პრემია „საბას“ პოეზიის თარო - მეტაფორები და პოეზია

 თუ ლიტერატურულ პრემია „საბას“ თვალს ადევნებთ და არც თანამედროვე მწერლების ახალი წიგნები გამოგრჩებათ ხოლმე წიგნის მაღაზიებში, დაგვეთანხმებით, რომ საქართველოში ძალიან საინტერესო ლიტერატურული პროცესია, აქტუალური, თანამედროვე, განსაკუთრებული წიგნები მკითხველის დიდ ინტერესს იწვევენ და სიყვარულსაც იმსახურებენ.

განსაკუთრებით საინტერესო და მრავალფეროვანია თანამედროვე ქართული პოეზია, ყოველ წელს, თუ პრემია „საბას“ პოეზიის ნომინაციას გულშემატკივრობთ, თუ ქართული პოეზია გიყვართ, მაშინ წელსაც ყურადღებით უნდა იყოთ, რადგან მისი უდიდებულესობა ქართული პოეზია ისევ თავის ერთგულ მკითხველებს ელის.


პოეზიის თარო წელსაც ფორმობრივი თუ შინაარსობრივი დეტალებით, თემატიკითა და გამოხატვის საშუალებებით, ავტორთა ესთეტიკითა და ინდივიდუალიზმით, განსხვავებული აქცენტებითაა დატვირთული.

ნუგზარ ზაზანაშვილი - „წავა, წავა, წავა“

გამომცემლობა „ინტელექტი“

ფოტო: ცირა ბარბაქაძე

რთულმა წელმა ბევრი საყვარელი ადამიანი წაიყვანა, მათ შორის, პოეტებიც, წელს პირველად, პოეზიის მოკლე სიაში იმ პოეტის წიგნია, რომელიც ჩვენ შორის აღარაა. პოეტი, ლიტერატორი, გარემოსდამცველი ნუგზარ ზაზანაშვილი რამდენიმე თვის წინ გარდაიცვალა, მისი პოეტური კრებული „წავა, წავა, წავა“ კი სხვა ავტორთა შორისაა წარდგენილი და კიდევ ერთხელ, პოეზიის უკვდავების მეტაფორას დაამტკიცებს, ავტორი აღარაა, პოეზია კი- ცოცხალია.

თეა თოფურია - „რატომ არ ხვდებიან ძაღლები სამოთხეში?“

saba.com.ge

ფოტო: გურამ წიბახაშვილი, თინათინ კიღურაძე

თეა თოფურიას, პოეტს, პროზაიკოსს და საბავშვო ავტორს ძალიან კარგად იცნობს თანამედროვე ლიტერატურის გულშემატკივარი მკითხველი. მისი პოეტური კრებული „რატომ არ ხვდებიან ძაღლები სამოთხეში“ ელექტრონული გამოცემაა და წაკითხვა მხოლოდ ელექტრონულად შეიძლება. ესეც ერთგვარი თანამედროვე მეტაფორაა, როდესაც ყველაზე თანამედროვე ფორმატში თავსდება ენის უძველესი ფორმა - პოეზია. თეა თოფურიას პოეზია ზუსტი ენობრივი ფორმულებით, შესანიშნავი მეტაფორებით, უმძიმესი თემების მსუბუქი ფორმით გამოხატვით გამოირჩევა. ეს ქართული პოეზიის გზაა, როცა სიკვდილი თამაშია, სიმღერაა, „თამაში და მღერაა“, როცა ყველაზე დიდი ტკივილიც პოეტის ენაზე მარტივად გადაიწერება.


წაიკითხეთ აქ.

ბესიკ ხარანაული - „ეჰ, ბესარიონ“

გამომცემლობა „ინტელექტი“

ფოტო: ნატა სოფრომაძე

ბესიკ ხარანაულის „ეჰ, ბესარიონ“ კიდევ ერთი პოეტური მეტაფორაა, რომელიც პოეტური ენერგიის მუდმივობის კანონს ამტკიცებს. ავტორი-სფინქსი, გამოუცნობი ავტორი, რომელიც მკითხველს კითხვას უსვამს, თუმცა პასუხს არ ელის.


„ალუზიათა და სენტენციათა მოზაიკა, არქაული ექოებით გამსჭვალული ულტრაბგერები, თხრობის ვირტუოზული სისადავე და დაუძაბავი სევდა ამ წიგნს წარუშლელ იდუმალებას სძენს. ეს იდუმალება კი ახალი ადამიანური გამოცდილებაა, რომელმაც თავდაპირველად პოეტის გულზე გაიარა.“


წაიკითხეთ აქ.

