5 წიგნი აგვისტოს მიწურულისთვის

აფხულის ბოლო დღეებს თქვენც ებღაუჭებით ხოლმე? თითქოს გინდათ, უფრო ადრე თენდებოდეს და კიდევ უფრო გვიან ღამდებოდეს, ან სულაც, საერთოდ არ ღამდებოდეს, იმდენი რამე გინდათ მოასწროთ სექტემბრამდე, ჯერ კიდევ ბევრი ადგილია სანახავი, ბევრი ადამიანი გასაცნობი, ბევრი ხილის სალათი გასაკეთებელი და, რაც მთავარია, წასაკითხი წიგნებიც ბლომად დაგრჩათ.

მაშ, ასე, კიდევ რამდენიმე ახალი წიგნი, რომლის წაკითხვასაც მოასწრებთ აგვისტოს ბოლომდე, თუ, რა თქმა უნდა, კითხვას ახლავე დაიწყებთ

სულ ვლაპარაკობთ, რომ ქართულ ლიტერატურას მოზარდთათვის განკუთვნილი წიგნები აკლია, აი, ის წიგნები, რომელთაც მაშინ კითხულობ, როცა ტომ სოიერიც აღარ ხარ და ჯერ არც ახალგაზრდა ვერთერის ვნებანი განაღვლებს, როცა ბევრი თავგადასავალი გჭირდება, ან სულაც ყოფითი, ნამდვილი, რეალური ამბები შენზე და შენს მეგობრებზე.


„13 წლის ხარ და შენი ტყვეა“... გალაკტიონის ეს ლექსი ხომ გახსოვთ? რა სურთ ცამეტი წლის გოგონებს, როგორია მათი პრობლემები?


ცამეტი წლის ანას ჩვეულებრივი ცხოვრება სავსეა მძაფრი ემოციებით – სიხარულითა და დარდით, შეცდომებით, რომელთა გამოსწორებასაც ყოველთვის ვერ ახერხებს და ადამიანებით, რომლებთან ურთიერთობაც საკუთარ თავში სხვადასხვა თვისებას აღმოაჩენინებს ხოლმე.

ამიტომ წიგნში უამრავი კითხვაა, რომელსაც მოზარდი საკუთარ თავს უსვამს: რატომ ვიქცევი ასე და არა სხვაგვარად? ვინ არის ჩემი მეგობარი? როგორ მოვხვდით ერთ ოჯახში ამდენი განსხვავებული ადამიანი? მართლა მომწონს თუ არა ის, რაც მომწონს?

როგორ ფიქრობთ, რა მოხდება 2055 წელს? როგორ სამყაროში ვიცხოვრებთ? იქნება ომი? არა ქვეყნებს, არამედ პლანეტებს შორის? როგორ მოახერხებს კაცობრიობა ამ ომის მართვას და თავის გადარჩენას? რა როლი ექნება მას? და თუ სადმე ჩვენზე უფრო ჭკვიანი ცივილიზაცია არსებობს, რომელიც გამოგვიყენებს? რა მოხდება მომავალში, რომელიც ამავე დროს წარსული შეიძლება იყოს? დაიბენით? მაშინ ფილიპ დიკის ეს რომანი სათქვენოა.


რომანის მთავარი გმირი, ექიმი-ტრანსპლანტოლოგი, ერიკ სვიტსენტი, შემთხვევათა ჯაჭვის წყალობით, დამოკიდებული ხდება საომარ იარაღად ჩაფიქრებულ ნარკოტიკზე, რომელსაც შეუძლია, ადამიანი დროში ამოგზაუროს.

თქვენ ხომ იცით, რომ ფანტასტიკური ლიტერატურა ყველაზე რეალურ პრობლემებზე წერს? ჰოდა, იპოვეთ საკუთარი თავი ფანტასტიკურ რეალობაში.

ნობელის პრემიის ლაურეატი მწერლის, კაზუო იშიგუროს ყველა ნაწარმოები აქტუალური, მოთხოვნადი ხდება, ეს მწერლის ოსტატობის გარდა, იმ თემებითაცაა განპირობებული, რომელთაც ის ირჩევს. ადამიანი და მისი მარტოობა, სწრაფვა ურთიერთობებისკენ, ძიება ომის ფონზე, ომის, რომელიც ყველაფერს უკარგავს სახეს.

