ნიკა მაჩაიძის მუსიკალური ანთოლოგიის სერია CES Records-ზე გამოიცემა

ბოლო დეკადის განმავლობაში, სხვა პროექტებზე გადართვის გამო, ნიკა მაჩაიძისგან მუსიკალური აქტივობა ნაკლებად შეიმჩნეოდა, თუმცა, შარშან, CES Records-ის ინიციატივით მოხერხდა მუსიკოსის 2000-იან წლებში გამოცემული ალბომების ხელახლა დარელიზება, რათა ახალი თაობის მსმენელს მათი მოსმენის შესაძლებლობა სტრიმინგ პლატფორმებზეც ჰქონოდა. ამას დაემატა იქამდე გამოუცემელი მუსიკალური მასალა, როგორიცაა: GEOWEDDINGS დაGeorgian In Kyoto”. თუმცა, CES Records ამაზეც არ შეჩერდა და 2021-2022 წლების განმავლობაში, მუსიკოსის აქამდე უცნობ ნაწარმოებებს, ანთოლოგიის სერიის სახით შემოგვთავაზებს.

„ნიკას ახალი ალბომის გამოშვებას ვგეგმავდით, თითქმის ყველაფერი მზად გვქონდა, თუმცა იმავე პერიოდში, ნიკამ მითხრა, რომ  1996 წლიდან დაწყებული, დაახლოებით 1000-მდე ტრეკი ჰქონდა სხვადასხვა ადგილზე მიმოფანტული და სანამ მათ არ გამოუშვებს, არ არის მზად ახალი ალბომის გამოსაქვეყნებლად. სწორედ აქედან დავიწყეთ იმაზე ფიქრი, თუ რა ფორმით გამოგვეშვა ეს მუსიკა“.


- ნათია სართანია (sTia),

CES Records-ის დამფუძნებელი.

„სანამ ძველს არ გაუშვებ, მითუმეტეს, როდესაც თვლი, რომ ის ძველი ბევრად საინტერესო, ექსპერიმენტული და თავისუფალია, ვიდრე ახალი... გინდა, რომ დროზე მოიცილო თავიდან, ახლისთვის რომ ადგილი გაათავისუფლო, თან, ალბათ, იმსახურებს ეს მუსიკა თავის ცხოვრებით იცხოვროს და კარადაში აღარ იდოს“ .


Nikakoi

ანთოლოგიაში მთელი 25 წლის მუსიკა იქნება შესული - როგორ იცვლებოდა Nikakoi-ის მუსიკა ამ პერიოდის განმავლობაში?

Nikakoi - ყოველთვის ეკლექტურ მუსიკას ვაკეთებდი, როგორც ჟანრობრივად, ასევე ემოციურად. რამდენად იცვლება ადამიანი 25 წლის განმავლობაში? როდესაც დავიწყე 24 წლის ვიყავი და 1 წლის შვილი მყავდა, ახლა 49 წლის ვხდები და 3 წლის შვილიშვილი მყავს. ვფიქრობ, ადამიანისთვის უზარმაზარი ცვლილებაა, იმაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ეს 25 წელი სამყაროში რა ხდებოდა.

ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა, უმეტესწილად, გარემოს რეფლექსიას ვაკეთებთ და ვფუთავთ ჩვენს ემოციებში... შესაბამისად, ჩემი მუსიკაც 25 წლის მანძილზე ჩემთან და გარემოსთან ერთად იცვლებოდა."

პირველი რელიზი 25 ივნისაა დაგეგმილი, გაქვთ უკვე წინასწარ განსაზღვრული რამდენი EP/ალბომის მასალა იქნება მომავალში გამოსაშვებად?

sTia - ამჟამად მხოლოდ 4 რელიზი გვაქვს უკვე ჩაშვებული და გამზადებული, რომლებიც 25 ივნისიდან ყოველ პარასკევს გამოვა, იმ მასშტაბის მასალასთან გვაქვს ურთიერთობა რომ, შეუძლებელია მისი სრულად და სრულფასოვნად ერთბაშად შეფუთვა. მთავარი სტარტის აღება იყო, რაც უკვე გავაკეთეთ. ასევე გვაქვს მკაფიო ხედვა იმაზე, თუ რა ფორმით მივაწვდით მსმენელს მუსიკას. უნდა ველოდოთ, რამოდენიმე ათეულ სინგლს, 5 EP-ს, 5-10 წლების პერიოდის მიხედვით დახარისხებულ კომპილაციებს. სპექტაკლებისთვის შექმნილ მუსიკას, მუსიკას მოდების ჩვენებებისთვის, ფილმის მუსიკა და სხვა. გრძელი და ხალისიანი  თვეები გველის.

როგორი იყო ამხელა მუსიკალურ ბაზასთან ურთიეთობის და მათგან საუკეთესოს ამორჩევის პროცესი?

Nikakoi - პროცესი ჯერ სულ დასაწყისშია, ჯერ მხოლოდ 2 მყარ დისკზე გაფანტული მუსიკის მესამედს მოვუსმინე და 118 გამოუქვეყნებელი ტრეკი გადავდეთ... დარჩენილი 2/3-ის გარდა, კიდევ რამდენიმე მყარი დისკი, ძველი მინიდისკები და CD-ებია გასახსნელი. პირველი სინგლისთვის ვიდეოც კი 2000-იანების დასაწყისში გაკეთებული, ძველ CD-ებზე გადაწერილი 3D ანიმაციით გავაკეთე.

ნიკა, როცა თვალი გადაავლე დაგროვებულ მუსიკას, რამდენად გახსოვს მათზე მუშაობის პროცესი?

Nikakoi - 90% მახსოვს როგორ და რა პროგრამაში ვაკეთებდი (თავიდან უამრავ პროგრამას მივედ მოვედებოდი... ალბათ, Microsoft Word-ში არ გამიკეთებია მხოლოდ ☺ დანარჩენი, რასაც ხმის გამოშვება შეეძლო, ყველაფერს ვიყენებდი, Photoshop-შიც კი ვაკეთებდი გრაფიკულ ფაილებს, შემდეგ, როგორც Sounds-ს, ისე ვხსნიდი და ამას ვიყენებდი სემპლებად. სემპლებს როგორ ვიწერდი და როგორ ვამუშავებდი ეგ პროცესიც კი მახსოვს.

ყველა რელიზი ციფრული სახით იქნება ხელმისაწვდომი, თუ სხვა მედიუმებსაც გამოცდით?

sTia - პირველი ამოცანა, რა თქმა უნდა, იქნება ყველაფრის ციფრულად გამოცემა, როგორც კი ეს პროცესი დასრულდება, უკვე დავიწყებთ მუშაობას Nikakoi-ის Vinyl Box Set-ზე, რომელსაც, იმედს ვიტოვებ, ნიკაკოის 50 წლის იუბილეს დავამთხვევთ. აქვე, დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრი იდეა მოვა ამ სასიამოვნო პროცესში და ბევრ იდეას სწორედ მსმენელისგან მივიღებთ.

ანთოლოგიის პირველ სინგლს, დასახელებით „Lam-a97“, CES Records-ზე 25 ივნისს უნდა ველოდოთ.

ავტორი: ჯაბა შავიშვილი