ქართული ლიტერატურის ამბები - წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა

თუ რომელიმე ლიტერატურულ ჟანრს აქვს აყვავებისა და აღორძინების პერიოდი, ეს ესეისტიკა და დოკუმენტური პროზაა. არამხატვრული, ე.წ. ნონფიქშენი მთელ მსოფლიოში ძალიან აქტუალურია, ადამიანებმა და მათმა ნამდვილმა ამბებმა წინა პლანზე გადმოინაცვლეს, ლიტერატურა უფრო დოკუმენტური, ზუსტი, ხელშესახები გახდა. 

ქართული ლიტერატურის ბოლო ათწლეულს თუ დავაკვირდებით, ამ ჟანრში ნამდვილი შედევრები შეიქმნა, ლიტერატურისა თუ ხელოვნების, ისტორიის ხელახალი გადაკითხვისა და გააზრების გარდა, ზეპირი ისტორიისა და დოკუმენტური ტექსტის განვითარებამ მოგვცა სრულიად ფანტასტიკური ახალი წიგნები.


„საბას“ ესეისტიკისა და დოკუმენტური პროზის თარო ყოველთვის გამორჩეულად მრავალფეროვანი და საინტერესოა, ასეა წელსაც, ვცადოთ და გადავავლოთ თვალი, მაინც რომელ წიგნებს შორის მოუწევს ჟიურის ამორჩევა? თანაც ახალი საკითხავი მოვიმარაგოთ:


მაშ, ასე, ეს ნომინაცია ასე გამოიყურება:



წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა:


არჩილ ქიქოძე

ნორვეგიული დღიური

სულაკაურის გამომცემლობა

ვინ მოგვითხობს მოგზაურობაზე ისე, რომ წიგნისთვის თვალის მოშორება გენანება და დაუფიქრებლად მიყვები ავტორს მოგზაურობაში? რა თქმა უნდა, არჩილ ქიქოძე, ყველაზე გამოცდილი მოგზაური-მწერალი. არჩილ ქიქოძის ნორვეგიულ ამბებში თქვენთვის უცნობ ადგილებში კი მოგზაურობთ, მაგრამ მთავარი აქ სულ სხვა რამეა - ადამიანები, რომელთა შესახებაც მწერალი ყვება. ადამიანები, როგორც დედამიწის მრავალფეროვნების საუკეთესო ილუსტრაცია, ადამიანები, როგორც ადგილები, სადაც დაბრუნება სულ გინდა...


“ჰანე ამბობს, რომ ლიტერატურა არ არის ახსნა იმისა, თუ რატომ არის რაღაცეები ისე, როგორც არის. ლიტერატურა არის სივრცე, სადაც შეგიძლია, თავი შეაფარო, იცხოვრო. ამბობს, რომ მას სჭირდება რომანი, წიგნი, სადაც იცხოვრებს, რომლის წერისას რაღაცას ისწავლის. რომანში მისი ყოფნა კი მისი ენაა, რომელიც უფრო მთავარია, ვიდრე სიუჟეტი.”


 „ეს წიგნი მოუსვენრობის მანიფესტია, ზოგან – სახალისო და ზოგან – ძალიან სევდიანი.“

ბიძინა მაყაშვილი

მხიარული მუსიკა სევდიან ეპოქაში ანუ ბლუზი მტკვრის პირას

სულაკაურის გამომცემლობა

როცა ბიძინა მაყაშვილი მუსიკაზე ყვება, ძნელია, ამას ყური მუსიკასავით არ დაუგდო. ბავშვობა, ახალაზრდობა, ქვეყანა რკინის ფარდებს მიღმა, სადაც მაინც შემოიპარა დასავლური მუსიკა, როგორ აღთქმული მიწა, როგორც თავისუფლების იმედი...


ამ წიგნში ბევრ პერსონაჟს შეხვდებით, ზოგი დიდი მუსიკოსია, ზოგიც პატარა რადიო, აი, ასეთი:

„კედელზე ეკიდა, როიალის თავზე. ავძვრებოდი როიალზე, ჩართვის ღილაკს გადავატრიალებდი და ხმას რომ ამოიღებდა, ხელს ვუსვამდი ხოლმე.“

მარიამ ხუცურაული

მარილი გემოვნებით

გამომცემლობა „პალიტრა L”

რა არის კულინარია? ეს ადამიანის სამყაროსთან ურთიერთობის, სამყაროსთან შეზავების, სამყაროს თაყვანისცემის უძველესი რიტუალია. სამშობლო, როგორც გემო, ადამიანები, როგორც ამ ერთიანი მაკროსისტემის შემადგენლები და ლიტერატურა, რომელიც ამ ყველაფრისთვის მარილია გემოვნებით. „წავედი ახლა, ვიდრე დღის სინათლეა, გავირეკავ ოჯახის ქალ-რძალთ პოეტისათვის ჭინჭრის საკრეფად.“- ამბობს ავტორი და გემრიელ ტრაპეზზე გვეპატიჟება.

გიგი ხორნაული

ცხოვრება ვაჟა-ფშაველასი

გამომცემლობა „მწიგნობარი”

რა ვიცით ვაჟა-ფშაველას შესახებ მისი გენიალური ნაწარმოებების მიღმა? როგორი კაცი იყო, რა უყვარდა, რა სწყინდა, რა უხაროდა? გიგი ხორნაულის ამ წიგნში ბევრ ისეთ რამეს გაიგებთ გენიოსის შესახებ, რაც არ იცოდით. მაგალითად, ვაჟა-ფშაველამ „ივერიის“ რედაქციის კიბეებიდან თვით სტალინი დააგორა, იცით, რატომ? რატომ და ეს ახალგამომცხვარი „მწერალი“ ილია ჭავჭავაძეს ემუქრებოდა, დამბეჭდე, თორემ ცუდ ამბავს მოგწევო. როგორია? კიდევ მეტი საინტერესო ამბავი კი ამ წიგნში შეგიძლიათ ამოიკითხოთ.

