მუსიკა | ცა

მტირალას მთის მისტიური ბუნება ანი ზაქარეიშვილის სადებიუტო ალბომში

Tsa.Music

სექტემბერი 16, 2021

შეგვიძლია, უბრალო დამთხვევად მოვნათლოთ ის ფაქტი, რომ აღნიშნული სტატია, მტირალას მთიდან რამდენიმე კილომეტრში იმ დროს იწერებოდა, როცა იგი საკუთარი სახელის სრულ მანიფესტაციას ახდენდა და ზღვისპირეთი (სუბ)ტროპიკული წვიმით იტბორებოდა.

ქართველი ახალგაზრდა მუსიკოსის, ანი ზაქარეიშვილის სადებიუტო ალბომიც სწორედ დასავლეთ საქართველოს ამ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ეკოლოგიურ ძეგლს ეხმიანება.

აქვე მეორე დამთხვევად შეგვიძლია ისიც ავღნიშნოთ, რომ სწორედ წელს, მტირალას ეროვნულ პარკს UNESCO-მ მსოფლიო მემკვიდრეობას სტატუსი მიანიჭა - ის, რომ დედამიწაზე მსგავსი სტატუსით მხოლოდ 200-მდე ტერიტორია სარგებლობს, კიდევ უფრო თვალსაჩინოს ხდის ადგილობრივი ეკოსისტემის სიმდიდრეს - ის ხომ არამხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპაშიც ყველაზე ტენიანი ადგილია.

თუ ვინმესთვის ჯერ კიდევ უცნობია მტირალას მთის საიდუმლოებანი, ანი ზაქარეიშვილი სადებიუტო ნამუშევრით ეცდება მცირედით მაინც შეგიქმნათ შთაბეჭდილება ქართული სუბტროპიკის მისტიურ ბუნებაზე, მანამდე კი მცირედით ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ.

ანიმ სრული მუსიკალური განათლება ჯერ კონსერვატორიაში მიიღო, 2017 წლის ზაფხულში ფინეთში გადავიდა სასწავლებლად და სიბელიუსის აკადემიისგან ბაკალავრის ხარისხი მიენიჭა, შემდეგ კი „შემოქმედებითი განათლების სტუდიაში“ მიიღო განათლება. სწორედ CES-ში მოხდა მისი მუსიკალური გარდატეხა და შედეგად CES Records-ის პირველი ოფიციალური კომპილაციური რელიზის, „Sleepers Poets Scientists“-ის წევრიც გახდა, სადაც მასთან ერთად სხვა CES-სთან ასოცირებული ქალი მუსიკოსები და პროდიუსერები იღებდნენ მონაწილეობას.

ამას მოჰყვა მეორე პროექტის, Kdema-ს გამოღვიძება, რომლის მეშვეობითაც იგი უკვე საცეკვაო მუსიკაზე აკეთებდა ორიენტირებას - ამავე პროექტის ფარლებში მისი მუსიკა გამოვიდა ლეიბლზე „Third Try Records“, ნაკრებში „Tape From Tbilisi“ და სხვა.

გასულ წელს ანიმ ბათუმში არსებული მუსიკალური ფესტივალის, Soundspring-ის 2020 წლის გამოშვებისთვის სპეციალური პროგრამა შეიმუშავა, რომელიც იმ პერიოდში არსებული ვითარების გამო, მტირალას პარკის ნაცვლად თეატრში ჩატარდა. სწორედ შემდეგ გაჩნდა ჩანაწერის „მტირალა“-ს ალბომად ქცევის იდეაც, რომელიც სად, თუ არა CES Records-ზე დაიდებდა ბინას.

ის, რაც ანი ზაქარეიშვილის მუსიკას ყველგან თან გასდევს, ეს სემპლინგით გატაცებაა და ის ამ პროცესს საკუთარი, უნიკალური ესთეტიკისა და მიდგომის შემუშავებით ახერხებს. სწორედ სემპლინგია მისი სადებიუტო ალბომის მთავარი მუსიკალური „ინსტრუმენტიც“.

მიუხედავად იმისა, რომ ახალი მუსიკალური სტილების გამოგონების და მათზე აქცენტირების მიმართ დიდი სიმპატია არასდროს მქონია, ვფიქრობ, აღნიშნული პრაქტიკა გარკვეულწილად ეხმარება მუსიკოსებსაც და მსმენელსაც  ჟღერადობის ან კონკრეტული მიკრო მუსიკალური მოძრაობების დახასიათებაში, დახარისხებასა და მათთან შესაბამისი ასოციაციის გაჩენაში.

