წლის საუკეთესო რომანი და დაუსრულებელი რომანი ლიტერატურასთან

საბა

აგვისტო 08, 2022

სულ ცოტა ხნის წინ, ცხელ, მღელვარე, სხვადასხვა მოვლენებით დატვირთულ ზაფხულს ლიტერატურული ტემპერატურაც დაემატა- პრემია” საბას” მოკლე სია გამოცხადდა.

როგორც ყოველთვის, რამდენიმე ნომინაციას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა, რომანი ასეთ, განსაკუთრებულ ნომინაციებს შორის მთავარია. იქნებ იმიტომ, რომ ქართული ლიტერატურა ერთდროულად ძალიან კარგი რომანებით არის მდიდარი და ამავე დროს, სულ ახალ რომანს ეძებს და ელოდება. იქნებ იმიტომ, რომ ეს ურთულესი ჟანრი მსოფლიო ლიტერატურისთვისაც მთავარი ღერძი, მთავარი გამოწვევაა? ან იქნებ იმიტომ, რომ ამბები, რომელიც დღეს მსოფლიოში ხდება, სწორედ რომანით უნდა მოყვე?


მოკლედ, წელსაც, ისევე როგორც ყოველთვის, მოდით, გადავხედოთ წლის საუკეთესო რომანის თაროს, სადაც ოთხი სრულიად განსხვავებული და საინტერესო წიგნია.



მაშ, ასე წლის საუკეთესო რომანი:



არჩილ ქიქოძე


ხვლიკი საფლავის ქვაზე


სულაკაურის გამომცემლობა

არჩილ ქიქოძეს, ამბის საუკეთესო მთხრობელს ყოველთვის გულშემატკივრობს მკითხველი. ახალი რომანი დროთა დარღვეულ და აღდგენილ კავშირზეა, გულწრფელი, ნამდვილი სევდა და ნოსტალგია, სიკვდილი და სიცოცხლე, წარსული და აწმყო, თითქოს წყვეტილი, სტოკატოებიანი თხრობა, რომელიც გაბმულ ტექსტში ერთიანდება.


„მანანა წიგნს წერს გონებაში. ასე მითხრა. წიგნს, რომელსაც არ ექნება სიუჟეტი და რომელსაც არასოდეს დაწერს, მაგრამ აქ, თავის პატარა ეზოში, გამოიტანს ხოლმე სკამს, ჯდება და უცქერს გარშემო სამყაროს, სადაც იმდენი რამე ხდება და წერს წიგნს, თავს ირთობს. ჰოდა, იმ წიგნში მოხვდა გაჩერებული საათიც, რომელმაც თითქოს რაღაც სიმბოლური დატვირთვა შეიძინა მას მერე, რაც წიგნში გადასახლდა“ - ეს ეპიზოდია რომანიდან, თუ იმას არ ჩავთვლით, რომ ეს რომანი უკვე დაწერილია, ამ ამონარიდში აღწერილი სამყაროს ხედვა, ტექსტთან მიმართება, ამბების თხრობა და ამ თხრობით გართობა ერთგვარ ავტორისეულ სტილად იქცევა. ზოგიერთ მომენტში ტექსტის რიტმს პოეტური სუნთქვა ემატება, ერთგვარი პროზის პოეზია, რომელიც ასე უხდება არჩილ ქიქოძის პროზას.


„რომანის მთავარი გმირი წარსულის სურათებით, სევდით, ოცნებებით, სიყვარულითა და მარტოობით სავსე კაცია, რომლის ცხოვრებაც ფაზლის გაბნეულ ნაწილებს ჰგავს. მისი ფიქრების, განცდებისა და ემოციების კორიანტელში იკვეთება ნაწარმოების მთავარი სიუჟეტური ხაზი: პირველი მთხრობლის მეგობრის, მხატვარი გიგოს ტრაგიკული ცხოვრებისა და გარდაცვალების ამბავზე, მეორე კი მთავარი გმირის დედასთან სტუმრობისა და მათი სულიერი, ღრმა და უაღრესად ნატიფი ურთიერთობის შესახებ მოგვითხრობს.“ - ვკითხულობთ წიგნის ანოტაციაში.

