დაუსრულებელი ზაფხული

დაუსრულებელი ზაფხული

გაუხვევ თუ არა ბორჯომის ხეობისკენ, გზაზე, ხელმარცხნივ, ალბათ ათასგზის დაგინახავს საბჭოთა თუ პოსტსაბჭოთადროინდელი, ფერგადაცლილი ფირნიში, რომელიც გამცნობს, რომ აქედან ქვიშხეთი იწყება. გამვლელთა დიდი ნაწილისთვის ეს ერთი მორიგი ტრაფარეტია, როგორიც გზაზე უამრავი გვხვდება - ზოგი მოგზაურობის სურვილს აღგვიძრავს, ზოგი რაღაცას გვახსენებს გაელვებით, ზოგს - საერთოდ უემოციოდ ჩავუქროლებთ, ვერ ვამჩნევთ. თუმცა, არიან ადამიანები, ვისაც საქართველოში სხვა არც ეგულება ქვიშხეთის ტრაფარეტისთანა, რომელიც ამცნობს, რომ აქედან იწყება ზაფხული, რომელიც მათ ბავშვობაში, ან ახალგაზრდობაში გაჩნდა და მას მერე გრძელდება.


ვახტანგ ჯავახაძე, მურმან ლებანიძე, ლადო ასათიანის შვილი და შვილიშვილები და გურაბანიძეების ოჯახი, 1970 წ.

სოფლის ყველაზე მაღალ ნაწილში ფართოეზოიანი სახლი, მაშინდელი სახელდებით - სასახლე - მეცხრამეტე საუკუნის 70-იან წლებში აიგო. იქ წლების განმავლობაში სახლობდა შექსპირის მთარგმნელი, ჟურნალ „ცისკრის“ ერთ-ერთი დამაარსებელი და ავტორი, 1832 წლის შეთქმულების მონაწილე, ქართული თეატრის ერთ-ერთი ფუძემდებელი და პუბლიცისტი დიმიტრი ყიფიანი თავის ოჯახთან ერთად. „ყიფიანების სასახლე“ სახალხო ქონებად, ცხადია, გასაბჭოების მერე იქცა. დიმიტრი ყიფიანი 1887 წელს მოკლეს სტავროპოლში. მისი შვილის, კოტე ყიფიანის მეუღლემ, ნინო ტატიშვილი-ყიფიანმა კი მამული ქართველ ხელოვანთა კავშირს გადასცა. 1924 წელს დიმიტრი ყიფიანის სახლი მწერალთა კავშირისა გახდა. 

1989 წ.


უსასრულო ზაფხულების არეალად სწორედ „ყიფიანების სასახლე“ იქცა. 1920-იანი წლებიდან მოყოლებული და 1990-იანების ბოლომდე აქ ცხელ თვეების ატარებდნენ ქართველი მწერლების ოჯახები, თვით მწერლები კი ძირითადად შაბათ-კვირას ჩამოდიოდნენ, თუმცა აქ ბევრი ნაწარმოებიც დაწერილა.


თუ მხოლოდ მოისმენ ქვიშხეთის მწერალთა სახლის დამსვენებელთა ემოციურ კომენტარებს, ან ჩუმად დააკვირდები, როგორ ელაპარაკებიან ერთმანეთს საერთო მოგონებებზე, რა ამბებს იხსენებენ, შეიძლება დაასკვნა, რომ „ქვიშხეთი“ ყოფილა ძალიან ექსკლუზიური ადგილი ძალიან ჩაკეტილი წრისთვის და ამ ჩაკეტილი წრის აქეთ მისი მნიშვნელობა აღარ აღწევს - სხვები მას ვერ აღვიქვამთ. 


1989 წ. 


სინამდვილეში კი საქმე სხვაგვარადაა. ცხადია, ღობით გარშემორტყმული დასახლება შექმნიდა კიდეც ჩაკეტილ წრეს, რომლის შიგნითაც საერთო მოგონებები იწერება; ცხადია, იქაურობა დაექვემდებარებოდა საერთო წესს, საერთო აურას, რომელიც იქ მყოფებს თავს არასდროს დაავიწყებს. ეს მოგონებები, შესაძლოა, პერსონალურად მათთვისაა ყველაზე ძვირფასი, მაგრამ - არა ექსკლუზიური; ქვიშხეთის მწერალთა სახლი ისეთ მოგონებებსაც შეიცავს, რომელთა მნიშვნელობაც ერთი სახლის დამსვენებლების სხვადასხვა თაობას სცდება და მთელი გასული საუკუნის კულტურული ცხოვრების აღსაწერადაც გამოდგება. 


