მუსიკა | ცა

SKAZZ - ხმაური ქუთაისში

“საკრალური ამინდია დღეს” და სანამ სექტემბერში შემორჩენილი აგვისტოს სიცხე უკანასკნელ ენერგიებს გამომაცლის, ჰოსტელის აივანზე ვზივარ და ძველ ქუთაისს შევცქერი, ირგვლივ კომფორტული სიჩუმეა, მაგრამ ყურებში ჯერ ისევ გუგუნებს ბარ “Old Galeon”-იდან გამოყოლილი ხმაური.

ხმაური, რომელიც ასე საჭიროა, ხმაური, რომელიც ქუთაისში 90-იანებში დაიწყო, შემდეგ თითქოს ჩაწყნარდა, მაგრამ ამ სიწყნარეს  SKAZZ არ ეგუება და საკმაოდ სწრაფი ტემპით, ქუთაისს ისევ მუსიკის ეპიცენტრად აქცევს საქართველოში .

SKAZZ-ის წევრები Ნოდო კუპრავა და საბა ვაშაყმაძე უკვე წლებია ერთმანეთს იცნობენ და SKAZZ-ის შექმნამდე არაერთ ბენდი მოიარეს ერთად თუ ცალცალკე, მათ შორის ჯგუფი “ანარეკლი”, რომელიც ლაშა გაბუნიას საავტორო გადაცემის სახელს ატარებს.

“ჩაწერის პროცესი ნოდოს ოთახში მიმდინარეობს. ვიკრიბებით ჩვენ ორნი და ვიწყებთ ახალ ან ძველ კომპოზიციაზე მუშაობას. სტუდიაც ჩვენი ძალებით ავაწყვეთ . თან ჩანაწერებს ვაკეთებთ და თან ვსწავლობთ ბალანსს და მიქსინგს. ყველაფერს ამარტივებს ის , რომ ყველაფერზე: მელოდიაზე, ტექსტზე ერთად ვმუშაობთ და ვართ ორინი. ორ ადამიანს შორის კი ეს მუსიკალური კომუნიკაცია უფრო მარტივია , თან ერთმანეთის კარგად გვესმის. ასე რომ, ორივე ვმუშაობთ როგორც ტექსტებზე , აგრეთვე ბასის , დრამის და გიტარის პარტიებზეც”

SKAZZ-ის მელოდიები მაგნიტივით მიგიზიდავთ, ის ხმაურივითაა, რომელშიც შორიდან მოისმის ლამაზი ბგერები და გონებაში შეღწევის შემდეგ სამუდამოდ იკავებს კუთვნილ ადგილს. კომპოზიციებში შეხვდებით საოცრად ლამაზ და მელოდიურ რიფებს, მსუყე ბასს, რითმს 4-4ზე, ნაცნობ, მაგრამ, ამასთანავე, ამოუცნობ სევდანარევ ტექსტებს, რომელიც ქართულ ენაზეა და იდეალურად ერწყმის პოსტ პანკს. ამ ყველაფერს აგვირგვინებს ვოკალში ბგერების მკაფიოდ და ინტენსიურად, ინტიმურად სიმღერა, რაც კომპოზიციებს სწორ სიმძიმეს მატებს. 


ცალკე სიამოვნებაა SKAZZ-ის ლაივზე დასწრება. ამაყი პერსონაჟები როგორ მღერიან და რა იდეალურად ეთამაშებიან მსმენელს, მათივე სიტყვებით:

“ჩვენი ადგილი ხალხში არის, ხალხთან ახლოს მეტი ემოციაა."

SKAZZ წელიწადზე მეტია შეიქმნა და  უკვე დააგროვა საკმაოდ დიდი რაოდენობა თავყვანისმცემლების, კომპოზიცია “MDEVARI” მათი 1-1 წარმატებული კომპოზიციაა, რომელიც ივლისის თვეში Spotify-ზე ქართველი მუსიკოსების ყველაზე მოსმენად ტოპ 10 კომპოზიციაში მოხვდა.

SKAZZ-ის წარმატებას ბევრი მიზეზი აქვს, მაგრამ გარდა მარტივად აკვიატებადი სიმღერებისა, მათი ხიბლი იმაშია, რომ ბენდი გულახდილია.


ერთი შეხედვით, თითქოს ძალისხმევის გარეშე შექმნილი კომპოზიციები და DIY (Do It Yourself) მუსიკის შექმნის სტილი უფრო მეტად საინტერესოს ხდის მათ მუსიკას, ამის იდეალური მაგალითი ამ წლის ალბომი -  “UKHVI NALEKI”-ა.

