პრიმიტივიზმი მუსიკაში | ჯონ ფეიჰი

შესავალი

ჯონ ფეიჰის მუსიკა პირველად რამდენიმე წლის წინ მოვისმინე და მაშინვე გიტარაზე გარჩევას შევუდექი, თუმცა უშედეგოდ. ჩემს დაკრულსა და ორიგინალს შორის განსხვავება წარმოუდგენლად დიდი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკურად ბევრ შეცდომას არ ვუშვებდი. ამ ფაქტს დიდად არ შევუწუხებივარ, რადგან მივხვდი, რომ ასე ბევრად ადრე გავიაზრე მისი გენიალურობა, ვიდრე განსხვავებული სცენარის შემთხვევაში შეიძლება მომხდარიყო. ჯონ ფეიჰის სტილის გამეორება ურთულესია, ის გენეტიკურად გადაეცემა, მაგრამ აქ არა მხოლოდ ტრადიცია და ფესვები, არამედ ინოვაციურობაც დიდ როლს თამაშობს.

როგორც ამბობენ, ჯონ ფეიჰიმ საკუთარი შესრულების სტილს თავადვე მიანიჭა სახელი -ამერიკული პრიმიტიული გიტარა, ახლა კი მას და მის მუსიკალურ შთამომავლებს ამერიკული პრიმიტივიზმის ქოლგის ქვეშ აერთიანებენ ხოლმე. თავად, ჯონი ამბობდა, რომ ეს სახელწოდება მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ აირჩია, რომ “პრიმიტიული” და “თვითნასწავლი” სინონიმური სიტყვები იყო (თუმცა რთულია ამ სახელის გაგონებისას სხვა ასოციაციებიც არ გაგიჩნდეს). ვიზუალური პარალელიც თუ გინდათ, ჰენრი რუსოს ნამუშევრებს მიმართეთ, თავად ფეიჰიც ასე გვირჩევს. 

ჰენრი რუსო, "მძინარე შობა"

პრიმიტივიზმის ფესვები

რამდენიმე სიტყვა პრიმიტივიზმის შესახებაც უნდა ვთქვა, მითუმეტეს შემდეგი სტატიებიც ამ საკითხის ირგვლივ იტრიალებს. ზოგადად ტერმინის ასოციაციები ხელოვნების ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გარდამტეხ პერიოდთან, XIX-XX საუკუნეების მიჯნასთან მიგვიყვანს. ეს ევროპული კულტურის მოწინავე კრიტიკოსების, ნიცშეს, მარქსის და ფროიდის თანამედროვე და შემდეგი თაობებია, რომლებშიც გაღვივებულია უკმაყოფილება დასავლური რაციონალიზმის, ტექნოლოგიების და ზოგადად თანამედროვე ყოფის მიმართ. ამ გრძნობების გადმოცემა კი სხვადასხვა სახელოვნებო მედიუმში მიმდინარობდა. მაგალითად, ექსპრესიონიზმი ნიცშეს იდეებზე აიგო, რუსულმა ავანგარდმა კი კომუნისტური იდეები აირჩია საყრდენად.

ამ პერიოდის ვიზუალურ ხელოვნებაში პირველად დაიწყეს არტისტული საზრდოსთვის მზერის არაევროპული კულტურებისკენ მიპყრობა. პრიმიტივისტული ესთეტიკის განვითარებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა პოლ გოგენი იყო, რომელიც საფრანგეთიდან ტაიტიზე გადაცხოვრდა და სამხატვრო სტილიც რადიკალურად შეიცვალა. შემდეგ იყვნენ ზემოთ ნახსენები ჰენრი რუსო, პიკასო, ფიროსმანი და მრავალი სხვა. პრიმიტიულობა (თავის მხირვ, წინააღმდეგობებით აღსავსე ტერმინი) ამ შემთხვევაში ევროპულ ხელოვნებასთან დაქვემდებარებას არ ნიშნავს, პირიქით, ის დასავლური ხელოვნების განვითარების და ტრანსფორმაციის ერთ-ერთი ძირეული კომპონენტი იყო, რომელმაც მის ტრანსფორმაციას მისცა ბიძგი.

პაბლო პიკასო, "ავინიონელი ქალები"

ტექნიკური ასპექტით თუ შევხედავთ, პრიმიტივისტული ფორმის მთავარი დამახასიათებელი ნიშნები ობიექტების ნაივური, დეტალიზების გარეშე გამოსახვა და სამხატვრო ტექნიკური ოსტატობის უკანა პლანზე გადაწევაა. პრიმიტივისტები გაგრძნობინებენ, რომ შენი გრძნობები მცდარია, ის ნაყოფია კონკრეტული სოციო-კულტურული მდგომაროების, რომელშიც ცხოვრობ, საჭიროა სამყაროს ისეთი დაუბინძურებული აღქმა, როგორსაც ბავშვის ან გამოქვაბულის ადამიანების ნახატებში ვხვდებით. მათი ნახატები არ ემთხვევა ოპტიკურ რეალობას, თუმცა ემთხვევა სამყაროს მათეულ, ინსტინქტურ ხატს, შეიძლება ითქვას, სამყაროს ინტელექტჩაურეველ, სუფთა აღქმას.

