Pluto’s Records Shop - კიდევ ერთი ფირფიტების მაღაზია თბილისში!

სამყარო ყოველდღიურად ვითარდება, ტექნოლოგიური პროგრესი იმდენად ჩქარა მიიწევს წინ, ფეხის აბმა თითქმის წარმოუდგენელიც ხდება, თუმცა ფირფიტები მაინც ტრიალებენ... ტრიალებენ მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ჩვენს ქვეყანაში უკვე მეექვსე ფიზიკური მაღაზია იხსნება, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ამ საქმეს ემსახურება. Pluto’s Records Shop-მა ისევე, როგორც ყველა დანარჩენმა ფირფიტების მაღაზიამ საკუთარ თავზე აიღო პასუხისმგებლობა შეინარჩუნოს წარსულის ტრადიციები, გააერთიანოს ისინი თანამედროვეობასთან და ეს საინტერესო მიქსი მუსიკის მოყვარულებს შესთავაზოს.

სწორედ მაშინ, როდესაც მუსიკა მსმენელისთვის ყველაზე მარტივად მისაწვდომი გახდა და ნებისმიერს შეუძლია თითის ერთი მოძრაობით ან უბრალოდ ხმოვანი სიგნალის მიცემით სასურველი ნამუშევარი ჩართოს, ფირფიტების კულტურა ისევ უკან დაბრუნდა. ზუსტად ისევე, როგორც ფირის ფოტოგრაფია ან უხმო ფილმები. შესაძლებელია ვიღაცისთვის ეს მხოლოდ ტრენდის ნაწილი იყოს, თუმცა არის რაღაც განსაკუთრებული რეტროში. ყველაფერს რაც ძველია თავდაუნებურად შედარებით ნელი ცხოვრების ტემპი მოყვება, დღევანდელობის სიჩქარეში შეიძლება საუკეთესო მომენტები გაგვეპაროს, წარსულიდან დაბრუნებული ანალოგ ნივთები ამისთვის თავის არიდებაში გვეხმარება. ფირფიტის მოძებნასა და შერჩევას, მუსიკის დასაკრავად ჩატარებულ რიტუალსა და მელოდიის დაწყებამდე რამდენიმე წამიან სიჩუმეს ბევრისთვის უფრო მეტი დატვირთვა აქვს ვიდრე სენსორზე თითის დაჭერას და თუნდაც იგივე სიმღერის ნებისმიერ დროს ხელმისაწვდომობას.

მსოფლიოს მასშტაბით ფირფიტების მაღაზიების რაოდენობა იმატებს და სასიხარულოდ საქართველოშიც მარტივად მოიკიდა ფეხი ამ კულტურის დაბრუნებამ. დღესდღეობით მათ არა მხოლოდ თბილისში, ასევე ბათუმშიც ვხვდებით და იმედია მალე სხვა დიდსა თუ პატარა ქალაქებშიც გამოჩნდება მსგავსი ახალი მაღაზიები.

Vodkast Records, Small Moves, XO Records, Morevi Records, Clime Shop და ახლა უკვე Pluto’s Record Shop იმ ფირფიტების მაღაზიების დასახელებებია, რომლებიც ყოველდღიურად ელექტრონული მუსიკის წარმომადგენლებს, აუდიოფილ კოლექციონერებსა და უბრალოდ მუსიკის მოყვარულებს გემოვნებიანი მუსიკით “უმასპინძლდებიან”.

ინტერვიუ Pluto’s Record Shop-ის თანადამფუძნებელ ლაშა მარგიანთან.

რა გახდა Pluto’s Records Shop-ის შექმნის მთავარი მიზანი და ინსპირაცია?

თავიდან “Pluto’s Plan”-ის ლეიბლით დავიწყეთ, ჩვენი მეგობრების და ეხლა უკვე უცხოელების მუსიკას ვბეჭდავდით ხოლმე ფირფიტებზე. სულ ვიცოდით რომ რაღაც სივრცეში უნდა გავვერთიანებულიყავით, სადაც ადამიანებს მუსიკას გავუზიარებდით. ადგილს ბოლო ერთი წელი ვეძებდით, რამდენიმე ვარიანტი იყო და საბოლოოდ აქ, “სათბურის” ტერიტორიაზე გადავწყვიტეთ დაფუძნება. გვერდით, Lovebar-ში ჩენი მეგობრები არიან, სულ ღონისძიებებია, მუსიკით დაინტერესებული ხალხი დადის და საერთო ინტერესების გაერთიანება გამოგვივიდა.

