მარტის ქართული მუსიკა Vol. 12

C Drops – Nako

2019 წელს თბილისში შექმნილმა მუსიკალურმა დუეტმა C Drops (ნიკა ერგემლიძე და ლაშა კოტორაშვილი)  ახალი კომპოზიცია და ვიდეოკლიპი გამოუშვა. მუსიკოსები უახლოეს მომავალში EP-ს გამოცემასაც გეგმავენ.

Circus Mircus - Weather Support

ქართველი მუსიკოსების ანონიმური პროექტი, Circus Mircus ახალი სინგლით და ვიდეოკლიპით გვანებივრებს.

„ეს არის ამბავი ერთი შეხედვით მოულოდნელ მოვლენებზე, თავმოყრაზე და თქვენი ცხოვრების საიდუმლოებების გამომჟღავნებაზე. საქმე ეხება იმას, თუ როგორ არის ყველაფერი ურთიერთდაკავშირებული ცხოვრებაში. იცოდით, რომ თქვენმა განწყობამ შეიძლება, გავლენა მოახდინოს ამინდზე და რომ ამინდის წამყვანი შეიძლება იყოს თქვენი ყველაზე ძლიერი მოკავშირე, რომ გადაარჩინოთ გატეხილი გულისგან? ზუსტად ეს მოხდა აქ.“

sTia - It's Burning [Since You've Been Gone]

CES Records-ის დამფუძნებელი sTia მისთვის დამახასიათებელი ჟღერადობის მქონე ახალი EP-ით გვიბრუნდება, სადაც მის ორიგინალურ კომპოზიციასთან ერთად ნიკა მაჩაიძისა და ნატალია ბერიძის ვერსიებია თავმოყრილი.

SPLIFFMANAMA - NinjaSaga

ახალგაზრდა ქართველი ჰიპ-ჰოპ MC-ის, გიორგი ჩიკვაიძის, იგივე Spliffgorg-ის და მეგობრის Diginama-ის სადებიუტო ჩანაწერი - NinjaSaga, რომელიც 1 წუთიანი მცირე ჩანახატებისგან (საგებისგან) შედგება.

DIETRICH - Return of Jedi

თბილისელი პროდიუსერი DIETRICH ახალ EP-ს აქვეყნებს. 6 კომპოზიციაში ემბიენთ და შედარებით ექსპერიმენტული ელექრონული ჟღერადობები იყრის თავს.

Khondzi – Caucasus

ქართველი საქსაფონისტის, გიორგი ბერიშვილის იგივე Khondzi-ს “Caucasus” EP ოფიციალურად 4 აპრილს გამოდის. მუსიკომა აღნიშნულ მინიალბომზე პაპუნა შარიქაძესთან და სხვა უცხოელ მოწვეულ მუსიკოსებთან ერთად მუშაობა 2 წლის წინ, ნიუ იორკში დაიწყო.

Tade - Apollo

Tade-მა ისლანდიურ ლეიბლზე „Móatún 7“ ორი კომპოზიციისგან შემდგარ ფირფიტა გამოუშვა.

DJ Sotofett presents Krebuli - The Techno Mixes

2020 წლის ზაფხულში Vodkast Records-მა ქართველი პროდიუსერების კრებული ალბომი გამოუშვა. მალევე ეს ჩანაწერები ნორვეგიელ Dj Sotofett-თან მოხვდა, რომელმაც 12 საათის განმავლობაში კრებულში შემავალი ყოველი ტრეკის ტექნო რემიქსი გააკეთა. მარტში კი აღნიშნული კრებულის რემიქს ალბომი ოფიციალურად გამოვიდა.

Zurab Kostava – SOMBRERO

თბილისელი მუსიკოსი და კომპოზიტორი ახალ EP-ს აქვეყნებს.

Dali - Vietnam EP

თბილისელი დიჯეისა და პროდიუსერის, Dali-ის 2 ტრეკისგან შემდგარი EP ლეიბლზე TSEKHI გამოვიდა. აქ მუსიკა შთაგონებულია პანდემიის დასაწყისში, 3D რუკების დახმარებით ვიეტნამში ციფრული მოგზაურობით.

Clarinets - Invisible Path

გაჩა ბაქრაძე ახალი პროექტით Clarinets ბერლინულ ლეიბლზე „Funnuvojere Records“ პირველ EP-ს გამოსცემს. „Invisible Path“ გარკვეულწილად აგრძელებს გაჩას დაწყებულ გზას და კიდევ უფრო ამრავალფეროვნებს მას, შედეგად რელიზში შესული ოთხივე კომპოზიცია სრულიად განსხვავებულ ხასიათს ატარებს.

Melqo - loneliest business

დავით მანჩხაშვილის, იგივე Melqo-ს ახალი, ინგლისურენოვანი სიმღერა, რომელიც ელექტრონული ჟღერადობით არის დატვირთული.