მოახერხებს ცნობილი დეტექტივი საკუთარი წარსულის, საკუთარი თავის პოვნას?

როგორ შეიძლება უცებ კომედია ტკივილიან ტრაგედიად იქცეს, როგორი ტკივილი იმალება წარსულის ერთი შეხედვით მსუბუქ, მარტივ ამბავში, პირველი ამბავი, უცნაური ქელეხია, სადაც სუფრის მასპინძელი, მეტსახელად ტრულაილა, ქელეხს უხდის თავის საოხრეს. მეგობრები ოხუნჯობენ, უჩვეულო ქელეხია, ღიმილისმომგვრელი, დასამახსოვრებელი თავგადასავალი. თამადად მოიწვევენ ლამარიეს, ბიბლიოთეკარ ქალს, ვინც სიყმაწვილეში „დაავაჟკაცა“ ტრულაილა. ანეკდოტური ატმოსფერო თანდათან იცვლება, ლამარიე ქარს და სუსხიან სიმართლეს შემოიყოლებს.


მეორე ამბავიც ქალზეა, მსახიობზე, რომელიც ახლა თავის მთავარ ვნებას, კლეპტომანიით ახორციელებს, ქალი ისტორიით, ამბებით და დაკარგული მახსოვრობით. მაშ, ქორწილი რაღა შუაშია? თავად გაიგებთ, როცა ამ რომანს წაიკითხავთ.


„არ ესმის დეას, მიდის დეა, გზადაგზა ფიქრობს: „ოკეანის იქით რომ დავბადებულიყავი, ჰოლივუდის ვარსკვლავი გავხდებოდი; მეყოლებოდა პირადი მცველები, წავიდოდი – წამომყვებოდნენ, მოვიპარავდი – გადაიხდიდნენ, ვიცხოვრებდი სამოთხეში“. – დეა იღიმის, ართობს დეას თავისი ფიქრი და ისევ ფიქრობს: „სამ მცველს გავიჩენდი – პატიკოს, პირგაპარსულ ყარაბას ბარაბასს და თომას. კაცები, ვისგან მოძღვნილი თესლიც ჩემმა კვერცხუჯრედმა ვერ გამოზარდა, დეას პირადი მცველები გახდებოდნენ. გადასარევი იქნებოდა. შავ კოსტუმებში გამოვაწყობდი, შავ ჰალსტუხს შევაბამდი თეთრ პერანგზე. შავსათვალიანი სამი მცველი რაციებით წამომყვებოდა მაღაზიაში, მოვიპარავდი – გადაიხდიდნენ, მოვიპარავდი – გადაიხდიდნენ. არა, თეატრალურ კვადრატში რომ აღმოვჩნდე, მეოთხე მცველიც საჭიროა. ვატუკუნა, ჰო, ვატუკუნა. მსახიობი, რეჟისორი, დრამატურგი, თეატრმცოდნე და მე შუაში, ყოველმხრივ დაცული“. – დეამ უეცრად მოიხელთა ის სილაღე, რასაც ელტვოდა.“

მართა ურუშაძის რომანი დაკარგვასა და პოვნაზეა, სად შეიძლება დაკარგო ძვირფასი ადამიანი, მხოლოდ ამ თუ სხვა სამყაროშიც? სხვადასხვა სამყაროებში მოგზაურობისას წიგნის თინეიჯერი გმირი საკუთარ თავს პოულობს. ამ რომანში ყველაფერია, რაც ახალგაზრდა მკითხველს დააინტერესებს - მისტიკა, რიტუალები, სექტა, დაკარგვა, პოვნა, სიყვარული, ერთგულება, მოკლედ, ყველაფერი, რისი წაკითხვაც ასე უყვარს მკითხველს.


„გვიანია, უკან ვეღარ დაბრუნდები. რომც გაქრე, მერე რა? ვერ იგრძნობ. წარმოიდგინე, შენი წასვლით რამხელა ენერგიას დაუტოვებ აქაურობას.


თვალები დავხუჭე და სწრაფად დავიწყე სუნთქვა. თავს ხან თანხმობის ნიშნად ვუქნევდი, ხან – უარყოფის.


– არ გაქრები. ჩვენი ნამდვილი მე გველოდება, წადი!

თვალები გავახილე.“


ავტორი: saba.com.ge