ნინო ყარალაშვილი, მაია შაჰნაზარი, ოთარ ყარალაშვილი, ბაკურ სულაკაური,

1989 წ.

მოგონებების ერთი ასეთი ხაზი ისტორიულია და, პირველ რიგში, თავად დიმიტრი ყიფიანის სახელსა და ბიოგრაფიას უკავშირდება. ხაშურის დღევანდელი მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთში დიმიტრი ყიფიანს წლების განმავლობაში უცხოვრია. ამ ცხოვრების დეტალებზე ამჟამად შესანიშნავად მოგვითხრობს სახლ-მუზეუმში შეკრებილი ექსპონატები, ფოტოები და ხელნაწერები. მათი საშუალებით მეცხრამეტე საუკუნის უამრავი გარდამტეხი მოვლენა სულ სხვა პერსპექტივით იშლება. იქვე დგას დიმიტრი ყიფიანის აგებული აღდგომის სახელობის პატარა ეკლესია, სადაც ვერიკო ანჯაფარიძესა და შალვა ამირეჯიბს დაუწერიათ ჯვარი.



1987 წ.


უკვე გასაბჭოებისა და მწერალთა სახლად ქცევის შემდეგ, იქ ხშირად მუშაობდნენ ლეო ქიაჩელი, შალვა რადიანი, მიხეილ ჯავახიშვილი, გერონტი ქიქოძე და სხვები. 1937 წლის აგვისტოში ქვიშხეთშია გადაღებული მიხეილ ჯავახიშვილის უკანასკნელი ფოტოც. რევაზ კვერენჩხილაძეს თავის წიგნში „ქვიშხეთის ხიბლი“ ციტირებული აქვს ქეთევან ჯავახიშვილის მოგონება: „ჩვენი აგარაკი მწერალთა კავშირის დასასვენებელი სახლის გვერდით იმყოფებოდა, ოროთახიანი ბინა ღია აივნით და პატარა ეზო. მყუდრო ადგილი იყო, ხმაური არ გვაწუხებდა. ერთი ოთახი მამას სამუშაოდ და დასაძინებლად დავუთმეთ, მეორეში კი ჩვენ - მე, დედა და ბავშვები ერთად მოვთავსდით“. ამ ეზოდან წაიყვანეს მიხეილ ჯავახიშვილი ჩეკისტებმა და ის უკან აღარ დაბრუნებულა.



გია ქარჩხაძე, 1982 წ.

ჯემალ ქარჩხაძის ვაჟმა, გია ქარჩხაძემ, მიამბო, რომ, როცა მშობლებმა პირველად წაიყვანეს ქვიშხეთში დასასვენებლად, იმ სახლში უქირავებიათ სწორედ ის ოთახი, სადაც მიხეილ ჯავახიშვილი ცხოვრობდა. როგორც ჩანს, ეს იმდენად მძაფრი ემოციური დამთხვევა იყო, რომ ქვიშხეთელების სასაუბრო თემებიდან წლების შემდეგაც არ გამოსულა. 


ანა ჭაბაშვილი, ნანიტა გოგიჩაიშვილი, 1965 წ.

ანა ჭაბაშვილმაც, რომელიც ქვიშხეთში პირველად 1964 წელს, 13 წლისა წაიყვანეს მშობლებმა და შემდეგ იქ წლების განმავლობში დადიოდა ჯერ თვითონ, შემდეგ კი შვილები დაჰყავდა, ეს ამბავი გაიხსენა: „მახსოვს, ერთ ზაფხულს ამაზე ხშირად ვლაპარაკობდით. თვალსაჩინოდ გვქონდა წარმოდგენილი, რა როგორ მოხდა 1937 წლის იმ აგვისტოს“.


ქვიშხეთის მწერალთა დასასვენებელი სახლის ბევრი მკვიდრის მოგონებებში ფიგურირებს დილაადრიან სასეირნოდ გამოსული მწერალი, რომელსაც ბავშვები ახლომახლო გორაკებზე, ექსკურსიაზე დაჰყავს. ასეთი რამეები ახალი იდეების, წიგნების, საფიქრალის გასაჩენად ბავშვებისთვის ყველაზე ძალდაუტანებელ გარემოდ იქცევა.


