ამბები, ამბები, ამბები - წლის საუკეთესო პროზაული კრებული

რა არის ლიტერატურა? ამ უკიდურესად გაცვეთილ კითხვას გავიმეორებ, რომელზე პასუხის გაცემა ყველა მკითხველს უჭირს. ბევრი რამეა ლიტერატურა, მაგრამ, უმთავრესად, ლიტერატურა ამბის თხრობაა, განსაკუთრებით, როცა პროზის ჟანრზე ვსაუბრობთ.

დავით კლდიაშვილის, ნიკო ლორთქიფანიძის, მიხეილ ჯავახიშვილის, რეზო ინანიშვილის, რეზო გაბრიაძის და სხვათა ქვეყანაში პროზა, განსაკუთრებით კი მცირე პროზა და მოთხრობა, ყოველთვის აქტუალური იყო. თუ რამეა ქართულ ლიტერატურაში განსაკუთრებული, ეს ქართული მოთხრობა და ქართული მოთხრობების ამბებია.

„საბას“ პროზაული კრებულის ნომინაციას წელსაც ბევრი ამბავი აქვს მოსაყოლი, მიუხედავად იმისა, რომ მოკლე სია მართლაც რომ მოკლეა და სულ სამი წიგნითაა წარმოდგენილი.

რუსუდან რუხაძე - „სიყვარულის წონა“

გამომცემლობა „ინტელექტი“


რუსუდან რუხაძეს უკვე აქვს „საბა“ ამ ნომინაციაში, შესაბამისად, კიდევ უფრო საინტერესოა, გაიმარჯვებს თუ არა მეორედ. არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ ახალი კრებული „სიყვარულის წონა“ სიყვარულის შესახებაა, რას იწონის სიყვარული? სიზიფეს ლოდივით მძიმეა თუ ისე მსუბუქი, რომ წამწამიც კი დაიჭერს?


რაზეა ეს წიგნი? რაზე და შეყვარებულ ადამიანებზე, რომელთაც გული ჩიტებივით უფრთხიალებთ.


„ბათუმი-თბილისის მატარებელში უკვე მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი, დიდი ხნის წინ ჩაფიქრებული კრებული სწორედ ჩიტების მონათხრობით ამეკინძა. ოღონდ ეს უნდა ყოფილიყო არა პირველი ან უკანასკნელი, არამედ ძნელად მოსაყოლი, მოუხელთებელი სიყვარულის ამბები, რომლისგანაც, შესაძლოა, მხოლოდ მინაზე არეკლილი სილუეტი, ლოცვის ტექსტი ან პიტნის სუნი შეგრჩეს თითებზე და მეტი არაფერი“.

ალეკო შუღლაძე - „ლაბირინთი მანუელისთვის“

გამომცემლობა „პალიტრა L”

ლიტერატურული თავგადასავალი გრძელდება ალეკო შუღლაძის მოთხრობების კრებულში „ლაბირინთი მანუელისთვის“. რომანის ნომინაციაში „საბას“ მფლობელი მწერალი ამჯერად მცირე პროზაული ჟანრით იწვევს მკითხველს საინტერესო და განსაკუთრებულ სამყაროში.


ადამიანი, საკუთარი თავის ძიება, გზა ცვლილებებისკენ, შიში, სინდისი, გაქცევის მცდელობა - კრებულში გაერთიანებული ექვსი მოთხრობის პერსონაჟებს სწორედ ეს პროცესი აერთიანებს, გზა საკუთარი თავისკენ, რომელიც ზოგჯერ შეიძლება რთული ლაბირინთიც აღმოჩნდეს.


მანუელს ჰგონია, რომ მანუელია, მაგრამ ასეა კი?


პასუხს ამ და სხვა კითხვებზე ალეკო შუღლაძის მოთხრობებში ან იპოვით, ან არა.

გიორგი სოსიაშვილი - „ოთხი მოთხრობა“

გორის უნივერსიტეტის გამომცემლობა


მწერალი გიორგი სოსიაშვილი თავისი მოთხრობების კრებულში ყველაზე ნამდვილ, თანამედროვე ამბებს ყვება.


„არის გარკვეული შემთხვევები, როცა ლიტერატურის და ტექსტის მნიშვნელობას ადამიანები ხელახლა გააცნობიერებენ და ემოციურად შეიგრძნობენ ხოლმე, ეს განცდა მქონდა, როდესაც გიორგი სოსიაშვილის წიგნს ვკითხულობდი. ეს პირადულია ავტორისთვის, და ეს პირადული იყო ჩემთვის, როგორც მკითხველისთვის, რადგან, ის რაც გადმოტანილია ამ ტექსტებში, არ არის თითეული ჩვენგანისგან განყებული მდგომარეობა. იოლი არ არის ტექსტმა მოახდინოს ასეთი ემოციური ზეგავლენა და მით უმეტეს ეს არის ძალიან გულწრფელად გამოხატული ზემოქმედება. გიორგი სოსიაშვილი ამას დიდი ოსტატობით ახერხებს“


- წერს ილიას უნივერისტეტის პროფესორი, ლიტერატურათმცოდნე, ბელა წიფურია წლის საუკეთესო კრებულის ნომინანტი ავტორისა და წიგნის შესახებ.

მაშ ასე, ქართული ლიტერატურა კვლავ აგრძელებს ამბების თხრობას და ამ ამბების ნაწილი ლიტერატურული პრემია „საბას“ წლევანდელი ამბების მთავარი ნაწილია. (ჰო, ტავტოლოგია სტილისტური ხარვეზია, თუმცა ზოგჯერ ძალიან საჭიროც!)


ავტორი: „საბა"

ფოტო: გურამ წიბახაშვილი, თინათინ კიღურაძე