ამერიკული მუსიკალური იდენტობა

ამერიკული პრიმიტივიზმის, როგორც მოვლენის, სრულად აღსაქმელად ამერიკული მუსიკის ფენომენიც უნდა განვმარტოთ. 

კლასიკური მუსიკა ამერიკაში, კოლონიზაციის შემდეგ გაჩნდა, თუმცა ის მთლიანად ევროპულ ტრადიციას ეფუძნებოდა. ანტონინ დვორაკმა მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს აღნიშნა, რომ ამერიკელები მხოლოდ ევროპულის იმიტირებით არიან დაკავებული, იმის ნაცვლად რომ საკუთარი ავთენტური ნამუშევრები შექმნანო.


მკვლევარები აღნიშნავენ, რომ ევროპულისგან განსხვავებით, ამერიკაში მუსიკის წამყვანი მიმართულება კლასიკური მუსიკა არ ყოფილა. ის განსხვავებულ ღირებულებებს ეყრდნობოდა, კერძოდ კი მასმედიას და მისით შექმნილ საინფორმაციო ქსელს.

საქმე ისაა, რომ ევროპულ თუ სხვა ისტორიულ საზოგადოებებში ფოლკლორული სიმღერები ზეპირსიტყვიერად გადაეცემოდა თაობიდან თაობას, ამერიკამ ეს მომენტი გამოტოვა. იქ ეროვნული მუსიკალური იდენტობის შექმნა გვიან, მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში დაიწყო, თანაც არა ზეპირსიტყვიერად, არამედ რადიოს და ფირფიტების საშუალებით. სწორედ მასობრივ მედია გახდა ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი ამერიკული მუსიკალური იდენტობის ჩამოყალიბებაში. 

რადიოს სმენისას შენ აღარ ხარ კონკრეტული, გეოგრაფიულად თუ კულტურულად შეზღუდული სოციუმის ნაწილი, ეს ერთგვარი რევოლუციაა, რომელიც საშუალებას გაძლევს, დაძლიო პიროვნული თუ კულტურული საზღვრები და შენთვის უცნობი ტერიტორიები და სტილები შეითვისო, ერთ რადიოზე ჰილბილის, მეორეზე კი ექსპერიმენტულ მუსიკას მოუსმინო.

რადიო ფორმატი თავის მხრივ პოპულარულ, ე.წ. ვერნაკულარულ მუსიკალურ (მარტივად აღსაქმელი მუსიკა, რომელიც ყოველდღიურობაში აღწევს და ჩვენთვის ბავშვობიდან ხდება ნაცნობი. მას ისე ინტუიციურად ვსწავლობთ, როგორც ენას. მსგავსია ფოლკის, თუმცა ამ უკანასკნელის ნაცვლად ის ზეპირსიტყვიერებით არ გადაეცემა ადამიანებს) ესთეტიკას ანიჭებდა უპირატესობას, და არა ე.წ. “სერიოზულ, ინტელექტუალურ” მუსიკას.

ჯონ ფეიჰი

ჯონ ფეიჰი ამერიკული მუსიკალური იდენტობის ჩამოყალიბების პერიოდში, 1939 წელს დაიბადა. მის თინეიჯერობაში, 1952 წელს, ჰარი სმიტმა საკულტო Folkways Records-ზე გამოსცა “ამერიკული ფოლკ მუსიკის ანთოლოგია”, რომელიც უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია ამერიკული მუსიკის განვითარებაში. ანთოლოგიაში 20-იანი და 30-იანი წლების აპალაჩური მუსიკა, ბლუგრასი და ბლუზ სიმღერებია შესული.

