ლიტერატურა

კრიტიკა - ლიტერატურის სადარაჯოზე

„საბა"

დეკემბერი 07, 2021


კრიტიკის ნომინაცია ყოველ წელს ყველაზე მცირერიცხოვანია. ორი ან სამი საკონკურსო წიგნი- ეს ის რაოდენობაა, რომლითაც ნომინაცია უმეტესწილად იყო წარმოდგენილი მოკლე სიაში. წლევანდელი წელი, შეიძლება ითქვას, განსაკუთრებულია, რადგან, არც მეტი და არც ნაკლები, მთელი ოთხი წიგნია წარმოდგენილი, თან თემატურად და ესთეტიკურად განსხვავებული, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი კრიტიკული ნაშრომები.

მოდით, გადავხედოთ, როგორი კრიტიკული მოსავალი აქვს ლიტერატურას, რომელსაც აბრალებენ, რომ კრიტიკა საერთოდ არ აქვს.

ნანა ტრაპაიძე

„ლიტერატურა ლიტერატურის შესახებ“

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა

რა არის ლიტერატურა? რა კავშირია ლიტერატურასა და ხელოვნების სხვადასხვა დარგებს შორის, რა არის ფოტოგრაფია, კინო, მუსიკა? კომპიუტერული თამაშები, როგორც კინომემკვიდრე - ლიტერატურული პრემია „საბას“ ლაურეატის, ნანა ტრაპაიძის ეს წიგნი სახელმძღვანელოდაა ჩაფიქრებული, მაგრამ ფართო მკითხველისთვისაც ძალიან საინტერესო, პრაქტიკული და საჭიროა.


„ლიტერატურა ერთადერთი ხელოვნებაა, რომელიც მთლიანად ჩვენს წარმოსახვაში ხდება. ის არც აკუსტიკურია, არც – ვიზუალური. ადამიანის აღქმა ლიტერატურაში სრულიად თავისუფალია წარმოსახვითი ხედვისა და სმენისათვის. როგორც ანდრე ბაზენი ამბობს, ლიტერატურა ,,წინაკინოა“: ის, რაც მხოლოდ ცნობიერების ეკრანზე ხდებოდა, ტექნიკის საშუალებით კინოეკრანზე გადავიდა და განხორციელდა.“


„მარტივად რომ ვთქვათ, საგანი, რომელსაც საკუთარი თვალით ვხედავთ და იმავე საგნის ლიტერატურული ხატი იგივე არ არის. ამ სხვაობას ქმნის საგნების ის ინტენსიური და ექსტენსიური პოტენცია, რომელიც მას მხატვრულ სინამდვილედ ანუ უმაღლეს სინამდვილედ აქცევს და რეალურს წარმოსახვითის მიმართ სარწმუნოობის პრივილეგიას ართმევს, ან რეალობას ანიჭებს წარმოსახვითის ღირებულებით აურას.“


რატომ უნდა წავიკითხოთ „ლიტერატურა ლიტერატურის შესახებ? - ლიტერატურის გამო და ლიტერატურისთვის, რასაკვირველია.

ლევან ბრეგაძე

„პოსტმოდერნიზმი ქართულ მწერლობაში“

გამომცემლობა „არტანუჯი“

როგორია პოსტმოდერნიზმი ქართულ ლიტერატურაში? რით გამოირჩევა? რა ნიშნები აქვს, რომელი ჩვენთვის ცნობილი ქართული ტექსტები შეიძლება მივაკუთვნოთ პოსტმოდერნიზმს, საით მიდის ოცდამეერთე საუკუნის ლიტერატურა? ეს ყველაფერი მკითხველს ლიტერატორისა და კრიტიკოსის, „საბას“ პრემიის ლაურეატის, ლევან ბრეგაძის ახალ წიგნში ელის.


„ჩვენ უკვე პოსტმოდერნიზმისთვის დამახასიათებელი რამდენიმე თავისებურება ვახსენეთ: ინტერტექსტუალობა, ორმაგი კოდირება, ესეისტურობა, ეკლექტიკურობა, ნონსელექცია. ახლა შევეცადოთ, ამ ცნებებით შეიარაღებულებმა თვალი გადავავლოთ თანამედროვე ქართულ ლიტერატურას და ვნახოთ, არსებობს თუ არა ქართული პოსტმოდერნიზმი. თავიდანვე ვიტყვი: არსებობს უაღრესად საინტერესო ქართული პოსტმოდერნიზმი, არსებობს დიდი ხანია“.


