"Pills Of Time" - LOUDspeakers-ის ახალი ალმბომი

მუსიკა და განსაკუთრებით ის ჟღერადობა, რომელიც კონკრეტულ მოგონებებთან გვაბრუნებს, მეხსიერების გარკვეულ ველში იწყებს არსებობას, თავისი მეტად ან ნაკლებად ძვირფასი მნიშვნელობით. LOUDspeakers-ის მუსიკაც, ჩემთვის, წარსულის ამგვარ სივრცესთან ასოცირდება, ისეთთან, კონკრეტული საზღვრები რომ აქვს და ზუსტად იცი, რა ტრაექტორიით გაგახსენებს თავს და ამბავს.

უცნაურად ჟღერს, თითქოს დროის აბები არ არსებობს, ჩვენ შევეცადეთ, რომ გაგვეჩინა.”

- LOUDspeakers-ის ვოკალისტი, ლევან ლაუდაძე ჯგუფის ახალ ალბომზე “Pills of Time”. 

Pills of Time 2021 წლის ალბომში ერთ-ერთი კომპოზიციის სახელწოდებაა. მასზე მუშაობის დაწყებისას, გადაწყდა, ალბომიც იგივე კონცეფციის მატარებელი ყოფილიყო.


„ბევრი მიმართულებით განსხვავდება “Pills of Time” ჩვენი წინა ალბომისგან: ჟღერადობით, ტექსტების მიმართულებითა და შეგრძნებებით."

6 წელი გავიდა “Lighthouse”-ის შემდეგ და ჩვენც გავიზარდეთ ემოციურად..."

ალბომზეც ბევრად ინტენსიურად ვიმუშავეთ გიორგი გვარჯალაძესთან ერთად Lenø Records-ში. გვაჯი მუსიკალურადაც ჩაერთო ამ ალბომში და ბევრი იდეაც შემოიტანა, ეს პროცესი ბევრად უფრო მასშტაბური იყო პირველ ალბომთან შედარებით. მუსიკალურად “Pills of Time” ჩემთვის უფრო ახლო და მრავალფეროვანია.”

“Lighthouse”-ის მუსიკის დიდი ნაწილი LOUDspeakers-ის პირველ კლავიშისტთან, ალექსანდრე დოლიძესთან ერთად დაიწერა. რაც შეეხება “Pills of Times”-ს, მუსიკა ნაკლებადაა ორიენტირებული კლავიშებზე, რიტმი და მელოდიურობა უფრო მრავალშროვანია. 

„ამ ალბომს პანდემია დაემთხვა, შესაბამისად, რამდენიმე სიმღერა სახლში დავწერე, რისი თავმოყრაც დისტანციურად ვცადეთ. ერთ-ერთი კომპოზიცია, "Euphoria"-ც სწორედ ამ პერიოდში შეიქმნა. იგი რამდენადაც გამორჩეულია ინსტრუმენტალურად, იმდენად განსხვავებულია ემოციურად. პანდემიის ბევრი სიახლე შემოიტანა ჩვენში შეგრძნებისმიერად, შეიძლება ეს კომპოზიციაც ერთგვარი ლოკომოტივი აღმოჩნდა, რომ ამ ალბომზე მუშაობა დაგვესრულებინა.”

პანდემიის გამო, ალბომზე მუშაობა გაჭიანურდა, თუმცა, მისი დასრულებით, თითოეული კომპოზიცია ახალი მნიშვნელობით დაიტვირთა.



„როდესაც რაღაც იწელება, შიძლება პირველადი ელფერი პროცესშივე დაკარგოს, არა მსმენელისთვის, არამედ - ჩვენთვის. სიმღერა ასე თუ ისე ძველდება, იმ ემოციასაც გასდის ვადა. თუმცა, საბოლოოდ, ალბომის გამოქვეყნების შემდეგ, ამ სიმღერებმა ახლიდან შეიძინეს პირვანდელი დატვირთვაც და ენერგიაც.”

"Rom Ar Dashavde" ალბომის ერთ-ერთი ტრეკია, რომელშიც ქართული ტექსტია გამოყენებული. ელექტრონული ხმის გარდა, სხვებისგან იგი იმით გამოირჩევა, რომ მონოლოგურია.

„თითქოს ასე გადაწყდა, რომ ტექსტს უფრო მეტი დატვირთვა ჰქონოდა ვიდრე - ვოკალურ მონაცემებს. მისი ტექსტი ძალიან ბუნებრივად დაიწერა სახლში ყოფნის დროს, აპრილის თვეში, როცა გარეთ ძალიან წვიმდა. არ გამოვრიცხავ სამომავლოდ ქართულ ტექსტებთან მუშაობას, რადგან მათთან უკვე თავს კომფორტულად ვგრძნობ. ჩვენი საავტორო სიმღერის გარდა, მანამდე ირაკლი ჩარკვიანის „დამდევ”-ის და დები იშხნელების „და ის ვინც გაქებდა”-ს განსხვავებული ვერსია ჩავწერეთ. ამან ხელი შემიწყო, უფრო მყუდროდ მეგრძნო თავი ქართულ სიტყვებში.”


LOUDspeakers-ის მუსიკის რამდენიმე კომპოზიცია უკვე დამოუკიდებლად არსებობს, ცალკე მოსმენად სივრცეს ქმნიან და ავტორის ხმაც აღარ სჭირდება.


„ჩვენს მუსიკაში გასხვისების შეგრძნება მქონია ტრეკზე - "World in My Eyes". ალბათ, ემოციურად აღარ ვართ იმ ტალღაზე, რომელზეც ეს სიმღერაა დაწერილი. ეს კომპოზიცია უკვე სახალხო სიმღერად იქცა, თავისი გზა აქვს ნაპოვნი."

არიან სიმღერები, რომლებიც თავისით ცოცხლობენ..."

„ძალიან გაგვიმართლა, რომ ლაპარაკი იმაზე გვიწევს, თუ როგორ იპოვეს ჩვენმა სიმღერებმა თავიანთი გზა. დიდი ფუფუნებაა მსმენელისგან, რომ ისეთი სივრცე შეგვიქმნა, სადაც შეგვიძლია ამაზე სიამაყის განცდით ხმამაღლა ვისაუბროთ. იმედი მაქვს, ამ ალბომიდანაც რაღაც ტრეკები იპოვიან თავის გზას."

„ალბომის დასრულების და გამოცემის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის არის, რომ დაწყებულ საქმეს სანამ თავს ბოლომდე არ მოუყრი, შეგრძნება გაქვს, რომ წინ ვერ მიდიხარ. ალბომის გამოსვლისას, შვებით ამოვისუნთქეთ. ყველანაირი მოლოდინის გარეშე გამოვაქვეყნეთ “Pills of Times”. ამჟამად, რამდენიმე გამოუქვეყნებელი სიმღერა გვაქვს demo-ს სახით, რომელიც გვინდა დავასრულოთ, ჩავწეროთ და გამოვცეთ, იგივე დაძველების გზა რომ არ გაიაროს, როგორიც ამ ალბომს მოუწია".

„სიმღერას მაშინ აქვს ხმა, როცა იწერება და სწორედ მაშინ უნდა მიეწოდოს მსმენელს.”

LOUDspeakers-ის ახალი ალბომი, Pills of Time ხელმისაწვდომია ყველა მუსიკალურ ციფრულ პლატფორმაზე (Spotify, Apple Music, Youtube, Deezer, iTunes, და სხვ.). თუმცა, სამომავლოდ, ჯგუფი ვინილის საკოლექციო სახით გამოშვებასაც ფიქრობს. 

ავტორი: სალომე ბერძენიშვილი