1984 წ. 

ქვიშხეთში დამსვენებელთაგან ყველაზე უფროსს, ფიზიკოს ლალი დევაძეს, რომელიც 4 წლის იყო, პირველად ქვიშხეთში რომ ჩაიყვანეს, ახსოვს უფროსი თაობის მწერლები: პოლიკარპე კაკაბაძე, კონსტანტინე გამსახურდია, ლეო ქიაჩელი, ნინო ნაკაშიძე. მათ წრეში ტრიალი სულ პატარა ბავშვებისთვისაც შემდეგ უკვე ძვირფას მოგონებად იქცა. იგი მოგვითხრობს: „ერთხელ ქვიშხეთის მწერალთა სახლში ჩამოვიდა ცნობილი მთარგმნელის, რიტა რაიტ-კოვალიოვას (ფოლკნერის, სელინჯერის, ვონეგუტის რუსულად მთარგმნელი) შვილი მარინა, ჩემი და თამრიკო გამსახურდიას თანატოლი. ძალიან დავმეგობრდით. მისგან გავიგე პირველად ფოლკნერისა და სხვა ამერიკელი მწერლების შესახებ“.

ჯემალ ქარჩხაძე, გივი შაჰნაზარი, გიორგი ზედგინიძე, 1989 წ.

ასეთი შემეცნების, გასხივოსნების ეპიზოდები ყველას თავისი აქვს. ისევ ანა ჭაბაშვილი მიყვება: „ქვიშხეთში გატარებული პირველი ზაფხულიდან მახსოვს, რომ ერთხელ, მე, მოზარდი, ვიჯექი მაშინ ახალგაზრდა მწერლების ცოლების გვერდით და მათ საუბარს ვისმენდი. აქ იყო თეატრმცოდნე, ქ-ნი ნათელა ურუშაძეც, რომელმაც უცებ „ვეფხისტყაოსანზე“ საოცარი ლექცია წაგვიკითხა (მერე მივხვდი, რომ ეს ნამდვილი ლექცია იყო). ახლაც ცხადად მახსოვს მისი მონაყოლი ფერების შესახებ ვეფხისტყაოსანში, როგორ აღწერდა ნესტან-დარეჯანის მწვანე კაბას, საოცარ ნარინჯისფერს... აბსტრაქციონიზმზეც გველაპარაკა. „ცხოვლად დამაჩნდა სულს“. კიდევ ჩემთვის ქვიშხეთი არის დემნა შენგელაია, ვახტანგ ჭელიძე, ვახტანგ ჯავახაძე, ჯემალ ქარჩხაძე... მათთან ურთიერთობა, საუბრები მწერლობაზე, ქართველ მწერლებზე, ხელოვნებაზე, ბოლო წლებში - პოლიტიკაზე...“.

მარიშკა ჯავახაძე, 1990 წ.

მარიშკა ჯავახაძე „ქვიშხეთელების“ ერთ-ერთი ბოლო თაობის წარმომადგენელია. ცხრა თვის იყო, პირველად ბებიამ და ბაბუამ რომ წაიყვანეს იქ. „ბაბუაჩემის, ვახტანგ ჯავახაძის ოჯახისთვის ქვიშხეთი სიმბოლური ადგილია. სანამ ბებიას ცოლად მოიყვანდა, ვახტანგი იქ მარტოც დადიოდა. დედაჩემმა და მამაჩემმაც ქვიშხეთში გაიცნეს ერთმანეთი. ის კოტეჯიც მახსოვს, სადაც დღეს ჩემი საყვარელი მწერალი, ჯემალ ქარჩხაძე ცხოვრობდა. სახლის წინ იჯდა ხოლმე ძელსკამზე და ბევრ საინტერესო ამბავს გვიყვებოდა. „სერებს“ ვეძახდით ერთ ადგილს. იქაც წავუყვანივართ. დეტალურად აკვირდებოდა ამა თუ იმ ცხოველსა თუ მცენარეს და ჩვენც გვიხსნიდა“.

ნინო ჩუბინიშვილი (ჩუბიკა), ანა ნიჟარაძე, შალვა ამირეჯიბი, 1982 წ.

