებში ისპაჰანში, საქართველოში ჩამოსვლისას კი თავისი აღმზრდელისა და მასწავლებლის, სულხან-საბა ორბელიანისთვის მიუცია „გასაჩალხად“, მართლაც, სულხან-საბა ორბელიანს დაუმუშავებია ვახტანგის მიერ საოცარი სიზუსტით ნათარგმნი ტექსტი. შემორჩენილია, როგორც საკუთრივ ვახტანგ მეექვსის ვერსია, ასევე მათი თანაშემოქმედების შესანიშნავი ნიმუში. აღსანიშნავია, რომ ისტორიული წყაროების ცნობით,ეს ტექსტი არც შუასაუკუნეების ქართველთათვის იყო უცხო.

5.     მაჩაბლის შექსპირი

მეცხრამეტე საუკუნის ტფილისის ერთ-ერთი ყველაზე გამოუცნობი ამბავი ცნობილი მთარგმნელისა და საზოგადო მოღვაწის - ივანე მაჩაბლის გაუჩინარება იყო... მას მერე, რაც იგი სახლიდან გავიდა და გაურკვეველ ვითარებაში დაიკარგა, ათასი ვერსია გავრცელდა მის დაკარგვასთან დაკავშირებით. ზოგიერთი - მკვლელობის ვერსიას განიხილავდა და კონკრეტულ, ცნობილ პირებს ადებდა ხელს, ზოგი - სასიყვარულო სამკუთხედის დრამატული შედეგების შესახებ ჭორაობდა, ზოგიერთის ფანტაზია რელიგიურ სექტებსაც კი სწვდებოდა...

ასე იყო თუ ისე, დღემდე გაურკვეველია, როგორ დასრულდა ცხოვრება ადამიანისა, რომელსაც ალბათ ყველაზე დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული მთარგმნელობითი სკოლის წინაშე, რომელმაც ქართველ მკითხველს საშუალება მისცა მშობლიურ ენაზე წაეკითხა შექსპირი.


ავტორი: „საბა"