კაცი, რომლის ლიტერატურაც ძლიერ უყვართ

„ოკეანე ხარ, დიდი, მოქნილი თევზებით სავსე, ხან – გაცოფებული, თავსდატეხილ გრიგალებს უყეფ, ხანაც – მშვიდი, ბლანტე და ფსკერზე ზარმაც ფიქრებად ირხევიან ფერად-ფერადი მცენარეები.“

ქართულ ლიტერატურაში ალბათ, ძალიან ცოტაა ტექსტი, რომელიც მკითხველს ისევე უყვარს, როგორც გურამ დოჩანაშვილის მოთხრობა „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“. 


ის ავტორმა 1974 წელს დაწერა, თუმცა დროს ტექსტისთვის არაფერი დაუკლია, პირიქით მასზე თაობები გაიზარდა და ყველა ტიპის მკითხველისთვის საყვარელ ტექსტად იქცა.


2021 წელს, 82 წლის ასაკში გურამ დოჩანაშვილი გარდაიცვალა, თუმცა ქართულ ლიტერატურაში დატოვა შეუცვლელი და მრავალფეროვანი მემკვიდრეობა.

2021 წელს, ლიტერატურული პრემია „საბას“ მე-19 დაჯილდოებისთვის, თიბისიმ და საბამ მოთხრობის მემორიალური გამოცემა მოამზადეს. როგორც სარედაქციო ჯგუფისთვის ცნობილია, ეს მოთხრობის პირველი, დამოუკიდებელი გამოცემაა.

წიგნი ილუსტრირებულია და მასზე თათია ნადარეიშვილმა იმუშავა:

„მოთხრობა საილუსტრაციოდ რომ ჩავიბარე, ცხადია, ნაწარმოებს უკვე ვიცნობდი, მაგრამ როდესაც ილუსტრატორის თვალით შევხედე, აღმოვაჩინე, რომ ერთ-ერთ ყველაზე რთულად დასახატ ტექსტთან მქონდა საქმე. ნაწარმოების უდიდესი ნაწილი დიალოგები და მონოლოგებია და მუდმივად რეალობასა და წარმოსახვას შორის ცურავს, სწორედ ეს გახდა გასაღები და ვიზუალური სტილიც ამან მიკარნახა. ერთი მხრივ, ყველა მთავარი პერსონაჟი და ადგილი მინდოდა მეჩვენებინა და მეორეს მხრივ, არ დამეკარგა ის, რაც სრულად წარმოსახვითია. ტექსტი სავსეა მეტაფორებით და მეც შევეცადე მეტაფორად გამომეყენებინა კონკრეტული ფერები და ფორმები, რომელიც თან გასდევს ყველა ილუსტრაციას.“

თათია ნადარეიშვილის ნამუშევრები ტექსტს დამატებით, თანამედროვე განზომილებას აძლევს. აქცენტები, რომელსაც ის სვამს, მკითხველს წიგნთან კიდევ უფრო ახლოს მისვლაში ეხმარება.

წიგნის წინასიტყვაობაში, რომელიც პოეტმა და საბას დამფუძნებელმა რატი ამაღლობელმა დაურთო, ვკითხულობთ:


„კარგი ლიტერატურა არამარტო მხატვრულ გემოვნებაზე, არამედ ტანსაცმლის ჯიბის ზომაზეც ზემოქმედებს. გურამ დოჩანაშვილმა სამუდამოდ შეგვიცვალა პიჯაკის თუ ქურთუკის ჯიბის ზომის სტანდარტი; მასში აუცილებლად უნდა ჩაეტიოს სულ მცირე, საშუალო ფორმატის წიგნი.“

მართალია, ეს წიგნი გულის ჯიბეში ეტევა, თუმცა თავის თავში მთელ და საოცარ სამყაროს იტევს, რომელიც ახალბედა მკითხველისთვის ლიტერატურულ გზამკვლევად, ხოლო ლიტერატურის გამოცდილი მოყვარულისთვის დავიწყებულ მოგზაურობაში დაბრუნებად შეიძლება იქცეს და როგორც ყველა ძვირფასი მოგონება წარსულიდან, ეს წიგნიც მთელი ინტენსივობით გვაბრუნებს უკვე განცდილ სამკითხველო ბედნიერებასთან. 

თუ გამოცემით დაინტერესდებით მისი ახლოდან ნახვა, დათვალიერება და მისი გაცნობა, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში შეგიძლიათ, ტექსტის ელექტრონულ ვერსიას კი, შეგიძლიათ გაეცნოთ აქ


ავტორი: „საბა"

ილუსტრაცია: თათია ნადარეიშვილი