საყვარელი მწერლის გაცნობის ისტორია ანა ჭაბაშვილსაც აქვს. „ქვიშხეთში დაიწყო ჩემი ოთარ ჭილაძით „გადარევა“.

13-14 წლის ვიყავი და ვხედავ, ოთარ ჭილაძე დგას ვერანდაზე, 31 წლის იყო მაშინ, თეთრი პერანგი ეცვა და გაზეთს კითხულობდა. მაშინ უკვე გამოცემული ჰქონდა ორი თუ სამი პატარა პოეტური კრებული. ყველას პირზე ეკერა „და სკამზე, როგორც ნანადირევი, კიდია შენი ლამაზი კაბა“. თვალი ვერ მოვაშორე, გავშეშდი, დამბლა დამეცა...

იქაურებს ყველას ახსოვს პოეტისა და მთარგმნელის, გივი შაჰნაზარის დაბადების დღის აღნიშვნა ყოველწლიურად, 23 აგვისტოს, რომელსაც თავისი ტრადიცია ჰქონდა - გრძელ მაგიდას ვუსხედით, ვისაც რა შეეძლო, მოჰქონდა სუფრაზე და გივი ლექსებს კითხულობდა, არაჩვეულებრივად მღეროდა...“.

ჯემალ ქარჩხაძე, ანა ჭაბაშვილი, გივი შაჰნაზარი, ვახტანგ ჯავახაძე, 1989 წ.

თავად გივი შაჰნაზარი კი ქვიშხეთს დღეს ასე აფასებს:

„ძალიან ხანგრძლივი ეპიზოდი, რომელიც მეოცე საუკუნის ქართული ლიტერატურის კლასიკას უკავშირდება, ქვიშხეთის მწერალთა დასასვენებელი სახლის გარეშე წარმოუდგენელია. ის, უბრალოდ, უქვიშხეთოდ ვერ იარსებებდა. ეს იყო ადგილი, სადაც ჩვენი კლასიკოსები მუშაობდნენ და წერდნენ იმას, რაც ქართული ლიტერატურის ისტორიაში აუცილებლად დარჩება. ქვიშხეთის სახლი ინახავს რაღაც ძალიან ძვირფასსა და მარადიულს და ჩვენ ეს სახლი უნდა დავიცვათ.


„ყიფიანების სასახლეს“ საბჭოთა წლებში პერიოდულად სხვადასხვა ნაგებობებს უმატებდნენ: კოტეჯებს, სასადილოს, მწერალთა საცხოვრებელ კორპუსს და სხვ. რამდენიმე მნიშვნელოვანი ადგილი კი ხელუხლებლად დარჩა. როცა იქაურები ახსენებენ, „ცაცხვები“, „ქვედა ბესედკა“, „აუზი“, „ბიბლიოთეკა“ და სხვა, მაშინვე ქვიშხეთის ზაფხულების თანმდევი განწყობა უცოცხლდებათ.


რატომ? რა ფასეულობებზე იდგა ეს ერთობა? რა იზიდავდა იქ ამდენ სხვადასხვა თაობის ადამიანს და რატომ სურდათ ყოველ მორიგ წელიწადს სწორედ ქვიშხეთში გატარებული ზაფხულის გამეორება?


მეორე ხაზი, რომელიც ქვიშხეთის მწერალთა დასასვენებელ სახლს საჯარო მნიშვნელობას სძენს, სწორედ ამ კითხვებს წამოჭრის და კულტუროლოგიური ხასიათისაა. შესაძლოა, სხვაგან არსად არ არსებობდა საბჭოთა საქართველოში სივრცე, სადაც წლების განმავლობაში ამდენი სხვადასხვა თაობის ადამიანი ამხელა თავისუფლებას გრძნობდა.

1982 წ.


გამომცემელი გია ქარჩხაძე უფრო კონკრეტულად ამბობს - „ქვიშხეთი იყო დახურული საზოგადოება, მაგრამ არავითარ შემთხვევაში - ელიტური. კარგი კვლევაც გამოვიდოდა ქვიშხეთის კომუნაზე. იშვიათად ჩნდება ხოლმე მიკროსოციუმი, რომელსაც თაობები ინარჩუნებენ მძაფრი თავდაპირველი მუხტით და კიდევ უფრო აძლიერებენ მას“.


