მუსიკა | ცა

სადაც ჰიპ-ჰოპი და ჯაზი ერთმანეთს ხვდებიან | ნაწილი 4

აფრო ამერიკული მუსიკისგან გაჩენილი ყოველი მუსიკალური სტილი კონკრერტულ დროის პერიოდს აღნიშნავდა აფრო ამერიკელთა ისტორიაში. ჯაზი 1920-იანი წლების ჰარლემის გამოძახილი იყო, რიტმ ნ ბლუზი გვიხატავდა 1950-იან წლებს, ფანკი კი - პოსტ ნაციონალისტურ შავკანიანთა ამერიკას. ეს დათარიღება ხშირად 1980-იანი წლებითა და ჰიპ-ჰოპის სცენაზე შემოსვლით მთავრდებოდა, თითქოს ამ ეტაპის შემდეგ აფროცენტრულმა მუსიკამ შეწყვიტა განვითარდება და ერთ ადგილზე გაიყინა. 


დისკუსია ხშირად ნეო სოულის აღმოცენებით გრძელდება - მუსიკით, სადაც კურტის მეიფილდის რომანტიკული ბალადები და ელა ფიჯერალდის სკეტ მღერაა გაერთიანებული. სოციალური თვალსაზრისით, ნეო-სოული, ისევე როგორც ჯაზი, რამდენიმე დეკადის წინ უკავშირდება აფრო ამერუკული კულტურის სხვადასხვა კერას.


90-იან წლებში შავკანიანთა მუსიკაში არსებული ვაკუუმის შესავსებად, ახალი მუსიკალური სტილი გამოდის არენაზე. ეს სოულ მუსიკოსთა ახალი თაობა იყო, მათ მუსიკას მარკეტინგული თვალსაზრისით ნეო სოული ეწოდა.


ტერმინი პირველად Motown Records-ის მუსიკალურმა დირექტორმა, კედარ მასენბერგმა გამოიყენა მარკეტინგული მიზნებისთვის, რათა ნიშურად გამოეყო თანამედროვე RnB და სოულ მუსიკა, რომლებიც ასევე მოიცავდნენ ჯაზის, ფანკისა და ჰიპ-ჰოპის ელემენტებს, ასევე აქვე იყო გოსპელის ტონალობა და სოციალურად ყურადსაღები ტექსტებიც.


ნეო სოულის პირველი ნაბიჯები ჯერ კიდევ 90-იანი წლების დასაწყისში სოციალური ჰიპ-ჰოპ დაჯგუჯების, Native Tongues-ის მუსიკაში იგრძნობოდა. ეს არტისტები მაშინდელ დომინანტურ განგსტერულ მიმართულებას საკუთარი შემოქმედებით უპირისპირდებოდნენ და ახალგაზრდა შავკანიანებისთვის მიმზიდველ ალტერნატივას ქმნიდნენ. მიუხედავად გრძელი ისტორიისა, მეინსტრიმ კულტურაში სტილის დაფუძნება მოგვიანებით, საუკუნის დასასრულისკენ თუ გახდა შესაძლებელი.

ნეო სოულს არასდროს ჰქონია გამოკვეთილი განმასხვავებელი ნიშნები სხვა სტილებისგან, იქნებოდა ეს ალტერნატიული არენბი თუ ჰიპ-ჰოპ სოული. თუმცა, შესაბამისი ჩანაწერების მოსმენის შემდეგ განსხვავება ყურისთვის თვალსაჩინო ხდებოდა.


ერიკა ბადუდან მაქსველამდე და რაშან პატერსონამდე - 1997-2000-იან წლებში უამრავი მუსიკოსს მიეკრო ნეო სოული-ის იარლიყი, რომლებიც 1960-70-იანი წლების სოულ მუსიკას, ჰიპ-ჰოპს, როკსა და პოეზიას უხამებდნენ. ამ ტრენდმა დიდი ლეიბლები აიყოლია, რომლებიც მუდმივად ცდილობდნენ აფროამერიკელთა მუსიკალურის სტილების გლობალურად წინ წამოწევას.

ამავე პერიოდში ეროვნულმა პრესამ, როგორიცაა Time და Vibe წამოიწყეს დებატები იმის შესახებ თუ რას ნიშნავდა ნეო-სოული: ეს იყო ცალკე მდგომი მუსიკალური სტილი თუ უბრალოდ 70-იანი წლების სოულის თანამედროვე ინტერპრეტაცია. მიმომხილველების ნაწილი ნეო სოულს ავთენტურ და სრულყოფილ მუსიკალურ სტილად განიხილავდა, რომელიც კლასიკურ სოულ-ს 90-იანი წლების ესთეტიკით ამარაგებდა.


მაშ რა არის ნეო-სოულის ჟღერადობა? ნეო სოული მუსიკალურ სტილია რომელიც ჰიპ-ჰოპისა და სოულ მუსიკის გზაჯვარედინზე დაიარება და ჰიპ-ჰოპის წარმოშობის პერიოდში მიღწეულ ტექნოლოგიურ ცვლილებებსა და განვითარებას ემყარება, თუმცა ამავე დროს იყენებს ლაივ ინსტრუმენტებს სოულის ზეობის ეპოქიდან. 


სტილის ფარგლებში უცხო არ არის სემპლინგის ტექნიკა და კლასიკური სოულ ჩანაწერების რეინტერპრეტაცია, როგორებიცაა ლორენ ჰილის ქავერი ფრენკი ვილის სიმღერისა „Can't Take My Eyes Off You“ თუ D Angelo-ს მიერ სმოქი რობინსონის კლასიკის „Cruising”-ის ქავერი. მიუხედავად იმისა, რომ არსებულები კლასიკური ქავერ ვერსიებია, ფონად შესამჩნევია ჰიპ-ჰოპ ინსტრუმენტალი, რომელიც წლებთან ერთად ნეო-სოულის განუყოფელი ნაწილი გახდა.