ირმა ტაველიძე


ბნელ წყლებში


დიოგენე

დასრულებული, თვითკმარი, სრულყოფილი წინადადებები, ენობრივი ნაკადი, რომელიც გიჩენს განცდას, რომ კითხულობ ტექსტს, რომელზეც ავტორმა იმუშავა, ტექსტს, რომელსაც, პირველ რიგში, თავად ავტორმა მოუსმინა.


ტექსტი თვისობრივად თვითმყოფადია, გამოკვეთილი მახასიათებლებითა და თვისებებით. კითხვის რიტმით, ხმის სიმაღლით, შეგრძნებებით. თითქოს ერთგვარი წაკითხვის წესი ახლავს - ვერ ააჩქარებ, ვერ გაამკვეთრებ, აუცილებელია, რომ ამ წესებს მისდიო.


თუ შეიძლება კითხვის პროცესის აღმნიშვნელი ლექსიკა ამ წიგნთან მიმართებით შეცვალო, ალბათ, ცურვა, დანთქმა, ტკბობა, აუჩქარებელი წვდომა, ენობრივი გამოცანების ფრთხილი, თანდათანობითი ამოხსნაა. ისეთი ამოხსნა, როგორც პოეზიას უყვარს. პოეზიის ხსენებაა შემთხვევითი სულაც არაა, რადგან ტექსტი თითქოს ერთი გაბმული ლექსია, სევდით, მეტაფორით, შეგრძნებებით. ამბავი ისევე ნელა, თავისთავად იხსნება, როგორც კარგი მეტაფორა. 


პერსონაჟებიც ამ საერთო კონცეფციის ნაწილია, მღვრიედ, ფრთხილად, თანდათანობით იცვლებოდეს ფოკუსი. მიუხედავად ცენტრალური, საკვანძო პერსონაჟებისა, აქ ყველა მთავარია, დასამახსოვრებელი, დაუვიწყარი დეტალებით, მაგრამ არცერთი პერსონაჟი არაა მკვეთრი. პერსონაჟები და ამბები ამ საერთო რიტმსა და ხმას ემორჩილება, ერთიან ტექსტურ ქსოვილშია მოქცეული.

 გიორგი ხარაიშვილი


ბნელია გზა - პირველყოფილი წყვდიადი


პალიტრა L

მიუხედავად ფენტეზის პოპულარულობისა, ბევრი მკითხველი (და ლიტერატურის კრიტიკოსი) დღემდე ეჭვით უყურებს მას. თვლის, რომ ის ლიტერატურის არცთუ ყველაზე სერიოზული და მნიშვნელოვანი ნაწილია. თუმცა, რასაკვირველია, ასეთი მსჯელობა პოსტტოლკინისეულ სამყაროში არც ისე ობიექტურად გამოიყურება. ფენტეზი უკიდეგანო ფანტაზიისა და ცოდნის ჟანრია, რომელიც ქმნის ახალ ლიტერატურულ სამყაროს და თანამედროვე მკითხველს ამ ფანტასტიკურ სამყაროებში ამოგზაურებს.


ქართული ჟანრული ლიტერატურა თანდათან იდგამს ფეხს, უკვე ცნობილ ავტორებს ახლებიც ემატებიან, ქართული მითოსის ხელახალი გააზრება თუ მსოფლიო ლიტერატურული ტრადიციებისთვის ფეხის აწყობა ახალ და საინტერესო ტექსტებს გვაკითხებს.


რომანის ნომინაციაში ფენტეზის ჟანრის რომანი ერთგვარი შინაარსობრივი იშვიათობაა „საბას“ ისტორიისათვის და, ამდენად, ძალიან საინტერესო.