„სინამდვილეში რა იყო ქვიშხეთი, - აგრძელებს გია, - ყოფითად ყოველგვარ კომფორტს მოკლებული, მერე და მერე კიდევ უფრო უკვე მიბანძებული, მოუვლელი ადგილი, სადაც ჩადიოდნენ ნაკლებად გავლენიანი მწერლები. სამი ასეთი დასასვენებელი სახლი ჰქონდა მწერალთა კავშირს: ბიჭვინთაში, გაგრასა და ქვიშხეთში. „ელიტები“ ბიჭვინთაში ისვენებდნენ, საშუალო ფენა - გაგრაში, დანარჩენები - ქვიშხეთში. მაგრამ ეს დანარჩენები იყვნენ დოჩანაშვილები ჭეიშვილები, ქარჩხაძეები, ჭილაძეები, ამირეჯიბები - ადამიანები, რომლებიც ამ ზემდგომებთან დიდად დაახლოებული არ არიან, ნაკლები ფული აქვთ და უნდათ, რომ ზაფხულში ბავშვები იაფად, მაგრამ კარგ ჰაერზე გაიყვანონ. უბრალო ადგილი იყო ამიტომ. არაგამოსაპრანჭი ადგილი. ძალიან შინაურული გარემო, სადაც ბევრი ადამიანი ცხოვრობდა. ამან წარმოშვა უცნაური მუხტი, რადგან მეგობრების ოთხმოც პროცენტზე მეტი ქვიშხეთიდან მყავს: ოთარ ყარალაშვილი, ქუცნა ამირეჯიბი, ბაკურ სულაკაური, ვახო ბაბუნაშვილი - ყველანი ვართ იქ ერთად, სხვა გასართობი არაფერია, მარტო ერთმანეთთან ურთიერთობა გვაკავშირებს და ზოგიერთებს - კიდევ მუსიკა. „სოფტ ეჯექტის“ პირველი კონცერტებიც იქ მოვაწყვეთ, იქ დავუკარით ერთად. 

1989 წ.

ვისაც სხვაგვარი გართობა მოსწონდა, ქვიშხეთში ვერ ძლებდა. ნაშებს იქ ვერ აყრიდნენ, მაგისთვის „პიცუნდა“ და დაგომისი ჰქონდათ. დისკოთეკა და რესტორანი უახლოეს კილომეტრებში არ იყო, ოთახები - პაწაწინა, სამაგიეროდ - გარემო იყო ლამაზი და თავისუფლების, განმარტოების კუნჭულები არსებობდა. ერთი ძველი კლუბი იყო სასადილოს ქვემოთ, სუნიანი, შმორიანი, ძველი დაობებული წიგნები ეწყო, მე იქ მიყვარდა ჩხირკედელაობა. კიდევ ჩავძვრებოდით უწყლო აუზში ღამით, ჩავიტანდით ჩემს მაგნიტოფონს, რომელსაც დღემდე ვინახავ და ვუსმენდით „პინკ ფლოიდს“. ასეთი ჯგუფური მოსმენები გვქონდა. 


 2000 წ.

იქ გამოვიგონეთ თამაში „მაფია“. ის, რაც მერე გავრცელდა, გამარტივებული წესებითაა, ჩვენ ძალიან კარგი სტრუქტურა გვქონდა, ცხრა კაცი თამაშობს, ორჯერ ცხრა მაყურებელია და დიდი ამბავია.


მანამდე, უფრო ადრეული წლებიდან მახსოვს ვახტანგ ჯავახაძე, ნიკა აგიაშვილი.




კიდევ გურამ დოჩანაშვილი ჩამოდიოდა, უზარმაზარი საზამთრო მოჰქონდა, წავედით, ბავშვებო, საზამთრო ვჭამოთო. დიდი და კეთილი იყო და იღიმოდა, მაგრამ მე ვემალებოდი - არ მიყვარდა საზამთრო“.

