ყველა დროის საბავშვო ბესტსელერები

უცნაურია საბავშვო ლიტერატურის ღმერთი, მაგრამ ზუსტი და მართალი, ბავშვებივით. საბავშვო ტექსტი თუ გულწრფელი არ არის, თუ მასში ტყუილის თუნდაც პატარა მისხალია, ის ბავშვი-მკითხველის გულს ვერ მოიგებს. სამაგიეროდ, შეიძლება ზოგიერთმა წიგნმა ასწლეულებზე მეტ დროსაც გაუძლოს და მრავალი თაობის ბავშვების საყვარელ საკითხავად იქცეს.

ავიხსენოთ სხვადასხვა დროის ბესტსელერი საბავშვო წიგნები, იქნებ რომელიმე გამოგრჩა კიდეც?

ქართულით დავიწყოთ, არც მეტი და არც ნაკლები, იაკობ გოგებაშვილით. დიდი მოღვაწემ და მწერალმა მთელი თავისი ცხოვრება საბავშვო ლიტერატურას მიუძღვნა, „დედაენა“ და „საგანძური“ თავისი დროის ყველაზე პოპულარული წიგნები იყო, კარგადაც იყიდებოდა, იმდენად, რომ გოგებაშვილს ზოგიერთი ენამწარე ზურგსუკან „მოგებაშვილს“ ეძახდა.

უცნაური დროში მოგზაურობა გამოგვივა, მაგრამ, რასაკვირველია, შემდეგი წიგნი, უფრო სწორად, წიგნების სერია, ჰარი პოტერის ამბები უნდა იყოს, ორ ათეულ წელზე მეტი გავიდა, რაც რაც ჰარი პოტერი უეცრად აღმოჩნდა კინგს ქროსის პლატფორმაზე 9 და 3/4 და მასთან ერთად უამრავი მკითხველი ჩაითრია ჯოან როულინგის მიერ შექმნილმა ჯადოსნურმა სამყარომ, მკითხველთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება, ეს დაუსრულებელი სამყაროა, რომელიც დიდხანს არ დაკარგავს აქტუალურობას.

ცნობილი საბავშვო მწერლის, ბეატრიქს პოტერის „ბაჭია პიტერის ამბები“ იმ უკვდავ საბავშვო წიგნთა სიაშია, რომელიც უკვე ორ საუკუნეზე მეტი ახარებს და თავს აყვარებს ბავშვებს. ბეატრიქს პოტერი მწერლის გარდა, ილუსტრატორიც იყო, თავისი წიგნის პერსონაჟები თავად დახატა. დღემდე ამ წიგნის მიმართ ინტერესი არ იკლებს, ამას ადასტურებს ისიც, რომ ახალ-ახალი ეკრანიზაცია გამოდის ამ უსაყვარლესი ზღაპრების მიხედვით.

საბავშვო ბესტსელერების სია წარმოუდგენელია ასტრიდ ლინდგრენის წიგნების გარეშე, დღემდე პეპისა და კარლსონის ამბები უამრავ ენაზეა თარგმნილი, ამ წიგნებით იწყებენ კითხვას, ამ წიგნებს კითხულობენ ცხოვრების ბოლომდე, უფროსები, რომლებიც მაინც მარადიულ ბავშვებად დარჩნენ.

ანტუან დე სენტ ეგზიუპერის „პატარა პრინცი“ ამ სიის შემდეგი წიგნია. საფრანგეთში ის XX საუკუნის საუკეთესო წიგნად აღიარეს. გადათარგმნილია 250-ზე მეტ ენასა და დიალექტზე (მათ შორის ბრაილზე), მსოფლიოს მასშტაბით გაყიდულია 140 მილიონზე მეტი ეგზემპლარი და წარმოადგენს ყველა დროის ერთ-ერთ ბესტსელერს.

თუ თქვენ სასაცილო დათუნია, ვინი ფუუჰი არ დაგვიწყებიათ, მისი და მისი მეგობრების ამბებს კითხულობდით ბავშვობაში და დღესაც მოგყვებათ ეს ნაივური სიხარულის განცდა, რომელიც ამ ამბებს მოჰქონდა, მაშინ გილოცავთ, თქვენი საყვარელი წიგნი მსოფლიო ბესტსელერების სიაშია. არტურ მილნის „ვინი ფუუჰი“ დღესაც ძალიან უყვართ ბავშვებს კეთილი და გულწრფელი, სითბოთი სავსე ისტორიების გამო.

„ვეფხისტყაოსანი“ - არის თუ არა საბავშვო? არა, რასაკვირველია. კითხულობენ თუ არა ბავშვები? დიახ, კითხულობენ, სწავლობენ კიდეც. ყველაზე პოპულარული ქართული წიგნი სხვადასხვა დროის ბესტსელერი იყო, მაშინაც, როცა რუსთველის პოემას ხელით გადაწერდნენ, მაშინაც, როცა პირველი სასტამბო ვერსია გამოიცა და დღესაც, როდესაც თითქმის ყოველდღე გამოდის სხვადასხვაგვარად დასურათებული, ადაპტირებული, სხვადასხვაგვარ ყდაში ჩასმული სასაჩუქრე თუ ჩვეულებრივი „ვეფხისტყაოსანი“, ჰოდა, რატომაც არ შეიძლება, რომ ის ყველა დროის საბავშვო ბესტსელერების სიაში ჩავსვათ? ეს წიგნი ხომ ყველა თაობის მკითხველის საყვარელი წიგნი შეიძლება იყოს.



ავტორი: saba.com.ge