პრიზი -„ღამის ქალაქი“ (1992)

„ღამის ქალაქი“ ისტორიული მნიშვნელობის ცალკე მდგომი ალბომია. ფაქტობრივად, ის საქართველოში პროფესიონალურად დამზადებული პირველი და უკნასკნელი ოფიციალური როკპროდუქტია, ჩაწერილი და გამოშვებული ვინილზე ფირმა „მელოდიის“ მიერ, რომელიც სსრკ-ს დაშლის შემდეგ, ინერციით ერთი-ორი წელი კიდევ არსებობდა. ზოგადად, ამ ალბომის, ისევე როგორც ბენდ „პრიზის“ პოზიციონირება, ცოტა რთულია, როგორც დღევანდელი პერსპექტივიდან, ისე იმ პერიოდის რეალიებიდან გამომდინარეც. მათ შესახებ ბევრმა არაფერი იცოდა, ისინი არ იყვნენ არც ანდერგრაუნდ-ალტერნატივაში და არც მეინსტრიმში, ისინი ე.წ. „ვია“ ესთეტიკის გამგრძელებლებადაც ვერ მოიაზრებოდნენ. მათი პირველი გამოჩენაც მოულოდნელი იყო. ჯერ კიდევ 1990 წელს, ტელევიზიით აჩვენეს რეჟისორ გიორგი ებრალიძის სამნაწილიანი ვიდეოფილმი, რომელიც გადაღებული იყო სწორედ „პრიზის“ სამ სიმღერაზე.

ამ კლიპებმა მაშინვე მიიპყრო ყურადღება და არა მხოლოდ იმიტომ, რომ პროფესინალურად გადაღებული პირველი მუსიკალური ვიდეოკლიპები იყო საქართველოში, არამედ იმიტომ რომ ეს გახლდათ ესთეტიკური ალტერნატივა ყველაფერ იმისა, რასაც ჯერ კიდევ იღებდნენ და აჩვენებდნენ სამამულო ტელეეთერით. თავისი პირქუში ვიზუალურ-აკუსტიკური ნარატივით, ღამის ქალაქის კონტროვერსიებზე აგებული, „პრიზის“ და გ. ებრალიძის ეს ნამუშევარი, ქართულ მეინსტრიმულ სივრცეში ახალი ვიზუალურ-მუსიკალური სტანდარტის შეჭრის სიგნალი იყო. ამას მოყვა კიდეც შემდგომში „მე-2 არხის“ ეპოპეა. ალბომი, ალბათ უკვე მზად იყო ჯერ კიდევ სსრკ-ს დაშლამდე, მაგრამ სავარაუდოდ ჩვენში განვითარებული დრამატული მოვლენების გამო, მხოლოდ 1992 წელს მოხერხდა მისი გამოშვება. ეს წელი გადამწყვეტი და ტრაგიკული აღმოჩნდა უახლეს ქართულ ისტორიაში (სისხლიანი გადატრიალების, შევარდნაძის ჩამოსვლის, სამოქალაქო ომის, აფხაზეთის ომის დაწყების და სხვა მძიმე მოვლენათა გამო), მაგრამ იმ წელს, ეს ყველაფერი ჯერ ასე აშკარად ნეგატიურად არ ჩანდა, ჯერ ტოტალური უშუქობა და სიბნელეც კი არ იყო. მომავლის მოლოდინი, მართალია გაურკვეველი, მაგრამ მაინც ოპტიმისტური გახლდათ. ოპტიმიზმით იყო ანთებული ახლადგამოჩეკილი ახალი ქართული კულუტურაც.

ახალი ქართული მუსიკის სამომავლო განვითარების ვექტორები ბუნდოვანი კი იყო, მაგრამ იყო რწმენა, რომ გუშინდელი ალტერნატივა ხვალინდელი პროგრესული მეინსტრიმი გახდებოდა. აი, სწორედ ასეთ გზაგასაყარზე გამოვიდა „პრიზის“ არაკუსტარულად, არამედ ლამის მუსიკალური ინდუსტრიის კანონებით გამოსული ალბომი-პროდუქტი

„ღამის ქალაქი“, ამიტომაცაა, რომ ეს ალბომი, უფრო ქართული როკმეინსტრიმია და არა ალტერნატივა. პათოსიც ასეთი აქვს - პროტესტი, რეზისტანტულობა, კონფრონტაცია ამ ალბომში ნაკლებადაა.