სწორედ 1952 წელს იყიდა ჯონ ფეიჰიმ მისი პირველი გიტარა. ანთოლოგია თავისი არსით რაღაც განვლილის დოკუმენტად ქცევას გულისხმობს. აქედან გამომდინარე, თუ მხატვრულად მოგვინდება გამოვხატოთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ 1952 წელს დასრულდა ძველი, ლოკალური ფესვების ფოლკ მუსიკა და დაიწყო ახალი, ე.წ. კულტივირებული ჟღერადობის ერა. კულტივირებული მუსიკა თავის მხრივ წარსული მუსიკალური გამოცდილებების გაერთიანებას, სინთეზს გულისხმობს. როგორც ზემოთ ვახსენე იმ პერიოდის ამერიკაში ხელოვნებს გავრცელება მასობრივი კომუნიკაციის საშუალებებს ეყრდნობოდა, შესაბამისად თითოეულ ინდივიდს არამხოლოდ ერთი ტიპის მუსიკაზე ჰქონდა წვდომა, არამედ მრავალფეროვან, ერთმანეთისგან განსხვავებულ ჟღერადობებში უნდა გაეკვლია გზა. ჯონ ფეიჰი ახალი მედიუმის მიმართ ენთუზიაზმით იყო განწყობილი და ვინილის ფირფიტების აქტიური შემგროვებელიც გახლდათ.

აქედან გამომდინარე, არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ მის მუსიკაში რამდენიმე მნიშნველოვან სტილისტურ გავლენას ამოვიკითხავთ, ესენია: ამერიკული ფოლკი, ბლუზი, ინდური რაგა და თანამედროვე კლასიკური მუსიკა. სწორედ კლასიკური მუსიკოსები იყვნენ ფეიჰის მშობლები. ტაკომა პარკში მცხოვრებს ბლუგრას კონცერტებიც არ აკლდა, თუმცა ჯონ ფეიჰის მუსიკალურ ფილოსოფიაში უმნიშნველოვანესია ბლუზის ელემენტის გაჩენა. როგორც თავად ფეიჰი ამბობს, შავკანიანებმა ამერიკაში გიტარა აიღეს ხელში და მაინც მათთვის ტრადიციული ტრიბალური მუსიკის დაკვრა დაიწყეს. ეს მუსიკა გაჯერებული იყო რიტმული პასაჟებით, ერთგარი აკუსტიკური რიტუალურობით. რიტმული კრეატივი იყო ის, რაც ფეიჰის აკუსტიკური გიტარის თავის გემოზე აჟღერებისთვის უმნიშვნელოვანესი აღმოჩნდება. ის მუსიკას მელოდიურ ნაწილზე არ აგებს, არამედ მკაცრად დისციპლინურ ცერა თითზე, რომელიც თანაბარი დროითი ინტერვალებით აფენს რიტმულ ხალიჩას, მასზე კი, შემდეგ უკვე კონკრეტულმა მელოდიურმა ფრაზებმა უნდა გაიარონ.

ფეიჰის მუსიკას ერთი თავისებურება სჭირს, რაც მას ბევრ გენიოსთან აერთიანებს. მასში აღქმადია ნაცნობი ხმები და სტილები, თუმცა მთლიანობაში, ის რასაც ფეიჰი ქმნის სრულიად განსხვავებული და მომაჯადოებელია, ისე რომ ამ ეფექტის გამომწვევი მიზეზის სახელდება, ან მასზე მინიშნება თითქმის შეუძლებელი ხდება.

ფეიჰის ერთ-ერთი დამსახურება, არამარტო თანამედროვე აკუსტიკური გიტარის შესაძლებლობების განვრცობა, არამედ მუსიკალურ ბაზარზე მომავლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტრენდის, დამოუკიდებელი, ე.წ. Indie ხმისჩამწერი სტუდიების ერთგვარი წინაპრის, Takoma Records-ის შექმნა გახლდათ. სახელი მერილენდის ქალაქ ტაკომას პატივსაცემად დაარქვა, სადაც ჯონ ფეიჰი ცხოვრობდა. ლეიბლის შესაქმნელი ფული მაშინ ჯერ კიდევ ფილოსოფიის კურის სტუდენტმა ბენზინგასამართ სადგურზე მუშაობისას შეაგროვა და მისი პირველი ალბომიც ჩაწერა, რასაც შემდგომი ალბომები და პრიმიტივიზმის ჟანრის განმსაზღვრელი არტისტების ჩანაწერების გამოშვება მოჰყვა 60-იან წლებში. როგორც ინდი მუსიკის კიდევ ერთი კორიფე Sonic Youth-ის გიტარისტი და ვოკალისტი, თარსტონ მური ამბობდა:

“ფეიჰის გიტარის უცნაური წყობა, განსაკუთრებით, 'Guitar Excursion into the Unknown-ის' მსგავსი რამეები პირვანდელი ფორმაციის Sonic Youth-ისთვის ფარულის გავლენა იყო.”