ალბომზე ჩემთვის საინტერესო ფაქტი ისაა, რომ ის 6 საათში დაიწერა, ჩაიწერა და გავრცელდა, "ის ვქენით, რის ხასიათზეც ვიყავით იმ დღეს”.


კომპოზიციებში შეხვდებით Post-Punk, New wave, Cold-wave, Gothic, Dance-Punk ჟანრებს. ალბომი სავსეა მარტივი მელოდიებით, კომპოზიციებში გაისმის წყობიდან ამოვარდნილი ბგერები, რომლებიც თითქოს ზაფხულის სიცხეში დნებიან. EP-ის პირველ კომპოზიციაში “ACROPHOBIA” და “GANDE” Pop-Punk-ის ელემენტებსაც შენიშნავთ, რაც ამ კომპოზიციებს სახალისოს ხდის. “MADLIERI”-ის ვოკალის მანერა კი ცოტათი Gothic Rock-საც გაგახსენებთ. ალბომიდან Ჩემი საყვარელი კომპოზიცია კი - “SAKRALURI”, ალბათ, ყველაზე მეტად წააგავს SKAZZ-ის ჩვეულ ჟღერადობას - ნოყიერი ბასი, აკვიატებადი რიფი და რითმი 4/4ზე, რომლის დამსახურებით ერთ ადგილზე გაჩერება გაგიჭირდებათ. 

მიუხედავად იმისა, რომ “UKHVI NALEKI” ამ წელს შეიქმნა, ნოდო და საბა უკვე ახალ ალბომზეც მუშაობენ, რომელიც მათივე თქმით, სავსე იქნება მესიჯებით და უმეტესად ქუთაისის დიდების მემორიალის იდეის და მოგონებების გარშემო იქნება დაწერილი, საბას სიტყვები რომ გამოვიყენო - “მომავალს შეწირული აწმყო.” 


მემორიალი ქუთაისში 1980-იანი წლებში დაიდგა და მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებას მიეძღვნა, 2009 წლის 19 დეკემბერს მემორიალის განადგურებას შეეწირა დედა-შვილი, მემორიალის, რომლის ადგილასაც ახლა პარლამენტი დგას, მსმენელისთვის ახალი ალბომი ხელმისაწვდომი 10 ოქტომბრიდან იქნება.

ალბომის პირველი კომპოზიცია:

დარჩი და გადარჩი


მე კი კვლავ გავიხსენებ 


ამ მემორიალს

და მაინც, რატომ SKAZZ?

SKAZZ-ი ჩემს თავში არასაბავშვო ზღაპრების კრებულია, რომელშიც მიტოვებული და უფუნქციო შენობები მღერიან. 


ზუსტად ის შენობები, რომლებშიც ქუთაისის არაერთი ბენდი ახალ სიცოცხელს ჩუქნის, Მიუხედავად იმისა, რომ SKAZZ-ის წევრი ერთი შეხედვით მხოლოდ 2 ადამიანია, SKAZZ არის ბევრად მეტი, ის თითქოს არის გაერთიანება ადამიანების, მიმდევრობა, სახელად “2702”, რომელსაც ბენდის წევრები უშუალოდ კომპოზიციებშიც ახსენებენ, “ეს რიცხვები ემსახურება სევდიანი და მელანქოლიური ადამიანების ერთობას, ადამიანების რომლებმაც მოიწყინეს” ადამიანების, რომლებიც, ამ შენობებივით საკუთარი ადგილის და ფუნქციის ძიებაში არიან.

ბენდის წევრების თქმითვე, პოსტ-პანკზე გაჩერებას არ აპირებენ და გეგმაში მუდმივი ექსპერიმენტები აქვთ. დარწმუნებული ვარ SKAZZ-ს დიდი წარმატება ელის წინ და ჩემი რჩევაა აუცილებლად იყოლიოთ თქვენს მუსიკალურ რადარზე,


აქვე მინდა გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და მადლობა გადავუხადო ბარ “Old Galeon”-ის მფლობელ ანი ჯოხიას, რომელიც ყოველდღიურად უსასყიდლოდ უთმობს მუსიკოსებს ბარის სივრცეს სარეპეტიციოდ  და, რა თქმა უნდა, მადლობა სალომე ვარდანაშვილს ფოტოებისთვის და ქუთაისში კომპანიონობისთვის.

კეთილი იყოს თქვენი ფეხი Skazz-ის სამყაროში. 

გიტოვებთ ჩემს საყვარელ კომპოზიციას

ავტორი: გვანცა უთურა