გიორგი ხარაიშვილის რომანი ფენტეზის საინტერესო სამყაროში ამოგზაურებს მკითხველს, ეს მასშტაბური ტილო შუასაუკუნეების ბნელ, სასტიკ და მკაცრ გარემოს აცოცხლებს. „სიბნელის შვილებმა ყველაზე უკეთ იციან სინათლის ფასი...“ პატარა სოფლელი ბიჭი, მამის სახელოვან საბრძოლო მოგონებებსა და ზღაპრებზე რომ გაიზარდა, საკუთარი გზის პოვნას ცდილობს, სახელსა და დიდებაზე ოცნებობს. საინტერესო სიუჟეტის გარდა, წიგნი მოიცავს დაფარულ ხაზებს და გამოცანებს, საიდანაც დამატებითი შინაარსის ამოკითხვა მკითხველებს თავად შეუძლიათ. 

ილია ჭანტურია


გემი დავლანდე


არტანუჯი

ახალგაზრდა მწერლის ილია ჭანტურიას სადებიუტო კრებული 2019 წელს პრემია „საბას“ მოკლე სიაში იყო წარმოდგენილი, ამჯერად, წლის საუკეთესო რომანის წოდების მიღებისთვის მისი რომანი „გემი დავლანდე“ იბრძოლებს.


ილია ჭანტურია ქართული პროზის ახალი სახეა. ახალ რომანში მოქმედება ძალიან საინტერესო დროს ვითარდება, 1905 წელს, როდესაც რევოლუციის ტალღა მთელს რუსეთის იმპერიას ედება და მათ შორის საქართველოსაც. საქართველო ხდება ნაწილი იმ აჯანყებისა, რომელიც მომავალში საფუძვლად დაედება როგორც ქვეყნის პირველ რესპუბლიკას, ამასთანავე ბოლშევიკურ რევოლუციასაც. ქართველი რევოლუციონერი ემიგრანტების მიერ გამოგზავნილი, ტყვია-წამლით დატვირთული გემი „სირიუსი“ დიდი ცვლილებებისა და მოვლენათა განვითარების მიზეზი ხდება. რომანის ძირითად სიუჟეტურ ხაზს საფუძვლად უდევს ქართველი სოციალისტ-ფედერალისტის გიორგი დეკანოზიშვილის მემუარები.


„რა დროა და სულ სხვა დროა ახლა, სულ სხვა“.. „რა დროა“ - ამ ფრაზას, სხვადასხვაგვარ კონტექსტსა და სიტუაციაში ხშირად ნახავთ წიგნში, ზოგჯერ ის ტექსტის რიტმს განაპირობებს, ზოგჯერ-პერსონაჟთა ამოძახილია და ყოველ ჯერზე, გინდა უპასუხო - „ახლა ზღვაა, ახლა სისხლის დროა“. მართლაც ასეა, ახალი ეპოქის დასაწყისზე მოგვითხრობს წიგნი. ტექსტის ზედაპირს მიღმა რაღაც მოუსვენრობა, საფრთხე, ნაღმი იგრძნობა, დაძაბულობა, რომელიც არ იცი, რა შედეგს მოიტანს.


განსაკუთრებით აღსანიშნავია ტექსტის ენა, თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში ენობრივი ექსპერიმენტები უცხო არაა, კოტე ჯანდიერის, აკა მორჩილაძის და სხვათა ლინგვისტური თამაშები დროსა და სივრცეში გვამოგზაურებს. ილია ჭანტურიას ამ რომანის მთავარი ხიბლი, მთავარი ოსტატობა სწორედ ენაა, ენა, რომელიც ერთდროულად ეპოქის სულის გაღვიძების საშუალებაცაა და თან, ლიტერატურული თამაშის ცდაც.

რამდენიმე სიტყვით მოგიყევით საუკეთესო რომანის ნომინაციაზე. მკითხველს ისღა დარჩენია, მოკლე სიაში წარმოდგენილ ახალ ქართულ რომანებს შორის თავისი ფავორიტი აარჩიოს და უგულშემატკივროს მას.



ავტორი: საბა

ფოტო: გურამ წიბახაშვილი, თინათინ კიღურაძე