მაღაზიის ან ლეიბლის სახელი რამეს უკავშირდება?

უბრალოდ შევქმენით ჩვენი ფიქციური მეგობარი რომელიც მომავლიდან, დაახლოებით 2080 წლიდანაა გამოგზავნილი დედამიწაზე, სადაც პოსტ აპოკალიპტური პერიოდია, “პლუტო” კი ჩვენი პლანეტის გარშემო სხვა ადამიანებთან ერთად მოგზაურობს, ეძებს ფირფიტებს და უკან მომავალში აგზავნის. ყოველი რელიზის ანუ ფირფიტის გამოცემის ბოლოს ყვება ისტორიას იმის შესახებ თუ როგორ მოიძია ეს ტრეკები. თითოეულ ფირფიტის უკან კი ეს ისტორია გვაქვს დაბეჭდილი. ეს არის “პლუტოს გეგმა და მოგზაურობა”, სახელიც აქედან მოდის, მართალია მაღაზიას ცოტა განსხვავებულად დავარქვით, მაგრამ რეალურად ერთი ტიპია.

დღესდღეობით მუსიკის მოსმენის ძალიან ბევრი საშუალებაა, ბევრი უფასო და ხელმისაწვდომი გზები, თუმცა ფირფიტები ისევ დაბრუნდა რას უკავშირებთ ამ მოვლენას?

რასაც თვალყურს ვადევნებ, გლობალური ტრენდია. ბოლო წლებში ფირფიტების გაყიდვებმა სიდებისას გადაუსწრო. ჩემი აზრით, 90- იანი წლების კულტურის დაბრუნებაც დიდ გავლენას ახდენს, ეს ერთგვარი ციკლია. ციკლები სულ არის ხოლმე. მუსიკალური ჟანრების მაგალითი რომ ავიღოთ, 2013-2017 წლებში დისკო განსაკუთრებით წინ იყო წამოწეული, შემდეგ ტექნო და ახლა თითქოს ჰაუსი მოდის. იგივენაირად არის ანალოგ ნივთებზეც, რაღაც პერიოდი იყო სიდები, მერე ციფრული წამოვიდა და ეხლა ისევ ფირფიტები ბრუნდება. ინოვაციებმაც, რა თქმა უნდა, თავისი როლი ითამაშეს. 2000 წლებიდან, როდესაც მუსიკას უკვე ციფურლი სახე მიეცა, იმის აუცილებლობა, რომ ის ფიზიკურ ფორმაში მოეწოდებინათ აღარ იყო და ყველაფერი უფრო გამარტივდა.

ხალხმა აიტაცა ეს ტრენდი, განავითარეს და რაღაც მომენტში, როდესაც პიკს მიაღწია, ისევ თავის პირვანდელ სახეს დაუბრუნდა. ისევ და ისევ ციკლი. ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ ტექნოლოგიური განვითარების გამო, ბევრად ხელმისაწვდომი გახდა სახლში ნორმალური ჟღერადობის მიღება. ადრე უფრო რთული და ძვირი იყო ფირსაკრავის ქონა, ეხლა უკვე ძალიან იაფია. ვინილის მოყვარულები სხვანაირი საზოგადოებაა, მათთვის ფირფიტები ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე მუსიკის ციფრულად მოსმენა და ამ ყველაფერს ძალიან აფასებენ. ისევე როგროც, მაგალითად ფირის ფოტოგრაფიაში ფირი სურათს სხვა სიღრმეს აძლევს, ეგრეა მუსიკაშიც, ფირსაკრავი და ფირფიტები მას სხვა სიღრმეს აძლევს.

გახსოვთ თბილისში პირველი ფირფიტების მაღაზიის გახსნა? იყო თუ არა ეს გარდამტეხი მომენტი ქართველი საზოგადოების ან მუსიკოსებისთვის?