Daniel Adikashvili Band – 1989

საკმაოდ ნაყოფიერად დაიწყო წელი ქართველი ახალგაზრდა ჯაზ მუსიკოსებისთვის. დანიელ ადიკაშვილის ბენდი კიდევ ერთ EP-ს აქვეყნებს, რომელიც Leno Records-ში ჩაიწერა.

Zesknel - moveal ways

ქართული ელექტრონული მუსიკის სცენის გამორჩეული წარმომადგენლისგან, Zesknel-ისგან დიდხანს არაფერი გვსმენია, თუმცა აღნიშნული კომპილაციური ალბომი ამ ცდად ნამდვილად ღირდა. 15 კომპოზიციის ფარგლებში ბევრი სახის ელექტრონულ ჟღერადობას შეხვდებით, თუმცა მათ სწორედ სტილების ჩარჩოებზე უარის თქმა და საინტერესო ხმოვანი დიზაინი გამოარჩევთ.

Aprilee - Distorted days

ჰიპ ჰოპ არტისტის, ირაკლი ლომსაძე, იგივე Aprilee- მსმენელს ახალ კომპოზიციას და მასზე შექმნილ ვიდეო კლიპს სთავაზობს, ტრეკის პროდიუსერი ბაჩო სვანიძეა.

FAU – Closet

პანდემიის დასაწყისში შექმნილი დუეტი FAU მსმენელს ახალი ვიდეოკლიპით უბრუნდება. Closet-ის ვიდეოს შექმნაზე კრეატიულმა სააგენტო Kraken-მა იმუშავა.

Simple - Heart Attack

Simple თბილისელი მოცეკვავის და MC-ის, ნინი გოგიჩაიშვილის 2020 წელს შექმნილი მუსიკალური პროექტია, Heart Attack კი უახლოესი ტრეკი, რომლის ინსტრუმენტალზეც Koridze-მ იმუშავა.

Solarmental - The Mirror

ქართველი პროდიუსერის, გიო გუგავას (Solarmental) ახალი ალბომი ესპანურ-არგენტინულ ლეიბლზე “Diffuse Reality Records“ გამოვიდა.

Project X - Lagoon Nebula

ორი მეგობრის, ბაჩა რამიშვილისა (გიტარა) და გიორგი ლომიძის (დრამი) პროექტი, რომელთაც ბასისტი შოთა კავრელიშვილი უერთდება.

Harmony Menabde – Reconnecting

Harmony Menabde თბილისელი პროდიუსერის, გიორგი ძიგუაშვილის პროექტია. „Reconnecting“-ის თემა შეკავშრებაა, როგორც დიალოგისთვის განკუთვნილი მოსაწვევი ბარათი.

VAQO – Live In Tbilisi

VAQO - ქართველი მუსიკოსის, ვახტანგ ქანთარიას ფსევდონიმია, რომელიც აღნიშნული პროექტით 2017 წლიდან აქტიურობს. აღნიშნული ლაივ ჩანაწერი, რომელიც  2019 წელს ჩაიწერა, ვფიქრობ ერთ-ერთი საინტერესო რამ არის, რაც ბოლო პერიოდში ქართველი მუსიკოსებისგან მომისმენია.

„უამრავი ქალაქი ვნახე, ყველგან უკეთესი ჰაერი იყო, ეს თბილისია, არაფერი ისე არ აღმაფრთოვანებს როგორც ფაქტი, რომ მე ჩავწერე კონცერტი, სადაც გორგასალი დასეირნობდა. მგონია, ამ უკსანასკნელს ნაკლებად წარმოედგინა ოინს, დაეარსებინა ქალაქი, მოყვებოდა ცოცხალი კონცერტის ალბომის გამოსვლა. მან შექმნა პლატფორმა თბილისი, ამიტომ დიდი წვლილი შეიტანა ალბომის შექმნაში.“

Ekaterine - Changes

ბრიტანეთში მოღვაწე ქართველი მომღერლის, ეკატერინა გოგლიძის ახალი ვიდეო კლიპი, სიმღერაზე „Changes”.

Fish Can Sing – Montauk

Fish Can Sing თბილისური ბენდია, რომელიც 2020 წელს ჩამოყალიბდა შემდეგი შემადგენლობით: დიმიტრი შიუკაშვილი (ვოკალი, გიტარა), გუგუა გოგოსაშვილი (ვოკალი, გიტარა) და მარიამ კუპრაძე (დრამი).

Tamada – Atana

პროექტმა „Tamada”-მ გასულ წელს, მუსიკისადმი სრულიად განსხვავებული მიდგომით ყველას დაგვამახსოვრა თავი. სადებიუტო EP ელექტრონულ მუსიკას დარდიმანდულ ქალაქურ ხმებში აზავებდა, რაც მეტად საინტერესო ექსპერიმენტი გამოვიდა. მარტში Tamada-მ კიდევ ერთი კომპოზიცია, „ატანა“ შემოგვთავაზა, რომელიც გერმანულ ლეიბლზე „trndmsk“ გამოვიდა.

ავტორი: ჯაბა შავიშვილი