ეკა ქევანიშვილი - „ღარიბების ტრანსპორტი არსად გაჩერდება“

გამომცემლობა „ინტელექტი“

ფოტო: გურამ წიბახაშვილი, თინათინ კიღურაძე

თანამედროვე რთულ, პანდემიურ, სასტიკ ყოფაში პოეტი ერთგვარი მედიუმია, ვის გულზეც გაივლის ყველა ამბავი, რაც მსოფლიოში ხდება. ამ თვალსაზრისით, ეკა ქევანიშვილი, რომელიც ყველაზე სასტიკ და ნამდვილ ამბებს აქცევს პოეზიად, ერთგვარი ჟამთააღმწერელია, პოეტი, რომელიც თანამედროვე სამყაროს ლექსად გარდაქმნის, აღნუსხავს. 


"ეკა ქევანიშვილის ახალი კრებული „ღარიბების ტრანსპორტი არსად გაჩერდება“ აფეთქებისწინა გამაყრუებელი სიჩუმის ენერგიითაა დამუხტული; ამ ენერგეტიკულ ველშია თავმოყრილი ყველა ნერვული რეცეპტორი – პიროვნული თუ საზოგადო ყოფის გრაფიკული ანამნეზი. სასტიკი და რთული სოციალური სამყარო პოეტის მთავარი „გამღიზიანებელია“, მისკენ მიმართული პროტესტი კი პოეტურ მანიფესტაციად გვევლინება.“ - ვკითხულობთ წიგნის ანოტაციაში.


წაიკითხეთ აქ.

ნათია გიორგაძე - „ხმის მატარებელი“

გამომცემლობა „ინტელექტი“

ფოტო: გურამ წიბახაშვილი, თინათინ კიღურაძე

ნათია გიორგაძის „ხმის მატარებელში“ დიდი გამოცდილების ავტორის ახლებური, განსხვავებული ხმა გვესმის. „მატარებელი“ ომონიმურ მნიშვნელობას ატარებს, ეს მიმღეობური წარმოების სიტყვა უკვე არსებით სახელად იქცა და ტრანსპორტის კონკრეტულ სახეობას აღშნავს, მეორე მხრივ, კი თავის მიმღეობურ შინაარსს ინარჩუნებს და ნიშნავს ვიღაცას, ვინც რაღაცას ატარებს. ადამიანი ბევრი რამის მატარებელია, პირველ რიგში, ენის და ხმის, პოეტი სწორედ ხმის მატარებელია, ის თან ატარებს ხმას და თან ამ ხმით სხვადასხვა სამყაროებში მოგზაურობს და ადამიანთა დარდებს დაემგზავრება ხოლმე. პოეტური ექსპერიმენტებით აღსავსე ეს კრებული პოეზიის მოყვარულთა დიდ მოწონებას დაიმსახურებს.

ბელა ჩეკურიშვილი - „ნანას ცხენი“

გამომცემლობა „ინტელექტი“

ფოტო: ნატა სოფრომაძე

ბელა ჩეკურიშვილის „ნანას ცხენი“ ავტორის მეხუთე წიგნია ქართულ ენაზე. ეს ხედვების წიგნია, რეტროსპექტივის. წლების სიმაღლიდან საკუთარი ბავშვობის ხედვის, უცხოეთიდან საკუთარი სამშობლოს ხედვის, გარედან საკუთარი თავის ხედვის, საკუთარი წარსულის ხედვის, პოეზიის წარსულისა და მომავლის აღქმისა და გადააზრების წიგნი.


„პოეტს ეს კრებული საოჯახო ფოტოალბომად ჩაეფიქრებინა, და მეხსიერებაში ფოტოკადრებად შემორჩენილი ამბები საიმედოდ რომ შეენახა, ლექსის ფორმას მიანიჭებდა, ლექსისა, საიდანაც მოიღვრება სევდაც და დარდიც, ტკივილიც და ნაღველიც, და მოწვეთავს, მოწვეთავს ცრემლი.“ - წერს როსტომ ჩხეიძე ბელა ჩეკურიშვილის კრებულის შესახებ.


წაიკითხეთ აქ.

მოკლედ, წელსაც, ისევე, როგორც ყოველთვის, თვალი უნდა ადევნოთ ყველაზე მნიშვნელოვან, პოეზიის ნომინაციას, წაიკითხოთ, განიხილოთ, შეიყვაროთ ის, რაც ყველაზე მეტად „გვაქვს უთვალავი ფერითა“, ანუ ქართული პოეზია.


ავტორი: „საბა"