სწორედ მსგავსი რამ მოხდა 90-იან წლებში, როცა მიკრო მუსიკალური ტალღა, „Sampledelia“ აღმოცენდა -  როდესაც პიერ შეფერის ორიგინალურ იდეას, რამდენიმე ათეული წლის შემდეგაც საინტერესო გაგრძელება მოუძებნეს. მუსიკოსების გარკვეულმა ჯგუფმა ზურგი აქცია ჰიპ-ჰოპში გამეფებულ სტანდარტულ განმეორებადობის სქემას და გეზი აიღო, ჩემი აზრით, გამოწვევებით სავსე გზისკენ - ეს იყო სემპლინგის დახმარებით, 60-იანი წლების ფსიქოდელიური ჟღერადობის იმიტაციის მცდელობა. ამისთვის მუსიკოსები აქტიურად იყენებდნენ ერთმანეთისგან კონტექსტით დაშორებულ ნაწყვეტებს და სემპლების „მიქსოლოგიით“ ცდილობდნენ ახალი მუსიკალური ქსოვილის შექმნას. სატელევიზიო თუ სხვა არამუსიკალური დანიშნულების ჩანაწერების მასობრივი მანიპულაციით თუ ტემბრის ცვლილებით სემპლები წყდებოდნენ საკუთარ „მშობლიურ წყაროს“ და დამოუკიდებლად აგრძელებდნენ ცხოვრებას მათთვის ნაკლებად ფამილარულ ხმოვან კოლაჟებში.

მაშინ, როდესაც თანამედროვე მუსიკალური ინდუსტრია სემპლინგის კრიმინალიზებისკენ მიიწევს,  ზემოთ აღნიშნული პროცესია „სემპლების ემანსიპაციის“ და მისი, როგორც თვითმყოფადი სახელოვნებო პრაქტიკის გზაც და დანიშნულებაც. სწორედ ამ მიმართულებით მიმაჩნია ანის აღნიშნული ნამუშევარიც საინტერესოდ.

მტირალას მთაში ვირტუალური მოგზაურობა პირველი კომპოზიციით Opening” იწყება. იგი მისტიური, დუნე ატმოსფეროს შექმნა ცდილობს, რასაც თან მოსდევს მამაკაცების გამყინავი შეძახილები, რომელიც ექოს ეფექტით რამდენიმეჯერ მეორდება. ეს განმაორებადი წრე 4 წუთის  განმავლობაში უცვლელი რჩება და ერთიან, მანტრის მსგავს ეფექტს ქმნის. ეს ვოკალური ნაწყვეტი აღებულია აჭარაში გავრცელებული ფოლკლორული სიმღერიდან „დილის ნადური“. ნადური შრომის სიმღერაა და მისი ათეულობით ვარიანტი მოიძებნება, რომლებიც სხვადასხვა ტიპის  აქტივობის დროს სრულდებოდა. (სავენახო სამუშაოების, ყანაში მუშაობის და სხვა), განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც მეზობლები ერთმანეთს ეხმარებოდნენ. აქ გამოყენებული  „დილის ნადური“ კი სწორედ გარიჟრაჟზე წარმოთქმული სიმღერიდანაა.

ვინც კი მტირალას პარკში ერთხელ მაინც ყოფილა, ემახსოვრება ვიწრო, გრძელი ბილიკები, რომლებსაც ხშირად სქელი ნისლი გადაფარებია და ერთიანობაში დიდ მისტიურ სცენას ხატავს. სწორედ ასეთია ალბომის მეორე კომპოზიცია ბილიკი“, რომელიც გრძელი ელექტრო სიგნალების თავისუფალ ცურვას წარმოადგენს.

მესამე კომპოზიცია ჩემთვის ალბომში ერთ-ერთი ყველაზე ემოციურია, „მტირალაშიგამოყენებულია არამხოლოდ სემპლინგი, არამედ დამატებითი მუსიკალური შრე, რომელიც მუსიკას ყანჩელისეულ სენტიმენტალიზმს მატებს და მათი შეერთებისას, სრულიად ახალი მუსიკალური  სამყარო იბადება.