მუსიკალურად ნეო-სოულის გამოწვევაა, რომ დააბალანსოს სემპლინგის ტექნიკა და ლაივ ინსტრუმენტები.


ანუ როგორც ერიკა ბადუმ ერთხელ განაცხადა: „I’m an analog girl in a digital world”. 

წლებთან ერთად რთული ხდებოდა ნეო სოულის მუსიკალური იდენტობის დაფიქსირება, ვინაიდან უამრავი მუსიკოსი თავად სტილის შიგნით განსხვავებულ მუსიკალურ საფეხურებზე იდგა, თუმცა მუსიკალურ „ხერხემლად“ სოულს იყენებდა. თავისი განმარტებით ნეო-სოული პარადოქსია, ნეო - ახალს ნიშნავს, Soul (სული) კი მუდმივია.


1990-იანი წლების ბოლოს, როდესაც ნეო-სოულ მოძრაობა პიკში იყო, მუსიკოსებმა, რომლებიც საერთო ხედვას იზიარებდნენ გადაწყვიტეს სტილი ახალ საფეხურზე აეყვანათ. ისინი საკუთარ თავს Soulquarians-ს უწოდებდნენ.


ყველაფერი კი იმით დაიწყო რომ D’Angelo-მ საკუთარი ახალი ალბომის Voodoo-ს ჩასაწერად ნიუ იორკში მდებარე, მივიწყებულ Electric Lady სტუდიას მიაგნო. სტუდიას, რომელიც იმ ეტაპისთვის მტვერს მოეცვა, თავის დროზე, ჯიმი ჰენდრიქს, სტივ უანდერს და დევიდ ბოუის მასპინძლობდა.

D’Angelo რამდენიმე წლის განმავლობაში ფაქტობრივად ცხოვრობდა ამ სტუდიაში. თუმცა იგი აქ მარტო არ ყოფილა - ლეგენდარული The Roots-ის დრამერი, აჰმირ ქვესთლავიც არ მოშორებია სტუდიას, ვინაიდან ყველა ჩანაწერის ცენტრში სწორედ ის იდგა.


მათი მუსიკალური სესიები ძირითადად საღამოს საათებში იწყებოდა და ხშირად მთელი ღამის განმავლობაში დაუღალავად გრძელდებოდა. პერიოდულად აქაურობას სხვა მუსიკოსებიც სტუმრობდნენ - გარდა ალბომის ჩაწერისთვის მომზადებული ინსტრუმენტალისტებისა, აქა-იქ დალანდავდით ლორენ ჰილს, Q-Tip-ს, ერიკ კლეპტონს, კრის როკს, როკ რუბინსა თუ სხვებს.


სრულიად შემთხვევით აღმოჩნდა, რომ კოლექტივში შემავალი მუსიკოსთა უმეტესობა ჰოროსკოპით მერწყული აღმოჩნდა, რასაც შესაბამისად დაერთო სახელი, რითაც მათ დღემდე იცნობენ - Soulquarians.

თავდაპირველად ვერავინ ვერ წარმოიდგენდა, ეს საღამოები რაიმე უფრო დიდი მოძრაობის ჩანასახი თუ იქნებოდა. მალევე მაგიურ ადგილს სხვებმაც მოაგნეს.


უკვე გამრავალფეროვნებული კოლექტივი მოიცავდა მაესტრო J Dilla-ს და მის ჯგუფს Slum Village-ს, RnB პოეტსა და ახალწვეულ Bilal-ს, უკვე ნეო-სოულის დედოფლად წოდებულ ერიკა ბადუს, სოციალური ჰიპ-ჰოპის გამორჩეულ MC-ებს, Common-სა და Mos Def-ს (რომელიც სხვათაშორის ბას გიტარაზე ატარებდა ექსპერიმენტებს სესიების პერიოდში). 

მათი მუსიკა სრულიად სხვა ჟღერადობით ხასიათდებოდა, სადაც ციფრული ხმა და ლაივ ინსტრუმენტაცია ერთმანეთს კვეთდნენ და განსაკუთრებულ ატმოსფეროს ქმნიდნენ. ამავე პერიოდში ჩაიწერა ერიკა ბადუს „Mama's Gun“, რომელიც რევოლუციური “Baduizm“-ის ლამაზი გაგრძელება გამოდგა.


მიუხედავად იმისა, რომ 2000-იანი წლების დასაწყისში ეს კოლექტივი თითქმის დაიშალა და ყველამ საკუთარ წყალში შეცურვა დააპირა, მათ მიერ დროის მცირე მონაკვეთში შექმნილი მუსიკა დღემდე ჰიპ-ჰოპისა და ნეო-სოულის ყველაზე შემოქმედებით პერიოდად ითვლება.

საბოლოოდ ნეო-სოული არის ჟანრი, რომელიც კვლავ ცოცხალია, თუმცა მეინსტრიმ მედიაში მისთვის ადგილი უფრო და უფრო ნაკლებად რჩება. ასი ათასობით გაყიდული სინგლი და ალბომი მხოლოდ წარსულის მოგინებებია, თუმცა მუსიკალურ იატაკქვეშეთში და ინტერნეტის მიუღწეველ შრეებში კვლავ აღტაცებით ვეძებთ ახალ სოულ მუსიკას.

ავტორი: ჯაბა შავიშვილი