პირველი იყო მშრალი ხიდი (იცინის) და მერე Vodkast-ი. ნამდვილად ძალიან სარისკო პროექტი იყო, მაშინ ამხელა მოთხოვნა არ არსებობდა და ეს პირველი ნაბიჯი საქმისადმი სიყვარულისთვის გაკეთდა, შემდეგ რადგან პატარა წარმატებაც დაინახა ხალმა, აიტაცეს და ეხლა განვითარების გზაზეა. Vodkast, ისევე როგორც ჩვენ, ცდილობს ქართველების მუსიკა დაბეჭდოს, რაც ადგილობრივი პროდიუსერებისთვის დიდი სტიმულია. ადრე თუ უცხოურ ლეიბლებს უგზავნიდნენ თავიანთ მუსიკას, ეხლა ეს პროცესები ერთმანეთში მიდის. რაც ძალიან კარგია, რადგან თბილისს ჯერ თითქოს თავის ჟღერადობა არ აქვს, ბევრი პროდუსერის გაჩენა თვითდამკვიდრებას ეხმარება, მალე კი გავიგებთ თუ რა ჟღერადობა აქვს თბილისს. არტისტების და დიჯეების რაოდენობაც გაიზარდა, ვინც არ უკრავდა და მივიწყებული ჰქონდა, თავიდან დაიწყო შეგროვება და მასაშიც ინტერესი ცალსახად აღიძრა. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ პირველი მაღაზიის გაჩენა გარდამტეხი იყო ჩვენთვის.

Pluto’s Record Shop-ში შემოსულ მომხმარებელს შეუძლია რომ მოისმინოს და ისე შეიძინოს ფირფიტა?

“დიგინგის” მთავარი აზრიც ეგაა. სივრცეში მიდიხარ, კომფორტულად ხარ, უსმენ და ეძებ, შეიძლებ არაფერი მოგეწონოს და წახვიდე. ამ პროცესში ბევრი ისეთი ადამიანი აღმოგვიჩენია, ვისაც საბოლოოდ ჩვენთანაც დაუკრავს.

რას გეგმავს პლუტო მომავალში?

ჩვენი მიზანი მსმენელისთვის რაც შეიძლება კომფორტული სივრცის

შექმნა და რაც შეიძლება დიდი არჩევნის ქონაა, რაც ჯერ არ გვაქვს. დაახლოებით 1000-მდე ფირფიტაა, სამომავლოდ გვინდა ეს რიცხვი ბევრად უფრო გავზარდოთ, ამიტომ ვცდილობთ ჩვენი უცხოელი მეგობრებისგან 500-იანი და უფრო დიდი შეკვრები გამოვიწეროთ. ასევე ჩვენთან ყოველ ოთხშაბათს 9 საათიდან დაახლოებით 1-2 საათამდე 3 დიჯეი თავიანთ ერთსაათიან სეტს უკრავს ხოლმე. გვინდა მსგავსი სესიები კვირის ბოლოსაც დავამატოთ, ნელნელა ხალხი შემოგვეჩვია, ბოლოს ყველაზე მეტი რაოდენობა გვყავდა, რაც ძალიან გვახარებს. არტისტებს რაც შეეხება, ნებისმიერს შეუძლია სურვილის გამოთქმა, ჩვენ მოვუსმენთ და შემდეგ გადავწყვეტთ, რამდენად ერგება ჩვენს კონცეფციას.

მომავალში მაღაზიაში ტექნიკის დამატებაც გვინდა. იმისთვის, რომ ადამიანებს თავიანთი მეორადი აპარატურის მოტანა შეეძლოთ და მომხმარებლისთვისაც უფრო კომფორტული პროცესი იყოს მათი შეძენა - მოვიდეს, შეხედოს როგორ მდგომარეობაშია და შემდეგ გადაწყვიტოს უნდა თუ არა. კიდევ გვინდა ფირსაკრავები და აქსესუარები დავამატოთ, თუმცა ეს შედარებით შორეულ პერსპექტივაში. ზოგადად რაც მეტი სივრცე იქნება, რექორდშოპები და ონლაინ მაღაზიები ჩვენთვის უკეთესია, რადგან ცნობადობა იზრდება და მეტი ადამიანი ინტერესდება მუსიკით. ეს არ არის კონკურენცია, პირიქით, ერთ საქმეს ვაკეთებთ ყველა. თანადგომა და დახმარება კი ძალიან მნიშვნელოვანია. საბოლოოდ კი ერთს ვიტყვი, ხალხო მოუსმინეთ ვინილებს და მეტად შეიყვარეთ მუსიკა!

ავტორი: ირინკა თევდორაძე