ფეიჰის სტილამდე გზა არავის გაუკვალავს, იგი თვითნაბადი ტალანტია. გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად მისი მიზანი იგივეა, რაც ნებისმიერი სახელოვნებო სტილის ყველა დიდი პრიმიტივისტის - იპოვოს წმინდა, საწყისი ფორმა, წმინდა მუსიკალური ენა უნივერსალური გრძნობების გადმოსაცემად. სწორედ ამიტომ მის მუსიკაში თითქმის არ გვხვდება სიმღერა და ლირიკული აქცენტები - რადგან ენა უკვე კულტურული დანამატია, მან კი წმინდა ჟღერადობაში უნდა მოიხელთოს საკუთარი თავი და გარემო, რომელშიც ცხოვრობს. 

ამ პერიოდის სხვა სახელოვნებო მიმდინარეობებიც სწორედ ფორმის ძიებაში არიან, არამარტო მხატვრები, არამედ ამერიკელი მწერლები და ფოტოგრაფებიც. პრიმიტივიზმი ამერიკული მოდერნისტული ხელოვნების ავანგარდია, ფოლკნერის ლიტერატურით დაწყებული ფოტოგრაფთა “გაერთიანება f/64-ით” დასრულებული, რომელთა ნამუშევრები (განსაკუთრებით ანსელ ადამსისა) ვფიქრობ ფეიჰის მუსიკის საუკეთესო ილუსტრაციაა და დამატებითი ინფორმაციის მატარებლები შეიძლება გახდნენ თუ მოსმენასთან ერთად მათ დავათვალიერებთ.

ანსელ ადამსი, "იოსემიტის ეროვნული პარკი"

ფეიჰის მუსიკაში ამერიკული უკიდეგანო ლანდშაფტებისა და ჰორიზონტების დანახვა მიქელანჯელო ანტონიონისაც არ გამოპარვია. ანტონიონი 1970 წლის ფილმში “ზაბრისკი ფოინთი” 60-იანების კონტრკულტურის და ამერიკული კაპიტალიზმის აყვავების მომენტში იდენტობის ძიების პროცესს იკვლევს და სარეკლამო ბანერებში ჩაძირულ, ცათამბჯენებით გარშემორტყმული გმირების ქალაქიდან თავის დახსნისა და ბუნებასთან შერწყმის ისტორიას გვიჩვენებს. ფილმი ასევე მთლიანად პრიმიტივისტულ იდეაზეა აგებული და ერთი მხრივ ამერიკული კულტურის ზიზღით, მეორეს მხრივ კი მისგან თავის დაღწევის წყურვილითაა შთაგონებული, რომელსაც ანტონიონი იმ სივრცეებში ხედავს, ცივილიზაცია ჯერ რომ არ შეხებია.

ფეიჰის მუსიკა ფილმის ერთ-ერთი საუნდტრეკია. თავად ფეიჰი კი ასე იხსენებს ანტონიონისთან ურთიერთობას: “ანტონიონი მეუბნება :‘შენ უნდა დაწერო მუსიკა, რომელიც პორნო სცენის დროს გაიჟღერებს’. მე ,უკვე მერამდენედ, ვპასუხობ, ‘კიბატონო’. შემდეგ ის ასე აგრძელებს ‘ჯონ, ეს ახალგაზრდული სიყვარულია.‘ მაგრამ ეს არის ახალგაზრდული სიყვარული? მთელი ეს სხეულები? ‘ახალგაზრდული სიყვარული. მაგრამ ჯონ, ეს უდაბნოში ხდება, სადაც სიკვდილიცაა. თუმცა ეს ახალგაზრდული სიყვარულია.’ ის აგრძელებს ‘ახალგაზრდული სიყვარული / სიკვდილი,’ უფროდაუფრო სწრაფად წარმოთქვამს ამ სიტყვებს. დარწმუნებული ვიყავი, რომ გიჟს ვესაუბრებოდი. ახლაც დარწმუნებული ვარ.”


საუნდტრეკის შექმნის შემდეგ ანტონიონიმ ფეიჰი რეტორანში დაპატიჟა, სადაც ფეიჰისვე გადმოცემით მიქელანჯელო სულ იმაზე საუბრობდა თუ რა საშინელი იყო ამერიკა. ღვინის სმის შემდეგ კი ეს საუბარი ჩხუბში გადაიზარდა, ანტონიონიმ 25 წუთიანი მუსიკიდან მხოლოდ რამდენიმე წუთი გამოიყენა და ისიც ნაკლებად საკვანძო მომენტში, ვიდრე ეს თავიდან ჰქონდა ჩაფიქრებული.

ჯონ ფეიჰის გიტარის სტილი დღესაც ბევრ მნიშვნელოვან მუსიკოსზე ახდენს გავლენას, ფლეილისთში იხილავთ ამერიკული პრიმიტივიზმის გამორჩეული არტისტებს ჟანრის ჩასახვიდან დღემდე: 

ავტორი: თორნიკე ბრაჭული