ლიტერატურა კულტურა

#იკითხე: ნინო ხარატიშვილი

"საბა"

ივნისი 13, 2020

© Sollsuchstelle

რა ასაკიდან დაიწყეთ წერა?

ბავშვობიდან ვწერდი, თუმცა ალბათ 15, 16 წლიდან დავიწყე ამ საკითხზე უფრო გააზრებულად ფიქრი და საკუთარი თავისთვის კითხვების დასმა: რატომ, რისთვის, როგორ და ასე შემდეგ...

საქართველოში დაბრუნებაზე ხომ არ ფიქრობთ?

ბოლომდე ამ ნაბიჯს ჩემი პროფესიის გამო ალბათ (ჯერ) ვერ გადავდგამ, თუმცა ვგეგმავ მეტი დრო გავატარო საქართველოში და ძალიან მინდა ბავშვებისთვისაც მეტად ვაქციო მაქაურობა „სახლად.“

The Eighth Life: (for Brilka), Nino Haratischvili 

ხომ არ გეგმავთ ქართულ ენაზე დაწეროთ რომანი?

აქამდე არ მიფიქრია ამაზე. თუმცა არ ვიცი, მანდ მეტი დრო რომ დავყო, შეიძლება ეს იმპულსი გაჩნდეს, თუმცა ჩემი პროფესიული გზა მთლიანად გერმანიაში დაიწყო, შედგა და გრძელდება და ალბათ გამიჭირდება „გადმორთვა,“ ამას ისიც ემატება, რომ გერმანული ჩემთვის, წერისთვის საჭირო დისტანციას ძალიან კარგი დოზით მაძლევს და ეს ძალიან მეხმარება. დისტანცია და პერსპექტივის შეცვლა ძალიან მეხმარება წერაში. თუმცა ბევრი ამბობს და მეც დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი გერმანული ქართულით არის „გაფერადებული.“

რა განსხვავება და მსგავსებაა ქართველ და გერმანელ მკითხველს შორის?

კარგი მკითხველი ყველგან არსებობს და ვერ განვასხვავებ ნაციონალობის მიხედვით. ყველგან მაქვს ბედნიერება შევხვდე ლიტერატურის მოყვარულ ადამიანებს და მათი შთაბეჭდილებები გავიზიარო. საქართველოში ძალიან მახარებს ბევრი ახალგაზრდა მკითხველი კითხვის საღამოებზე ან სოც.ქსელებში მათი შთაბეჭდილებები ჩემს წიგნებზე. და, რა თქმა უნდა, „მერვე სიცოცხლის“ გამოსვლა ქართულ ენაზე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და განსაკუთრებულად ფაქიზი პროცესი იყო და ძალიან მაინტერესებდა ამ შემთხვევაში კონკრეტულად ქართველი მკითხველის რეაქცია.

მერვე სიცოცხლე (ბრილკას) , ნინო ხარატიშვილი

როგორი იქნებოდა თქვენი შემოქმედება, გერმანულის ნაცვლად რომ ქართულ ენაზე გეწერათ. არ ვგულისხმობ, თქვენს სამწერლო კარიერაზე გავლენას — გერმანულენოვანი მკითხველი რომ უფრო მრავალრიცხოვანია. ვგულისხმობ, რამდენად და როგორ (ან თუ საერთოდ) შეიცვლებოდა თუ არა ტექსტების თემატიკა და მათში დასმული აქცენტები?

ამ კითხვაზე გამიჭირდება გადამწურავი პასუხის გაცემა, რადგანაც ალალად რომ ვთქვა, არ ვიცი. თემატიკა არ შეიცვლებოდა, დარწმუნებული ვარ, რადგანაც ყველა ჩემი ნაწერის შინაარსი ჩემი ინტენსიური ფიქრის და ემოციის შედეგია, ალბათ იგივე დარჩებოდა, რადგანაც მე სხვა ადამიანი საქართველოში ცხოვრებისას არ ვყოფილვარ და არც მომავალში გავხდებოდი, თუმცა ენა, ფორმა შეიძლებოდა ცოტა სხვაგვარი ყოფილიყო. მაგრამ მე გერმანულად არ დამიწყია წერა იმ გათვლით, რომ აქ მეტი მკითხველი მეყოლებოდა. მე როცა აქ წერა დავიწყე, არანაირად არ ვიყავი დარწმუნებული, რომ ჩემი ნაწერი საერთოდ მიაღწევდა მკითხველამდე. ეს ჩემი აქ დარჩენის გადაწყვეტილებით უფრო იყო გამოწვეული და ორგანულად მოხდა, ბევრი ფიქრის გარეშე.

როგორ ფიქრობთ, ისტორიული პერსონაჟების სახის შექმნა უფრო რთულია წიგნში თუ გამოგონილის?

რა თქმა უნდა ,არსებულ პერსონაჟებზე წერა უფრო რთულია, მეტი პასუხისმგებლობაა და იქ რეალობას უნდა შეუთავსო ფანტაზია და მოცემულობებს დაემორჩილო. მე წერისას ყოველთვის ფანტაზიის თავისუფლება მჭირდება, არ მინდა რაღაცაზე ვიყო დამოკიდებული, ამიტომ ისტორიული პერსონაჟების შემთხვევაშიც ვცდილობ რაიმე ხერხი ვიპოვო, რომელიც არ გამხდის დამოკიდებულს მხოლოდ და მხოლოდ ფაქტებზე. ბერიას შემთხვევაში, მაგალითად, ძალიან დამეხმარა ის იდეა, რომ ეს ადამიანი მხოლოდ უცხო, ამ შემთხვევაში ქალების და კონკრეტულად ქრისტინეს დანახული აღმეწერა. 

როგორ ფიქრობთ, რამდენად აქვს თქვენ რომანებს გავლენა გერმანელ მკითხველზე და ლიტერატურაზე?

ეგ ალბათ აქაურ მკითხველს უნდა ჰკითხოთ. ბევრი წერილი, მეილი, მესიჯი მომდის, სადაც ადამიანები მათ ემოციას და აზრებს მიზიარებენ, რომლებიც რომანების წაკითხვის შემდეგ დაეუფლათ. ყოველივე ჩემთვის ძალიან ძვირფასია, მაგრამ მე, რათქმაუნდა, ვერასოდეს გავიგებ 100% რა გავლენა ან კვალი დატოვეს მათზე ჩემმა წიგნებმა. ერთადერთი, რაც დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, ბევრი შემთხვევა ვიცი და ძალიან მახარებს, რომ ბევრი გერმანელი მკითხველი „მერვე სიცოცხლის“ შემდეგ საქართველოში წამოვიდა სამოგზაუროდ. 

რა რჩევას მისცემდით ადამიანს რომელსაც უნდა რომ წერა დაიწყოს?

მიენდოს საკუთარ თავს, არ შეეცადოს ვინმეს ან რაიმეს მიბაძოს და წეროს, წეროს, წეროს. მწერალი თეორიულად ვერ გახდები, რაც არ უნდა კარგი იდეები გიტრიალებდეს თავში. მხოლოდ პროცესში და მხოლოდ საკუთარ შეცდომებზე სწავლით ყალიბდები ავტორად. 

ავტორი: saba.com.ge