თამუნა გეგეჭკორი, მსახიობი, გურამ გეგეჭკორის შვილი: „ქვიშხეთი არ არსებობს „კლოსის“, რეზო კვერენჩხილაძის გარეშე. ეს სახელი ბავშვებმა შეარქვეს მაშინ ცნობილი წიგნისა და ფილმ „ოთხი ტანკისტისა და ძაღლის“ პერსონაჟის, კაპიტან კლოსის სახელის მიხედვით. დილაადრიან იწყებოდა კლოსის ომახიანი შეძახილი: „აბა, დილის გამამხნევებელი ვარჯიში! გაიღვიძეთ, ზედგინიძეებო, გეგეჭკორებო, რამიშვილებო, შაჰნაზარებო... ასე ჩამოთვლიდა ყველა გვარს. მერე მოდიოდა „მეორე ცვლა“ და  იწყებოდა: „აბაა, ზარმაცების ვარჯიშიიი!“ და გამოვიდოდნენ ზარმაცებიც, სხვა რა გზა ჰქონდათ. ტყეშიც კლოსს დავყავდით, „წყნარ საათსაც“ ის გვინიშნავდა და ღამე იწყებოდა: „წვრილფეხობა იძინეეებს!“ - ანუ პატარების დაძინების დრო მოდიოდა“.

ირინა ჯავახაძე, ბაადურ ჩხიკვაძე, ლექსო ტურიაშვილი,1979 წ.

მარიშკა ჯავახაძე: „სულ პატარები ხშირად ვიყავით სტადიონთან და აუზთან, რომელშიც წყალი არ ესხა, ცაცხვებში ჩვენ არ შევდიოდით - იქ უფროსი ბავშვები იყვნენ. ასეთი რამეები და ჯემალ ქარჩხაძესთან ერთად ექსკურსიები ცხადად მახსოვს, დანარჩენების აღდგენას კი სლაიდებით ვახერხებ, მაგალითად, სეზონის ბოლოს დიდი შენობის აივანზე გამართული სპექტაკლებზე სულ ერთსა და იმავე სპექტაკლს ვდგამდით: „მე, ბებია, ილიკო და ილარიონს“, მაგრამ ჩვენი მაყურებლები - მშობლები, ბებიები და ბაბუები მაინც ერთგულად, მოთმინებით გვიცქერდნენ. დეტალები შეიძლება ვეღარც გავიხსენო, სამაგიეროდ, მახსოვს ბედნიერების შეგრძნება. ახლაც, ბატონ გივი შაჰნაზარს რომ ვხვდები ხოლმე, არ შეიძლება დამშვიდობების მერე ბედნიერების შეგრძნება არ გამომყვეს - გივი შაჰნაზარი ჩემთვის ქვიშხეთთან ასოცირდება და თავში ჯაჭვური რეაქცია მერთვება“.

ქუცნა ამირეჯიბი, კონსტანტინე მხეიძე, 1982 წ. 

ჭაბუა ამირეჯიბის შვილის, ქუცნა ამირეჯიბის მოგონება:

„ქვემო „ბესედკაში“ მონარდეები ისხდნენ ხოლმე, ცალკე ადგილი ჰქონდათ პრეფერანსისტებს. ცაცხვებში კუნჭულები კი ჩვენი იყო. წუწაობას რომ ვიწყებდით, ეგ იყო ყოვლის მომცველი წუწაობა. სიგარეტსაც ვეწეოდით ჩუმად. ფეხბურთი გვქონდა ყოველ საღამოს. ხეებზე ძრომიალიც. მკვახე ვაშლების ჭამა. სიმინდების მოპარვა. მუსიკა. „ბითლებს“ გარეთაც უსმენდნენ, მაგრამ იქ სხვანაირად ჟღერდა. მზარეული სირო, რომლის გაკეთებულიც ყველაფერი ძალიან გემრიელი გვეჩვენებოდა. დაირეკებოდა თუ არა საუზმის ან სადილის ზარი, ეგრევე გვშივდებოდა. ერთი მაშინდელი ფილმიდან „კლოსი“ დაარქვეს მწერალთა სახლის თანამშრომელს, რეზო კვერენჩხილაძეს, რომელსაც ბავშვები უნდა ემწყემსა და წესრიგი უნდა დაემყარებიან, მაგრამ ჩვენ მაინც გვიან ვიძინებდით, მუსიკას ხმამაღლა ვუსმენდით, რა გაგვაჩერებდა. იქით დაღმართი იყო და, მახსოვს, ამ დაღმართში თავპირისმტვრევით ჩავრბოდით, ვერაფრით გამიგია, როგორ არ ვეცემოდით. ექსკურსიებზე დავდიოდით - ბულბულის ციხე მოშორებით იყო, რამდენჯერ ავსულვართ. ერთხელ ეკლესიის კარს მიყუდებული ვერიკო ანჯაფარიძე დავინახე, ტიროდა - ეს სცენა ცხადად მახსოვს, 12 წლის ვიყავი“.


