ლიტერატურა

მეორე მსოფლიო ომი ლიტერატურაში

მსოფლიო ომი მთლიანად ცვლის სამყაროს, აზროვნებას, მსოფლმხედველობას და, რასაკვირველია, ლიტერატურასაც. ეს ერთგვარი წყალგამყოფია, ახალი სამყაროს, ახალი ერის დასაწყისი, როდესაც კაცობრიობა თამაშის ახალ წესებს უნდა შეეგუოს - სულერთია, გამარჯვებული და დამარცხებული.


მეორე მსოფლიო ომი თავისი სისასტიკით, ნაციზმის მოუშუშებელი ტკივილით, უამრავი დაღუპული ადამიანით და ახალი მსოფლიო წესრიგით დღესაც აქტუალური თემაა მეცნიერებისა თუ ხელოვნებისთვის, ლიტერატურა დღემდე კითხულობს იმ ურთულეს, სისხლითა და ტკივილით სავსე წლებს, როცა დედამიწას მსოფლიო ომის ქარცეცხლმა გადაუარა.


გავიხსენოთ რამდენიმე წიგნი, სადაც მეორე მსოფლიო ომის ამბებია აღწერილი:

წამკითხველი, ბერნჰარდ შლინკი


ბერნჰარდ შლინკის ნაწარმოები ტრაგიკულ და სევდიან, მაგრამ ძალიან ჩამთრევ და საინტერესო ისტორიას მოგვითხრობს, რომლის ეკრანიზაცია მაყურებელმა უკვე შეიყვარა. მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდის გერმანია, შეყვარებული მოზარდის მოგონებები და მისი სატრფოს, წარსულში საკონცენტრაციო ბანაკის თანამშრომელი ქალის გულისამაჩუყებელი საიდუმლო...წიგნი, რომელიც გამოსვლისთანავე ბესტსელერად იქცა, ითარგმნა 39 ენაზე, რომლის მიხედვითაც შეიქმნა ცნობილი ჰოლივუდური ეკრანიზაცია და დაჯილდოვდა უამრავი პრემიით. “წამკითხველი” ფაშიზმის კიდევ ერთი ლიტერატურული შეფასებაა, ფსიქოლოგიური დრამა საოცრად საინტერესო სიუჟეტითა და მოულოდნელი ფინალით. 



ანა ფრანკის დღიური, ანა ფრანკი


1947 წლის 25 ივნისს გამოქვეყნდა წიგნი, რომელმაც სულ სხვა, ობიექტური და ყველაზე მართალი - ბავშვის თვალით დაგვანახა ომის საშინელება...  ტრაგიკული ამბავი პატარა, ჭკვიანი, მეოცნებე გოგონასი, რომელიც კაცთმოძულეობასა და ფაშიზმს ემსხვერპლა.. პატარა გოგონა, ჭკვიანი, მეოცნებე, აზრიანი და ფიქრიანი, რომელიც მსოფლიოს თავისი დღიურის ფურცლებიდან ეხმიანება.

1942 წლის 12 ივნისიდან 1944 წლის 1 აგვისტომდე, როდესაც მისი ოჯახი ნაცისტებს ემალებოდა, გოგონა თავის ფიქრებს დღიურს უმხელდა.

"ანა ფრანკის დღიური" კაცობრიობის ომისა და სისასტიკის დღიურია, რომელიც ყოველდღე გვახსენებს, რომ უფროსების მიერ დაგეგმილ და განხორციელებულ ომებს ეწირებიან ყველაზე დაუცველი, უმანკო, მეოცნებე და გულუბრყვილო ადამიანები - ბავშვები.... 



ბიჭი ზოლიან პიჟამაში, ჯონ ბოინი


"არა, ეგენი არა. ის ხალხი, რომლებიც ჩემი ფანჯრიდან ჩანან. მოშორებით, ქოხმახებში. ყველას ერთნაირად რომ აცვია.


- აჰ, ის ხალხი? - მამამ თავი დააქნია და მსუბუქად გაიღიმა, - ის ხალხი... ისინი სულაც არ არიან ხალხი, ბრუნო"...


მეორე მსოფლიო ომი, ღობის სხვადასხვა მხარეს დარჩენილი ორი უდანაშაულო ბიჭის ამბავი, ჰოლოკოსტის სისასტიკის შეულამაზებელი თხრობა.