მეოთხე კომპოზიცია „დადგა ქალი“ ერთ-ერთი საინტერესოა ალბომიდან, რომლის პირველ ნაწილსაც, აშკარად, აქვს უნარი გაამძაფროს მსმენელის ფანტაზია და გონებაში გააცოცხლოს სხვადასხვა დროს წარმოქმნილი შთაბეჭდილებები და სურათები, რომლის რეალურობაშიც შეიძლება, თქვენც კი ეჭვი შეგეპაროთ. გარდა დასაძინებელი სიმღერებისა, თიანეთში ბავშვის ფრთხილად გასაღვიძებლადაც იყენებდნენ შესაბამის ვოკალიზს - ერთ-ერთი ასეთისგან, რომელსაც ანსამბლი მზეთამზე ასრულებს არის მცირე ვოკალური პასაჟი აღებული  კომპოზიციის მეორე ნაწილისთვის - მიკროსემპლი („დადგა ქალი ხე წაიქცა“) პერიოდულად უფრო მცირე ხანგრძლივობის ხდება, მოულოდნელად იცვლება ტონალობა და ასე არ აძლევს მსმენელს მოდუნებისა და კომფორტის ზონაში ყოფნის საშუალებას.

რიგით მეხუთე „ბაბო“-ც იმავე სიმღერიდან იღებს ბგერით წყაროს - თქვენ ვერასდროს იფიქრებდით, თუ უბრალოდ სამ წარმოთქმულ სიტყვას („ბაბო“, „ტაში“, „ქალო“) მსგავსი ხმოვანი გაშლა შეიძლება ჰქონოდა, თუმცა, მიკროსემპლებით ჟონგლიორობით დაკავებულმა პროდიუსერმა ეს ყველაფერი მარტივად და ეფექტურად გადაწყვიტა, სხვა ტიპის მუსიკალური ჩარევის გარეშე, რიტმული და ნაწილობრივ მელოდიური ელემენტებიც სწორედ ამ ხმოვანი ნაწყვეტებით ააგო.

შემდეგი ტრეკი „ნანასკანი“ იმეორებს მესამე კომპოზიციის მოტივს, თუმცა, მისგან განსხვავებით უფრო დამაძინებელი ეფექტი აქვს და ვფიქრობ, ქართული „ნანების“ დიდ სიაში ამ ვარიაციის ოფიციალურად შეტანაც შეიძლება.

მეშვიდე „Last Path“ ქაოტური გლიჩებით იწყება, თუმცა, გარკვეული დროის შემდეგ, ფონური გამჭოლი ხმა გვესმის, რომელსაც მცირე მელოდიური პასაჟი გასდევს - ეს მთელი კომპოზიციის პერიოდში გრძელდება და მსმენელის სულში მომნუსხველ ეფექტს აღბეჭდავს, რომელსაც „გამოუთქმელს“ ვუწოდებთ ხოლმე.

ალბომი „Lutra Lutra-თი სრულდება, სადაც აჭარული ფოლკის ნიმუშიდან, ფანდურის პასაჟი ისე არის გამოყენებული, რომ არა აქტიური სმენის პროცესში ყოფნა, რთულად თუ ვინმე მიხვდებოდა ხმოვანების საწყის წყაროს. ეს კომპოზიციაც ნათელი მაგალითია იმისა, თუ რამდენად კომპლექსურია ის მუსიკალური მემკვიდრეობა, რაც მოგვდევს და რაოდენ განსხვავებული ვარიაციის შექმნა შეიძლება მათზე, თუ მონდომება და ინტერესი ხელს გვიწყობს.

ჯამში, აღნიშნული ალბომი დიდი ნაბიჯია იმ ტერიტორიაზე, სადაც ბევრ ქართველ მუსიკოსს ჯერ ფეხის დადგმის სურვილიც კი არ გასჩენია. ალბომში ერთმანეთს ლამაზად ერწყმის შედარებით ემოციური განწყობისა და მცირე ექსპერიმენტებით გაჯერებული კომპოზიციები.

რაც მთავარია, იდეა მეტად ორიგინალურია და არ არის ის კოპირების მცდელობები, ასე რომ შემოეჩვია ლოკალურ მუსიკალურ სცენას ბოლო პერიოდია. ყველაფერთან ერთად, იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს ანის სადებიუტო ნამუშევარია, ვფიქრობ, მიუხედავად იმისა, ეს მიდგომა შემდეგ ნამუშევრებში შეიცვლება თუ არა, მაინც საინტერესო გამოვა - თავად სემპლინგის პრაქტიკა ამის უნიკალურ და თითქმის დაუსრულებელ საშუალებას იძლევა, მთავარია, არტისტული ხედვა და მისი მიმართულებით უკომპრომისო სვლა.

ავტორი: ჯაბა შავიშვილი