თიბისელები

თიბისელი ნატა შენგელია

ნატა შენგელია ჯერ კიდევ სტუდენტი იყო, როდესაც მშობლებმა პირველი ანგარიში თიბისიში გაუხსნეს. ბანკში ხშირად მისვლა არ უწევდა, მაგრამ ერთხელ მარჯანიშვილის ფილიალში მოხვდა - სივრცეში, რომელიც იმ დროის თბილისში არაფერს ჰგავდა.


„ეს ის პერიოდია, როდესაც ქალაქში სავაჭრო, თუ გასართობი ობიექტები თითქმის არ არსებობდა. ყველაფერი ნაცრისფერი და ერთფეროვანი იყო. იმ რეალობაში კი მარჯანიშვილის ფილიალი უკვე უსწრებდა დროს გარეგნულადაც და შიგნით, სრულიად განსხვავებული, მოწესრიგებული, თანამედროვე გარემოთი. კარს იქით მოვხვდი თუ არა, პირველი ეს გავიფიქრე - რა მაგარი ადგილია, ასეთ გარემოში ვიმუშავებდი-მეთქი.“

შემდეგ რამდენიმე წლის განმავლობაში მეუღლესთან ერთად საზღვრებს გარეთ მოუწია ცხოვრება. 2007 წელს, როდესაც საქართველოში დაბრუნდა, პირველი სამსახურის პოვნის დროც დადგა. თიბისიში გაგზავნილმა CV-მ არ დააყოვნა და მალევე დაურეკეს - „გილოცავთ, თქვენ თიბისი ბანკის ქოლცენტრში მოხვდით“. ასე დაუგეგმავად და მოულოდნელად ახდა ის, რაც წლების წინ გაიფიქრა.  


„არანაირი საბანკო და ფინანსური განათლება და გამოცდილება არ მქონდა. ამიტომ, ბუნებრივია, ჩემი თიბისელობა ყველაზე დაბალი პოზიციიდან დაიწყო. თავიდანვე ძალიან მაგარ გუნდში მოვხვდი, სადაც ყველა მეხმარებოდა და რაღაცას მასწავლიდა. ეს ის წლები იყო, როდესაც თიბისი მაღალშემოსავლიანი სეგმენტიდან ნელ-ნელა საშუალო და დაბალ სეგმენტებზეც გავიდა, უფრო სახალხო გახდა და მისი ცნობადობაც გაიზარდა. ქოლცენტრში თავიდან 20 გოგო ვმუშაობდით. ბანკის გაფართოებასთან ერთად, ზარების რაოდენობაც წარმოუდგენლად იზრდებოდა და ჩვენც ახალი თანამშრომლები გვემატებოდა. როგორ ვითარდებოდა, ძლიერებოდა და როგორ იმკვიდრებდა თიბისი ბაზარზე საკუთარ ადგილს - სწორედ ამ საინტერესო პროცესის მომსწრე და მონაწილე ვიყავი.“


წლების განმავლობაში მუდმივად იყო ახალი შემოთავაზებები, თუმცა CV-ც კი არსად გაუგზავნია. ქოლცენტრის შემდეგ 7 წლის განმავლობაში პერსონალური ბანკირი იყო, 4 წელი კი ფილიალის დირექტორი. ამიტომ ერთ კომპანიაში ჯამში 13 წლიანი ისტორია, ნატასთვის არა რუტინა, არამედ პირიქით - ყოველთვის ახალი გამოწვევა და შესაძლებლობა იყო.


„წლებთან ერთად თიბისი ჩემთვის ოჯახი გახდა. მგონია, რომ ჩემნაირია, ახლოს ვართ ღირებულებებითა და ფასეულობებით. სწორედ ამიტომაა სასიამოვნო ჩემთვის ამ გუნდში ყოფნა უკვე ამდენი წელია. თიბისის თუ შევხედავთ როგორც ადამიანს, ძალიან პროგრესული და თანამედროვეა, ამავდროულად თავმდაბალი და ყველასთვის მისაღები. მე თვითონაც ასეთი ვარ - მზრუნველი, მსიამოვნებს სხვებისთვის კომფორტის შექმნა, სიახლეებისთვის გახსნილი ვარ. სწორედ ამიტომ შედგა ჩემი და თიბისის ურთერთობა ასე ბუნებრივად. ბევრჯერ მიკეთებია ის, რაც ჩემი მოვალეობა არ ყოფილა, მაგრამ იმ მომენტში მინდოდა, მომხმარებლისთვის პრობლემა მე მომეგვარებინა და მისთვის გამეჩინა განცდა, რომ საიმედო ხელში იყო. ამ ნდობამ საქმიანი ურთიერთობები ნელ-ნელა მეგობრობამდე მოიყვანა და ბევრი ჩემი ყოფილი კლიენტი დღეს ჩემი ახლო მეგობარია. თიბისის წარმატება თითოეულ მომხარებელთან ინიდვიდუალურ მიდგომაზე და წლების განმავლობაში ნაშენ ურთიერთობებზე დგას. ის იყო პირველი, რომელიც ადრევე მიხვდა, რომ კლიენტებთან ურთიერთობა, მათი კომფორტი და კმაყოფილება მომავალში ფინანსურ მოგებაზე ბევრად მნიშვნელოვანი იქნებოდა და სწორედ ამ მიმართულებაში ჩადო ყველაზე მეტი.“