ანა მარგველაშვილი, ირინა ჯავახაძე 1987 წ.


ანა მარგველაშვილი, გივი მარგველაშვილისა და ნაირა გელაშვილის შვილი: „ქვიშხეთი სიხარულთან, დაუსრულებელ გართობასთან და თავისუფლებასთან ასოცირდება. მახსოვს, პოეტი მზია ხეთაგური ინდურ ცეკვებს გვასწავლიდა, ფერად ნაჭრებს ვიხვევდით ტანზე და ასე აჭრელებულები ვცეკვავდით. მახსოვს, ასაკის გამო არ დავიშვებოდი „ცაცხვებში“ და ველოდებოდი, როდის გავიზრდებოდი, რომ იქ უფროსებთან ერთად „დაბირჟავების“ უფლება მქონოდა, - თან გვიანობამდე. ძალიან გვაინტერესებდა, რაზე ლაპარაკობდნენ ან, საერთოდ, რა ხდებოდა იქ. თუმცა, ისე შევწყვიტე ქვიშხეთში სიარული, „ცაცხვებში“ მხრებგამართული და წარბშეუხრელი ვერ მოვხვდი. ეს იყო აკრძალულის თუ დიდად ყოფნის საიდუმლო. ნეტა კიდევ დგას ის ცაცხვები?“.

 

მარიშკა ჯავახაძე მიამბობს: „ჩემთვის 4 წლის, მერე კი 7 და 8 წლის ბავშვისთვის, ჯადოსნური სიტუაცია იყო ეზოში, სადაც საღამოობით ყველანი ვიკრიბებოდით, ზოგი ჭორაობდა, ზოგი ნარდს თამაშობდა. ახლა რომ ვფიქრობ, უფროსებისთვისაც ქვიშხეთი იყო საბჭოთა კავშირის რუტინიდან გამოთიშვის საშუალება - იქ არ იყო საჭირო რუტინაში ყოფნა და გაჯგიმულად ჯდომა. იქ რომ მიდიოდნენ, მთელი ეპოქის ტვირთს იხსნიდნენ და თავისუფლდებოდნენ“.

შალვა ამირეჯიბი, გია ქარჩხაძე, გიო მგელაძე, ირაკლი კაკაბაძე, 1982 წ. 


გია ქარჩხაძე იგონებს: 1973 წელს, „სუპერსტარი“ რომ გამოვიდა მამაჩემს იაპონური მაგნიტოფონი „სანიო“ ჰქონდა და კასეტა „სუპერსტარის“ ჩანაწერით. 9 წლის ვარ და მახსოვს, ეზოში ხალხია შეკრებილი და „სუპერსტარს“ უსმენენ დიდები - ის დიდები ალბათ 35-36 წლის იყვნენ. იმ დროს ახალი შემოსული იყო იოგითა და ეზოთერიკით გატაცება. ჩვენი სახლის ბელეტაჟზე ვარჯიშობდნენ ხოლმე. ერთხელ შედის ვიღაც და ხედავს, რამდენიმე წყვილი ფეხია ჰაერში...“.


ქუცნა ამირეჯიბი: „ოაზისი იყო ჩემთვის იქაურობა, თავისუფალი ბავშვების ადგილი. ანტისაბჭოთა იქ ჩვენთვის არავის არაფერი უთქვამს, მაგრამ საიდანღაც მაინც ვიცოდით. გარშემო პიონერთა ბანაკებიც იყო, ერთი-ორჯერ გადავსულვართ მათთან და ნამდვილი საბჭოთა განწყობილებები დაგვხვედრია. გარეთ გაქანებული საბჭოთა წყობილება იდგა, მაგრამ აქ არ იგრძნობოდა. აქ თავისუფლება გვქონდა. ამ გარემოს ქმნიდნენ ოჯახები, რომლებმაც იცოდნენ, რა არის თავისუფლება. ბაბუაჩემმა იცოდა თქმა, დიდი ჭირი ან გატეხავს ადამიანს, ან გაწმენდსო. ეს ხალხი, ეტყობა, განიწმინდა - ანათებდნენ, ისეთები იყვნენ“. 

რუსუდან ფეტვიაშვილი, 1982 წ. 