სუბკულტურულ-კონტრკულტურული ბექგრაუნდი „პრიზს“ არ აქვს.

მუსიკოსები თითქოს აბლაგვებენ წახნაგებს და შედეგად ნონკონფორმიზმი მუსიკიდან და ტექსტებიდან ნაკლებად იკვეთება. დღევანდელი გადმოსახედიდან შეიძლება ვინმეს მოეჩვენოს, რომ „პრიზი“ თავისი „ღამის ქალაქით“ ამოვარდნილი იყო იმ დროის ობსკურანტული კონტექსტიდან, მაგრამ ეს მაშინ ასე არ აღიქმებოდა, უკიდურესად პირქუში 1990-იანი წლები ჯერ წინ იყო, ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს ალბომი, თავისი ხასიათით და ატრიბუტიკით კარგად ჯდება იმ კონკრეტული დროის ლოგიკაში, ოღონდ ჯდება განსხვავებული ხედვით. ალბომის გამხსნელი „ქალაქი ღამით“ - პირველი ტრეკი, იდეალურია ტექსტუალურად, ისე მუსიკალურად - დერომანტიზირებული, ობსკურული ქალაქის წარდგინება უკვე მიღებული დისკურსი იყო ქართულ ანდერგრაუნდში, მაგრამ „პრიზი“ ამას არ აკეთებს კონტროვერსიულად, ჯგუფის წევრები არ ეყრდნობიან პირად ცხოვრებისეულ ნაიარევებს თუ ტკივილებს, რომლებსაც ქალაქში გაბატონებული ღირებულებებისგან იღებენ; ისინი არც გაბრაზებულნი და სასოწარკვეთლნი არიან, ემიჯნებიან კიდეც ამ ყველაფერს და ხატავენ ღამის ქალაქის სურათს - ისეთს, რომელიც განსხვავებულია მზიანი და პოზიტიური დღის ქალაქისგან.

ღამის ქალაქს უამრავი საიდუმლო აქვს, რომლის შესახებ ბევრმა არც იცის, ღამის ქალაქის გმირების ამოცნობა დღის სინათლეზე რთულია და პრინციპში ეს არც არავის აინტერესებს. აქ არ არის რეფლექსია პირველ პირში, ზუსტად ასე მღერის გიტარისტი და ფრონტმენი ლევან ლომიძე - განყენებულად, ნეიტრალურად, ცივად, როგორც ნარატორი, თან მოდურადაც, ზუსტად ისე, როგორც 1980-იანი წლების ბრიტანულ სინთ-ელექტრო პოსტ პანკში იყო მიღებული. მუსიკაც ასეთია, ცოტა დეკადენტური, ცოტა ბაროკო, ცოტა სინთეტიკური. ამ სიმღერის კოზირი მელოდია, არანჟირება და შესანიშნავი სიმებია, რომელსაც თავისი ხაზი აქვს, თავისი რიფი, ეფექტურად რომ ხსნის სიმღერის აკუსტიკურ შინაარსს, ერთდროულად ნაღვლიანიც რომაა და დრამატულიც. ყველაფერი გაკეთებულია ზუსტად და ლამაზად. აშკარად გამოჩნდა პროფესიონალურ სტუდიაში მიღებული ჟღერადობის უპირატესობაც. ეს სიმღერა უდავოდ საუკეთესოა ალბომში და საერთოდ, ერთ-ერთი საუკეთესო ქართული სიმღერაცაა, ამიტომ ის, რომ ამ სიმღერის სტანდარტს ვერ მიაღწია ალბომის დანარჩენმა ტრეკებმა, სულაც არ არის დასაძრახი.  