როდესაც პერსონალური ბანკირობიდან ფილიალის დირექტორად გადაიყვანეს, ახალი პასუხისმგებლობები გაჩნდა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა კი ახალი გუნდისთვის ცოდნის გაზიარება იყო.

ჩემი გუნდის წევრების წინსვლა და განვითარება ჩემი პირადი მოვალეობა და საზრუნავი გახდა. ვუზიარებდი ზუსტად იმ გზას, რაც წლების წინ თვითონ გავიარე და ეს ყველაზე საინტერესო პროცესი იყო. მინდოდა თითოეული ძალიან წარმატებული ყოფილიყო და ამიტომ მთელი გულით გადავცემდი დაგროვილ ცოდნას.

თიბისელი ნატას ისტორიაში ერთ-ერთი მთავარი სირთულე სწორედ ის იყო, რომ პირველადი პროფესიით დიპლომატისთვის საბანკო ცოდნა პრაქტიკაში და გამოცდილებით მოვიდა.


„რომელ უნივერსიტეტში უნდა მიმეღო ამხელა ცოდნა და გამოცდილება ვერც წარმომიდგენია. თუმცა, დღეს სხვანაირი დროა, სხვანაირი თაობა - შესაძლებლობებიც მეტია და შესაბამისად კონკურენციაც. მნიშვნელოვანია დროსა და ტენდენციებს არ ჩამორჩე. თიბისი მუდმივად ზრუნავდა სხვადასხვა სასწავლო კურსით გამემყარებინა პრაქტიკაში შეძენილი ცოდნა. ახლა მაგისტრატურაზე ფინანსებსა და ბიზნესის ადმინისტრირებას ვსწავლობ. სხვადასხვა დროს სხვადასხვა პოზიციაზე საკუთარ თავზე ბევრი მუშაობა დამჭირდა, თუმცა ამ პროცესში ჩემი თვისებებიც დამეხმარა - პასუხისმგებლობის ძალიან მაღალი გრძნობა მაქვს. მიმაჩნია, რომ წესი ყველასთვის წესია - არც ერთი დაწინაურებისას არ მიფიქრია, რომ ერთი დღე მაინც შემეძლო 10-ის ნახევრაზე არ მივსულიყავი სამსახურში. სულ რაღაც ახალს ვიგონებ და მუშაობის საკუთარ მეთოდებში მუდმივად სიახლე შემაქვს. ისე გამოვიდა, რომ ჩემი თავი ჩემით შევქმენი.“


კიდევ ერთი მთავარი გამოწვევა წარმატებული კარიერის პარალელურად ოჯახი და მრავალშვილიანი თიბისელის სტატუსია. ნატას 3 შვილი ჰყავს. თუმცა ამას ხელი არ შეუშლია რამდენიმე თვის წინ კიდევ ერთი ნაბიჯი გადაედგა წინ და ახლა უკვე კორპორაციულ განყოფილებაში, ჰორეკა-ტურიზმის სექტორში კორპორატიული ბანკირი გამხდარიყო.


თიბისიში დედებს და მომავალ დედებს ყველანაირი ხელშეწყობა გვაქვს იმისთვის, რომ სრულფასოვნებისა და კმაყოფილების განცდა გვქონდეს საქმეშიც და პარალელურად პირად ცხოვრებაშიც.


"მრავალშვილიანი თიბისელებისთვის ფინანსური დახმარება იმ თანადგომის და ხელშეწყობის მხოლოდ ნაწილია, რაც გუნდისგან გვაქვს. ყველა პირობა მაქვს იმისთვის, რომ ჩემი საქმე ვაკეთო და დიდი ოჯახიც მყავდეს. რაც მთავარია, სულ მაქვს ახალი მიზანი. როგორც პერსონალური ბანკირობისას მებარა კლიენტების პორტფელი და ისე ვმართავდი, როგორც ბიზნესს, ახლა მიზნად მაქვს ანალოგიურად მსხვილი, კორპორაციული პორტფელი შევქმნა და ვიყო ძალიან წარმატებული უფროსი კორპორატიული ბანკირი."

ფოტოები: რეზი ყენია

ტექსტი: მარიამ ყანჩაველი