რომანი ლიტერატურასთან და წლის საუკეთესო რომანი

არცერთი ნომინაცია ისეთ განხილვასა და ვნებათაღელვას არ იწვევს, როგორც წლის საუკეთესო რომანის ნომინაცია, მთავარი კამათიც ამ ნომინაციის ხვედრია. და გასაგებია, რატომაც. რომანი - თავისი კომპოზიციით, განვითარებით, ენით, მოცულობით, მასშტაბით - ლიტერატურის უმნიშვნელოვანესი ჟანრია, ფაქტობრივად, ადამიანის ცხოვრებაა და განიხილო, შეაფასო და წაიკითხო ადამიანის ცხოვრება, ეს ხომ ასეთი დიდი პასუხისმგებლობაა?

ქართულ ლიტერატურას აქვს ჭეშმარიტად გენიალური რომანები, ჩამოთვლისგან თავს შევიკავებ, რადგან ყველანი ლიტერატურის ხიზნები ვართ იმ დროიდან მოყოლებული, ვანი რომ ზღვისპირა ქალაქი იყო, ხან გველის პერანგი და ხანაც სამოსელი პირველი გვეცვა თავისი თეთრი საყელოთი, წარმოსახვაში მთვარეც მოგვიტაცებია, მზეც დაგვინახავს და ძველი თოფი, ობოლეც გაგვისვრია, ღირსეულ ყაჩაღებსაც ბევრს შევხვედრივართ და უღირს დიდებულებსაც და „ვა, სოფელო“, რამდენი კარგი წიგნი გვაქვს წასაკითხიო-გვიფიქრია.

მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, წელს ოთხ მშვენიერ რომანს შორის მოგვიწევს არჩევა და ეს საერთოდ არ არის ადვილი, მითუმეტეს, რომ ოთხი სრულიად განსხვავებული ენობრივი კონცეფციისა და ესთეტიკის ავტორის წიგნია წარმოდგენილი.


თამთა მელაშვილი - „შაშვი შაშვი მაყვალი

სულაკაურის გამომცემლობა

ეთერო, რომელიც წიგნის მთავარი პერსონაჟია, ყველგან შეგხვდებათ, მაგრამ ვერასდროს ამოიცნობთ. ჩვენი საზოგადოება ჩაკეტილია ეთეროებისთვის, ისინი ეცოდება, მათ სტერეოტიპულად აღიქვამს, ქალები, რომლებიც მარტონი რჩებიან, ქალები, რომელთაც სიბერეში „წყლის მომწოდებელი“ არ ეყოლებათ, არადა, ეს ეთეროს თავისუფლებაა, მისი არჩევანი და პროტესტია.


„ასე უნდა და მორჩა. თავის არჩევანში შეუვალია, უნდა, დარჩენილი სიცოცხლე საკუთარი თავის ძიებაში გაატაროს, რისი საშუალებაც მანამდე არ მიეცა და იცის, რომ ოჯახის შექმნის და შვილების გაჩენის შემთხვევაში, ეს შეუძლებელი იქნება. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ძვირფასია ეს გადაწყვეტილება და როცა არჩევანის წინაშე დგება - აირჩოს საკუთარი ცხოვრება თუ საყვარელი კაცი, მასთან საერთო მომავლის შესაძლებლობა, ის თავის ცხოვრებას და მარტოობას ირჩევს“

- ამბობს ავტორი, თამთა მელაშვილი ჟურნალ „ინდიგოსთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

ეკატერინე ტოგონიძე - „შინ-შენ“

სულაკაურის გამომცემლობა

როდის მთავრდება ომი? მაშინ, როცა ცხედრებს ითვლი? როცა უღელტეხილზე მიდიხარ გაყინული, დაღლილი, ნახევრადმკვდარი? როცა ყოველ ჯერზე თავიდან გენგრევა სახლი თუ როცა, ბოლოს და ბოლოს, საკუთარ თავსაც აპატიებ და სხვასაც.


ნია მსახიობია, რომელიც თავისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი როლის წყალობით საკუთარ თავს უბრუნდება, დედა, რომელსაც სჯერა, ქალი, რომელიც პატიობს.


ეკატერინე ტოგონიძის ახალი რომანი ობიექტურ და სუბიექტურ ომებზეა, შიშზე, რომელზეც, როგორც ნაღმზე ფეთქდები და სიყვარულზე, რომელიც ყველა ომს უძლებს.