„შენ დამნაშავე არ ხარ“- კვლავ ეფექტური დასაწყისი, კვლავ სიმები, ორი გიტარა - ერთი ბლუზური, მეორე ინდი პოპისეული, ვოკალი კვლავ ისეთივე გაყინული, ნამდვილი 1980-იანები, მეინსტრიმში გადასული პოსტ „ახალი ტალღა“. სიმღერის მელოდიური საყრდენი შეიძლება ისეთი მაგარი ვერაა, მაგრამ გაფორმება-არანჟირება ძალიან მაგარია, ხოლო რაღაც ნეობლუზური გიტარა ფაქტობრივად ბრწყინავს. 

„მოუსმინე გულს“- უკვე სვინგი, გრუვი, ჰარმონიკა ბლუზურ ხაზს ანვითარებს. ვფიქრობ, რეგი-რითმი მოუხდებოდა, რადგან სიმღერის ხასიათია ასეთი.  ბას-სვლები და დრამინგი თუ შეიცვლებოდა, ტრეკი აშკარად მოიგებდა, რეალური შედეგი კი ცოტა მშრალი, თითქოს არასწორედ ფორმატირებული გამოვიდა, ვოკალის ხაზსაც აშკარად მოუხდებოდა რეგი აკომპანიმენტი, უფრო ზუსტად ჩაჯდებოდა ჟანრულადაც. 

,,მუდამ იქნები ჩემთან“ - იწყება როგორც ბალადა, უკვე სოულ ფანკში გადასული, „პაპსას“ ელფერით, სახეზეა ე.წ. „ბლუ აიდ“(blue eyed), ანუ თეთრი სოული. ნამდვილად არ არის სიმღერის ამოსავალი მასალა ცუდი. კარგია ისიც, რომ ალბომის საწყისი ოთხივე ტრეკი განსხვავებულია, თითქოს ბმაც არ არის მათ შორის. როგორც ჩანს, მუსიკოსებმა :

ლევან ლომიძე-გიტარა და ვოკალი,

ზაზა კახიანი-გიტარა და ვოკალი,

გივი გოგუაძე-ბასი,

თავიანთი განსხვავებული გემოვნებითი პრიორიტეტები შეიტანეს ალბომში, რაც უდავოდ კარგი იდეაა.

„თოვს“- კვლავ „თეთრი“ სოული; საუნდის, არანჟირების თვალსაზრისით სახეზეა პოპორიენტაცია. წინა ოთხ ტრეკთან შედარებით ის არადამაჯერებლად, არადამაინტრიგებლად ჟღერს. ისიც ფაქტია, რომ ქართულ რეალობაში ასეთი მუსიკა იშვიათობა იყო, მუსიკოსები ვერ ახერხებდნენ იმას, რომ მათი ნამუშევრები პლაგიატ- ეპიგონური არ ყოფილიყო, „პრიზი კი ამას ახერხებს. სმენის პროცესში, ტრეკი თითქოს უმჯობესდება კიდეც, რაც სწორედ ქართული ენა- ფრაზირების ხარჯზე ხდება. ის კარგად ერგება მუსიკალურ-ჟანრულ ქსოვილს, ან პირიქით, “პრიზმა” სწორედ ჟანრი მოარგო ქართულ დისკურსს, თუმცა საბოლოო ჯამში, სიმღერა მაინც მტკნარი გამოვიდა. 

„გავუფრთხილდეთ ბუნებას“- ვფიქრობ, ყველაზე წარუმატებელი ტრეკია. აქ სახეზეა კლასიკური როკის და ქართული საესტრადო ტრადიციების შეჯვარება. მისამღერებში აშკარად იკვეთება საინტერესო მელოდიური ხაზი. გიტარის სოლო ლოგიკური და პროგნოზირებადია. სიმღერას, ერთი მხრივ დრამტულობის პრეტენზია აქვს, მეორე მხრივ კი სათანადოდ ამბიციურად ვერ ჟღერს. ტექსტიც სწორხაზოვანია.