ანა მარგველაშვილი: „ამასწინათ 1987 წელს ქვიშხეთში გადაღებული რამდენიმე ფოტო ვიპოვე: ხან ხეზე ვზივარ და ხან პატარა ღელეში მაქვს ფეხები ჩაყოფილი. იქაურობა თავისუფლების, სილაღის და უსაზღვრო სივრცის გამო მიყვარდა. ზოგჯერ გვერდითა ნაკვეთში გადავიპარებოდით ხოლმე, რომელიც ცოტა დამრეცი იყო, ბევრი ვაშლის ხე და თივის ზვინი იდგა. ჰოდა, მოვემზადებოდით კარგად და ელვის სისწრაფით დავეშვებოდით, მოვქროდით და ბოლოს ამ ზვინებში ვეფლობოდით. მგონი, ყველაზე მძაფრად ეს სირბილი და სილაღე მახსოვს“. 



თამუნა გეგეჭკორი: „მახსოვს მსახიობი მედეა ბიბილეიშვილი, ულამაზესი ქალბატონი, რომელიც ცოტა ხნით ჩამოდიოდა და ყველა ელოდებდა, რადგან ვიცოდით, აუცილებლად ტაძარში წაგვიყვანდა, სადღაც შორს, და ესეც ერთგვარი რიტუალი იყო. პატარები სულმოუთქმელად ელოდნენ მამაჩემის, გურამ გეგეჭკორის ჩამოსვლასაც - მასთან ერთად ვერავინ მოიწყენდა. კონცერტებს მართავდა, იქვე, სპონტანურად ლექსებს წერდა, საოცარი იმიტატორი იყო. კიდევ მახსოვს, მამას ჰქონდა კინოპროექტორი, ფილმებს უშვებდა და ყველაფერს თვითონ ახმოვანებდა. ჩვენი სიცილი მთელს ქვიშხეთში ისმოდა. კიდევ მახსოვს, როგორ დასდევდნენ ბავშვები მამას: - გურამი ბიძია, გურამი ბიძია, კინო გაუშვით! და მე და ჩემი ძმაც უკან მივდევდით „გურამი ბიძიას“ ძახილით. ამას მამას მორიგი ხუმრობა მოჰყვებოდა ხოლმე, ლალი, გამოდი გარეთ, გამაგებინე, ვისია ეს ბავშვებიო.


ახლა რომ ვიხსენებ, ყველაფერი სხვანაირი იყო ქვიშხეთში: წვიმაც - როცა „ბესედკას“ აფარებდნენ თავს და ცაც - ვარსკვლავებით სხვანაირად მოჭედილი. ერთი დიდი დღესასწაული იყო იქაურობა“. 

ნიკა ჯაფარიძე, თათა ახობაძე, სოფო ბარამიძე, ნიკა ჩხაიძე, 1989 წ.

ამ ტექსტისთვის სხვადასხვა თაობის „ქვიშხეთელთა“ თითო-ოროლა მოგონება შეიკრიბა და ისინი ასობით სხვა ადამიანის ათასობით ცალკეულ ეპიზოდად იშლება, და, რაც დრო გადის, ფასი არასდროს ეკარგება. იმედი გვაქვს, ამ ტექსტს რომ წაიკითხავენ, მათაც გაუცოცხლდებათ მოგონებები.


გია ქარჩხაძესთან საუბარში წინა პლანზე წამოიწია ცნება „კულტუროლოგიური ფენომენი“ - სწორედ ამის გამო. ქვიშხეთმა ათწლეულებზე გადაჭიმული მოგონებების მთელი სერია შექმნა. 


1989 წ

საბოლოოდ ქვიშხეთის მწერალთა სახლი იქცა ამბად ავტორიტატულ სისტემაში ყოველგვარი ღიად გამოხატული პროტესტის გარეშე წარმოქმნილი გამძლე, მყარი და მრავალფეროვანი მიკროსოციუმისა, რომელმაც ადამიანებს, მართალია, მხოლოდ ზაფხულობით, მაგრამ მაინც, ყოველდღიურ ყოფაში სილაღე და თავისუფლება აგრძნობინა - ქვიშხეთის ზაფხული, როგორც იდეა, ამიტომაც არასოდეს დამთავრდება.


ავტორი: თამარ ბაბუაძე

წყაროები: ქარჩხაძეების არქივი, ანა ჭაბაშვილის არქივი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის არქივი