ლიტერატურა

ნიკო ლორთქიფანიძე

ფოტო მწარე ღიმილით


ვუყურებ შავ-თეთრ ფოტოს. ფოტოდან იცქირება მამაკაცი, სათვალით, დინჯი გამომეტყველებით და ძლივსშესამჩნევი, მწარე ღიმილით. დიახ, ზუსტად, მწარე ღიმილით მიყურებს და ამბობს:“იყიდება საქართველო“ - ეს ნიკო ლორთქიფანიძეა, მწერალი,რომელიც სკოლაში გვასწავლეს ტრადიციული, ბანალური ფრაზით - „დიდი ქართველი მწერალი ნიკო ლორთქიფანიძე“, მწერალი, რომელის სახელიც ხშირად გვესმის და მწერალი, რომელიც წაკითხული არ გვაქვს.


"კაფანდარა იყო, სქელი ტუჩებით, მეჩხერი ულვაშითა და კოხტად შეკრეჭილი მოკლე წვერით. სათვალიდან დაღლილი იცქირებოდა, მშვიდი ნაბიჯით დადიოდა, სახეზე მუდამ ნაღვლიანი შთაგონება ეფინა და ჩუმი ირონიით შეფერილი "მწარე" ღიმილი იცოდა. ძალზე თავისებური და შეუცნობელი გარეგნობა ჰქონდა." - იგონებს სიმონ ჩიქოვანი, აქაც მწარე ღიმილი, ღიმილი, რომელიც არ გავიწყდება.

საიდან უნდა დაიწყო მასზე ლაპარაკი, თავმდაბალ, გაუპრანჭავ, ზნეობრივ ადამიანზე, რომელიც ყველანაირად ცდილობდა, ზედმეტ მანერულობას გაქცეოდა. მისი პროზაც ხომ ამაზეა, ზედმეტი სიტყვებისგან დაცლილი, ლაკონური, თითქოს კამერული, ერთ პატარა კუბში მოქცეული, დაპრესილი და დატუმბული ჰაერის ნაკადი.


ქართული ენის მთავარი ძალა ზმნააო, გსმენიათ ეს წინადადება, ქართულ ზმნას ყველაფერი შეუძლიაო, გამოხატოს ვინ ვის რა რატომ როდის რა დროში ვისი დახმარებით ნამდვილად თუ არც ისე თავისთვის თუ სხვისთვის ... მოკლედ, ყველაფერი შეუძლიაო. მართალია, ასეცაა, ჩვენი ზმნა ადამიანი - ორკესტრია, ყველა ინსტრუმენტს თავად ახმიანებს.


ნიკო ლორთქიფანიძესთან ზმნა სხვა სიძლიერეს იძენს, ზოგჯერ ამბავი მისი დახმარების გარეშეა მოთხრობილი, ზოგჯერ კი, ზუსტად შერჩეული ზმნები დამიზნებული ტყვიის მსგავსად არასდროს სცდება მიზანს:



“მამა წამოიჭრა, ეზო გადირბინა. ვენახში მოხვდა. გაბმული ცხვარი სძოვდა. ახსნა. გავიდა ხეზე. დაჯდა. ბაწარი ტოტს მაგრათ მიაბა, მარყუჟი გამოსკვნა მეორე ბოლოში, გაშინჯა - კისერზე თუ მომიჭერსო და...კეთილი ბებერი ნათლია იფოფრებოდა: - ღმერთო! ღმერთო! რა დროს მომასწარი!.. რა საცოდაობა დატრიალდა... ვინ მოუვლის დამშეულ ობლებს?!


ქართველი ქვრივი დედაკაცი თავსაფრიანად წუღებამდის... წინდაც კი შავი... თუ გამოჩნდა, მეტისმეტათ ლილიან წყალში გავლებული საცვალი,


თეთრი შუბლი,


შავი მაყვალივით თვალები,


მზეზე გაშავებული ლოყები,


მოქნილი ცხვირი,


სისხლისფერი ტუჩები.”



ნიკო ლორთიფანიძის რიტმული, დამუხტული, იმპრესიონისტული, ემოციითა და ტკივილით სავსე, ზუსტი, მოზომილი ტექსტები ერთგვარი ლიტერატურული მანიფესტებია, სადაც ძალიან კარგად ჩანს ავტორი - მართალი და მორალური, ღირსებით სავსე კაცი, მასწავლებელი, მოღვაწე, დუელიანტი, ფათერაკიანი, არისტოკრატული, ჩუმი და დახვეწილი.



ნიკო ლორთქიფანიძე, მიხეილ ჯავახიშვილი, 1933 წელი

„…შესაშური ბიოგრაფია აქვს ნიკო ლორთქიფანიძეს. გაიხსენეთ, რომელი მწერლის ბიოგრაფიას ამშვენებს საქართველოში, და თუნდაც მის გარეთ, ორი დუელი, არა პირადი ღირსების, არამედ სამშობლოს, ერის წმინდა სახელის და ღირსების დასაცავად.


ნიკო ლორთქიფანიძისნაირი მწერლები კი არ იბადებიან, არამედ ჩნდებიან და გამოეცხადებიან ხოლმე ხალხს. ასე გამოეცხადა იგი 1880 წელს საქართველოს” - წერს ნოდარ დუმბაძე.

ვუყურებ შავ-თეთრ ფოტოს და იქიდან მწარედ მიღიმის კაცი, რომელიც ტექსტებიც ზეპირად მახსოვს, მახსოვს ტკივილით, განცდით, რომელსაც სულ დავატარებ, აქაა საქართველო, რომლიც იყიდება, თავსაფრიანი დედაკაცი, რომელიც უგზოუკვლოდ მიჰყვება გზას არსაით, მამა, რომელმაც შვილებს მჭადი შეუჭამა, სიცხიანი ბავშვი, რომელიც ფორთოხალს ნატრობს, მონატრებისგან ფერფლადქცეული გული, ვიღაც, ვინც სამშობლოსთვის ლოცულობს, ბრმა თერძი, რომელიც გვირისტს ვეღარ ავლებს, ქალი, რომელიც გველთან ერთად ცეკვავს, შურისძიებისგან ჭკუადაკარგული ბატონი და დედა, რომელიც შობის ღამეს, სულ მალე პირმშოს დაკარგავს...


„იქ, სადღაც შორს, ბეთლემში, ცხრამეტი საუკუნის წინათ, ცამოჭედილ ღამეს მღვიმეში დაიბადა იესო, ძე ქალწულის მარიამისა, მაშვრალთა იმედი და ნუგეში, ტანჯვის შემამსუბუქებელი, სიკვდილისა სიკვდილითა დამთრგუნველი...

აქ კი... დღეს...“


გადმოწერე განახლებული აპლიკაცია SABA Reader App Store-დან ან Google Play-დან და იკითხე ქართული და უცხოური ლიტერატურა "საბაზე".

ავტორი: https://saba.com.ge/