„დუმილის დრო“ - ვფიქრობ, ემოციურობა აკლია. კარგია ბასი, მაგრამ დანარჩენი აკომპანიმენტი უფერულია, მოსაწყენიც, არადა აშკარად ეტყობა, რომ შეიძლებოდა უფრო გამძაფრება საუნდ-დრაივის ხარჯზე. სიმღერას უფრო აგრესიული, ალტერნატიული არანჟირება მოუხდებოდა, შეიძლება ალბომის „ჰაილაითიც“ კი გამხდარიყო, სიმღერის მუსიკალური ნარატივი და ტექსტი ამის რესურსს ნამდვილად იძლევა.

აი ბოლო ტრეკის მაგალითზე ჩანს ის, რომ ალბომს, სჭირდებოდა პროდუსერი, რომელიც  ზუსტად დასვამდა მუსიკას იმ ჟღერადობაზე, იმ ჟანრსა და იმ ხასიათზე,  რომელიც იდეალური იქნებოდა ამ სიმღერებისთვის.  შედეგად,  შეიძლებოდა საკულტოც კი გამხდარიყო ეს  ალბომი, ბოლო-ბოლო ფაქტია, რომ  ის  საუკეთესოდ ჟღერს მათ შორის,  რაც კი ჩვენში იმ ურთულეს ეპოქაში ჩაწერილა. 

საბოლოო რეზიუმე ასე შეგვიძლია ჩამოვაყალიბოთ – ალბომი ცდილობს მაქსიმალურად მოდურად გაჟღერდეს, 1980 წლის „ახალ ტალღურ“ სინთეტიკურად. აშკარაა, რომ ბენდის წევრებისთვის ეს მეთოდია და ეს მიმართულება არაა მათთვის ორგანული, ანუ რეალურაად ითვალისწინებენ ეპოქის კონიუნქტურას, თუმცა იმ ჟანრისადმი მიკუთვნებულობა, რასაც ასრულებენ, სულაც არ აფუჭებს საქმეს, პირიქით, უცხო ელემენტების შემოშვება უფრო ახალისებს მათ ჟღერადობას, მუსიკას. ბენდს რომ მოღვაწეობა გაეგრძელებინა, ალბათ 1990-იანების ქართული ალტერნატიული სცენისგან განსხვავებულ შედეგებს მიაღწევდნენ და ვინ იცის, როგორ მუსიკალურ ვექტორს გააჩენდნენ ჩვენში, მაგრამ მძიმე 1990-იანებმა მათ მიზნებში ალბათ ცვლილებები შეიტანა. ლიდერი ლომიძე ევროპაში წავიდა, ბლუზით უფრო დაინტერესედა, დაინტერესდა კი არა, შეპყრობილი გახდა მისით, შემდგომში მოსკოვში ჩავიდა და ბლუზ-მუსიკოსის საკმაოდ წარმატებული კარიერაც აიწყო. ასეა თუ ისე, ეს ბენდი თავისი ალბომიანად, ისევე მოულოდნელად გაუჩინარდა, როგორც გამოჩნდა. პრინციპში შეიძლება ასეც უნდა ყოფილიყო, რადგან ვეჭვობ, „პრიზი“ 1990-იანი წლების ის კოლექტივი გამხდარიყო, რომლის შემოქმედებაშიც პირდაპირ თუ ირიბად, ეპოქის სულისკვეთება აირეკლებოდა. ის ვერ გახდებოდა კლასტერი, რომელიც სინათლის სხივს იპოვიდა “ღამის ქალაქში“ , რომელიც დროსთან ერთად, სულ უფროდაუფრო მძიმე, აუტანელი და საშიში ხდებოდა, გაცილებით უარესი, ვიდრე „პრიზი“ გვიხატავდა თავის ალბომში. ალბომში, რომელიც წარსული ეპოქის დასასრულის და ახლის დასაწყისის დოკუმენტად გადაიქცა. სწორედ ამ საკვანძო კვეთის წერტილში პოზიციონირდება „ღამის ქალაქი“ , სწორედ ეს ანიჭებს მას დღეს განსაკუთრებულ ისტორიულ მნიშვნელობას. 

ავტორი: გია ხადური