SPIRA RECORDS - ახალი ქართული ლეიბლი

Spira Records სამი ახალგაზრდა არტისტის მიერ ჩამოყალიბებული ლეიბლია, რომელიც ძირითადად ორიენტირებულია Deep/Hypnotic Techno ჟღერადობებზე და მიზნად ისახავს ამ კონკრეტული მუსიკალური მიმართულების პოპულარიზაციას როგორც ლოკალური, ისე საერთაშორისო მასშტაბით. ლეიბლი წარმოადგენს საერთო იდეის გარშემო გაერთიანებულ კოლექტივს, რომელიც აქცენტს აკეთებს ანდერგრაუნდ ელექტრონული მუსიკის უფრო სიღრმისეულ და ატმოსფერულ მხარეზე. ეს ერთი შეხედვით იდუმალი და მიმზიდველი სტილი, მსმენელში აღძრავს სურვილს, რომ უფრო ახლო კონტაქტში შევიდნენ მუსიკასთან, ჩავიდნენ მიწისქვეშა სამყაროს ღრმა შრეებში და გამოიკვლიონ თავად მათში თუ მათ გარშემო არსებული რეალობები.


„ტექნიკურად, ჰიპნოზი ძირითადად გამოწვეულია მუდმივად განმეორებითი რიტმებით, მდიდარი ტექსტურებით, კომპლექსური ხმის დიზაინითა და ღრმა მელოდიებით. სპირა რექორდსის სტილი სწორედ ღრმა და ჰიპნოტური ტექნოს მიმდინარეობის ბაზაზეა დაშენებული, მასთან ერთად აერთიანებს ექსპერიმენტული, დაბ და კლასიკური ტექნოს ელემენტებს, რაც საბოლოოდ ცდილობს შექმნას სპირას ავთენტური საუნდი“ -

ცოტნე მამაცაშვილი (TSOTT)

ლეიბლის სახელი მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან "spīrāre", რაც ნიშნავს სუნთქვას -  "to breathe" და მართლაც, ეს თითქოს სუფთა ჰაერის ღრმად  ჩასუნთქვას გავს, დროებით დაპაუზებას და არსებულ ქაოსში წამიერი სიმშვიდის პოვნას.

როგორც ჩანს, ლეიბლის დამფუძნებლების მთავარი მოტივაციაც სწორედ ამ სუფთა ჰაერის ნაკლებობა იყო.

ცოტნე მამაცაშვილი (TSOTT), გიო გუგავა (SOLARMENTAL) და გურამ ღარიბაშვილი (BLNDFLD) - სამი ქართველი არტისტია, რომელიც ამ კონკრეტული მუსიკალური მიმდინარეობის სიყვარულმა და რაღაც ახლის და საჭიროს შექმნის სურვილმა გააერთიანა.

„ერთმანეთი Bahn Records-ის შოუქეისზე ვიპოვეთ, კაფე გალერიში, სადაც ერთად ვუკრავდით. Bahn Records-ზე ჩვენი მუსიკა ცალ-ცალკე სამივეს გვქონდა დარელიზებული, ჩვენი ესპანელი საერთო მეგობრების დახმარებით კი მოვახერხეთ იდეების გაცვლა, ვიპოვეთ გადაკვეთის წერტილები და სწორედ ასე გაჩნდა სპირას პირველი ნაპერწკალი „ - გურამ ღარიბაშვილი (BLNDFLD)

„ლეიბლის აქტივობა პირველად 22 ნოემბერს, ჩვენი პოდკასტების სერიის გახსნით დაიწყო, სტუმრად ფრანგი არტისტი Clarence Rise გვყავდა, რომელმაც 1 საათიანი მიქსი ჩაგვიწერა. 11 დეკემბერს კი ლეიბლის სადებიუტო EP გამოვეცით, Tsott-ის შესრულებით, სახელად Breath, რომლის პრემიერა პლატფორმებზე TechnoTrippin’ და Indefinite Pitch-ზე გვქონდა" -

გიო გუგავა (SOLARMENTAL)

"ალბომის იდეა სწორედ ლეიბლის კონცეფციას უკავშირდება. მიზანი იყო მსმენელისთვის გაგვეღო კარი ლეიბლის სამყროში, რომელშიც ატმოსფერული ხმები პერკუსიულ რიტმებთან და ჰიპნოტურ ჟღერადობებთან ერთად ქმნიან იდუმალ ჰარმონიას" -

ცოტნე მამაცაშვილი (TSOTT)

პირველ დეკემბერს Spira Records-ის პირველი შოუქეისი შედგა, სადაც ლეიბლის წევრებმა რამდენიმესაათიანი სესია ჩაატარეს და მცდელობამ, რომ მსმენელისთვის ლეიბლისთვის დამახასიათებელი, ავთენტური ჟღერადობა გაეცნოთ, წარმატებით ჩაიარა.

ლეიბლის პირველი საერთაშორისო შოუქეისი, 2 თებერვალს, ბარსელონაში, კლუბ Laut-შია დაგეგმილი, რომელიც თამამად შეიძლება ჩაითვალოს ჰიპნოტური ტექნოს მექად. რაც შეეხება ლეიბლის მიზანსა და სამომავლო გეგმას, რელიზების, პოდკასტებისა და შოუქეისების საშუალებით მსმენელისთვის "Signature" საუნდის გაცნობა და ამ მიმდინარეობით უფრო მეტი ადამიანის დაინტერესება წარმოადგენს.

ავტორი : მართა გელიაშვილი