რა შეიძლება მოჰყვეს მშობლის სისასტიკეს? მშობლის გაუთვალისწინებელ თუ კარგად დაგეგმილ საქციელს? როგორია ბავშვური სიყვარულის და თანაგრძნობის საშუალებით ჩამოშლილი ეკლიანი ღობე საკონცენტრაციო ბანაკსა და თავისუფლებას შორის? ომის ბრმა ბედისწერა, რომელიც ყველაზე დიდ საფრთხეს ბავშვებს უქმნის...

მე ვხედავ მზეს, ნოდარ დუმბაძე


"ცა რომ სარკე იყოს, მაშინ ჩვენ ყველანი დავინახავდით ერთმანეთს, ვნახავდით, რომ არა ვართ ისე ცუდები, ჩვენ რომ გვგონია, არაფერი არ გვაქვს საჩხუბარი და ომები აღარ იქნებოდა... რა კარგი იქნებოდა, ცა რომ სარკე იყოს..."


ნოდარ დუმბაძის პროზისთვის მეორე მსოფლიო ომი ერთ-ერთი მთავარი თემაა. „მე ვხედავ მზეს“ ნათელი, გულისამაჩუყებელი, ნაღვლიანი იუმორით სავსე რომანია. გურული სოფელი, ომი, შიმშილი, თანაგრძნობა და სიყვარული, რომლის დანახვაც ყველაზე ბრმა თვალებსაც კი შეუძლიათ.

მირზა გელოვანის პოეზია


„ჰოდა, აი, "გამაწესეს", ანუ ნომერი დამაკრეს და წამართვეს საკუთარი გვარი და სახელი, რომ თუ ვინიცობაა... ნომრით გამომიცნონ. მე იგი სიკვდილის ანგელოზივით მძულს. რადგან სიკვდილის მერე კი არა, სიცოცხლეშიც არავინ მიცნობდა მე. რამდენჯერ მოვხვდი ქალაქის სამხრეთ სადგურში, რომელიც მუდამ სავსეა ქართველებით. მოდიან მზით დამწვარი ბიჭები და როცა ეშელონი ჩამოდგება, გუგუნებენ გაყინული ვაგონები: "ვაიმე ჩემო, ვაიმე ჩემო ვენახო"... მე, ერთი უბრალო ჯარისკაცი, არ ვფიქრობ ჩემზე. მე მათზე ვფიქრობ, მჭადით დაზრდილ შავტუხა ბიჭებზე და მენანება მათი უვაჟკაცოდ დატოვებული ოჯახები და მინდა მთელი ძალით ვიყვირო, რომ დაუბრუნონ ისინი საქართველოს მიწას, დაუბრუნონ ისინი და დაე, პირველმა ტყვიამ მიმსხვერპლოს მე. მოკლე ხანში შემასწავლეს საომარი ხელოვნება, თუ როგორ უფრო ადვილად შეიძლება მოკვლა მტრის. აღმოჩნდა, რომ ეს ბევრად უფრო ადვილია, ვიდრე ფიქრი სინტაქსზე. საინტერესოა, იბრძოლო იქ, სადაც შენს მამა-პაპას არ უბრძოლია არასოდეს. მე აღარ ვიცი - რა იქნა მირზა გელოვანი, რომელსაც ჰქონდა უდიდესი ოცნება და რწმენა გამარჯვების." - იწერებოდა ფრონტიდან ქართველი პოეტი, მირზა გელოვანი, რომლის პოეზია ომისა და სიყვარულის, მონატრებისა და დაბრუნების, ჯარისკაცის ფარაჯაში შენახული იების ულამაზესი ასახვაა. მირზა გელოვანი ომიდან არ დაბრუნებულა.


წიგნის ქურდი, მარკუს ზუზაკი


მეორე მსოფლიო ომი, პატარა გერმანული ქალაქი და გოგონა - ლიზელი, რომელიც საკუთარ თავს წიგნებში პოულობს. და თუ წიგნების სამყარო ასე ახლოს, ხელის გაწვდენაზეა, რატომ არ შეიძლება მალულად შეაღწიო მასში? მითუმეტეს, როცა გარეთ ომია, სარდაფი, სადაც დაბომბვისას იმალებიან. კიდევ ერთი წიგნი ბავშვების რთულ ბედზე ომის დროს, სადაც სიკვდილი მხოლოდ წიგნში კი არა, სინამდვილეშია.


წყარო: Saba.com.ge