გიორგი ლობჟანიძე

ჩემი ფანჯრებიდან

გამომცემლობა „არტანუჯი“

ცნობილი პოეტისა და მთარგმნელის ავტობიოგრაფიული ტექსტი „ჩემი ფანჯრებიდან“ სირთულეებით, სიყვარულით, პროფესიული წინსვლით სავსე ცხოვრების გზის ყველაზე გულახდილი თხრობაა, „ესაა მისი მადლიერებისა და სიყვარულის გამოცხადება ყველასა და ყველაფრის მიმართ, რაც ებოძა ამ სამყაროში, ცხოვრების და შემოქმედების ძნელ გზებზე. ეს მიზეზი ძალიან მკაფიოდ ჩანს ყველა ეპიზოდსა და ნიუანსში, ამიტომ, თავიდანვე, პირველი აბზაცებიდანვე საოცარი კეთილშობილებით განაწყობს მკითხველს და ამ განწყობითვე თანამგზავრობს მასთან წიგნის ბოლო სტრიქონებამდე.“- წერს პოეტი ნინია სადღობელაშვილი ამ წიგნის შესახებ. მართლაც, ყველა ეპიზოდი ლიტერატურის, ადამიანის და ენის სიყვარულითა გაჯერებული:


„გული მწყდება, სიკვდილის მერე რომ ქართულად ვეღარ ვილაპარაკებ. ჩათვალეთ ახირებად, მაგრამ მაინც ასე მგონია, რომ ამ უსაყვარლეს ენას ჩემნაირად გემოს სხვა ვერავინ ჩაატანს. ჩემნაირად სხვა ვეღარავინ მოეფერება ქართულ სიტყვებს მთელი არსებით: ენით, სახმო სიმებით, ხორხითა და ფილტვით“.

გელა ჩარკვიანი

ENGLISH - როგორ ვისწავლე და როგორ ვასწავლიდი

გამომცემლობა „არტანუჯი“

„მშობლებს, განსაკუთრებით მამებს, სურთ მათმა შვილებმა იცოდნენ ზუსტად ის, რაც თავად იციან და მოსწონდეთ, ან სულაც უყვარდეთ ის, რაც თავად მოსწონთ და უყვართ. მეტიც, თუ შვილებმა იციან აუარებელი სხვა რამ, მაგრამ არა ის, რაც მამებმა, მშობლები მათ უცოდინრებად მიიჩნევენ. ამიტომაა, რომ დღესდღეობით ჩემი თაობის ხალხი ახალგაზრდებს განათლებულობას უწუნებს.“ - წერს გელა ჩარკვიანი ამ ძალიან საინტერესო წიგნში, რომელიც შესაძლოა ახალგაზრდა მასწავლებლებს პრაქტიკულ სახელმძღვანელოდაც გამოადგეთ. რა არის ენა? როგორია გზა სხვა ენაში შესვლამდე, რითი უკავშირდება ენა და ადამიანის ცხოვრება ერთმანეთს და, ბოლოს და ბოლოს, როგორც ვისწავლოთ, ვასწავლოთ ენა და ადამიანად ყოფნა?

ხასო ხანგოშვილი

ქისტები (100 ამბავი)

გამომცემლობა „არტანუჯი“

რა ვიცით ქისტების, ამ ლამაზი და ღირსეული ხალხის შესახებ? ეცნობი წიგნში შესულ ისტორიებს და ხვდები, რამდენი რამ გვაქვს საერთო ამ საინტერესო, ლამაზ და თავდადებულ ხალხთან - დამოკიდებულებები, ფასეულობები, სისუსტეები და ღირსებები, გამარჯვებები და ტკივილები... წიგნში ძირითადად ქედსგადმოღმა ქისტებზეა საუბარი, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზე, ჩვენს ერთგულ და ამაყ თანამოძმეებზე.


წიგნი, რომლის ავტორ-შემდგენელი ხასო ხანგოშვილია, ბევრ საინტერესო ამბავს მოგითხრობთ ქისტების ადათ-წესებზე, ძმადნაფიცობაზე, დაძმობაზე, სტუმარმასპინძლობასა თუ სისხლის აღებაზე; როგორ იბრძოდნენ დამპყრობელი რუსეთის წინააღმდეგ, ვინ იყვნენ პანკისის პირველი მოსახლეები, რა ურთიერთობა ჰქონდათ ვაჟა-ფშაველასა და ქაქუცა ჩოლოყაშვილთან. შეიტყობთ მათ ომებსა და თარეშებზე, მიუვალ, სალ კლდეებზე აშენებულ საბრძოლო კოშკებზე, იარაღის სიყვარულზე, ბავშვობიდან რომ მოსდგამდათ ვაჟებს. 

როგორც ხედავთ, ამბების ამ საოცარ კალეიდოსკოპში სულ მალე გამარჯვებულ წიგნსაც დაასახელებენ, თუმცა, მთავარი, მაინც ლიტერატურა და ამბებია, რომელიც თქვენ, მკითხველებმა არ უნდა გამოტოვოთ.

ავტორი: „საბა"

ფოტო: გურამ წიბახაშვილი, თინათინ კიღურაძე, რეზი ყენია