„დროთა კავშირზე მინიშნება პოსტმოდერნიზმში უფრო მკაფიოდ სხვა ხერხის გამოყენებით ხდება: ისტორიული ეპიზოდის თხრობისას ავტორი თვითონაც ჩაერთვება ხოლმე მოქმედებაში და მერე ისევ თანამედროვეობაში ბრუნდება.“


თუ თქვენთვის ლიტერატურა მხოლოდ საინტერესო ამბების ძილის წინ კითხვა არაა, ეს წიგნი უცილებლად უნდა წაიკითხოთ.

გიორგი კაკაბაძე

„რისი თქმაც მინდა!“

გამომცემლობა „პეგასი“

 გიორგი კაკაბაძის ლიტერატურული წერილების წიგნში „რისი თქმაც მინდა“ კულტურისა და ლიტერატურის მრავალი საინტერესო საკითხია განხილული - ნაცარქექია, ყვარყვარე და თვითგადარჩენის ინსტინქტი, მდგომარეობა, როცა „საკუთარი უვიცობის, უხერხემლობის, ანგარების, კარიერიზმის, ილუზიებისა თუ შიშის გამო ხალხი იძულებულია, დროებით “ჭეშმარიტებებს” უერთგულოს და ქედი მოიხაროს ცხოვრების ზედაპირზე ამოტივტივებული შემთხვევითი ავანტიურისტების წინაშე”, თანამედროვე და კლასიკური ქართული და მსოფლიო ლიტერატურის ტექსტების ანალიზი, ქართული ლიტერატურის მთავარი აქცენტები და მსოფლმხედველობრივი დამოკიდებულება, პოეზია, პროზა, მხატვრობა, კულტურული და საზოგადოებრივი მოვლენები, ომი და მშვიდობა ლიტერატურაში,  და ყველაზე მთავარი სატკივარი: მედიცინაში არსებობს ტერმინი: “დაუდევრობის სინდრომი”. ეს ის შემთხვევაა, როდესაც პაციენტი თავისი სხეულის რომელიმე ნაწილს ვეღარ აცნობიერებს და თავისად არ მიიჩნევს. მე მგონია, რომ ჩვენი საზოგადოების გარკვეული ნაწილი, ნებსით თუ უნებლიედ, სწორედ ამ სინდრომით ვართ დაავადებულები“.

ნინო დიანოსაშვილი

„შეშლილი სიშმაგე თუ შმაგი შეშლილობა?! ლისამანია ევრიპიდეს ტრაგედიებში: „ბაკქი ქალები“, “ჰერაკლე“, „ორესტესი“

გამომცემლობა „ლოგოსი“

ანტიკური ლიტერატურა და მისი ხელახალი წაკითხვა-გააზრება მარადიულს ხდის თანამედროვეობას და თანამედროვე ლიტერატურას. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორისა და ფსიქოთერაპევტის, ნინო დიანოსაშვილის ეს ნაშრომი ანტიკური ტრაგედიის, კერძოდ, ევრიპიდეს სამი ნაწარმოების გააზრებას ეძღვნება, კერძოდ, შეშლილობისა და სიშმაგის კვლევას, რომელიც ძველ ბერძენ ტრაგიკოსთაგან, ყველაზე მეტად, სწორედ ევრიპიდეს აინტერესებს. რადგან „მის ტრაგედიებში არსებული დაპირისპირების დაძლევა ადამიანურ შესაძლებლობებს ყველაზე მეტად აღემატება“.


„იმედი მაქვს, შესწავლილი საკითხების გააზრება საჭიროების შემთხვევაში დახმარებას გაუწევს ადამიანს, თუნდაც ყველაზე მცირეს, საკუთარ თავში გარკვევაში, გარე სამყაროში მიმდინარე პროცესების სწორად აღქმაში.“ - წერს ავტორი და კაცობრიობის კულტურულ წიაღში კიდევ ერთხელ მოგზაურობას გვთავაზობს.

მაშ, ასე, სამყაროსა და ლიტერატურის ხედვის სხვადასხვა პრიზმიდან დაწერილი ამ წიგნებიდან, ჟიური მალე წლის საუკეთესო კრიტიკის ნომინაციის გამარჯვებულს დაასახელებს.



ავტორი: „საბა"

ფოტო: გურამ წიბახაშვილი, თინათინ კიღურაძე