მითოლოგიაში ყველა ომი ქალის მიზეზით იწყება, ეკა ტოგონიძის ახალ წიგნში კი სწორედ ქალი ამთავრებს ომს.

ივა ფეზუაშვილი - „ბუნკერი“

გამომცემლობა „ინტელექტი“

ივა ფეზუაშვილის „ბუნკერი“ ალბათ ყველაზე მძაფრი და ნამდვილი წიგნია, რაც ბოლო დროს ქართულ ენაზე დაწერილა. აქაც ომი, ოღონდ ომი, რომელიც ომიდან გამოქცევის შემდეგ გრძელდება, ყოველდღიური, წუთებად გაწერილი ომი. თითქოს წამზომია ჩართული. დრო აქ ყველაზე მნიშვნელოვანია, წიგნის თავებიც სწორედ დროის აღნიშვნითაა დასათაურებული. თითქოს ყველაფერი რაღაც ტემპით დასასრულისკენ მიიწევს, ისე მიიწევს, რომ ამ ტემპის შესანელებლად ავტორი წერტილსაც იშვიათად იყენებს.


„ივა ფეზუაშვილის ახალ რომანში ყარაბაღის ომიდან თბილისში გამოქცეული სიმონიანების საგაა მოთხრობილი – ერთი ოჯახის ამბავი ერთი დღე-ღამის განმავლობაში. ყველა კონფლიქტი, დრამა და გამოცდა ერთიანად დაატყდებათ ამ წიგნის პერსონაჟებს, წარსულის დემონებიც იღვიძებენ და პრობლემის მარტივად, რაციონალურად გადაწყვეტის შესაძლებლობას არ აძლევენ“.


ავტორმა ამ წიგნისთვის წინანდლის პრემია დაიმსახურა, დაველოდოთ, როგორი იქნება „საბას“ შედეგები.

შოთა იათაშვილი - „დამწყები“

გამომცემლობა „პალიტრა L”

შოთა იათაშვილს, „საბას“ არაერთგზის ლაურეატს, პოეტს კარგად იცნობს მკითხველი, თუმცა მას, როგორც რომანის ავტორს, ახლა გაიცნობს.


„დამწყები“ ერთგვარი საგანმანათლებლო რომანია, რომელიც ცნობილი „ხუმარსწავლას“ ავტორს, იოანე ბატონიშვილის სულს ეძღვნება.


„"შოთა იათაშვილის "დამწყები" უცნაური, დროიდან ამოვარდნილი და ამავე დროს ძალიან დროული რომანია. ის ფორმის თვალსაზრისით საერთოდ არ არის უცნაური და საგანმანათლებლო რომანის საუკეთესო ტრადიციებს აგრძელებს, აგრძელებს ერთგულად და, ამავე დროს, აუცილებელი, გარდაუვალი განსხვავებებითაც. საგანმანათლებლო რომანებისთვის ტრადიციულად ორი მთავარი პერსონაჟია დამახასიათებელი: მასწავლებელი-მოსწავლის ტანდემი. ამ მხრივ "დამწყები" განსხვავდება თავისი წინამორბედებისაგან. ეს ერთი ადამიანის მიერ სამყაროს მაქსიმალურად შემეცნების მცდელობაა, მაგრამ მთავარი საშიშროება, რაც ასეთ ტექსტს შეიძლება დამუქრებოდა - ვგულისხმობ მოსაწყენ, არაფრისმთქმელ ეგზისტენციურ ბოდვას, თავიდანაა აცილებული. ანუ ეს არის ერთი ადამიანის გადაწყვეტილება, შეიმეცნოს სამყარო თავისთავად (და არა საკუთარი თავი), სამყარო კი არ დაიტიოს, თავად დაეტიოს სამყაროში. "დამწყები" ათწლეულების განმავლობაში მივიწყებული ჟანრის, საგანმანათლებლო რომანის, აღორძინების მნიშვნელოვანი და მხატვრულად წარმატებული ნიმუშია. ასეთი ტექსტები დაბადებისთანავე კლასიკად იქცევა ხოლმე..."

- ვკითხულობთ წიგნის ანოტაციაში, რომლის ავტორიც მწერალი დავით ქართველიშვილია.


მოკლედ, საბა წინაა და წლის მთავარი რომანის დასახელებაც, თუმცა მთავარი ალბათ ისაა, რომ არასდროს დასრულდეს მკითხველისა და ლიტერატურის რომანი რომანის ჟანრში თუ მის მიღმა.


ავტორი: „საბა"

ფოტო: გურამ წიბახაშვილი, თინათინ კიღურაძე